ქართველი ეთნოლოგი ისტორიის გამყალბებლებს ამხელს

19 აპრ 2016

„ოსური ეთნოგრაფიული ენციკლოპედია“ ქართულ-ოსური ურთიერთობის კონტექსტში“

სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის როლანდ თოფჩიშვილის ორენოვანი (ქართულ-რუსული) წიგნი - „ოსური ეთნოგრაფიული ენციკლოპედია“ ქართულ-ოსური ურთიერთობის კონტექსტში“.

წიგნში კრიტიკულადაა განხილული 2013 წელს ვლადიკავკაზში დაბეჭდილი „ოსური ეთნოგრაფიული ენციკლოპედია“, რომელშიც, ავტორის აზრით, ტენდენციურად და მიკერძოებითაა ასახული ქართულ-ოსური ეთნოკულტურული ურთიერთობები.

ავტორი შესავალ ნაწილშივე წერს, რომ ენციკლოპედიის სიტყვანი 4000-ზე მეტი ერთეულისგან შედგება. იგი მოიცავს ოსთა ეთნოლოგიის ყველა სფეროს და ისეთ საკითხებსაც, რომლებსაც ეთნოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს... „პირდაპირ უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გამოცემის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ნეგატიურია. სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო, რადგან ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ოსური საისტორიო და ეთნოლოგიური ლიტერატურა ქართულ-ოსურ ეთნოკულტურულ ურთიერთობას მკვეთრად ტენდენციურად წარმოაჩენს. ტენდენციურადაა განხილული საქართველოში ოსთა მიგრაციის საკითხი; დვალთა ეთნიკური ვინაობა; კავკასიაში ალანების ბინადრობის საკითხი, ისე, რომ საერთოდ ანგარიში არ ეწევა პრობლემების შესახებ არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას. უფრო მეტიც, ასეთი სამეცნიერო ლიტერატურა, ფაქტობრივად, იგნორირებულია, ვითომც, ის საერთოდ არ არსებობს. ენციკლოპედიას ახასიათებს გამოკვეთილი ტენდენცია საქართველოს და სამხრეთ ოსეთის დაპირისპირებისა“, - აღნიშნავს პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი და მეცნიერული წყაროებით ასაბუთებს ყველა იმ გადაცდომას თუ ტყუილს (როგორც ის თავად უწოდებს), რომელიც „ოსურ ეთნოგრაფიულ ენციკლოპედიაში“ მიზანმიმართულადაა დაშვებული.

წიგნის რედაქტორია ცნობილი კავკასიოლოგი, ეთნოლოგი და წყაროთმცოდნე გივი წულაია. იგი გამომცემლობა „უნივერსალმა“ გამოსცა.

წიგნის - „ოსური ეთნოგრაფიული ენციკლოპედია“ ქართულ-ოსური ურთიერთობის კონტექსტში“ - შესახებ გვესაუბრება პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი:

- ბატონო როლანდ, როდის დაიწყო ამ წიგნზე მუშაობა და რა ედო მას საფუძვლად? 

- დაახლოებით ერთი წლის წინ ინტერნეტის საშუალებით გავიგე, რომ ეს ენციკლოპედია დაიბეჭდა. რადგან ეთნოლოგი ვარ და დიდი ხანია ვმუშაობ ქართულ-ოსურ ეთნოლოგიურ ურთიერთობებზე, ცხადია, დავინტერესდი და რის ვაი-ვაგლახით, სხვისი დახმარებით შევძელი მისი შეძენა ვლადიკავკაზში. ის საკმაოდ კარგად ილუსტრირებული დიდი ფორმატის წიგნია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა წაკითხვა, რადგან გული ვერ დავუდე - ძნელია ამდენი ცილისწამების, აბსურდის, უზუსტობის, საქართველოს ისტორიის დამახინჯების და ქართული კულტურის მითვისების ფაქტების ამოკითხვა და მისი გააზრება. დავასრულე თუ არა კითხვა, მაშინვე დავჯექი და დავიწყე მათ მიერ ჩამოყალიბებული დასკვნების კრიტიკული გაანალიზება.

- კონკრეტულად რა ფაქტობრივ ისტორიულ უზუსტობებსა და ეთნოლოგიურ გადაცდომებზეა წიგნში საუბარი?

- რომელი ერთი აღვნიშნო. დიდი ხანია ოსურ-ქართულ ურთიერთობებზე ვმუშაობ. პირველი წიგნი, საქართველოში ოსთა მიგრაციის შესახებ, ბატონ როსტომ ჩხეიძის დახმარებით, 1997 წელს გამოვეცი. ამის შემდეგ ოსურმა მხარემ გამოსცა 800-გვერდიანი წიგნი «Осетия и осетины», რომელშიც ასევე ბევრი უზუსტობა იყო და მაშინაც ვუპასუხე წიგნით და ბროშურებით, რომელშიც მათ მიერ დაშვებულ ფაქტობრივ უზუსტობებს ვხსნიდი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრი მაქვს ნამუშევარი ამ საკითხებზე. 

„ოსურ ეთნოგრაფიულ ენციკლოპედიაში“ იმდენი გადაცდომაა, მას რომ არ უპასუხო, არ შეიძლება. მაგალითად, ამ წიგნში მოცემულია VI-VII საუკუნეების ამსახველი რუკა, რომელშიც შიდა ქართლის ტერიტორიას აწერია „ალანია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ქართველებს კი არა, ოსთა წინაპრებს უცხოვრიათ.

- რა წყაროებს ეყრდნობიან? 

- მათ მითითებული აქვთ, რომ ეყრდნობიან „სომხურ გეოგრაფიას“ და პტოლემაიოსს (ბერძენი მწერალი – მ. ტ.), მაგრამ ამ ორი წყაროდანაც კი ის დასკვნები, რაც მათ აქვთ მოცემული, ვერაფრით გამოვა. მე აღნიშნული მაქვს წიგნში, რომ, ზოგადად, ოსი მეცნიერები უკვე დიდი ხანია მიზანმიმართულად არ ახსენებენ საქართველოს, მათთვის ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი არ არსებობს. მათ საქართველო ჩაანაცვლეს ზოგადი ცნებებით: „კავკასიის მთავარი ქედის სამხრეთით“, „სამხრეთ კავკასიით“ და ა.შ. არავითარი მრავალრიცხოვანი საისტორიო წყაროები ოსებისა და მათი წინაპრების საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრებისა არ არსებობს XVII საუკუნის შუა ხანებამდე (ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე - დვალეთში - XVI საუკუნემდე) ეს კარგად ჩანს კატალონიელი ავტორის ავგუსტ ალემანის ნაშრომში, რომელიც 2003 წელს მოსკოვში გამოიცა. ამ წიგნში ცხადად ჩანს, რომ არც ერთ ანტიკურ თუ შუა საუკუნეების მემატიანესთან საქართველოს სიახლოვეს ალან-ოსები მოხსენიებულნი (ან დაფიქსირებულნი) არ არიან.

- ამის შესახებ, ალბათ, თავადაც კარგად იციან. თქვენი აზრით, რა არის ამგვარი წიგნების გამოცემის მიზანი? 

- მიზანი არის ყალბი ისტორიის ჩანერგვა ახალგაზრდობაში, რომ თავიანთი ქმედებები გაამართლონ და ისტორიით „დაასაბუთონ“, რომ უძველესი დროიდან აქ ცხოვრობდნენ. სინამდვილეში ეს არის რუსების (და ოსების) მიერ მიტაცება იმ ტერიტორიისა, სადაც ქართულ კულტურას და ცივილიზაციას ჩაეყარა საფუძველი. ისინი შეგნებულად აყალბებენ ისტორიას. მაგალითად, ერთ-ერთ სტატიაში იმერეთი მოხსენებულია, როგორც „საქართველოს მეზობელი რაიონი“. მათი აზრით, საქართველო საერთოდ არ არსებობდა.

კიდევ ერთი მაგალითი – ჯუანშერის წყაროს მიხედვით, „ქართლის ცხოვრებაში“ წერია, რომ, როცა ოსებმა ვახტანგ გორგასალის და გაიტაცეს, ვახტანგმა მათ წინააღმდეგ ბრძოლა აწარმოვა ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე (ამ წყაროში მოცემულია, რომ ვახტანგმა გაიარა დარიალი, გავიდა სტეპებში, გადალახა მდინარე და შეებრძოლა ოს ბაყათარს). ამ ენციკლოპედიის მიხედვით, თურმე ვახტანგ გორგასალი ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში კი არ შებრძოლებია ოსებს, არამედ გადაულახავს მტკვარი და აქვე, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უბრძოლია.

ამავე ენციკლოპედიაში ამოიკითხავთ, რომ ოსები, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულიდან, აქ, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, რომ ისინი არიან არა მარტო ალანების, არამედ სარმატების და სკვითების შთამომავლებიც. თურმე, წინა აზიაში წასვლამდე, სკვითებმა ოდესღაც ამ ტერიტორიაზე გაიარეს, მათი ნაწილი აქ დარჩა და სწორედ მათი შთამომავლები არიან დღევანდელი ოსები და ა.შ. (2003 წელს ოსთა ამ მოსაზრებას შნირელმანმა „სკვითომანია“ უწოდა).

ამავე წიგნში მოცემულია სტატიები შიდა ქართლის (მათი მტკიცებით, სამხრეთ ოსეთის) ხეობებზე, მაგალითად, დიდი პატარა ლიახვის ხეობაზე, რომ ეს თავიდანვე ოსური ტერიტორია იყო, სხვა ეთნოსებს აქ არასოდეს უცხოვრიათ და ამას მოწმობს თურმე ტოპონიმები და მატერიალური კულტურის ძეგლები. მე ჩემს წიგნში ჩამოთვლილი მაქვს წყაროებში მოხსენებული ტოპონიმები, რომელიც წმინდა ქართულია, მაგალითად, საცხენისი, ედემქალაქი, ბელუქი, (ამოიღე - რ. თ.) ბელოთი, აწერისხევი, ზონფარი (უ. ი. ზოკარი), სიათა, გნასური, ინაური, შამბიანი, შუაცხვირი და კიდევ ბევრი. 

მათი მტკიცებით, „ძეგლი ერისთავთაში“ რომ მოხსენებულია გვარი ხარებაშვილი, ეს თურმე ოსი ხარებოვი ყოფილა, არადა პირიქითაა, ქართული სახელია ხარება და ეს გვარი აქედან მოდის. აქ იმაზეცაა ლაპარაკი, რომ დვალეთში, რომელიც დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და სადაც გადასავლელი შიდა ქართლიდანაცაა, რაჭიდანაც და ხევიდანაც, ყოველთვის ცხოვრობდნენ ქართველები. იქ მოსახლეობა ოსების თარეშის და შავი ჭირის შედეგად შეთხელდა და ადგილზე ვინც დარჩა, ისინი გაოსდნენ (20-მდე ქართული გვარია ასეთი, მაგალითად ბიგულოვი, გერგაულოვი და ა.შ.).

- ზოგადად, ასეთ ეთნოსებში, მაგალითად, იგივე ოსებში, აფხაზებში და მათ მფარველ რუსებში, ბოლო ათწლეულებია, შეიმჩნევა ისტორიის გადაწერის მცდელობა. საინტერესოა, რას ემსახურება ეს? რამდენად სანდოა წყაროების გარეშე შექმნილი ისტორია და ვის სჯერა ასეთი ისტორიის?

- საერთოდ, საკუთარ სხეულზე მორგებული ისტორიის წერა საბჭოთა ისტორიოგრაფიისთვის იყო დამახასიათებელი. ისინი მთელ რიგ მოვლენებს აყალბებდნენ, როგორც უნდოდათ. მაგალითად, წააგეს ბოროდინოს ბრძოლა რუსებმა და ისტორიაში წერდნენ - მოვიგეთო. 

რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იქ დაიწყო ისტორიის გადაწერის ბუმი, რადგან მათ დაწერილი ისტორია არ ჰქონიათ. ესენი არიან უდამწერლობო ხალხები და ცხადია, წყაროებიც არ გააჩნიათ. ამიტომ, თუ ისტორიის გადაწერა უნდათ, უნდა დაეყრდნონ იგივე ქართულ ან სხვა წყაროებს. მათ ეს არ აძლევთ ხელს და ამიტომ იწყებენ ისტორიის გამოგონებას, რაც საბოლოოდ აბსურდამდე მიდის. მაგალითად, ცნობილ არქეოლოგიურ ყობანურ კულტურას ოთხი ჩრდილოკავკასიელი ხალხი ედავება ერთმანეთს: ოსები, ყაბარდოელები, ბალყარელები და ყარაჩაელები. ძალიან ბევრი მითი იქმნება მათი ისტორიის შესახებ. ყველზე დახელოვნებული მათ შორის, არიან ოსები.

რამდენიმე წლის წინ „ისტორიანში“ დავბეჭდე წერილი, რომელიც ეძღვნებოდა ერთ-ერთი ოსი ავტორის (სხვათა შორის, მას აქ, თბილისში, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში აქვს დაცული დისერტაცია თავის დროზე) მოსაზრების უარყოფას იმის თაობაზე, რომ თითქოს მცხეთის ჯვარი და სვეტიცხოველი ოსების აშენებულია და რომ თურმე ჩვენს ქართულ ძეგლს სვეტიცხოველი კი არა ოსთცხოველი ერქვა. თუმცა, მალევე მიხვდნენ, რომ ასეთი „ისტორია“ არავის არგებს. ხელთ მაქვს მოსკოვში გამოსული წიგნი, რომელშიც შესულია სტატიები, თუ როგორ ყალბ ისტორიებს ქმნიან კავკასიელები და აჯერებენ თავიანთ ხალხს.

- ასეთი „ისტორიების“ შექმნაზე ყველა მეცნიერს ისეთივე რეაქცია უნდა ჰქონდეს, როგორც, ამ შემთხვევაში, თქვენ. უნდა გაეცეს პასუხი ამ მოსაზრებებს წიგნებში, სამეცნიერო კონფერენციებზე და მიეწოდოს წყაროებით გამყარებული და მეცნიერულად დადასტურებული ნაშრომები მსოფლიო საზოგადოებას სხვადახვა უცხო ენაზე, თორემ, დადგება დრო, როცა ჩვენი ისტორიის დაცვა დაგვჭირდება...

- ენციკლოპედიის რედაქტორი ლ. ჩიბიროვი შესავალ ნაწილში აღნიშნავს, რომ იგი ხელს შეუწყობს დაძაბული ეთნიკური ურთიერთობების მოწესრიგებას. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტენდენციური გამოცემები, რომლებშიც ხალხთა შორის ურთიერთობები თავდაყირაა დაყენებული, გაყალბებულია ისტორია და მითვისებულია ქართველი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობას კი არ მოაწესრიგებს, პირიქით, უფრო გააღრმავებს. 

ეს წიგნი გამოცემულია ორ ენაზე - ქართულად და რუსულად. ასევე ორივე ენაზეა განთავსებული საიტზეც, რომ დაინტერესებულმა საზოგადოებამ წაიკითხოს. მინდა, ადრესატებამდე მივიდეს მთავარი სათქმელი, რომ ოსური ენციკლოპედია ემსახურება არა ოსეთის ისტორიის ასახვას, არამედ საქართველოს უძველესი მხარის - შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში ქართველთა ნაკვალევის წაშლას. მაგრამ ეს ადვილი გასახორციელებელი არაა, სიმართლე არასოდეს იკარგება.