ახალი სახელმძღვანელო - „გენდერული სტატისტიკის საკითხები“

19 აპრ 2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის სიმონ გელაშვილის და მოწვეული ასოცირებული პროფესორის ლია ჩარექიშვილის წიგნის „გენდერული სტატისტიკის საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სამივე საფეხურის სტუდენტები. პრეზენტაციას ასევე დაესწრო და სიტყვით გამოვიდა თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, რომელმაც აღნიშნა: „ყოველი ახალი წიგნის გამოქვეყნება განსაკუთრებული მოვლენაა და ბევრად უფრო დიდია მისი მნიშვნელობა მაშინ, თუ იგი პირველია ამა თუ იმ სფეროში და სასწავლო მიზნებს ემსახურება. დღეს სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც მისასალმებელია“.

დამხმარე სახელმძღვანელო „გენდერული სტატისტიკის საკითხები“ მოიცავს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ძირითად თემებს. მასში ასახულია გენდერული სტატისტიკის ზოგადი საკითხები, წარმოდგენილია გენდერული სტატისტიკის ტერმინოლოგია და გენდერული ინდიკატორები. განხილულია სექტორთაშორისო სტატისტიკური მონაცემების ანალიზის მაგალითები გენდერული საკითხების მიზეზ-შედეგობრივი ასპექტების წარმოჩენით. სახელმძღვანელოში განხილულია სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგების გამოყენების მნიშვნელობა გენდერული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისთვის. 

როგორც წიგნის შესავალში ვკითხულობთ, მოცემული წიგნი შედგება 5 თემისა და 25 პარაგრაფისგან. პირველ თემაში - „გენდერული სტატისტიკის არსი და მისი წარმოების ზოგადი საკითხები“ განხილულია გენდერული თანასწორობა, გენდერული ინდიკატორები, გენდერული სტატისტიკის მონაცემთა წყაროები და სხვა. მე-2 თემაში - „გენდერული კონცეფციები და კონვენციები; ძირითადი ცნებები და კატეგორიები გენდერულ სტატისტიკაში“ განხილულია გენდერული პრობლემები საერთაშორისო კონვენციებში, გენდერული სტატისტიკის ძირითადი ცნებები, გენდერული სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტები და სხვა. მე-3 თემაში - „გენდერული სტატისტიკის მონაცემთა სისტემატიზაცია და პრეზენტაცია“ მოცემულია გენდერული სტატისტიკის მონაცემთა პირველადი დამუშავების წესი, გენდერულ კვლევებში გამოყენებული ძირითადი კლასიფიკაციები და დაჯგუფებანი, გენდერული სტატისტიკის მონაცემთა პრეზენტაციის მეთოდები და ა.შ. მე-4 თემაში - „სქესობრივი ნიშნით დიფერენცირებული სტატისტიკური მონაცემები: შიდასექტორული და სექტორთაშორისო კორელაციები“ გააანალიზებულია გენდერული სტატისტიკის მონაცემები სხვადასხვა სფეროს მიხედვით და მათი კორელაციური კავშირები, გაანგარიშებულია სათანადო რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები კომპიუტერული პროგრამა სპსს-ის გამოყენებით. ამ წიგნის ბოლო, მე-5 თემაში - „სქესობრივი ნიშნით დიფერენცირებული სტატისტიკური მონაცემების გამოყენება გენდერული ანალიზისთვის და სახელმწიფო პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგების შეფასება გენდერული თვალსაზრისით“ – განხილულია გენდერული თანასწორობა და გენდერული მეინსტრიმინგი სახელმწიფო პოლიტიკაში, გენდერული თანასწორობის გაზომვა სტატისტიკური ინდექსების გამოყენებით და ასე შემდეგ. 

როგორც პროფესორმა სიმონ გელაშვილმა აღნიშნა: „ამ წიგნის მომზადებისა და გამოცემის მთავარი საფუძველია ის, რომ „ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის“ სამაგისტრო მოდულში ისწავლება საგანი „გენდერული სტატისტიკა“, ხოლო შესაბამისი სახელმძღვანელო ამ საგანში დღემდე არ არსებობდა. ეს გარკვეულ სირთულეებს უქმნიდა სტუდენტებს და ზედმეტი დატვირთვა იყო ლექტორებისთვისაც, რადგან მათ უნდა მოემზადებინათ სალექციო მასალა ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით და გადაეცათ სტუდენტებისთვის. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია და იმ სტუდენტებს, რომლებმაც ეს საგანი მიმდინარე ან მომავალ სემესტრში უნდა შეისწავლონ, სახელმძღვანელოები დღესვე საჩუქრად გადაეცემათ“.

პროფესორმა სიმონ გელაშვილმა წიგნის ავტორებისა და სარედაქციო ჯგუფის სახელით მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს, რომელმაც სრულად დააფინანსა წიგნის საგამომცემლო და სასტამბო ხარჯები. 

აზიის განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა კონსულტანტმა გენდერის საკითხებში, ქალბატონმა ქეთევან ჩხეიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნი საქართველოში პირველია, რომლის გამოცემაც დააფინანსა აზიის განვითარების ბანკმა. აღნიშნული ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და მრავალმილიონიანი ღირებულების მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. დღეს კი ამ წიგნის გამოცემის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ბანკის ახალი ინიციატივა და მისი საქმიანობის გაფართოება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, რაც მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. ქეთევან ჩხეიძემ ასევე აღნიშნა: „აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისიდან თბილისში ხშირად ჩამოდიან მაღალი დონის ეკონომისტები და, თუ დაინტერესდებიან, ჩემი ძალისხმევით აქ ისინი ჩაატარებენ საჯარო ლექციებს და სხვა სახის შეხვედრებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალისთვისაც“.

ასოცირებულმა პროფესორმა ჩარიტა ჯაშმა განაცხადა, რომ გენდერული პრობლემების კვლევას საქართველოში არა აქვს დიდი ხნის ისტორია: „დაახლოებით 16-17 წლის წინ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, დაიწყო გენდერის და, მათ შორის, გენდერული სტატისტიკის საკითხების კვლევა. მაშინ შეიქმნა სპეციალური საექსპერტო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ როგორც სხვადასხვა სამინისტროს, ასევე ოფიციალური სტატისტიკისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ამ ჯგუფში ვიყავი მეც და ამ წიგნის თანაავტორი ლია ჩარექიშვილი. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პირველი პრაქტიკული შედეგი იყო სტატისტიკური კრებულის - „ქალი და კაცი საქართველოში“ - მომზადება და გამოცემა. მომდევნო წლებში კიდევ გამოიცა ანალოგიური სახელწოდების რამდენიმე კრებული, რამაც დიდი როლი შეასრულა გენდერული პრობლემების კვლევის ინფორმაციულ უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა ჩარიტა ჯაშმა. 

31 მარტს გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე პროფესორები: მირიან ტუხაშვილი და მერაბ ხმალაძე, ასოცირებული პროფესორები ლია ჩარექიშვილი და მარინა მუჩიაშვილი, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის სამაგისტრო მოდულის პირველი კურსის სტუდენტი ქრისტინე კოხოძე, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს წიგნის ავტორებს და გამოცემის ფინანსურ მხარდამჭერს – აზიის განვითარების ბანკს. როგორც მათ აღნიშნეს, წარმოდგენილ წიგნს – „გენდერული სტატისტიკის საკითხები“ – მასში განხილული თემატიკისა და მდიდარი სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. იგი სასარგებლო იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, არამედ გენდერის პრობლემატიკის მკვლევართათვის, მასმედიისა და ფართო საზოგადოებისთვის.