როდიდან შეწყვეტს თსუ-ის აკადემიური საბჭო ფუნქციონირებას და როდის აირჩევს უნივერსიტეტი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს?

01 აპრ 2016

1 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს უნდა ემსჯელათ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის თარიღის დანიშვნასა და საარჩევნო პროცედურების ტექნიკური დეტალების შესახებ. ამავე დღეს აკადემიური საბჭო მოძრაობა „აუდიტორია 115“-ისა და პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

აკადემიური საბჭოს სხდომა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროფესორებთან და სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის თარიღი ჯერ ვერ დადგინდა, რადგან 2 აპრილს საბჭომ კვლავ უნდა იმსჯელოს არჩევნების ტექნიკურ დეტალებზე.

გარდა ამისა, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 მაისიდან ამ შემადგენლობით ფუნქციონირებას შეწყვეტს. 

აკადემიკოსმა ლადო პაპავამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აპრილში აირჩევენ უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ის წარმომადგენლები, ვისაც დოქტორის ხარისხი აქვს. „რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ავირჩევთ აპრილში. დღევანდელ საბჭოზე განვიხილეთ გარკვეული ტექნიკური დეტალები, რომელიც ხვალინდელ საბჭოზე კიდევ ერთხელ დაზუსტდება. ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება სწრაფად, რომ პროცესი დროში არ გაიწელოს,“ - განაცხადა რექტორმა. 

მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა ლევან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ აკადემიურმა საბჭომ სრულად გაიზიარა ის მოთხოვნები, რომელსაც აყენებდა „აუდიტორია 115“. 1 მაისიდან ლადო პაპავა გადადგება, ხოლო 15 მაისს აკადემიური საბჭოც დაიშლება. ახლა ჩვენ გვაქვს საწარმოებელი ომი, ბრძოლა განათლების სამინისტროსთან, რათა რაც შეიძლება მალე მოესწროს კანონში ცვლილებები, რომ ახალი წესით ავირჩიოთ ახალი შემადგენლობის და ახალი რიცხოვნობის აკადემიური საბჭო,“ - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ დღესვე „აუდიტორია 115“ შეხვედრას მართავს განათლების სამინისტროში, სადაც ორ მთავარ მოთხოვნას დაააყენებს: „დღეს ჩვენ წარვადგენთ მოსაზრებებს თვითმმართველობის რეფორმის შესახებ, ასევე ვთხოვთ განათლების სამინისტროს, რომ რაც შეიძლება ჩქარა შეიცვალოს კანონი ან უნივერსიტეტის წესდება აკადემიური საბჭოს არჩევის წესთან დაკავშირებით,“ - თქვა ლორთქიფანიძემ.

სტუდენტთა მოთხოვნებთან გარკვეულ თანხვედრაში იყო ასევე პროფესორთა საინიციატოვო ჯგუფის წინადადებებიც. როგორც პროფესორთა საინიციატოვო ჯგუფის წევრმა, თსუ-ის პროფესორმა დიანა ძიძიგურმა განაცხადა, ისინი არ წყვეტენ მუშაობას და აგრძელებენ თანამშრომლობას როგორც აკადემიურ საბჭოსთან, ასევე რექტორთან და სტუდენტებთან. „ჩვენ გუშინ გავავრცელეთ განცხადება, რომელშიც მოვითხოვეთ, რომ უნივერსიტეტის წესდებაში მოხდეს ცვლილება, მოქმედმა აკადემიურმა საბჭომ სასწრაფოდ დაიწყოს რეორგანიზაცია და გაფართოება, რომ ჩამოყალიბდეს ახალი აკადემიური საბჭო და მათ აირჩიონ კანცლერი. ისინი უნდა წარუძღვნენ ასევე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის პროცესს. კიდევ ერთი საკითხი: ვინც ახლა გახდება აკადემიური საბჭოს წევრი, მას ეკისრება ვალდებულება თავისი ამომრჩევლის, ანუ ფაკულტეტის წინაშე - წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გააკეთოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ,“ - აღნიშნა დიანა ძიძიგურმა. 

საბოლოო ჯამში მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება: აპრილის თვეში უნივერსიტეტი აირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რის შემდეგაც, 1 მაისს, მოქმედი რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა დატოვებს თანამდებობას. 15 მაისამდე ასევე ჩატარდება გარდამავალი აკადემიური საბჭოს არჩევნები (ძველი წესით, მაგრამ გაფართოებული შემადგენლობით), რის შემდეგაც მოქმედი აკადემიური საბჭო უფლება-მოვალეობას გადააბარებს გარდამავალ აკადემიურ საბჭოს, ეს უკანასკნელი კი შეარჩევს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას სენატისთვის წარსადგენად.

დღევანდელი მოთხოვნებით, ამ პერიოდშივე უნდა შემუშავდეს ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და უნივერსიტეტის წესდებაში, რაც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გააჩენს აკადემიური საბჭოს და რექტორის ახალი წესით არჩევის შესაძლებლობას.