თსუ რექტორი თანამდებობას 1 მაისს დატოვებს

31 მარ 2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა თსუ-ის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადება 1 მაისიდან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. რაც შეეხება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებას, თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, საბჭო გააგრძელებს კანონით განსაზღვრული მოვალეობის შესრულებას უწყვეტ რეჟიმში არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისისა, რათა უზრუნველყოფილი იყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა და უნივერსიტეტში შეუფერხებელი სასწავლო პროცესი. 

თსუ-ის რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. „მე გამოვდივარ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან. კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა გადადგომის შესახებ, რომელიც ძალაში შევა 1 მაისიდან. ერთი თვე საჭიროა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად. ეს ერთი თვე მე ვასრულებ რექტორის ფუნქციას და ვამზადებ მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც უნივერსიტეტში ხდება. ყველა სტუდენტი ჩვენი სტუდენტია. ჩემთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესი არ შეწყდეს და გაგრძელდეს სამეცნიერო კვლევები. ვიცი, რომ ახალგაზრდებს უყვართ უნივერსიტეტი. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო აკადემიურმა საბჭომაც - არაუგვიანეს 1 ივლისისა აკადემიური საბჭო შეწყვეტს საქმიანობას და გამოცხადდება აკადემიური საბჭოს ახალი არჩევნები,“- განაცხადა ვლადიმერ პაპავამ. 

აკადემიური საბჭოს წევრის ქეთევან მარშავას განცხადებით, „აკადემიური საბჭო გადადგება 1 ივლისიდან, რადგან მანამდე აკადემიურმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და კანცლერის არჩევნების ჩატარება. ამის შემდეგ აკადემიური საბჭო შეწყვეტს თავის უფლებამოსილებას.“ 

აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მაისამდე გაიმართება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები, რომელსაც, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 

რაც შეეხება „აუდიტორია 115"-ის წევრების მოთხოვნებს, ისინი თსუ-ის აკადემიური საბჭოს დაშლას 1 მაისს, ვლადიმერ პაპავას მიერ თანამდებობიდან გადადგომისთანავე ითხოვენ. 

როგორც „აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელმა დეა მინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ თსუ-ის არსებული აკადემიური საბჭო ვლადიმერ პაპავას გადადგომისთანავე არ დაიშლება, საბჭოს შეეძლება კანცლერის არჩევა სტუდენტების ჩართულობის გარეშე. 

„თუ მოქმედი აკადემიური საბჭო 1 მაისს პაპავასთან ერთად არ გადადგება, აკადემიურ საბჭოს შეეძლება 1 ივნისამდე კანცლერი აირჩიოს, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით. ჩვენ გვინდა, რომ რექტორის, კანცლერისა და სენატის არჩევა სტუდენტებისა და ლექტორების ჩართულობით მოხდეს", - განაცხადა დეა მინაძემ. 

ასევე, დეა მინაძის თქმით, 1 აპრილს სტუდენტებმა განათლების მინისტრს უნდა წარუდგინონ საკანონმდებლო იდეა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრები კი, რომელთაც რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა 29 მარტს დაიწყეს, დაიშალნენ და მოვლენების განვითარების მოლოდინის რეჟიმში არიან.