რა სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორს განათლების სამინისტროდან გამოგზავნილ დასკვნაზე ინფორმაციის წინასწარ გავრცელების გამო?

18 მარ 2016

დასკვნა დღეს გასაჯაროვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ თსუ-სთვის გამოგზავნილი დასკვნა თარიღდება 2016 წლის 16 მარტით. ამ დასკვნის სამინისტროდან გამოგზავნის შესახებ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის” ვებ-გვერდზე 16 მარტს აიტვირთა საგაზეთო მასალა (სტატიის სათაურია: „რას შეიცავს დასკვნა, რომელსაც თსუ სამინისტროდან ელის?”) განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ნათია პაპავასთან გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე. სტატიაში დასმული იყო აქცენტები: იყო თუ არა თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრთა მხრიდან დარღვევა კანცლერობის მეორე კანდიდატის შერჩევა ერთი და იმავე კონკურსის საფუძველზე? და კიდევ, რაც ყველაზე მეტად საგულისხმოა, სტატიაში დასმული იყო კითხვა: ვინ მოამზადა ის იურიდიული თუ სამართლებრივი დასაბუთება, რომელსაც დაეყრდნო აკადემიური საბჭო?

17 მარტს თსუ-ის აკადემიური საბჭოს სამდივნოში გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორს მისცეს სიტყვიერი გაფრთხილება, რომ დასკვნა, რომელიც სამინისტროდან უნივერსიტეტში ჯერ არ იყო მოსული, ამ შემთხვევაში არ ქონდა სტატიის ავტორს (ნინო კაკულიას) უნივერსიტეტის გაზეთის ვებ-გვერდზე მისი წინასწარ გამოქვეყნების უფლება და ასეთი „ზიანის მიყენების” გამეორების შემთხვევაში აკადემიურმა საბჭომ შეიძლება დასვას გაზეთის რედაქტორის პასუხისმგებლობის საკითხი.

დასკვნა, რომელმაც უნივერსიტეტის შიდა წრეებში აფორიაქება გამოიწვია, 18 მარტს დილით გასაჯაროვდა. დასკვნაში ნათქვამია: „გეგზავნებათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსპექტირების შედეგებზე შედგენილი დასკვნა.

ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევის საფუძველზე გეძლევათ მითითება ბათილად ცნოთ:

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 17 თებერვლის #5 სხდომის ოქმში დაფიქსირებული გადაწყვეტილება, არსებულ კანდიდატებს შორის ხელახალი კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისა და კანცლერის შერჩეული კანდიდატის სენატისადმი წარდგენის ბოლო ვადად 2016 წლის 23 თებერვლის განსაზღვრის შესახებ;

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება (#20/2016 17/02/2016), „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 ოქტომბრის #109/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 19 თებერვლის #6 სხდომის ოქმში დაფიქსირებული აკადემიური საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარსადგენად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის შერჩევის გადაწყვეტილება;

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება (#21/2016 19/02/2016), „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის შესახებ“;

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინება (#2/03-01-14 22/02/2016), უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოსათვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასამტკიცებლად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ.

ასევე, გეძლევათ მითითება, გაითვალისწინოთ დასკვნაში მითითებული დარღვევა შემდგომ საქმიანობაში და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარმოადგინოთ შიდა აუდიტის დეპარტამენტში ერთი თვის ვადაში. პატივისცემით, შიდა აუდიტის დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ონოფრიშვილი”