პროფესურის მონაწილეობით გამართული რექტორის მხარდამჭერი სხდომა თსუ-ში

15 მარ 2016

„რექტორი გადადგეს! ვითხოვთ რექტორის იმპიჩმენტს!” - ეს მოწოდებები 15 მარტს კვლავ გაისმოდა თსუ-ის პირველ კორპუსში რექტორატის წინ სტუდენტური თვითმმართველობის წევრების და მათი მხარდამჭერების მხრიდან. „115-ე აუდიტორიის სტუდენტური მოძრაობის” წევრები კი დერეფნებში სკანდირებდნენ: - „არ გადადგე!” „არ შეგეშინდეს!” „გამაგრდი!”. ამ ვითარების პარალელურად 15 მარტს ერთ-ერთ დიდ აუდიტორიაში უნივერსიტეტის პროფესორები, თანამშრომლები და სტუდენტური მოძრაობის წევრები რექტორის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და მოსაზრებები და მოწოდებები გააჟღერეს. აუდიტორიაში შეკრებილნი იყვნენ პროფესორები: თამაზ გამყრელიძე, რეზო გაჩეჩილაძე, რისმაგ გორდეზიანი, ელგუჯა ხინთიბიძე, ვახტანგ ლიჩელი, თამაზ ჯოლოგუა, გიორგი ოთხმეზური, თინათინ მარგალიტაძე, მანანა გელაშვილი, გიორგი გოგოლაშვილი და სხვა უამრავი ღირსეული პროფესორი თუ ადმინისტრაციის თანამშრომელი. სხდომას ვიცე-რექტორი დარეჯან თვალთვაძე უძღვებოდა. რექტორის მხარდამჭერ სხდომაზე გამომსვლელების კომენტარებს გთავაზობთ:

დავუჭიროთ მხარი უნივერსიტეტის რექტორს!

რევაზ გაჩეჩილაძე, პროფესორი: „სამწუხაროა, რომ მათ ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული, რა ანარქიული ვითარება შეიძლება შეიქმნას უნივერსიტეტში. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, დავუჭიროთ მხარი უნივერსიტეტის რექტორს, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერს ვლადიმერ პაპავას, რომელსაც შეუძლია გააგრძელოს მუშაობა და მიიყვანოს უნივერსიტეტი ისეთ კონდიციამდე, როდესაც ჩვენი უნივერსიტეტი იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. რეგიონში იგი ნამდვილად არის ასეთი, მაგრამ გვინდა, რომ მსოფლიოშიც მისი სახელი უფრო წინ წავიდეს. ამისათვის, ჩვენ, ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე.

მივმართ თხოვნით ხელისუფლებას, რომ მოუწოდონ ამ სტუდენტებს სიტუაციის დალაგებისკენ

გიორგი ოთხმეზური, პროფესორი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კანცლერი არ ჰყავს. თუ რექტორი გადადგა, არც რექტორი ეყოლება და ვინ უნდა მართოს უნივერსიტეტი? კანცლერის თანაშემწემ? უნივერსიტეტში დაიწყება აბსოლუტური ქაოსი. მე, პირადად, მივმართ თხოვნით ხელისუფლებას და, უპირველესად, პრემიერ-მინისტრის, რომ მოუწოდონ ამ სტუდენტებს სიტუაციის დალაგებისკენ. შემდეგ კი ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხებზე. გუშინ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო შეიკრიბა, სადაც 14 წევრია. „ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც აკადემიურ საბჭოში არიან, ამბობენ, რომ არ ვითხოვთ რექტორის გადადგომას, მაგრამ ასეთი სიტუაციაა და რა ვუყოთ იმ სტუდენტებსო? იქნებ რექტორმა განცხადება წასვლაზე თვითონ დაწეროსო?! კითხვა მაქვს - მაშინ სტუდენტების მეორე ჯგუფს რა ვუყოთ, რომელიც ახლა ითხოვს, რომ დარჩეს რექტორი?! რექტორი რომ გადადგეს, დაიწყება ქაოსი. მერე აკადემიური საბჭოს წევრები თვითონ დაიბანენ ხელს ან სტუდენტებს შეაწმენდენ ხელს, ან რექტორს დააკისრებენ მთელ პასუხისმგებლობას - აი, შენმა გადადგომამ რა მოიტანაო.

მინდა, გადმოგცეთ მარიმ ლორთქიფანიძის აზრი. მან ერთხელ უკვე გააკეთა განცხადება, რომ რექტორს მხარს უჭერს. ახლაც დამავალა, რომ გადმომეცა თქვენთვის - მარიამ ლორთქიფანიძე ამჟამადაც ამ პოზიციაზეა და რომ მისი გადადგომა დიდ ანარქიასა და ქაოსს გამოიწევევს უნივერსიტეტში.“

ჩვენ გვენატრებოდა ის პერიოდი უნივერსიტეტში, როდესაც რექტორთან საუბარი შეიძლებოდა

გიორგი გოგოლაშვილი, პროფესორი: „უნივერსიტეტს ახსოვს მძიმე დღეები და უფრო მძიმე დღეებიც, მაგრამ ის, რაც ხდებოდა ათიოდე წლის წინათ, იყო გარე ძალებისა და უნივერსიტეტის დაპირისპირება. ვიღაცას არ ასვენებს უნივერსიტეტში სიმშვიდე. უნივერსიტეტი ის ძალაა, რომელსაც შესწევს საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველაზე დიდი უნარი. ყველა ის საქმე, რაც დაიწყო უნივერსიტეტიდან, გამარჯვებით დასრულდა. გაიხსენეთ 1978 წელი, 80-იანი წლების მეორე ნაწილი და ასე შემდეგ... ისიც გაიხსენეთ, არჩევნების წინა პერიოდში, როდესაც ციხის კადრები გავრცელდა, მაშინაც უნივერსიტეტის ძალა დაინახა საზოგადოებამ. მიმდინარე მოვლენები არ არის შემთხვევითი, მე დარწმუნებული ვარ, რომ სრულად პროვოცირებულია, თორემ დავბერდით ხალხი უნივერსიტეტში და აქ სტუდენტობა ერთმანეთს არ დაპირისპირებია. პროვოცირებულია ეს და მე მოვუწოდებ იმ ახალგაზრდობას, დაპირისპირებულ მხარეებს, რომ დაიწყონ მოლაპარაკება. ჩვენ გვენატრებოდა ის პერიოდი უნივერსიტეტში, როდესაც რექტორთან საუბარი შეიძლებოდა. 2006 წლის ზაფხულში ჩვენ პროკურატურამ და სასამართლომ შავ დღეში ჩაგვაგდო, უნივერსიტეტის 9 პროფესორი გაგვასამართლეს იმისთვის, რომ რექტორთან საუბარი მოვისურვეთ. გვინდოდა შეხვედრაზე აქტუალური საკითხები დაგვეყენებინა. დღეს გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვმართოთ სიტუაცია და მაინც ვერ ვახერხებთ საერთო ენის გამოძებნას? მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ახლოვდება არჩევნები და ვიღაცას უნდა სადავეები აიღოს ხელში. მე არ ვამბობ, რომ რექტორი მართალია, მე არ ვამბობ, რომ აკადემიური საბჭოა მართალი, მაგრამ მსურს, რომ შეხვდეთ რექტორსაც, აკადემიურ საბჭოსაც, წარმომადგენლობით საბჭოსაც, სტუდენტურ თვითმმართველობასაც და ვისაუბროთ. რომელი რექტორი მოდიოდა დიალოგზე - კვიტაშვილი თუ ხუბუა? დღეს არსებობს დიალოგის სურვილი, არ ვამბობ, რომ რომელიმე მხარეა დამნაშავე. დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ასე გადმოსროლილი - გადადექი! - რომელ საქმეს მოაგვარებს?! ვთქვათ და გადადგა, ვიცით ვინ მოვა? მასთან დიალოგი შესაძლებელი იქნება? შესრულდება ის სამართლიანი მოთხოვნები? ბევრი მოთხოვნა მე სამართლიანი მგონია. ძალიან გამაღიზიანა ერთ-ერთი დეკანის გამოსვლამ ტელევიზიით, მაგრამ ახლა ამის შესახებ საუბარი არ მსურს. 
ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ უნივერსიტეტში წარმოქმნილი სიტუაცია გარედან მართული არ არის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არის დედა უნივერსიტეტი, ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს. ვთხოვ, ყველა მხარეს დავმშვიდდეთ და კალაპოტში ჩავდგეთ. ეს სიტუაცია მხოლოდ დიალოგით უნდა დარეგულირდეს. გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნას ჰქონდა საფუძველი, იგი არ გახლდათ თანამდებობის პირი. მას ჰქონდა სურვილი, რომ მოსულიყო და ემუშავა ამ პოსტზე. მე მაინც მგონია, რომ აკადემიურმა საბჭომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ხელმეორე არჩევნები დაუშვა. ვფიქრობ, ეს იყო საგანგებოდ დაშვებული შეცდომა. შექმნილი ვითარება თუ კარგად არ ავწონ-დავწონეთ, ძალიან ცუდ ანკესზე წამოვეგებით. მივალთ ისეთ შედეგამდე, როდესაც უნივერსიტეტში მოვა ძალა, რომელიც ახლა გარედან ცდილობს უნივერსიტეტში სიტუაციის მართვას.“

ისინი ზონდერების ბრიგადებით გადაადგილდებიან უნივერსიტეტში

ანა კამლაძე, თსუ-ის სტუდენტი: „მე ვარ ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. სტუდენტები დღეს არიან ერთ აზრზე - ჩვენ გვინდა ავტონომია, მშვიდობა და წესრიგი უნივერსიტეტში. ერთი პატარა პრივილეგირებული ჯგუფი, რომელიც არის ძალიან ძლიერი, რადგან კარგად ფინანსდება და მაგრდებოდა როგორც ინსტიტუცია წლების მანძილზე, იმუქრება უნივერსიტეტის დესტაბილიზაციით. ისინი ზონდერების ბრიგადებით გადაადგილდებიან უნივერსიტეტში და ჩვენზე ძალადობისთვის იყენებენ ყველა საშუალებას. ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, მივმართავთ დაცვის სამსახურს, რომ მიიღონ ყველა ზომა სიტუაციის გასაკონტროლებლად. მე პაპავას მხარს არ ვუჭერ იმის გამო, რომ მისდამი არ მაქვს პრეტენზიები, მე მას მხარს ვუჭერ იმის გამო, რომ მისი წასვლა დღეს უნივერსიტეტის ავტონომიის დაკარგვას გამოიწვევს და იგი გახდება კონტროლირებადი. ძალიან გთხოვთ იყავით რადიკალურები და მკვეთრად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. აქ სხვა პოზიციაზე არის მხოლოდ პატარა მართული ჯგუფი, რომელსაც იყენებენ და რომელიც ვერ იაზრებს - რა ხდება.“

გემის ჩაძირვის წინ კაპიტანი არ უნდა წავიდეს

ელგუჯა ხინთიბიძე, აკადემიკოსი: ძალიან მძიმე დგომარეობაშია დღეს უნივერსიტეტი. უკვე გამოვლილი მაქვს, დაახლოებით, 4 გადატრიალება ამ უნივერსიტეტში და აქედან დაწყებული მთელ საქართველოში. ვერაფერს ვერ გეტყვით და დაგარიგებთ ისე, რომ ჩემმა სიტყვებმა პრობლემა გადაჭრას. თუმცა ვფიქრობ, პირველ რიგში, საჭიროა ახალგაზრდობამ ერთმანეთთან ისაუბროს, მათ უკან დგას უნივვერსიტეტი, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად დაინგრეს. ახლა, ამ სიტუაციას არც სტუდენტები, არც პროფესურა და არც რექტორატი არ მართავს, უმართავი ვითარებაა. ეს შეუძლია მართოს მხოლოდ იმ ძალას, რომლის შემოსვლა უნივერსიტეტში არავის უნდა. მე არც ექსპერტი ვარ, არც იურისტი და არც ძალიან ჩახედული თითოეული მიმართულების საქმეში, მაგრამ ვხედავ - რამდენად უმართავია მდგომარეობა. რასაკვირველია, მხარს ვუჭერ ახალგაზრდულ მოძრაობას, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. მე მხარს ვუჭერ იმ პიროვნებას, რომელმაც კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა. იგი ამბობს, რომ არ არის დამნაშავე. თუ პიროვნების ბრალეულობა არ მტკიცდება, არ უნდა გაილანძღოს! თუმცა, მის ადგილზე უფრო ადრე მოვხსნიდი კანდიდატურას. როდესაც არ სურს უნივერსიტეტს, რომ უხელმძღვანელო, უნდა გადადგე. მე მხარს ვუჭერ რექტორს, რომელიც ამბობს, რომ არ გადადგება. ვლადიმერ პაპავა არჩეული რექტორია და მას ევალება არ გამოვიდეს ბრძოლიდან ისევე, როგორც გემის ჩაძირვის წინ კაპიტანი არ უნდა წავიდეს. ასევე, მიმაჩნია, რომ უნდა შესრულდეს სტუდენტთა მოთხოვნა უნივერსიტეტში არსებული დაღვევების გამოძიების შესახებ. აკადემიურმა საბჭომ, მან აქამდე მიიყვანა მდგომარეობა, უნდა მოითხოვოს სამთავრობო კომისიის შექმნა, რომელიც ამ სიტუაციას გამოიძიებს. მათ შორის, გამოიძიებს „ოდეერის” წარმომადგენლების ყოფნას უნივერსიტეტში. მანამდე რექტორმა ჩვეულებრივად უნდა განაგრძოს მუშაობა, სტუდენტებმა კი მოლაპარაკებები დაიწყონ.“

უნდა დავიწყოთ დიალოგი

ცირა ბარამიძე, პროფესორი: „გუშინ მხოლოდ რამდენიმე პროფესორი ვიდექით დაპირისპირებულ მხარეებს შორის. გაიხსენეთ უძღები შვილის იგავი, სტუდენტების ორივე მხარე ჩვენი შვილია - შეცდომილიც და შეუმცდარიც, ორივეს უნდა ვუპატრონოთ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, არ უნდა დავუშვათ კონფრონტრაცია. მათთან უნდა გავმართოთ დიალოგი. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან მივედი და ველაპარაკე, მართალია, ნახევარი უნივერსიტეტელი არ იყო, მაგრამ ხომ იყვნენ უნივერსიტეტელებიც. ერთი კაციც რომ იყოს თსუ-დან, უნდა დავიწყოთ დიალოგი. ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საკანონმდებლო ორგანოს - „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში მნიშვნელოვანი შეცდომებია და ეს შემიძლია წერილობით მივაწოდო. მართებულია სტუდენტების მოთხოვნა, როდესაც ისინი ამბობენ, რომ რექტორი არ უნდა გადადგეს. რექტორმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს, მიუხედავად გარედან მართული არაჯანსაღი მოქმედებებისა. ვთხოვ სტუდენტებს, რომ შეინარჩუნონ წესრიგი და დაიშალნონ. მათი მთავარი მოთხოვნა უკვე შესრულდა, რაც შეეხება ავტონომიის საკითხს, კანონი კარგად ვიცი და ავტონომიის საკითხი ერთ და ორ დღეში ვერ მოგვარდება. აუცილებლად უნდა განიმუხტოს სიტუაცია, სტუდენტებს ვთავაზობ კონსტრუქციულ წინადადებას - მხარეებს დაკარგული აქვს ურთიერთნდობა, ეს არც არის გასაკვირი, ამიტომ ავირჩიოთ 6 ან 7 პროფესორი, 5-5 სტუდენტი ორივე მხრიდან და დავიწყოთ მოლაპარაკებები. მოვუწოდებ სტუდენტების ორივე მხარეს კომუნიკაციისკენ, არავის არ აძლევს ხელს ის, რაც დღეს უნივერსიტეტში ხდება.“

იცით რა არის ბატონი ლადოს სისუსტე?

მანანა ხარხელი, პროფესორი: „ხელისუფლების ჯანსაღი ძალა უჭერს მხარს ბატონ ლადო პაპავას და აქვს წინადადება, რომ იგი არ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქაოსი დაიწყება. აქ არ არის ორი მხარე, უნივერსიტეტის ჯასაღი ნაწილის უმრავლესობა მხარს უჭერს მას და ერთი პატარა გუნდი არის მისი წინააღმდეგი, რომელიც კომკავშირლების გადმონაშთი ძალაა. უნივერსიტეტის თვითმმართველობაში არიან სტუდენტები, რომლებსაც უნდათ პრივილეგიები და უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა. მივმართავ ყველას, ხელისუფლებას - გამოიძიოს 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების დროს სად წავიდა ერთი მილიონი ლარი, რომელიც თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისთვის იყო გამოყოფილი. იცით რა არის ბატონი ლადოს სისუსტე? ვისი მომხრეც არ უნდა იყოს უნივერსიტეტის თანამშრომელი, თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი, არ უნდა დარჩეს დაკავებულ თანამდებობაზე და უნივერსიტეტიდან უნდა წასულიყვნენ ისეთი თანამშრომლები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. 2010 წელს გამიშვეს უნივერსიტეტიდან იმის გამო, რომ ჩემს აზრს ხმამაღლა ვაფიქსირებდი. არ მინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ჩემი აზრის დაფიქსირების უფლება არ მექნება. მირჩევნია სიკვდილი ასეთ სიცოცხლეს! მოვუწოდებ ყველა პროფესორს, ყველა ჯანსაღ ძალას, ბატონი ვლადიმერ პაპავა არ უნდა გადადგეს. კიდევ მაქვს კითხვები - იცით რა არის დანაშუალი? იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ კუკულავა ისევ რომ არის თანამდებობაზე! ის ხომ იყო 2012 წელს კომისიის წევრი, ეს არის დანაშაული. ახლაც, გიორგი გაფრინდაშვილის არჩევას რომ აპირებდნენ, მანაც, ჩემი აზრით, სპეციალურად შეიყვანა შეცდომაში უნივერსიტეტის რექტორი, რომ ეს საქმე ასე უნდა გაკეთებულიყო და მეორე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო კანცლერის. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. არ არიან სტუდენტური თვითმმართველობის სტუდენტები ღირსები, რომ მათი პოზიციები გავიზიაროთ.“

რექტორი გადადგომას არ აპირებს!

რექტორის მხარდამჭერ აქციას მოგვიანებით თსუ-ის რექტორი ლადო პაპავა შეუერთდა, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა. 

ვლადიმერ პაპავა, თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი: „მეგობრებო, კოლეგებო, სტუდენტებო, დღეს მართლაც ძალზედ მნიშვნელოვანი დღეებია ჩვენს უნივერსიტეტში და სრულიად საქართველოშიც. ჩვენი უნივერსიტეტი რომ რეზონანსულია, ეს ყველამ კარგად ვიცით. დღეს ძალზე სერიოზული საკითხი წყდება. ყველას წინასაარჩევნო პერიოდში აქვს დაინტერესება, გარკვეულწილად, პოლიტიკური პროცესები მართოს და ამისთვის გამოიყენოს უნივერსიტეტი. ეს იყო და, სამწუხაროდ, ახლაც არის. აშკარად ჩანს, რომ პროცესები გარკვეული ძალების მიერ არის მართული, რომელიც, საბოლოო ჯამში, უნივერსიტეტს მიიყვანს სავალალო შედეგებთან. რაც შეეხება რექტორის პოზიციას, რექტორი აცნობიერებს თავის პაუხისმგებლობას, სრულად ვაცნობიერებ - რას ნიშნავს დღეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რომლის ერთიანობა და მთლიანობა საფრთხის წინაშე დგას. იქიდან გამომდინარე, რომ ინსტიტუციურად რექტორი არის პირველი პირი, რექტორი გადადგომას არ აპირებს! მე აქ ვხედავ არა მარტო ჩვენს პროფესორებს, არამედ ჩვენი ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთაც გთხოვთ, მიიტანოთ ყველა თქვენს კოლეგამდე. არ არის დღეს ის სიტუაცია, რომ რექტორი გადადგეს, ეს დაანგრევს უნივერსიტეტს. ჩვენ ყველას ერთობლივად გვჭირდება მხნეობა, გონიერება და ქალბატონმა ცირამ სწორად ბრძანა, ვინც არ უნდა იყოს გარედან ჩარეული უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში, ორივე მხარეს ჩვენი სტუდენტები არიან. მათ ყველანაირად უნდა გავუფრხილდეთ და გვქონდეს მათთან კომუნიკაცია. 

დღეს უნივერსიტეტში პოლიციაა - ეს ძალიან ცუდია. ეს ასე არ უნდა იყოს, მაგრამ პოლიცია რომ გავიყვანოთ, კიდევ უარესი სურათი შეიძლება მივიღოთ უნივერსიტეტში, რადგან დაპირისპირება საკმაოდ სერიოზულია. ვაცნობიერებ მთელ პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს უნივერსიტეტს და მის ხელმძღვანელობას პოლიციის უნივერსიტეტში არსებობასთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა გზა, რომ დაგვეშორიშორებინა დაპირისპირებული სტუდენტები, არ იყო. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ არა სპონტანურად, არამედ ვითარების გაანალიზების შედეგად. 

ძვირაფსო მეგობრებო, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენ ჩემი მხარდაჭერით, ფაქტობრივად, მხარს უჭერთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ხვალინდელ დღეს. კარგად გამიგეთ, მე არ მინდა ჩემი თავი განვასახიერო და გავუტოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მაგრამ ამ ვითარებაში, როგორი კანონიც გვაქვს, რა ვითარებაც არის - რომ არა რექტორის პოზიცია – არ გადადგეს! - ზიანი მიადგება უნივერსიტეტს. ეს მაძლევს უფლებას, ვთქვა, რომ ჩემი მხარდაჭერა, როგორც რექტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერაა. ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. არ მინდა, რომ კოლეგებს შორის არსებულმა განსხვავებულმა აზრმა კონფრონტაცია გამოიწვიოს. ჩვენ ჩვენი საქციელით სტუდენტებს მაგალითი უნდა მივცეთ და დავდგეთ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა. ქვეყანა დამუხტულია, ქვეყანა მიდის არჩევნებისკენ. რომელი არჩევნები ჩატარებულა საქართველოში სპეციალურად გაზრდილი მუხტის გარეშე? ასეთი რამ არ ყოფილა. ვიცით, რა სიტუაციაც არის ქვეყანაში, ვერც ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ვერ დავადებ ხელს. თუმცა, აშკარად არიან პოლიტიკური ძალები და არა მარტო პოლიტიკური ძალები, ვისაც აწყობს არეულობა. არსებობენ ქვეყნის მტრები, რომლებსაც აწყობთ ქვეყანაში არეულობა. ეს მტრები არიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთაც. ერთსულოვნება, მტკიცედ და ერთად დგომა არის ერთადერთი საფუძველი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეინარჩუნოს მთლიანობა და სრულიად საქართველოს ანახოს, რომ, აზრთა განსხვავებულობის მიუხედავად, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად. სხვა გამოსავალი ჩვენ, მცირერიცხოვან ერს და მის წამყვან უნივერსიტეტს, უბრალოდ, არ გვაქვს. მადლობა მხარდაჭერისთვის.