პასუხისმგებლობას, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, არ გავურბივარ!

15 მარ 2016

ინტერვიუ თსუ-ის რექტორთან, აკადემიკოს ლადო პაპავასთან

 - ბატონო ლადო, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად უნივერსიტეტში პოლიციის შემოსვლას აპროტესტებენ სტუდენტები, რასაც ზოგიერთმა პროფესორ-მასწავლებელმაც მხარი დაუჭირა. თქვენ მოუწოდეთ პატრულის თანამშრომლებს, რომ დაეტოვებინათ შენობა. ვინ „დაპატიჟა“ პოლიცია უნივერსიტეტში? 

- ნამდვილად არ მაქვს ეს ინფორმაცია. საერთოდ, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ გარე პერიმეტრზე და არა უნივერსიტეტში, თუნდაც ეზოში შეიძლება ყოფილიყვნენ პოლიციელები, რათა რაიმე ექსცესი არ მომხდარიყო. ეს არის ჩვეულებრივი უსაფრთხოების დაცვის ზომები, მაგრამ მათი მობილიზება უნივერსიტეტის ეზოში და მით უფრო უნივერსიტეტის შენობაში არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა შეთანხმებული. ხოლო როგორ მოხდა მათი აქ შემოსვლა, ამაზე ვერაფერს გეტყვით. თქვენ ნახეთ, რა რეაქცია ჰქონდათ ჩვენს პროფესორებს, როდესაც პოლიციამ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა, რექტორატის დერეფანი დაიკავა. ეს იყო სავსებით ჯანსაღი რეაქცია, რომ პოლიციის გაჩერება უნივერსიტეტში არ შეიძლებოდა და რექტორის ადგილიც სწორედ იქ იყო, სადაც იდგნენ უნივერსიტეტის პროფესორები. 

- კანცლერობის პირველ კანდიდატს სოსო არჩვაძეს ვინ აუგორა საინფორმაციო კამპანია, რის შემდეგაც მან მოხსნა თავისი კანდიდატურა? სტუდენტური თვითმმართველობის წევრები იღებდნენ ამაში მონაწილეობას? 

- ვერავის დავაბრალებ - ვინ აუგორა არჩვაძეს კამპანია, მაგრამ, სინამდვილეში, არჩვაძის წინააღმდეგ რომ ბინძური კამპანია აგორდა, ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცმა არა ერთი ღირსეული განცხადება გააკეთა, კაცს, რომელმაც სახლ-კარი დაკარგა სოხუმში და არის იძულებით გადაადგილებული პირი, ლამის რუსეთის აგენტობა დასწამეს. 

- პროტესტანტები, რომლებიც აქციებზე კანცლერობის მეორედ შერჩეული კანდიდატისგან გიორგი გაფრინდაშვილისგან კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ, გაფრინდაშვილს ბრალს დებენ, რომ წარსულში სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების მხრიდან სტუდენტების ცემის ფაქტებს ხელს აფარებდა. დღევანდელი სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრალდებას დადასტურება უნდა. წარსულის გამო, ზოგადად, უნდა აგოს თუ არა პასუხი გიორგი გაფრინდაშვილმა? 

- საერთოდ, მომხრე ვარ უდანაშაულობის პრეზუმფციის, მაგრამ არის მომენტი, როდესაც ადამიანი მიდის მაღალ საჯარო თანამდებობაზე (და უნივერსიტეტის კანცლერობა საკმაოდ მაღალი თანამდებობაა), დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კონსესუსი მაქსიმალურად იქნას მიღწეული უნივერსიტეტის ყველა ძალას შორის და არ იყოს განხეთქილება. ამიტომ ერთია - რა დაუმტკიცდება და რა არა ბატონ გიორგი გაფრინდაშვილს და მეორეა - მისი კანდიდატურა როგორ აღიქმება საუნივერსიტეტო საზოგადოების მიერ. 

- საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ივა კავსაძე არ არის „ოდეერი”, თქვენ კი საპირისპიროს აცხადებთ...

- მე დავეთანხმე სტუდენტებს, რადგან მთელმა უნივერსიტეტმა იცის - სტუდენტებიდან დაწყებული პროფესორებით დამთავრებული ამის შესახებ. როცა სტუდენტები ამას საჯაროდ აცხადებენ და იქ დამსწრემ, თითქმის ყველამ იცის ეს ამბავი, რა? ტყუილი უნდა მეთქვა? იგი არის კანცლერის თანაშემწე, რომელიც ჩემი რექტორობის პერიოდში დაინიშნა. 

- იგი „ოდეერის” წარმომადგენელი იყო თქვენამდეც?

- ბატონი ჩომახიძის თანაშემწე ყოველთვის იყო ერთი პირი, მაგრამ კონკრეტულად რა ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული, ამას ვერ ვიტყვი. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებას, რომელზედაც იყო საჯაროდ ნათქვამი და ეს იცოდა, რეალურად, მთელმა საუნივერსიტეტო საზოგადოებამ, მასზე გავრცელებული ინფორმაცია ფაქტია. რექტორი ვერ იტყოდა ტყუილს. 

- არსებობს ასეთი აზრი, რომ რექტორმა თავის დროზე რატომ არ განაცხადა „ოდეერის” შესახებ და რატომ დაუკავშირა ამის აღიარება გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა-არმოხსნის საკითხს?

- „ოდეერის” საკითხი ყველაზე მკაფიოდ ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც გართულდა და გამწვავდა ვითარება. როდესაც მთელი უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა ამ თემაზე დაიწყეს კონკრეტულად საუბარი, მაშინ მომიწია მეც ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მე სხვა პირებზეც დამისვეს შეკითხვა - არიან თუ არა ისინი „ოდეერები”, მაგრამ არც ერთ მათგანზე რაიმე ინფორმაცია არ მაქვს. 

- რატომ არ ჰქონდა რეაგირება რექტორს, თუკი იცოდა, რომ უნივერსიტეტში „ოდეერი” იყო? - ასე სვამენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები კითხვას...

- აქამდე მისი საქმიანობა არ იყო გასაჯაროებული და იგი არ მონაწილეობდა საუნივერსიტეტო საკითხების გადაწყვეტაში. ხოლო, როდესაც მთელმა უნივერსიტეტმა დაიწყო მასზე საუბარი, ბუნებრივია, ვერც რექტორი გაჩუმდებოდა ამ თემაზე. 

- რატომ დადის მოარული ხმები მოცემულ სიტუაციაში რექტორის იმპიჩმენტის თემაზე?

- ეს საუბრები დაიწყო სხვაგვარად: რომ, რადგან რექტორი ვერ არეგულირებს საკითხებს, ამიტომ მოეწყოს რექტორის იმპიჩმენტი. 

- ეს შეესაბამება სინამდვილეს?

- ეს ხმები ჩემამდეც მოვიდა, თუმცა ოფიციალურად პროცესი არ არის დაწყებული.

- მაგრამ გაქვთ ვარაუდი, რომ ამ თემაზე დაიწყება საუბარი, თუნდაც აკადემიურ საბჭოში?

- ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. 

- აკადემიური საბჭო თუ წამოწევს ამ საკითხს? - ამაზეა საუბარი...

- რექტორის იმპიჩმენტის საკითხი - ეს არის აკადემიური საბჭოს პრეროგატივა და აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ერთ მესამედს შეუძლია დააყენოს რექტორის იმპიჩმენტის საკითხი, ანუ ამისთვის საჭიროა 5 ხმა. მაგრამ ამაზე დღეს ვერაფერს ვიტყვი მკაფიოდ, რადგანაც ოფიციალურად ეს პროცედურა არ დაწყებულა. 

- ეს საკითხი გარკვეულ არეულობასაც შემოიტანს უნივერსიტეტში...

- ვფიქრობ, რომ იმპიჩმენტი რომ გატარდეს, უნივერსიტეტი კიდევ უფრო სერიოზულად დაზარალდება. თავადაც შემიძლია მივიღო ობიექტური გადაწყვეტილება - თუ ეს არ შეუშლის ხელს უნივერსიტეტს და არ გააფუჭებს საერთო საქმეს, რასაც უნივერსიტეტის იდეა ჰქვია.

- თქვენი აზრით, რას ნიშნავს, რომ აქციების ფონზე უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ? - ამაზე კვლავ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები საუბრობენ...

- პასუხისმგებლობას ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, არ გავურბივარ... რექტორი ვარ და მზად ვარ, თითოეულ კითხვას გავცე პასუხი.