განათლებისა და მეცნიერების დანგრევა სამშობლოს ღალატის ტოლფასია

22 თებ 2016

საკითხი, რომლის გარშემოც მე ვაპირებ საუბარს, თითქოს და ყველასთვის გასაგები და აგრეთვე კარგად ცნობილია, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა დუმს! დუმილის მიზეზი კი ჩემთვის გაუგებარია. საკითხი ეხება საქართველოში განათლებას და მეცნიერებას. ის, რომ ორივე ინგრევა, ამას განათლებისა და მეცნიერების მესვეურები ან ვერ ხედავენ (ეს სამწუხაროა), ან ხედავენ და არაფერს ამბობენ (ეს კი სამშობლოს ღალატია).

გავიხსენოთ ბრაზილიის ჯუნგლებში მცხოვრები აბორიგენები. მათ არ შეხებიათ ცივილიზაცია, არც განათლება და მეცნიერება. სამაგიეროდ ყველა ხალხზე ბედნიერები არიან. მათთვის არ არსებობს ტკივილი იმისა, რომ რაღაც ჰქონდათ და ეს რაღაც დაკარგეს. ჩვენ გვქონდა განათლება და მეცნიერება, რომლის დაკარგვის მოლოდინში ვართ. ეს ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი ტრაგედია იქნება.

ახლა ავხსნი - თუ რატომ შეიძლება ეს მოხდეს.

განათლება და მეცნიერება ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული, როგორც კი მათ კავშირს დავარღვევთ, ისინი ცალ­ცალკე მოისპობა. მაშასადამე, დავდივართ გასანათლებლებისა და გამნათლებლების კავშირზე. 

სკოლაში დირექცია იმიტომ არსებობს, რომ ხელი შეუწყოს მოწაფისა და პედაგოგის კავშირს. მაშასადამე, სკოლაში, ძირითადად, უნდა დამყარდეს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთგაგების კავშირი, მოსწავლეს მოსწონს ის მასწავლებელი, რომელშიც იგი ხედავს საგნის ღრმა ცოდნის მატარებელს. მასწავლებელმა უნდა დაატყვეოს მოსწავლე თავისი საგნის ღრმა ცოდნით, თანამედროვე პრობლემების ღრმა ანალიზით და ა.შ. ამისათვის კი საჭიროა მასწავლებელი ფლობდეს ღრმა ანალიზით თანამედროვე პრობლემების გარშემო, რომელშიც იგი არის სპეციალისტი. მასწავლებელს უნდა შეეძლოს აჩვენოს მოსწავლეს - თუ როგორ იცვლებოდა, იცვლება და ვითარდება საგანი, რომელსაც იგი ასწავლის.

მაშასადამე, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სკოლაში უნდა იყვნენ განათლებული მასწავლებლები. სად შეიძლება აღვზარდოთ განათლებული მასწავლებლები? პასუხი ერთადერთია - უნივერსიტეტებში, ანუ უმაღლეს სასწავლებლებში. მაშასადამე, უნივერსიტეტებში უნდა იყვნენ სკოლის მასწავლებლების მასწავლებლები. გარდა განათლებული პედაგოგების აღზრდისა, უნივერსიტეტები მოწოდებულნი არიან აღზარდონ ახალგაზრდა მეცნიერთა თაობა. ე.ი. უნივერსიტეტის მასწავლებლები უნდა იყვნენ, აგრეთვე, კარგი მეცნიერები. კარგი სტუდენტისა და მეცნიერ-მასწავლებლის შედეგიანი მუშაობისას ვღებულობთ ან განათლებულ მასწავლებელს, ან დიდი იმედის მომცემ ახალგაზრდა მეცნიერს. ასე იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე ძველ საბერძნეთში დიდებული სკოლები სოკრატესი, პლატონის, არისტოტელესი, ჰეროდიტის, სტრაბონის და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელი არ იქნებოდა, მისი მასწავლებელი არისტოტელე რომ არ ყოფილიყო.

ახლა დავუბრუნდეთ საქართველოს. საქართველო პატარა-პაწაწინა ქვეყანაა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უხდებოდა შემოსეული მტრისაგან თავის დაცვა. ეს იყო მიზეზი, რომ ამ ნიჭიერი ხალხის ქვეყანაში მეცნიერების განვითარება დაიწყო მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან და ძალიან მცირე დროში მოგვევლინნენ მსოფლიო დონის მეცნიერები: ნ. მუსხელიშვილი, ი. ბერიტაშვილი, ე. ანდრონიკაშვილი, ი. ვეკუა, გ. ჭოღოშვილი, ისტორიკოსები, ენათმეცნიერები და სხვა. ზემოთქმულიდან ჩანს, რომ თუ მთავრობის მხრიდან პირობები სწორად იქნება შერჩეული, საქართველო არასოდეს არ დაკარგავს არც განათლებას და არც მეცნიერებას.

სრულიად გარკვევით მინდა ვთქვა, რომ განათლების დონე მაღალი რომ იყოს, აუცილებელია ბავშვებს ჰქონდეთ კარგი სახელმძღვანელოები (ასეთი დღეს არა გვაქვს). სკოლის რემონტი, ახალი სკოლების აშენება, ახალი ფარდებისა და კარადების შეძენა, ავტობუსების გამოყოფა მოწაფეებისთვის და ა.შ. - ეს ყველაფერი აუცილებელია, მაგრამ არა მთავარი. მთავარი კი სკოლაში განათლებული მასწავლებელია, რომლის მომზადებაზე, დღეს, არავინ ზრუნავს.

და ბოლოს, მოგახსენებთ იმ მიზეზს, რომელმაც გამოიწვია განათლებისა და მეცნიერების დანგრევის პროცესი. წინა მთავრობამ გააუქმა როგორც საკანდიდატო, ისე სადოქტორო დისერტაციების დაცვის ძალიან კარგი კანონი და შემოიღო განათლებისა და მეცნიერების გამანადგურებელი - დოქტორის აკადემიური ხარისხი. 

ამ ხარისხის შემოღებამ გამოიწვია განათლებისა და მეცნიერების ნგრევა! რატომ? იმიტომ, რომ ეს ხარისხი რომ მოგანიჭონ, სრულიადაც არ არის საჭირო - გქონდეთ გამოქვეყნებული რომელიმე სამეცნიერო შრომა, თუნდაც ერთი, მაღალრეიტინგულ ჟურნალში. ეს ნიშნავს, რომ აუცილებელი არ არის იყოთ მეცნიერი, რათა დაიცვათ ეს ხარისხი, გახდეთ პროფესორი. ცხადია, ასეთი „პროფესორი“ ვერ აღზრდის განათლებულ მასწავლებლებს და ვერც მეცნიერს, რადგანაც თვითონ არაფერი იცის. 

მთავარი ის კი არ არის, რომ ძველმა მთავრობამ განათლებისა და მეცნიერების მოსპობა გადაწყვიტა. გასაკვირი ის არის, რომ უნივერსიტეტებში, სადაც დისერტაციის დაცვებია, არ აღმოჩნდა თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც გააპროტესტებდა ,,დოქტორის აკადემიური ხარისხის“ შემოღებას.

განათლებისა და მეცნიერების დაკნინება ხდება მაშინაც, როცა ხშირად გაისმის, რომ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერების მიმართულებების კრიტერიუმები უნდა იყოს სხვადასხვა. განა არსებობს ნაციონალური მეცნიერება? მეცნიერების ყველა მიმართულება არის საერთაშორისო. ამიტომ, კრიტერიუმები უნდა იყოს ერთნაირი.

დღეს ასეა საქმე: უნივერსიტეტები, რომლებსაც ხარისხის დაცვის უფლება აქვთ, აცხობენ აკადემიური ხარისხის დოქტორებს. დღეს უკვე სავალალო მდგომარეობაა. იმისათვის, რომ გადავარჩინოთ განათლება და მეცნიერება, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ახალი კანონი, სადაც გაწერილი იქნება ის აუცილებელი კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს დისერტაციის დაცვის მსურველი პიროვნება. ამ კანონში უნდა იყოს გამოკვეთილად აღნიშნული:

1. დოქტორის აკადემიური ხარისხის გაუქმება.

2. პიროვნებას, რომელსაც აქვს სურვილი - დაიცვას დისერტაცია ფილოსოფიის ხარისხის (PHD)-ს მოსაპოვებლად, უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 ან 4 სამეცნიერო შრომა გამოქვეყნებული მაღალ-რეიტინგულ ჟურნალში.

3. დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს არ ჰქონდეთ უფლება დაიკავონ სრული ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობა.

4. დაცული დისერტაციები უნდა მოწმდებოდეს. ამისათვის საჭიროა ისევ შეიქმნას უმაღლესი საატესტაციო კომისია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბაზაზე.

5. შემოტანილი იქნას დისერტაციის დაცვის მეორე საფეხური - მეცნიერების დოქტორის ხარისხი (თავისი კრიტერიუმებით), რომელთა მფლობელებს შეეძლებათ დაიკავონ სრული პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობები.

თუ არ გვინდა, რომ აბორიგენების დონეზე დავეშვათ, სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ დისერტაციების დაცვის კანონი.

ნოდარ ცინცაძე,
საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის 
აკადემიკოსი, თსუ-ის პროფესორი