მოდით, ღიად ვისაუბროთ - არის კი აკადემიური თავისუფლება შეზღუდული საუნივერსიტეტო სივრცეში?

22 თებ 2016

- თსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა გილდა სიხარულიძემ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის” რედაქციას თქვენდამი მომართვის წერილის დაბეჭდვა გვთხოვა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ არაერთხელ დასვა საკითხი განათლების სისტემაში ფილოსოფიის სწავლების ინოვაციური ფორმების, მეცნიერული მსოფლმხედველობისა და კრიტიკული თეორიული აზროვნების განვითარების აუცილებლობის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ქალბატონი გილდა ამბობს, მას თქვენთან შეხვედრა სურდა, რაც აქამდე ვერ მოხერხდა. პროფესორი თავის წერილში თქვენი მისამართით სვამს კითხვას: „ბატონო ლადო, ნუთუ ძნელი იყო ამ ხნის მანძილზე უნივერსიტეტში შექმნილიყო განათლების საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სემინარი, სადაც მსურველს შეეძლებოდა გამოეთქვა თავისი აზრი ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე?” თქვენ რა პასუხი გაქვთ ქალბატონი გილდას მომართვასთან დაკავშირებით? 

- მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველას შევხვდე, რექტორი იზოლირებული არავისგან არის, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია ყველასთან პირისპირ საუბარი. რაც შეეხება იმ მოთხოვნას, რომ ქალბატონ გილდას სემინარის მოწყობა უნდა, მინდა განვმარტო, რომ სემინარს რექტორი ვერ მოაწყობს (და არც უნდა აწყობდეს) - ეს თავად იმ დარგის პროფესორებმა უნდა გააკეთონ, ვისაც სემინარის ჩატარება უნდა. რამდენადაც გავეცანი ქალბატონი გილდა სიხარულიძის წერილს, იგი მასში კარგად ასახავს იმას, რომ ადრე სემინარებს ატარებდნენ და, თავის დროზე, ამ სემინარების გამართვის ბრწყინვალე ტრადიცია ჩამოაყალიბეს აკადემიკოსებმა მირიანაშვილმა და მამასახლისოვმა. განა ერთი ან მეორე რექტორი იყო? მე, როგორც პროფესორ ლადო პაპავას, მაქვს ჩემი საკუთარი სემინარი ეკონომიკაში და ეს სემინარი მქონდა მანამდეც, ვიდრე რექტორი გავხდებოდი. ამდენად, თუ ქალბატონ გილდას სემინარის ჩატარება უნდა, მან უნდა მიმართოს შესაბამისი დარგის პროფესორებს, რათა შეთანხმდნენ პერიოდული ღონისძიებების გამართვის თაობაზე. 

როდესაც ქალბატონი გილდას წერილი განცხადებითურთ ჩვენთან შემოვიდა, ეს წერილი გადავუგზავნე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაშინდელ დეკანს, ქალბატონ დარეჯან თვალთვაძეს, რათა მიეცა შესაბამისი რეაგირება. წერილის პასუხად დასკვნა დაწერა ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დემურ ჯალაღონიამ, სადაც მან ახსნა, რომ ქალბატონი გილდას პროფესიონალიზმსა და კვალიფიციურობას იგი მუდამ პატივს სცემდა და რომ სწორედ ამგვარი შეფასების გათვალისწინებით იყო მიწვეული გილდა სიხარულიძე ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: „ფილოსოფია და თანამედროვეობა”. ანუ, უნივერსიტეტის კარი არავისთვისაა დახურული, მაგრამ, დიდი ბოდიში და, ფილოსოფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა თუ მეცნიერების რომელიმე დარგში, რექტორი ვერ იქნება სემინარის ინიციატორი. ქალბატონი გილდა უნდა მისულიყო ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელთან დემურ ჯალაღონიასთან და უნდა ეთხოვა, რომ თუკი გაქვთ სემინარი ფილოსოფიაში, მინდა ამ სემინარზე მოხსენებით გამოსვლა, ანუ ამას არ წყვეტს რექტორი.

ჩემი მხრიდან კი, რაც შემიძლია, მოვუწოდებ ყველა წამყვან პროფესორს, ჩაატარონ საკუთარი სამეცნიერო სემინარი. ამისთვის ყველას ვაძლევ პირად მაგალითს, რომ ასეთი სემინარი მაქვს და, როგორც გითხარით, ეს სემინარი არსებობს ჩემს რექტორად არჩევამდე და გაგრძელდება მას მერეც, როცა ჩვეულებრივი პროფესორი ვიქნები. და თუ არ ვიქნები უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც ვიქნები, სემინარს იქაც ჩავატარებ, რადგან ეს არის თავად მეცნიერის არჩევანი და ინტერესი, რომ ჰქონდეს სემინარი.

- თქვენდამი მომართვის წერილში ქალბატონი გილდა სათაურშივე სვამს კითხვას: - „ბატონო ლადო, ცნობთ თუ არა აკადემიურ თავისუფლებას?” პროფესორი, ამ მხრივ, თავის შეხედულებებს აყალიბებს წერილში. თქვენი აზრით, უნივერსიტეტის სივრცეში რა პრობლემები არსებობს აკადემიურ თავისუფლებასთან მიმართებაში?

- რაც შეეხება კითხვას - ცნობთ თუ არა აკადემიურ თავისუფლებას? - ვფიქრობ, კარგი კითხვაა და, მოდით, გავშალოთ დისკუსია ამ თემაზე ჩვენი გაზეთის საშუალებით, ანუ დავსვათ კითხვა - არის თუ არა, დღეს, უნივერსიტეტში აკადემიური თავისუფლება? არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს - თუ რა დაიბეჭდება ამ კითხვაზე პასუხად და ჩვენი პროფესურის მხრიდან როგორი შეხედულებები აისახება გაზეთში. ჩემს მოსაზრებას კი გეტყვით, რომ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი გაწერილია, დამტკიცებულია კურიკულუმების შესატყვისი სილაბუსები, რის მიხედვითაც კითხულობენ ლექციებს პროფესორები. სამეცნიერო საქმიანობაში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. გამოვცემთ სხვადასხვა ჟურნალებს, ვატარებთ კონფერენციებს... ვფიქრობ, რომ, დღეს, უნივერსიტეტში აკადემიური თავისუფლება არ არის შეზღუდული. ეგებ მე ვცდები, როგორც რექტორი? აგერ გაზეთი და, გთხოვთ, მოიწვიეთ სხვადასხვა დარგის მეცნიერები - ფილოსოფოსებიც, ფსიქოლოგებიც, ეკონომისტებიც, იურისტებიც, ფიზიკოსებიც, მათემატიკოსებიც და ღიად ვისაუბროთ - არის რაიმე შეზღუდული საუნივერსიტეტო სივრცეში? 

- არსებობს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. „ჩარეცხილი პროფესორები“ თითქოს სათანადო ყურადღებას ვერ იმსახურებენ თსუ-ში და ის დახმარებაც, რომელიც მათთვის გამოიყო, მათი აზრით, ძალიან მცირეა. ამავე დროს, როგორც გილდა სიხარულიძე აცხადებს, უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ თავის დროზე უნივერსიტეტიდან გაშვებულ პროფესორებს, რომლებიც ამ თანხას იღებენ, აწერინებენ ხელწერილს, რომ არსად უნდა იმუშაონ, თორემ დახმარებას აღარ მიიღებენ. თქვენ რა პასუხს გასცემთ ამგვარ პრეტენზიებს?

- ჩემი აზრით, არასწორია ასეთი პრეტენზია. ჯერ ერთი, ეტყობა ქალბატონმა გილდამ არ იცის, რომ უნივერსიტეტს არ აქვს საბიუჯეტო დაფინანსება და რომ ჩვენ ვარსებობთ სტუდენტის მიერ მოტანილი ფულით. არის კიდევ დამატებით ძალიან მწირი რესურსი - შემოსავალი უნივერსიტეტის სხვა ეკონომიკური საქმიანობიდან. მიუხედავად ამ მწირი რესურსებისა, შეგახსენებთ, რომ ჩვენივე ინიციატივით კანონში შევიტანეთ ცვლილება, რათა 2006 წლიდან ე.წ. რეპრესიების დროს გაშვებული პროფესორებისთვის დახმარების თანხა მიგვეცა. გაშვებული პროფესორები აღმოჩნდნენ საკმაოდ ბევრნი, თანხა კი საკმაოდ მცირეა. სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ მართლა ვისაც უჭირს და სამსახური არ აქვს, იმას დავეხმაროთ, რადგან ჩვენს დახმარებას სოციალური დაცვის ფუნქცია არ აქვს. სოციალური დახმარება - ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია. ჩვენ კეთილი ნება გამოვხატეთ და, რა თქმა უნდა, თანხა გამოვიდა ცოტა, ვინაიდან გაშვებული პროფესორი ბევრია, ხოლო ჩვენი ფინანსური რესურსები - შეზღუდული. მე არ ვწყვეტ, თუ ვის რამდენი უნდა შეხვდეს, ეს არის იმ კომისიის გადაწყვეტილება, რომელშიც, ასევე, შესულნი იყვნენ ის პროფესორებიც, რომლებიც იმ ავბედით დღეებში გაშვებულნი იყვნენ უნივერსიტეტიდან. ითქვა ისიც, რომ, მაგალითად, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თუ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებსა თუ წევრ-კორესპონდენტებს ამ დახმარების მიღების უფლება არ აქვთ, რადგან მათ სხვა შემოსავალიც გააჩნიათ. მაშასადამე, ეს დახმარება არის მათთვის, ვისაც ნამდვილად უჭირს. თუ ვინმეს გაუჩნდება სხვა შემოსავალი, მაშინ ეს თანხა დაიზოგება და, გამოთავისუფლებული თანხის სახით, მეტს მივცემთ სხვა გაჭირვებულს. ეს ნაბიჯი სწორედ სოლიდარობისთვის არის გადადგმული და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამით სრულ ფუფუნებას ვპირდებით ვინმეს. ცვლილება კანონში ჩვენი ინიცირებულია და, შეგვეძლო, ეს საერთოდ არ გაგვეკეთებინა - არავინ გვავალდებულებდა. ჩვენ ავიტკივეთ თავი და, ვფიქრობ, რომ სწორადაც ავიტკივეთ, რადგან ამ ჟესტით გამოვხატეთ სოლიდარობა.