ივანე ჯავახიშვილის სახელობის კიდევ ერთი მედალოსანი

22 თებ 2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ჩარიტა ჯაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და უნივერსიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.

„მთელი ჩემი ცხოვრება უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. უნივერსიტეტი არის ჩემთვის ყველაფერი! მრავალი ჯილდო მაქვს მიღებული, მაგრამ ივანე ჯავახიშვილის მედალზე უფრო დიდი ჯილდო უნივერსიტეტელისთვის არ არსებობს“, - გულწრფელად ამბობს ქალბატონი ჩარიტა და საკუთარ მიღწევებსა და დამსახურებებზე მოკრძალებულად საუბრობს. არ უყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, არც წარმატებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის აფიშირება მოსწონს.

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ჩარიტა ჯაში 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 3 მონოგრაფიისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორია. 

იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკის ეკონომიკური განათლების საბჭოს (CEE) პროგრამების დირექტორად საქართველოში, გაეროს (UNDP, UNEშE), ეუთოს (OSCE/ODIHR), მსოფლიო ბანკის, გლობალური ფონდის პროგრამების კოორდინატორად და კონსულტანტად. 

არის არა ერთი საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის ორგანიზატორი და მონაწილე; ამასთან, სოციალური მარკეტინგის საერთაშორისო ორგანიზაციის (WSMA) წევრი და ფემინისტ ეკონომისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IAFEE) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ რეგალიებისა, რასაც ეკონომიკის დოქტორი ფლობს. მიუხედავად ამისა, თავს უხერხულად გრძნობს, როცა მისი პერსონით ინტერესდებიან. თავმდაბლობა ყველა ღირსეული ადამიანის თვისებაა და ხელს უწყობს ადამიანს - კარგი ურთიერთობა ჰქონდეს სხვებთან და თავადაც ემოციურად მდგრადი და მტკიცე ხასიათის მქონე პიროვნება იყოს... და რომ ეს ასეა, ადვილად დარწმუნდებით, თუ თვალს გადაავლებთ ეკონომიკის დოქტორის ჩარიტა ჯაშის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზას. 

მართალია, ქალბატონმა ჩარიტამ წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენის სპეციალობით, მაგრამ სწავლის გასაგრძელებლად სრულიად განსხვავებული სფერო - ეკონომიკა აირჩია. ეს მოულოდნელი არჩევანი საკუთარი ცხოვრების ყველაზე სწორ ნაბიჯად მონათლა, რამაც ცხოვრებაში, თურმე, ბევრი რამ მისცა. ეკონომიკური მეცნიერებით დაინტერესებას პროფესორ გივი ჭანუყვაძის დამსახურებად თვლის და სრულებით არ ნანობს, რომ უფროსი კოლეგის რჩევას ყური უგდო და ასპირანტურაში სწავლა სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელა.

მოსკოვის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში სამეცნიერო მივლინება საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ახალბედა ეკონომისტისთვის - წარმატებით დაიცვა დისერტაცია ინგლისის შერეული ეკონომიკის თეორიული ასპექტების შესახებ. თემა საკმაოდ საინტერესო და ცოტა უჩვეულოც კი იყო იმ დროისთვის. ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქალბატონმა ჩარიტამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის, საქართველოს ეკონომიკისა და ეკონომიკის პრინციპების ლექციების კურსი წაიკითხა. 

მარკეტინგის მიმართულებით მუშაობა მან 1989 წელს გადაწყვიტა, როცა გაცვლითი პროგრამით, მასაჩუსეტის უნივერსიტეტის (აშშ) უილიამს კოლეჯში მოხვდა. ეს იყო პირველი გაცვლითი პროგრამა ორ უნივერსიტეტს შორის. პირველად იქ დაინტერესდა მარკეტინგის დისციპლინით და შესაბამისი ლიტერატურაც წამოიღო თან. 1994 წლიდან დაიწყო ამ მიმართულებით პედაგოგიური მოღვაწეობა. 

„ეს იყო პერიოდი, როცა მარკეტინგი ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს ქართულ ეკონომიკურ რეალობაში. როგორც მოგეხსენებათ, მარკეტინგის გამოყენება განვითარებული ქვეყნების ეკონომიკისთვის არის დამახასიათებელი, სადაც პროდუქციის სიუხვეა მომხმარებელთა მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენს ქვეყანაში კი, იმ დროს, ყველაფერი პირიქით იყო... როცა უნივერსიტეტში ამ საგნის კითხვა დავიწყე, სტუდენტების სკეპტიკურ დამოკიდებულებას ვგრძნობდი, რადგან, რეალობიდან გამომდინარე, მათ ცოტა დაუჯერებლად მიაჩნდათ ქართული ბაზრისთვის პროდუქტების სიუხვე. დღეს სხვა რეალობაა...

უნივერსიტეტში მარკეტინგის კათედრა 2002 წელს დაარსდა და ამავე წლიდან აქ ვმოღვაწეობ. მიხარია, რომ კათედრის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, თსუ-ის ადმინისტრაციის მხრიდან, დიდ ხელშეწყობას ვგრძნობთ, ამდენად აქტიურად ვმონაწილეობთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში. ჩვენი სამეცნიერო პუბლიკაციები იბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებში“, - აცხადებს ჩარიტა ჯაში, რომელიც სამეცნიერო მუშაობასთან ერთად წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ.

აღსანიშნავია, აგრეთვე, ჩარიტა ჯაშის მოღვაწეობა გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციის მიმართულებით. მსოფლიოში მიმდინარე დემოკრატიულმა პროცესებმა გენდერული თანასწორობის საკითხი მეტად მწვავედ დააყენა დღის წესრიგში. იგი გენდერული თანასწორობის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის პირველი პროექტის ეროვნული კოორდინატორი გახლდათ. 

„ეს დიდი პროექტი საქართველოში მაშინ განხორციელდა, როცა სიტყვა - გენდერი - აბსოლუტურად უცნობი იყო ქართული საზოგადოებისთვის. მისი ცნება კი არა, ტერმინიც კი აღიზიანებდა ხალხს. ჩვენ გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციას ვეწეოდით მოსახლეობაში საინფორმაციო საშუალებებით, კვლევების, სემინარებისა და დისკუსიების გამართვით. 2000-2003 წლებში უნივერსიტეტში ვკითხულობდი არჩევით კურსს: „გენდერი და ეკონომიკა“, რომელიც სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ახლა თსუ-ის გენდერის ინსტიტუტში, ამ მიმართულებით, როგორც პედაგოგიური, ისე სამეცნიერო კუთხით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მიხარია, რომ ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ“, - ამბობს ჩარიტა ჯაში - საერთაშორისო დონის ექსპერტი გენდერულ საკითხებში. 

ქალბატონი ჩარიტა მარკეტინგის კათედრის ხელმძღვანელ, პროფესორ ნუგზარ თოდუასთან ერთად წარმატებით მუშაობს სოციალური მარკეტინგის კვლევის მიმართულებითაც. სოციალურ მარკეტინგს ბიზნესის მართვის 21-ე საუკუნის ფილოსოფიასაც კი უწოდებენ. მისი მიზანი სოციალური, ეკოლოგიური, მოსახლეობის კეთილდღეობასთან დაკავშირებული სხვა ისეთი საკითხების გადაჭრაზე ფოკუსირებაა, რომელიც მანამდე არ ხვდებოდა მარკეტინგის მიზნებში. სოციალური მარკეტინგი - ეს არის მარკეტინგის მიმართულება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სოციალურ პრობლემებზე, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ საგანში პირველი სახელმძღვანელოს - „სოციალური მარკეტინგის საფუძვლები“ - ავტორიც ჩარიტა ჯაშია. 

მას, როგორც მარკეტოლოგს, ყველაზე მნიშვნელოვნად ადამიანური ურთიერთობები მიაჩნია. მისი აზრით, ურთიერთობა სტუდენტებთან და კოლეგებთან ურთიერთპატივისცემასა და კეთილგანწყობაზე უნდა იყოს დამყარებული, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღწევა მიზანი - ხარისხიანი სწავლება! „უნივერსიტეტის პროფესორი უნდა ისწრაფვოდეს, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და სიახლე მიაწოდოს სტუდენტს. დღეს განვითარების ისეთი ტემპებია, რომ ამის გარეშე ხარისხიანი განათლების მიღება ყოვლად წარმოუდგენელია. ჩვენი უნივერსიტეტი მუდამ გამოირჩეოდა ინოვაციებისადმი ინტერესით. პროფესორს ყოველთვის უნდა შეეძლოს სტუდენტის გაოცება და დაინტერესება დარგის სიახლეებით. სტუდენტი უნივერსიტეტში მოდის ხარისხიანი, პროფესიული ცოდნის მისაღებად, პროფესორმა კი მას იმაზე მეტი უნდა მისცეს, ვიდრე ელოდება“, - ამბობს ჩარიტა ჯაში, რომელიც უნივერსიტეტელის მთავარ ღირსებად მაღალი იდეალებისადმი მსახურებას მიიჩნევს, რითაც იგი ყოველთვის და ყველგან გამოირჩეოდა.