უახლოეს მომავალში თსუ-ში „გის ცენტრი“ დაარსდება

22 თებ 2016

თსუ-ის გეოგრაფიის დეპარტამენტის „გის ჯგუფის“ სტუდენტებმა, გასული წელს, მდინარე ვერეს ხეობის გეოინფორმაციული სისტემა შექმნეს, რამაც აკადემიურ წრეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში საკმაოდ დიდი და დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. ჯგუფის პოპულარობა და ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა და ახალგაზრდების ნამუშევრებითა თუ პროფესიული პოტენციალით გარემოს ეროვნული სააგენტოც დაინტერესდა. სააგენტომ „გის ჯგუფის” წევრებს მის სივრცეში სტუდენტებისთვის ინტენსიური სალექციო კურსის და პრაქტიკული სამუშაოების მოწყობის საშუალება მისცა. ამ სალექციო კურსს სამხედრო გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ლაოშვილი უძღვება.

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა გახლავთ კომპიუტერულ რუკებსა და მონაცემთა ბაზებზე დაფუძნებული საინფორმაციო სისტემა, რომელიც გამოიყენება სივრცეში განთავსებული მონაცემების შეგროვების, შენახვის, მართვისა და ანალიზისთვის. ამ თემაზე პერმანენტულად ვიდეო-ლექციებს უცხოელი სპეციალისტებიც კითხულობენ.

უახლოეს მომავალში, „გის ჯგუფის“ სტუდენტების ინიციატივითა და თსუ-ის რექტორის, ლადო პაპავას პრინციპული ბრძანებით „გის ცენტრი“ (ანუ, იგივე სასწავლო-სამეცნიერო კომპიუტერული ცენტრი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დაფუძნდება, რომელიც თსუ-ის ყველა ფაკულტეტს სივრცითი ციფრული მონაცემებით მოამარაგებს.

„ამ სივრცეში, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ დაგვითმო, კვირაში სამჯერ 100-ზე მეტი სტუდენტი თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებს. ჩვენ გვაქვს ახალი გეგმა, ვაპირებთ, ვერეს ხეობაზე მუშაობა გავაგრძელოთ, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოც ჩაერთვება. ჩვენს პროექტზე თსუ-ის რექტორს ვლადიმერ პაპავასაც ვესაუბრეთ, რომელმაც სრული მხარდაჭერა აღგვითქვა. „გის ცენტრისთვის“ უკვე გამოყოფილია სპეციალური ფართი. ცენტრის ამოქმედების შემდეგ ყველა მონაცემები, რომელსაც თავისი მდებარეობა გააჩნია გარე სამყაროში, თანამედროვე რუკაზე დაიტანება, შედგება სპეციალური გეო-საინფორმაციო ბაზა. ამის დეფიციტი ნამდვილად არსებობს უნივერსიტეტში. ახლა კი ციფრული სივრცითი მონაცემები, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია“, - გვითხრა თსუ-ის გეოგრაფიის დეპარტამენტის IV კურსის სტუდენტმა, „გის ჯგუფის“ წევრმა მათე ხოფერიამ.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში თსუ-ის „გის ჯგუფის“ სტუდენტების ნაწილი სტაჟირებასაც გადის. მათ აქვთ წვდომა უახლოეს ტექნოლოგიებთან, რაც მომავალი სპეციალისტების პროფესიულ ზრდისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. სამხედრო გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ ლაოშვილის შეფასებით, სწავლის შედეგად სტუდენტები თანამედროვე დასაქმების ბაზრის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებენ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად 2012 წელს ბატონმა ნოდარ ელიზბარაშვილმა მიმიწვია. სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როდესაც სტუდენტების დიდი ინტერესი შევამჩნიე. გადავწყვიტეთ, ყოველ შაბათს დამატებითი ლექციებიც ჩაგვეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ საუნივერსიტეტო სილაბუსებში გეო-ინფორმაციულ სისტემებს საკმაოდ სოლიდური საათები ეთმობა, ყველაფერი გათვალისწინებული მაინც არ არის. „გის“ ტექნოლოგიებზე კი სერიოზული მოთხოვნებია თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში. უფრო მეტიც, ევროკავშირისა და ევროპარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო ახორციელებს პროექტს, რომელიც სივრცითი მონაცემების ერთ სისტემაში განთავსებას გულისხმობს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჩატარებულ ლექციებზე სივრცითი ანალიზის ტექნოლოგიებს, გეო-ინფორმაციულ სისტემას ვასწავლით. სტუდენტები ითვისებენ ინფორმაციის მოპოვებას, დაბინავებას, მათ გამოყენებას ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის პროცესში. დღეისათვის „გის“ მიმართულებით კვალიფიცირებული სპეციალისტების დე­ფი­ციტია და ვცდილობთ ამ ხარვეზის გამოსწორებას. ეს გახლავთ კეთილ ნებაზე დაფუძნებული მეცადინეობები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „გის ცენტრის“ ამუშავების შემდეგ კი ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცემა“, - განაცხადა ზურაბ ლაოშვილმა.

თსუ-ის „გის ჯგუფის“ სტუდენტების პროექტის შესახებ, რომელიც მდინარე ვერეს ხეობას ეხება, ინფორმაცია ზურაბ ლაოშვილის წიგნშიც - „გეოგრაფია ყველასათვის“ - არის მოცემული. ერთ-ერთ თავში („ბუნება მბრძანებელია“) აღნიშნულია, რომ „თსუ გის ჯგუფის“ სტუდენტებმა საველე და კამერალური სამუშაოების შედეგად თავი მოუყარეს მდინარე ვერეს აუზის შესახებ არსებულ ლიტერატურულ, კარტოგრაფიულ და სხვა სახის მონაცემებს და განათავსეს ერთიან გეოინფორამციულ სისტემაში. აღნიშნული მონაცემები საფუძვლად დაედო თემატურ რუკებს და სამგანზომილებიან ციფრულ მოდელებს, რაც კარგ მასალას წარმოადგენს ბუნებრივი კატასტროფების ექსპერტული შეფასებებისთვის“.

უახლოეს მომავალში „გის ჯგუფი” მდინარე ვერეს ხეობასთან დაკავშირებით ახალ პროექტს წარადგენს. წინასწარი შეთანხმების თანახმად, ამ საჭირო საქმეში უნივერსიტეტი და გარემოს ეროვნული სააგენტო მათი მხარდამჭერი იქნება