პირველი ქართული მონოგრაფია სარეიტინგო კომპანიის სამართალში

22 თებ 2016

სარეიტინგო კომპანიის სამართალში პირველი ქართული მონოგრაფია გამოიცა. კვლევა „სარეიტინგო კომპანიის სამართალი“ თსუ-ის კურსდამთავრებულს, სამართლის დოქტორს ნინო ჯიბუტს ეკუთვნის. სარეიტინგო კომპანიის სამართალი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი სფეროა, თუმცა როგორც მკვლევარი ნაშრომში აღნიშნავს, კვლევების წარმოებაზე მოთხოვნა იზრდება, რადგან სარეიტინგო კომპანიები ქვეყნის ეკონომიკის ფორმირებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ. ნინო ჯიბუტის კვლევის ხელმძღვანელი და წიგნის „სარეიტინგო კომპანიის სამართალი“ რედაქტორი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი ბურდული გახლავთ.

„ნაშრომში ახსნილია, თუ რას წარმოადგენს პროდუქტი „რეიტინგი“, ვინ არიან მისი სუბიექტები და როგორ ხდება მისი შედგენა; გაანალიზებულია სარეიტინგო კომპანიის მარეგულირებელი რეფორმის ძირითადი მიმართულებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის კავშირში. ამასთან, განხილულია სარეიტინგო კომპანიის რეგულირება გლობალურ ფინანსურ კრიზისამდე; ჩატარებულია შედარებით-სამართლებრივი ანალიზი სარეიტინგო კომპანიების რეგულირების ნორმების (რეგისტრაცია, პასუხისმგებლობა და სხვა) მიხედვით. თითოეული საკითხი დამუშავებულია საქართველოს კონტექსტში. წარმოდგენილია საქართველოში სარეიტინგო კომპანიების მოქმედებისა და ქართულ სამართალში მათ შესახებ არსებული მდგომარეობის დახასიათება“.

„სარეიტინგო კომპანიები ახდენენ გადახდისუნარიანობის შეფასებას; ამბობენ თავის მოსაზრებას ამა თუ იმ სუბიექტის შესახებ, თუ რამდენად შეძლებს ვალის უკან დაბრუნებას მოცემულ დროში თავისი პროცენტებით. ეს არის თემატიკა, რომელიც აქტუალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სამეცნიერო წრეები ამ საკითხით განსაკუთრებითY 2008 წლიდან დაინტერესდნენ. 2008 წლის შემდეგ საზოგადოება მიხვდა, რომ სარეიტინგო კომპანიების თავისუფალი ფუნქციონირება ზიანის მომტანი იყო. გაჩნდა მათი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების შექმნის საჭიროება და ამ ნორმების მეცნიერულად დამუშავების აუცილებლობა. საქართველოს კანონმდებლობაში ამ მიმართულებით ვაკუუმია, მიუხედავად იმისა, რომ ის, როგორც ქვეყანა, ფლობს რეიტინგს. ეს მონოგრაფია გახლავთ პირველი ნაშრომი ქართულ ენაზე, რომელიც სარეიტინგო კომპანიების სამართალს ეხება“, - განაცხადა ნინო ჯიბუტმა.

პრეზენტაციაზე დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა დიმიტრი გეგენავამ საზოგადოებას, წიგნის გაცნობის შემდეგ, ხელახლა შეკრება და მისი განხილვა შესთავაზა. აღნიშნულ ინიციატივას თსუ-ის რექტორი ვლადიმერ პაპავა გამოეხმაურა. შედეგად კი გადაწყდა, რომ მონოგრაფიას - „სარეიტინგო კომპანიის სამართალი“ - იურისტები და ეკონომისტები ერთობლივად განიხილავენ.

„მივესალმები ავტორის ინიციატივას, რომ სარეიტინგო კომპანიის სამართლის შესწავლა გადაწყვიტა. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სარეიტინგო კომპანიებს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, მათი საქმიანობის შესახებ ჯეროვანი ინფორმაცია ყოველთვის არ არის. ჩვენი ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამს სარეიტინგო კომპანიებთან დაკავშირებით. ხშირად არასწორი ინფორმაცია ჟღერს, რომელიც რეალობას არ შეესაბამება, ამიტომ ცოდნა საჭიროა და ამ თვალსაზრისით ნაშრომი ძალიან მნიშვნელოვანია. მე ხშირად ვესწრები წიგნების პრეზენტაციებს, მაგრამ წიგნების განხილვები არ მახსენდება. ეს საერთო სენია. ამიტომ მივესალმები ინიციატივას, რომ მოეწყოს მონოგრაფიის განხილვა. მოხარული ვიქნები, თუ მას იურისტებთან ერთად ეკონომისტებიც დაესწრებიან“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

„ეს თემა ძალიან აქტუალური და, ამავე დროს, ძალიან შეუსწავლელია. მას მეტ აქტუალურობას მატებს ის ფაქტი, რომ გვსურს - ვიყოთ ევროპის ნაწილი. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაში დიდ როლს თამაშობს ეკონომიკური სამართლის მიმართულება. ვფიქრობ, ეს მონოგრაფია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ინტეგრირებული იქნება სასწავლო კურიკულუმებში“, - აღნიშნა დიმიტრი გეგენავამ.

მონოგრაფიის „სარეიტინგო კომპანიის სამართალი“ პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 26 იანვარს გაიმართა. ნინო ჯიბუტმა წიგნი ივლიტა ჯიბუტის და 13 ივლისს თბილისში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა.

ინფორმაციისთვის: ნინო ჯიბუტმა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამივე საფეხური გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც 2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. იგი სხვადასხვა დროს სწავლობდა ზაარბრიუკენის უნივერსიტეტში, ოქსფორდის სამართლის სკოლასა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი. სარეიტინგო კომპანიის სამართლის კვლევაზე ნინო ჯიბუტი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა.