თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და თანამშრომლობის ახალი კავშირები

22 თებ 2016

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტმა და საქართველოს სკოლის გარეშე არაფორმალური განათლების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს. შეხვედრა 8 თებერვალს უნივერსიტეტის 98 წლის საიუბილეო დღეს გაიმართა.

დეკემბერში საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველოს სკოლის გარეშე არაფორმალური განათლების ორგანიზაციების შეხვედრა შედგა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სასახლე ერთგვარი მაკოორდინირებელი ცენტრი და მაგალითის მიმცემია ამ სასწავლო დაწესებულებებისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ უზარმაზარი ტრადიციები აქვს. შეხვედრაზე თსუ საბავშვო უნივერსიტეტიც იყო მიწვეული. გადაწყდა, რომ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის უკეთ გაცნობისა და თანამშრომლობის გზების დასახვის მიზნით, სკოლის გარეშე არაფორმალური განათლების ორგანიზაციები სწორედ 8 თებერვალს სწვეოდნენ თსუ-ს.

„მოხარული ვარ, რომ გვეწვივნენ სკოლის გარეშე არაფორმალური საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. რეგიონებში მათ აქვთ კონტაქტი სწავლით, მეცნიერებით, ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან, ანუ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სწორედ იმ ნაწილთან, რომელიც სკოლის გარეთ ეძებს ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებას, ამიტომ ეს საგანმანათლებლო ორგანიზაციები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში. მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, ეზიარონ ხელოვნებას, დაინტერესდნენ მეცნიერების მიღწევებით და, რაც მთავარია, ეს მათი სწავლის მოტივაციას ზრდის“, - განაცხადა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა და შეხვედრის ორგანიზატორმა მარინა ლომოურმა.

კონფერენციის მონაწილე სკოლის გარეშე არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მიიღეს ინფორმაცია თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის, პროგრამებისა და გეგმების შესახებ, გამოკვეთეს ინტერესების სფეროები და თანამშრომლობის გზები დასახეს. მსგავსი შეხვედრები ყოველწლიურად გაიმართება.

„მოხარულები ვართ, რომ საფუძველი ჩავუყარეთ თანამშრომლობას, დავსახეთ მუშაობის გეგმა, გავაცანით ჩვენი ის შესაძლებლობები, რასაც ვთავაზობთ სკოლის ასაკის მოსწავლეებს და იმ ორგანიზაციებს, სადაც ეს მოსწავლეები თავს იყრიან. კონტაქტის გასაღრმავებლად ვგეგმავთ ჩავიდეთ რეგიონებში. ჩვენ მათ ვთავაზობთ ლექციებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროში, ექსკურსიებს უნივერსიტეტში, მონაწილეობას კონფერენციებში, ვიქტორინებში“, - ამბობს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი.

8 თებერვლის კონფერენციაში მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია მათი საქმიანობის გასაძლიერებლად. უნივერსიტეტის და საქართველოს სკოლის გარეშე არაფორმალური განათლების ორგანიზაციების კავშირი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, პიროვნულ ზრდას და შემოქმედებით განვითარებას. სკოლის გარეშე არაფორმალური განათლების ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვანია ასევე უნივერსიტეტთან პროფორიენტაციის საკითხებში თანამშრომლობა.

მოამზადა
თამარ ასლანიკაშვილმა