შალვა რადიანის „შემობიჯება“ უნივერსიტეტში

22 თებ 2016

„გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება დაუვიწყარ ეპიზოდთა გაუთავებელი რგოლებია იმ დაუსრულებელი ჯაჭვისა, რომელიც მათ ბიოგრაფიას თან დაჰყვება. ეს წიგნი, ვფიქრობთ, საინტერესო კვალს დატოვებს ქართული კულტურის ისტორიაში - წიგნი „დამძიმებულია“ თითქმის მთელი საუკუნის კულტურით, მწერლობით, იმ ადამიანებით,  რომლებიც ქმნიდნენ წარსულ საუკუნეს, ალამაზებდნენ დროს და  ქვეყანას“, - მერი გომართელი-რადიანის ამ სიტყვებით მთავრდება წიგნი „გარდასულ დღეთა მატიანე~, რომლის წარდგინება  22 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

XX საუკუნის მნიშვნელოვანი მოღვაწის, ქართველი ლიტერატურათმცოდნისა და კრიტიკოსის, პროფესორ შალვა რადიანის მოგონებათა კრებული მის საარქივო მასალაზე დაყრდნობით გამოიცა. როგორც წიგნის რედაქტორი ცისანა გენძეხაძე აღნიშნავს, კრებულში შესული წერილების, მემუარების, დოკუმენტების, ეპისტოლარული მემკვიდრეობის, პუბლიკაციების გაცნობის შემდეგ მკითხველი ეპოქის მაჯისცემას იგრძნობს და გაეცნობა საზოგადოებისთვის ბევრ უცნობ ლიტერატურულ თუ ისტორიულ ფაქტებს.

შალვა რადიანმა ლიტერატურული მოღვაწეობა 1926 წლიდან დაიწყო. 27 წიგნისა და 300-ზე მეტი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილის ავტორი იყო. იგი  აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა პერიოდული გამოცემების რედაქციებში. მნიშვნელოვანია მისი პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იგი ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს კითხულობდა. 1944 წლიდან შალვა რადიანმა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში განაგრძო თავისი საქმიანობა - თავდაპირველად ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის გამგედ, შემდეგ კი დირექტორის პოსტზე.

შალვა რადიანი ავტორია მრავალი სამეცნიერო და ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომისა. მისი ძირითადი გამოკვლევებია: „თანამედროვე ქართული ლიტერატურა“, „ლიტერატურული პორტრეტები“, „ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები“, „ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული რომანტიზმი“, „ახალი ქართული ლიტერატურა“, „XX საუკუნის ქართული ლიტერატურა“, „სახეები და შთაბეჭდილებანი“, „თანამედროვენი“ და სხვა. მისი რედაქციით გამოიცა ქართველი მწერლების თხზულებათა კრებულები ქართულსა და რუსულ ენებზე. ამასთან, იგი იყო ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. აღსანიშნავია, რომ შალვა რადიანის დამსახურებაა მიხეილ ჯავახიშვილის არქივის გადარჩენა - იგი მის მეზობლად ცხოვრობდა და ის, რაც ჩეკისტების ჩხრეკის შემდეგ გადარჩა, უკლებლივ გადასცა დიდი მწერლის ოჯახს.

„გარდასულ დღეთა მატიანე“ ძალზე ღირსაცნობი და მნიშვნელოვანი წიგნია. მასში საინტერესოდ არის თავად შალვა რადიანის პორტრეტი წარმოჩენილი, რაც მოგონებათა ფონზე იკვეთება. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოგონებები, რომლებიც ცნობილ და გამოჩენილ მოღვაწეებს ეკუთვნით, მის პროფესიონალიზმთან ერთად, ხაზს უსვამს მის კაცობასა და კეთილშობილებას. საყურადღებოა შალვა რადიანისეული შეფასება გალაკტიონის მიმართ, რომელმაც, ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში, შენიშნა, რომ „არტისტული ყვავილების“ ავტორი არისტოკრატი პოეტი იყო. წიგნში, ამ თვალსაზრისით, ბევრი საინტერესო და უნიკალური შეფასებაა მოცემული, რაც მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება“, - აღნიშნა პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა.

წიგნის მნიშვნელობასა და შალვა რადიანის მოღვაწეობაზე თავისი მოსაზრება გამოთქვა პროფესორმა ვალერი ასათიანმა: „სასიამოვნო ფაქტია, რომ სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება შალვა რადიანის ხსოვნის საღამო და მისი მოგონებათა კრებულის პრეზენტაცია. წიგნი, არსებითად, XX საუკუნის სამეცნიერო და კულტურული ცხოვრების მატიანეა და იმ პროცესებში ბატონი შალვა რადიანის ადგილი ნამდვილად გამორჩეულია. იგი ათეულობით წლების მანძილზე ემსახურებოდა ქართულ მეცნიერებას და ამ კუთხით მნიშვნელოვანია მისი მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც“, - აღნიშნა ვალერი ასათიანმა.

„წიგნი გასაოცარი სიმსუბუქით შეგვიძღვება იმ საკმაოდ რთულ და ორაზროვან ეპოქაში, რომელშიც შალვა რადიანი მოღვაწეობდა. იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს, რაც იმ დროს ნამდვილად არ იყო ადვილი საქმე, რადგან მას დირექტორობა მოუწია კორნელი კეკელიძის შემდეგ და ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ყველა საქმეს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ესაჭიროებოდა. შალვა რადიანს თავისი ძალისხმევა არ დაუშურებია ინსტიტუტში სამეცნიერო მუშაობის აღმავლობისა და განვითარებისთვის. საარქივო მასალის გამოცემა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამიტომ სასიამოვნოა, რომ წიგნის შემდგენლებმა მოახერხეს ამ საკმაოდ ვრცელი მასალის სწორად და საინტერესოდ დალაგება“, - განაცხადა თსუ-ის შოთა რუსთაველს ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ირმა რატიანმა.

პრეზენტაციაზე წიგნზე მუშა­ობის პროცესზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა გამომცემლობა „უსტარის“ მთავარმა რე­დაქტორმა თამარ გელოვანმა: „ამ წიგნის გამოცემას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შალვა რადიანის შემოქმედება ამოუწურავია. სასიამოვნოა, რომ დღეს იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავად არის მასპინძელი. წიგნის გამოცემაში ლომის წილი მის მეუღლეს მერი გომართელ-რადიანს ეკუთვნის. წიგნის ბოლო გვერდი სწორედ მის მოგონებებს ეთმობა. საარქივო მასალებზე მუშაობა ჩემთვის საინტერესო იყო, მასში აქტიურად იყო ჩართული ცისანა გენძეხაძეც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წიგნის დიზაინი ეკუთვნის მეცნიერის შვილიშვილს, უმცროს შალვა რადიანს“, - განაცხადა თამარ გელოვანმა.

მოგონებათა კრებულის - „გარდასულ დღეთა მატეანე“ - პრეზენტაციას შალვა რადიანის შვილებიც დაესწრნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მამის დანატოვარი არქივი მხოლოდ ოჯახის საკუთრება არ არის და რომ იგი მთელ ერს ეკუთვნის. „არქივი, რომელიც დედამ დაამუშავა, ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ „ცოცხლდება“ XX საუკუნე და „ცოცხლდებიან” ის მოღვაწეებიც, რომლებიც იმ ეპოქას ამშვენებდნენ. გარდა ამისა, ამ მასალების გაცნობა მომავალი თაობისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ საშვილიშვილო საქმეში. წიგნის გამოცემით მამამ კიდევ ერთხელ „შემოაბიჯა“ უნივერსიტეტის კედლებში, სადაც ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა“, - გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილება მალხაზ რადიანმა.