მზექალა შანიძე: ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს მეცნიერების იმპორტი

01 Feb 2016

„ჩვენი ქვეყნის მაღალი ინტელექტუალური და სამეცნიერო დონის პასპორტი” – ასეთ შეფასებას აძლევენ მას სამეცნიერო წრეებში; კოლეგებისთვის იგი მრავალმხრივი მეცნიერი, პროფესიონალი ლინგვისტი, ბრწყინვალე ტექსტოლოგი და პოლიგლოტია; მთელი ქართული საზოგადოებისთვის კი მზექალა შანიძე სამართლიანი, პრინციპული და მიუკერძოებელი პიროვნებაა. ძნელია, არ იამაყო ქალით, რომელიც თავისი საქმიანობით, ცხოვრების წესის სისადავით, მეცნიერული ასკეტიზმითა და მაღალი აკადემიურობით საპირწონეა ყველა იმ ხინჯისა, რაც ასე გვაღიზიანებს ჩვენს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან შეძლო ღირსეულად გაეგრძელებინა ის ტრადიცია, რომელიც ქართული მეცნიერების პირველი კორიფეებიდან და საკუთარი ოჯახიდან მოჰყვება და დღემდე ამ პრინციპების ცოცხალ მაგალითად რჩება ყველა ჩვენგანისთვის. 

16 იანვარს მზექალა შანიძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. სოლიდური ასაკის მიუხედავად, კვლავ აქტიურ სამცნიერო საქმიანობას ეწევა და აკადემიური და საზოგადოებრივი ცხოვრების პულსზე უჭირავს ხელი: ნებისმიერი მოვლენის მისეული ხედვა და შეფასება საქმეზე გულისტკივილის, მიუკერძოებლობისა და ღრმა ანალიზის შედეგია, რაც ძალიან იშვიათი და ძვირფასი პოზიციაა ჩვენს ხმაურიან და ზედაპირულ დღევანდელობაში.

- თავის დროზე აკაკი შანიძე მოუწოდებდა ახალგაზრდებს, რომ შეეძინათ ცოდნა, რადგან მის გარეშე ახალ დროში ცხოვრება გაუჭირდებოდათ. მამათქვენმა და მისი თაობის მეცნიერებმა ძალიან ბევრი იღვაწეს, რათა მაღალ დონეზე გაგრძელებულიყო ივანე ჯავახიშვილის მიერ დაწყებული საქმე და მეცნიერება სათანადო სიმაღლეზე მდგარიყო. თქვენც სწორედ ამ ტრადიციების გამგრძელებელი ხართ. როგორ შეაფასებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს მეცნიერებასა და, ზოგადად, განათლების სფეროშია შექმნილი? 

- ძალიან ჭირს მეცნიერების განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მდგომარეობა ცოტ-ცოტა სწორდება და დამოკიდებულებაც შეიცვალა. ეს არ ეხება მარტო ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ეს ყველანაირ მეცნიერებას ეხება. სამეცნიერო ინსტიტუტები რეალურად დაინგრა იმ საბაბით, რომ იქ კვლევა სათანადოდ არ ხდებოდა, რაც არასწორი იყო: თუ კვლევა არ მიმდინარეობდა, მაშინ ეს უნდა გამოსწორებულიყო, საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ კვლევა საერთოდ აღარ ყოფილა საჭირო. ჩვენ, მეცნიერები, ფაქტობრივად, გადაგვყარეს. სახელმწიფომ უარი თქვა მეცნიერების დაფინანსებაზე. ქვეყნის განვითარება კი მეცნიერების გარეშე, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისა, როგორიც ჩვენია, არ შეიძლება. მიაქციეთ ყურადღება: იმ პატარა, ახალ სახელმწიფოებში, რომლებიც ახლახან ჩამოყალიბდა აფრიკაში, რაზე იხარჯება ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი? - განათლებასა და კვლევაზე. ჩვენ ამხელა წერილობითი ისტორია გვაქვს და როგორ შეიძლება ისე დაისვას საკითხი, რომ მეცნიერება ჩვენში აღარ იყოს? ელემენტარული რომ ავიღოთ: საქართველო მთა-გორიანი ქვეყანაა, გზები არ გვქონდა აქამდე, არა და გვჭირდება. ამას გეოლოგი, ინჟინერი, მშენებელი, ხიდმშენებელი და ა.შ. ესაჭიროება. რა უნდა ვქნათ? უცხოეთიდან ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები? ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს მეცნიერების იმპორტი და არც ჩვენს მეცნიერს უნდა სჭირდებოდეს ამერიკაში გაქცევა, რათა ლაბორატორია ჰქონდეს.

ჰუმანიტარულ დარგებს განსაკუთრებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა და ბევრი ეპითეტებიც მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ არაფრის გამკეთებლები ვიყავით. მიუხედავად ამისა, ჩვენ, რაც შეგვიძლია, ვცდილობთ, მაგრამ თუ საბაზო დაფინანსება არ აქვს მეცნიერებას, ისე არაფერი გამოვა. დღეს მეცნიერებს სთხოვენ, რომ დიდ, მსხვილ პრობლემებზე იმუშაონ. ეს თავისთავად სწორია, მაგრამ დიდ და მსხვილ პრობლემებზე მუშაობა არ შეიძლება ისე, თუ დეტალები არ იქნა დამუშავებული. ზუსტ მეცნიერებებში დიდ დასკვნებს ვერ გააკეთებ, თუ კონკრეტული, პატარ-პატარა ცდების საფუძველზე არ იქნა მოპოვებული ფაქტები, რომლებიც ამ დასკვნების საფუძველი იქნება. ეს პატარ-პატარა ფაქტები კი საჭიროებს ხალხს, რომელმაც ისინი უნდა მოიპოვონ. არ შეიძლება კვლევა ლაბორანტის გარეშე, ისე, როგორც არ შეიძლება გეოლოგიაში გლობალური დასკვნების გაკეთება კავკასიის გეოლოგიური სტრუქტურის შესახებ, თუ არ იქნება ახალგაზრდა სპეციალიტი, რომელიც წავა და გაზომვით სამუშაოებს ჩაატარებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ელემენტარულ რამეზე გვიხდება საუბარი, მაგრამ, როდესაც გვთხოვენ დიდ კომპლექსურ კვლევებს, იქნება ეს ბიოლოგია თუ ენათმეცნიერება, უნდა გაითვალისწინონ, რომ მეცნიერება საყრდენისა და ფაქტების გარეშე შეუძლებელია. დღეს კი ისეთი მდგომარეობაა, რომ არ არის ამის საშუალება. 

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ენათმეცნიერებისთვის ქართული ენის ყოველმხრივი შესწავლა. ერთია ლინგვისტური თვალსაზრისით უშუალოდ ენის მდგომარეობის შეფასება და მეორეა ის, რომ ძალიან ბევრი რამ ახალია შემოსული ლინგვისტურ მეცნიერებაში. ახლის განვითარებისთვის ბოლო წლებში ძალიან მცირე შესაძლებლობა გვქონდა. სასწრაფოდ შესასწავლია დიალექტები, რადგან თანდათანობით ქრება ის ხალხი, რომლისთვისაც დიალექტი იყო მეტყველების ძირითადი საშუალება. ამას აქვს როგორც ლინგვისტური, ისე პარალინგვისტური მიზეზები: საქართველოში ხდება მოსახლეობის მიგრაცია, რაც საზოგადოების სტრუქტურაში იწვევს ცვლილებებს. შესაბამისად, იცვლება ლინგვისტური სიტუაციაც. გარდა ამისა, ტელევიზიამ, რომლის საძაგელმა ენამ მთელი საქართველო წალეკა, ძალიან დიდი გავლენა იქონია ხალხის მეტყველებაზე. საჭიროა ამის სასწრაფოდ შესწავლა, რისი საშუალებაც არ არის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, თუნდაც, ჩვენს დარგში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. ძალინ კარგად მუშაობენ ჩვენი ენათმეცნიერები, ბევრს აკეთებენ, მაგრამ აკეთებენ იმას, რისი საშუალებაც აქვთ.

- როდესაც მეცნიერებაში შექმნილ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ეკონომიკური ფაქტორი, რომლის წინაშეც მთელი საქართველო აღმოჩნდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. თუმცა, იყო უყურადღებობაც, რის გამოც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არ აღმოჩნდა მეცნიერების დაფინანსება. რა შედეგები მივიღეთ ამ მიზეზების გამო?

- ის, რომ მეცნიერებას ყურადღება არ ექცეოდა, ეს გარკვეულ შედეგებს იწვევს და ამის გამო ჰუმანიტარულმა მეცნიერებებმა სოციალური პრესტიჟი დაკარგა. როდესაც მსოფლიო რანგის მეცნიერი ინსტიტუტში თვეში იღებს 250 ლარს, ახალგაზრდა აღარ მიდის ამ სფეროში. ჩვენ, ამ მხრივ, დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. ენათმეცნიერებაში ჩვენი მომდევნო თაობა, პრაქტიკულად, ჩავარდნილია. ახლა იმის იმედი გვაქვს, რომ ხელახლა თუ გაღვივდა ინტერესი, ახალგაზრდები თანდათან წამოვლენ. უნდა მოგახსენოთ, რომ ჰუმანიტარულ დარგებს: ქართულ ენას, ქართულ კულტურას, ძველ ქართულს, ძველ ქართულ ქრისტიანულ კულტურას ამჟამად დიდი ყურადღებით ეკიდებიან საზღვარგარეთ, გაჩნდა ინტერესი მრავალ ქვეყანაში, რადგან მომგებიანია ახალი თაობის მკვლევრებისთვის ძველი და ნაკლებად ცნობილი ენების შესწავლა (უცნობი მასალაა და ბევრია გამოსაკვლევი). მე-20 საუკუნეშიც ბევრი კარგი სპეციალისტი მუშაობდა ქართველური მიმართულებით უცხოეთში: ჰანს ფოხტი, გერჰარდ დეეტერსი და ა.შ. მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი ფართო ინტერესი, როგორც დღეს. მე ნამდვილად არ მინდა, რომ ქართველოლოგიის შესწავლის ცენტრი საქართველოდან გადავიდეს სადმე სხვაგან – ინგლისში, გერმანიაში, ან ამერიკაში.

ქართველოლოგია თავისთავადაც საჭიროა და ყოველ ქვეყანაში ის მიმართულება, რაც ამ ქვეყნის ეროვნულ საკითხებს შეეხება, პრიორიტეტულია, რადგან ეს ერთგვარი პასპორტია ამ ქვეყნისთვის. როგორც ამბობენ, ნორვეგიაში ტექნიკური მეცნიერებები ძალიან განვითარებულია, მაგრამ მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში, აინტერესებს ნორვეგიული კულტურა და ის, თუ რითი განსხვავდება სხვებისაგან; რას წარმოადგენს; როგორია მისი სახე - ეს ყველაფერი ჰუმანიტარული მეცნიერებების საკეთებელი საქმეა. 

- უნივერსიტეტის დაარსებისას მისი ერთ-ერთი მთავარი მისია იყო - იგი გამხდარიყო ქართველოლოგიური მეცნიერებების შესწავლის ცენტრი. ზოგადად, როგორ შეაფასებთ უნივერსიტეტის ფაქტორს და მნიშვნელობას ჩვენს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში?

- უნივერსიტეტის დაარსება იყო ძალიან დიდი მოვლენა საქართველოსთვის. ივანე ჯავახიშვილს, რომელიც ამ დიდი წამოწყების მეთაური იყო, ძალიან კარგად ესმოდა, რომ საქართველოს შემდგომი განვითარება საჭიროებდა განათლებულ და მომზადებულ ხალხს. არ დაგავიწყდეთ, ეს ჯერ კიდევ მეფის რუსეთის პირობებში ხდებოდა. საქართველო აგრარული ქვეყანა იყო XX საუკუნის დასაწყისში. იყვნენ გლეხები და თავად-აზნაურობა, რომელიც დიდად არ იწუხებდა თავს განათლებისათვის, თითო-ოროლა კი მიდიოდა რუსეთში, ან ევროპაში განათლების მისაღებად, მაგრამ, ძირითადად, მთლიან მასას ეს არ ეხებოდა. ივანე ჯავახიშვილმა ძალიან დიდი ამოცანა დაისახა, ეს იყო ილია ჭავჭავაძის ხაზის გაგრძელება, მაგრამ ჩვენს უნივერსიტეტს თავიდანვე ცუდ ისტორიულ პირობებში მოუხდა მუშაობა. 30-იან წლებში, როდესაც მარქსიზმის დასანერგად იბრძოდნენ, დაიწყო მომზადებული ხალხის დევნა და განადგურება, ფიზიკურიც მათ შორის - ამან თავისი დაღი დააჩნია საუნივერსიტეტო განათლებას. მერე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, სადაც დაიღუპა უამრავი ახალგაზრდა, ანუ ის ხალხი, ვისაც უნდა ესწავლა. თუ ევროპულ ქვეყნებში და რუსეთში უმაღლეს განათლებაში უკვე მოდიოდა ახალგაზრდობა, რომელთა უმეტესობას გიმნაზიებში კლასიკური განათლება ჰქონდა მიღებული, ჩვენს უმაღლეს სკოლებში, ძირითადად, მოვიდა გლეხობა, რომლებმაც სოფლის სკოლებში მიიღეს ცოდნა, სადაც, ბუნებრივია, სწავლების მაღალი დონე ვერ იქნებოდა, რადგან შეუძლებელია 10 წელიწადში სკოლამ ის ტრადიციები შეიძინოს, რომელიც არსებობდა ევროპასა და, თუნდაც, რუსეთში. ნორმალური განვითარების საშუალება რომ მისცემოდა უნივერსიტეტს, ეს თანდათანობით გამოსწორდებოდა: პირველი თაობა რაღაცას ისწავლიდა, მერე სხვას ასწავლიდა, მაგრამ 30-იან წლებში დაიწყო ნამდვილი მეცნიერების დევნა, წამოტივტივდა ის ხალხი, რომლებმაც არაფერი იცოდა გარდა იმის ყვირილისა, რომ ივანე ჯავახიშვილი იყო ბურჟუაზიული მეცნიერი და ამის გამო უნდა ჩაექოლათ. ამას მოჰყვა ომი და როდესაც უნივერსიტეტი შეივსო ახალი კონტინგენტით, სწავლის დონემ დაიკლო. ომის შემდგომ პერიოდში უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყეს ფაკულტეტებს შორის სოც-შეჯიბრი: აღარავინ ფიქრობდა ნამდვილ სწავლასა და ცოდნის დაუფლებაზე, მთავარი იყო სოც-შეჯიბრში გამარჯვება. მზექალა შანიძე რომ არ წერდა ნიშანს იმიტომ, რომ იმ სტუდენტმა არაფერი იცოდა, ამის გამო ბრძოლა გამოუცხადეს მზექალა შანიძეს, რადგან რამენაირად დაეწერინებინათ მისთვის ნიშანი. ეს აღარ იყო დეიდისა და მამიდის პროტექცია, ეს იყო სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც ითხოვდა ფორმალურად მაღალ აკადემიურ მაჩვენებლებს. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და დღეს, როდესაც ძალიან ბევრი სირთულე დაგვიდგა, აღმოჩნდა, რომ ქვეყანა მათ დასაძლევად მზად არ არის. მიუხედავად ამისა, ჰუმანიტარულ და ზუსტ მეცნიერებებში მაინც იყო ხალხი, რომელიც ინარჩუნებდა თანამედროვე მეცნიერებისათვის საჭირო დონეს. ქართული მეცნიერული სკოლები - მათემატიკური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ა.შ. - მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდა თავის მაღალ სტატუსს და ბევრ დარგში წამყვანიც იყო, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ერთიანად საზოგადოებაში განათლების დონე მაინც დაბალი იყო და ახლაც ასეა. ბოლო დროს კი ცდილობენ ახალი მეთოდები და მიდგომები შემოიღონ, მაგრამ მე მაქვს საშუალება თვალყური ვადევნო განათლების სამინისტროს მუშაობას, მაქვს საქმიანი ურთიერთობა საგამოცდო ცენტრთან და ვხედავ, რომ ცოდნის საერთო დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. ერთმანეთის საწინააღმდეგო პროცესები გვქონდა, როგორც ჩანს: ერთი მხრივ, მაღალი დონე მრავალი მეცნიერული დარგისა და ძალიან დაბალი დონე საზოგადოებაში ელემენტარული სასკოლო განათლებისა. თითქოს პარადოქსია, მაგრამ ფაქტი ასეთია და ეს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება. 

- მიუხედავად განათლების საერთო დონისა, დღეს ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. რამდენად გამართლებულია ასეთი მრავალფეროვნება?

- ჩემთვის ერთი უნივერსიტეტი არსებობს და, მე მართალი გითხრათ, არა ვარ მომხრე უმაღლესი სასწავლებლების ჩამოყალიბებისა იმ შემთხვევაში, თუკი მომზადების სათანადო დონე არ არის. კი ბატონო, გახსენი ახმეტაში სამედიცინო ინსტიტუტი (შეიძლება ეს საჭირო იყოს), მაგრამ არსებობს კი ის ბაზა, რომელსაც ეს ინსტიტუტი უნდა დაეყრდნოს? ასეთ ბაზას, ჯერჯერობით, ყველგან ვერ ვხედავ. მართალია, ფაქტებს ამ დარგში საკმარისად კარგად არ ვიცნობ, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ ბოლო წლებში გახსნილი ყველა უმაღლესი სასწავლებელი მზად არ უნდა იყოს მაღალპროფესიული აკადემიური მოღვაწეობისთვის. დღეს ჩვენს დარგებში ბაკალავრიატს რომ ამთავრებს ახალგაზრდა, ის არაფრის სპეციალისტი არ არის. ხანდახან მეჩვენება, რომ უნივერსიტეტმა იკისრა სკოლის როლი და აწოდებს სტუდენტებს იმ ზოგად განათლებას, რისი შეძენაც სკოლაში ვერ შეძლეს. ამასობაში სპეციალური საგნები გვერდზე რჩება. არ ვიცი, რა შეიძლება ამას მოვუხერხოთ. ნამდვილად ძალიან მაწუხებს. 

- ქალბატონო მზექალა, თქვენ ყოველთვის ცნობილი იყავით, როგორც მკაცრი ლექტორი. რას ნიშნავს სიმკაცრე სწავლების პროცესში და როდისაა ის გამართლებული?

- მკაცრს რას ეძახით? მე სტუდენტისათვის არასოდეს მიყვირია, არ დამითრგუნავს. ვთვლიდი, რომ საჭიროა სტუდენტმა იცოდეს ბევრი რამ. როდესაც მეუბნებოდნენ, რომ ვიღაცისთვის შეღავათი უნდა გამეწია, რადგან მას არ ჰქონდა სწავლის პირობები, მე ვეკითხებოდი: თქვენ ისურვებდით ახლობლისთვის ისეთ ექიმს, რომელსაც სწავლისას გაუკეთეს შეღავათი, რადგან მას მძიმე პირობები ჰქონდა? მპასუხობდნენ, რომ - არა. აი, ასეთი იყო ჩემი მოთხოვნა. მიმაჩნია, რომ სტუდენტს სჭირდება მუდმივი მეცადინეობა და არა სამი ღამის გათენება გამოცდების წინ და ვიღაცის კონსპექტების ქექვა. საჭიროა სისტემური წვრთნა, როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი. ლექცია არ არის რეპეტიტორის გაკვეთილი. ლექცია არის ზოგადი მონახაზი, მიმართულების მაჩვენებელი სტუდენტისთვის და მერე მითითებული ლიტერატურის მიხედვით უნდა მუშაობდეს სტუდენტი და მისი მუშაობა უნდა იწყებოდეს პირველი სემესტრის პირველივე დღიდან. აი, ასეთი იყო ჩემი სიმკაცრე. 

- სალექციო კურსის გარდა, რომელიც ქართული ენის ისტორიას შეეხება და რომელსაც თითქმის 50 წელია კითხულობთ, თქვენ მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ბრძანდებით. თქვენ მიერ დამუშავებული და გამოცემულია არა ერთი უძველესი ხელნაწერი. დღეს რაზე მუშაობთ, რითი ხართ დაკავებული?

- უნივერსიტეტში გვქონდა ლაბორატორია „ორიონი“, რომელიც ბოლო წლებში მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, რადგან თანამშრომლები არ გვყავდა. 9 წლის შემდეგ მოახერხა ქალბატონმა დარეჯან თვალთვაძემ, რომ ხელშეკრულებით ორი თანამშრომელი შემოგვეყვანა. ახლა რამდენიმე გამოცემაზე გვინდა ვიმუშაოთ: მათ შორის, მამაჩემის - აკაკი შანიძის - თორმეტტომეულის გამოცემა გვინდა განვაახლოთ, რადგან დღემდე მხოლოდ ხუთი ტომია დაბეჭდილი. ასევე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტის, ეფრემ მცირის ერთ-ერთი თხზულების გამოქვეყნებაზე ვმუშაობ. პარალელურად, კონსულტანტი ვარ და მონაწილეობის მიღება მიწევს სხვადასხვა პროექტებში.