მიმართულების ხელმძღვანელობა უფრო მენეჯმენტის სფეროა

18 Dec 2015

ინტერვიუ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან ნინო ჭალაგანიძესთან:

- 1 დეკემბრის საბჭოს სხდომაზე, სანამ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის არჩევნები გაიმართებოდა, თქვენ გააკეთეთ განმარტება იმის თაობაზე, თუUრატომ დადგა ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე არჩევნების საკითხი. თქვენ განაცხადეთ, რომ არჩევნების ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია კოორდინაციის არარსებობამ. გთხოვთ დაგვიზუსტოთ, რა პრეტენზიები არსებობდა ყოფილი ხელმძღვანელის, მარიამ გერსამიას მისამართით?

- მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ დაინტერესებისთვის. 

უპირველესად აღვნიშნავდი, რომ მიმართულების/დეპარტამენტის ხელმძღვანელის არჩევნები აკადემიური სფეროს მენეჯმენტის ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა. ხელმძღვანელის არჩევა ხდება 2 წლით და როტაციის ეს პრინციპი, წესით, სამუშაო რეჟიმში და უმტკივნეულოდ უნდა მიმდინარეობდეს. ამ პროცესის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი აბსოლუტურად გაუმართლებელია და, სავარაუდოდ, ჩემთვის გაუგებარ კერძო მიზნებს ემსახურება. 

რაც შეეხება ჩემს განცხადებას (არ მახსენდება, სად გავაკეთე, თუმცა სიტყვებს უკან არ ვიღებ), გართულებულ კომუნიკაციასა და კოორდინაციასთან დაკავშირებით, ცოტა შორიდან დავიწყებ. 

მოგეხსნებათ, პროგრამული აკრედიტაციის პროცესი რთული და კომპლექსური სამუშაოების ერთობლიობაა. შესაბამისად, თითოეული პროფესორისა და მოწვეული პედაგოგის ჩართულობა წარმატების წინაპირობაა. 

როცა ვსაუბრობთ გართულებულ კომუნიკაციაზე, თავიდან სწორედ პირველი ორი შეხვედრა მახსენდება, რადგან სხდომების შესახებ კოლეგებისაგან შემთხვევით გავიგე. აღმოჩნდა, რომ ელ. შეტყობინების ადრესატთა შორის არ ვიყავი ჩასმული.

მიუხედავად იმისა, რომ მიმართულების პროფესორებს შორის არსებობდა გარკვეული უთანხმოებები, ჩვენ შევიკრიბეთ პროგრამაზე სამუშაოდ იმ განწყობით, რომ ეს უთანხმოება აკადემიური დავის ფორმატს არ გასცდებოდა. დეტალებზე ფართო აუდიტორიის წინაშე საუბარს თავს მოვარიდებ, თუმცა ფაქტია, რომ ქალბატონი მარიამის მხრიდან პროგრამაზე სამუშაოდ შეკრებილი პროფესორების მიმართ გამოხატულმა არაკოლეგიალურმა დამოკიდებულებამ გარკვეული გაღიზიანება გამოიწვია და უკვე ღია კონფლიქტის საშიშროების წინაშე დავდექით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქალბატონი მარიამი უარს აცხადებდა კომუნიკაციის ჩვენთვის მისაღებ ფორმებზე და თანახმა იყო, ემუშავა მხოლოდ მის მიერ შემოთავაზებული ფორმატით, უარს აცხადებდა არჩევნებზე (ამაზეც ვიმსჯელეთ, რადგან ფაკულტეტის ახალი დებულება გვავალდებულებდა და შესაძლო პანაცეადაც მოვიაზრეთ), ამბობდა, რომ იგი უკვე იყო არჩეული და არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავდა. 

ამ სიტუაციაში კოლეგებმა იმსჯელეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნორმალური მუშაობისთვის და დაპირისპირებულ მხარეთა შორის კომუნიკაციისთვის საჭირო იყო ნეიტრალური პიროვნება, ასეთად მე ჩამთვალეს და შემომთავაზეს, დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობის არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა. ეს სრულიად სპონტანურად მოხდა, თანაც ცაიტნოტის პირობებში, რადგანაც პროგრამის ხარისხის სამსახურში წარდგენამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. მიმართულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კი არ ესწრებოდა ჩვენს სამუშაო შეხვედრებს, რაც გადაწყვეტილების მიღებას შეუძლებელს ხდიდა და პროგრამის ჩავარდნის დიდი რისკი შეიქმნა. შექმნილ ვითარებაში კონკურსში მონაწილე სხვა პროფესორებმა საკუთარი კანდიდატურები ჩემ სასარგებლოდ მოხსნეს. მარიამ გერსამიას არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ გამოუხატავს. აქვე აუცილებელია აღვნიშნო, რომ ინფორმაცია დაგეგმილი არჩევნების შესახებ მას არაერთგზის ჰქონდა მიწოდებული.

ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხე მედიატორის როლის შესრულება და ქალბატონმა მარიამმა, რომელთანაც ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, „მტრების“ ბანაკს მიმაკუთვნა და ჯერ პროგრამის სრულყოფის პროცესში მონაწილეობაზე კატეგორიული უარი განაცხადა, შემდეგ კი ორი წამყვანი პროფესორი, რომლებიც მის პოზიციას არ იზიარებდნენ, სამაგისტრო პროგრამიდან გააძევა, რაც სწავლების ხარისხზე უარყოფითად აისახება.

სიმართლისგან შორსაა ვერსიები, რომელთა თანახმად მარიამ გერსამია თანამდებობიდან სოციალურ ქსელებში აქტივობის გამო გაათავისუფლეს, მით უფრო დიდი სიცრუე იქნება, ამ მოვლენებში რაიმე პოლიტიკური კვალი ვეძებოთ.

- აკადემიური საბჭოს არჩევნები ერთი წლის წინ გაიმართა და საბჭოს წევრად ფაკულტეტმა მარიამ გერსამია აირჩია. თქვენი აზრით, რა შეიცვალა ამ ერთ წელიწადში და რატომ გახდა თქვენს დეპარტამენტში უმრავლესობისთვის მარიამ გერსამია მიუღებელი?

ზემოთ საკმაოდ ვრცლად გესაუბრეთ იმ სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებზე, რაც ბოლოდროინდელ პროცესებს წინ უძღოდა. ქ-ნი მარიამი დღესაც ფაკულტეტის საბჭოს წევრია. რაც შეეხება დეპარტამენტის უფროსის ცვლილებას, აქაც გერსამიას გათავისუფლება ტექნიკურადაც ვერ მოხერხდებოდა, რადგანაც ხელმძღვანელის პოზიციაზე იგი არც დანიშნული და არც არჩეული ყოფილა. უნივერსიტეტის მიერ შესაბამისი რეგულაციის მიღებამდე არსებობდა დათქმა, რომ დებულების შემუშავებამდე მიმართულებას სრული პროფესორი უხელმძღვანელებდა. 2014 წელს შეიქმნა დებულება, რომლის თანახმადაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩევითი თანამდებობაა და კანდიდატი კონკურსის წესით საბჭომ უნდა აირჩიოს. დებულების მიღების შემდეგ წელიწადზე მეტია გასულია, მაგრამ ლეგიტიმური ხელმძღვანელის არჩევნები არ ჩატარებულა. არჩევნებში მონაწილეობის მიღება, როგორც უკვე აღვნიშნე, ქალბატონმა მაირამმა თავად არ ისურვა. ასე რომ, გერსამიას არჩევაზე თუ გადაყენებაზე საუბარი ზედმეტია.

ერთს დაზუსტებით ვიტყვი: დეპარტამენტის პროფესურის მიერ არჩეული ხელმძღვანელი ამიერიდან უფრო ლეგიტიმურია და აკრედიტაციის პროცესსაც დეპარტამენტი მოწესრიგებული და დაკომპლექტებული შეხვდება. ასევე მნიშვნელოვანია პროგრამებში აკადემიური პროფესურის მეტი ჩართულობა, რამდენიმე ხელმძღვანელის პრაქტიკა, რაც უკვე ადაპტირებულია თსუ-ის სივრცეში და კარგ შედეგს იძლევა. ამგვარი დეცენტრალიზაცია საშუალებას იძლევა, აკადემიური პერსონალი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გაცილებით აქტიურად ჩაერთოს და პროგრამის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული ახალი იდეების გენერაცია უზრუნველყოს.

- არჩევნებში თქვენ გაიმარჯვეთ და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდით. როგორც რექტორმა აღნიშნა, უხერხულია ასისტენტ-პროფესორი ხელმძღვანელობდეს პროფესორებსა და ასოცირებულ პროფესორებს. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამგვარ შეფასებასთან მიმართებაში?

მოდით დავაზუსტოთ. უნივერსიტეტის დებულების თანახმად, დეპარტამენტის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს დოქტორის ხარისხის მქონე პროფესორი. არსად არის მითითებული, რომ ეს ასისტენტ-პროფესორებს ეკრძალებათ - მიმართულების ხელმძღვანელობა ხომ უფრო მენეჯმენტის, ვიდრე სამეცნიერო სფეროა. ბატონმა რექტორმა ისიც ბრძანა, რომ სამართლებრივად პროცესი სწორად მიმდინარეობდა. 

რაც შემეხება პირადად მე, აღნიშნულ პროცესებამდე გავიარე კონკურსი თსუ-ის ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე და 5-დან 5 ხმით ვარ არჩეული. მიზეზთა გამო, აკადემიურ საბჭოზე დასამტკიცებლად წარდგენილი ოქმი, პროფ. გერსამიას განცხადების შედეგად, შეაჩერეს და იურიდიულ სამსახურს დაუბრუნდა ხელახალი შესწავლისთვის. დარწმუნებული ვარ, ფორმალური მხარე დროულად მოგვარდება. 

აქვე მოგახსენებთ, რომ პროგრამებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც კოლეგებმა შემომთავაზეს თსუ-შიც ჩამებარებინა დეპარტამენტი, სწორედ ეს იყო. იმედი მაქვს, ეს გამოცდილება დამეხმარება თსუ-შიც, რომლის აღზრდილი და პატრიოტი ვარ.

- რას გეგმავთ, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამომავლოდ და რა პრიორიტეტებს გამოყოფდით?

პირველ რიგში ჩემი საზრუნავი მიმართულებაზე არსებული პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ხელშეწყობაა. მოგეხსენებათ დეპარტამენტის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკვე არჩეულია საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელები და კოორდინატორი. ჩემი უპირველესი ამოცანა ამ ადამიანების მუშაობის ხელშეწყობაა. 

მომავალი სემესტრის დასაწყისში დაგეგმილი მაქვს მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის განვითარების ხედვის დოკუმენტის პრეზენტაცია. მსგავსი დოკუმენტი აქამდე არასოდეს შექმნილა და ჩემი მიზანია მასში ასახული იყოს უახლოესი ორი წლის ამოცანები, ასევე გრძელვადიანი გეგმები, რომელსაც ალბათ 2 წლის შემდეგ არჩეული ხელმძღვანელი გააგრძელებს. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებით საფუძველი მინდა ჩავუყარო ინსტიტუციური განვითარების ისეთ ფორმატს, როცა განვითარების პროცესი არ არის დამოკიდებული ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე და იგი ორგანიზებული, დაგეგმილი და წინასწარ განჭვრეტადი პროცესია. 

დღეისათვის დეპარტამენტის პრიორიტეტს წარმოადგენს თეორიული მასალის ინტეგრირება პრაქტიკულ კურსებში, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და სტუდენტების მოთხოვნებზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს ფორმირების ხელშეწყობა.

გარდა ამისა, ვაპირებ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო მიმართულების სამეცნიერო განვითარებას. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მიმართულებაზე დასაქმებული პროფესორები მუშაობდნენ დამოუკიდებლად და არ ხდებოდა მათი პუბლიკაციების, მიღწევების პრეზენტირება მიმართულებაზე მომუშავე აკადემიური თუ მოწვეული პერსონალისათვის. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, საინტერესო იქნება სამეცნიერო სემინარების პროგრამის განვითარება, რაც საშუალებას მოგვცემს, გავიზიაროთ კოლეგების გამოცდილება და გავაცნოთ იგი როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებსაც.

ცალკე მიმართულებად მინდა გამოვყო საერთაშორისო თანამშრომლობა. ვაპირებ გავაგრძელო ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და დონორთა მოზიდვაზე ვიმუშაო. 

თუმცა, როგორც ვთქვი, დასაწყისისათვის დეპარტამენტის უპირველესი ამოცანა პროგრამული აკრედიტაციის უზრუნველყოფაა, დანარჩენი კი ეტაპობრივად განხორციელებადი პროექტებია.