უფლებამოსილების საკითხი უდავოდ გასარკვევია...

18 Dec 2015

ბლიც-ინტერვიუ ასოცირებულ პროფესორთან ნინო დურგლიშვილთან:

- როგორც ჟურნალისტიკის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ გერსამია თქვენთან დაკავშირებით საუბრობს, ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებული არჩევნების პროცესში თქვენ სამართლებრივ რჩევებს და კონსულტაციებს აძლევდით პროფესორებს და, მისი თქმით, შეცდომაში შეგყავდათ ისინი. ქალბატონი მარიამ გერსამია აცხადებს, რომ თქვენ გადააჭარბეთ უფლებამოსილებას. საინტერესოა თქვენი კომენტარი...

- ამ ყველაფერზე შეიძლება გამღიმებოდა, საქმე თსუ-ს რომ არ ეხებოდეს! უკომენტაროდ დავტოვებდი, ჩემი, ანუ თსუ-ის რიგითი ასოცირებული პროფესორის მიმართ ლატენტურ „თითის დაქნევას“ რომ არ შეიცავდეს - „ხმის ამოღება არ გაბედო, თორემ სიტყვაში ასოს არ შეგარჩენთო“. ამიტომ, უბრალოდ, თავს ვალდებულად ვთვლი, ხმა ამოვიღო - შიში, როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, „დაზღვევის პოლისი არ არის“.

ჩემთვის ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რომ თსუ-ის ასოცირებული პროფესორობის გარდა, თურმე სხვა „სტატუსებიც“ მჭირდება იმისათვის, რათა კოლეგებს შეკითხვებზე ვუპასუხო. სხვათა შორის, მარიამ გერსამიამ, როდესაც აკადემიური საბჭოს არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, როგორც პირველად, ისე - მეორედ, არა ერთხელ მთხოვა რჩევა, თავი არც დეკანის არჩევნების დროს შეუკავებია. მაშინ ან ჩემი უფლებამოსილების საკითხი „არ გახსენებია“, ან უფლებამოსილებას თავად „მანიჭებს“ იმის მიხედვით, თუ როდის რა არის მისთვის ხელსაყრელი. თუმცა, მაინც განვმარტავ, რომ იმ, ვისთვის არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად საბედისწერო სხდომას ვესწრებოდი როგორც „მრჩეველი“ (ხელშეკრულება N1348107; 05.06.2015 წ.), ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ინიციატივით.

მარიამ გერსამიას თანდასწრებით წყლის დალევა რომ გადავწყვიტო, აუცილებლად რექტორს მიმართავს „ოფიციალური წერილით“: ყურადღებით იყავით, ნინო დურგლიშვილმა ეს საქმე რეგულაციების დარღვევით არ გააკეთოსო და ჩემს ნათქვამში რა ქვეტექსტს ან მოტივაციას ეძებს? შესაძლოა, მის მიერ ბევრჯერ ნათქვამი სიტყვა გავიმეორე ქვეცნობიერად, რადგან ცნობიერის დონეზე იმას ვფიქრობ, რომ რექტორს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს მოსაგვარებელი და ცუდი არ იქნება, რომ აცალონ, საამისო დრო დაუტოვონ.

შეუძლებელია, ვინმესთვის მერჩია რვა ხელმძღვანელი „დანიშნეთ“ მეთქი, რადგან ჯერ ერთი, ეს პროცესი უფრო არჩევა მგონია, ვიდრე დანიშვნა, მეორე - სხვას რომ ეხსენებინა რიცხვი რვა, მე აუცილებლად ვკითხავდი დასაბუთებას: რატომ რვა და არა შვიდი ან ცხრა? ამასთან გულწრფელად მგონია, რომ აქ რიცხვები არ არის მთავარი და არც იმ შემთხვევას აქვს ადგილი, როდესაც რაოდენობრივი ცვლილებები თვისებრივში გადადის. 

ჩემი „უფლებამოსილების“ საკითხი, იმედია, გაირკვევა, მაგრამ მარიამ გერსამიამ არა მხოლოდ „არაუფლებამოსილი პირი“ მიწოდა, ცინიკური ტონით „დეკანის გამხმოვანებელიც“ მეძახა და არც ცილისწამებას ერიდება ჩემს მიმართ - მე არც სამართლებრივ საკითხებს შევხებივარ და არც ვინმეს შეცდომაში შეყვანა მიცდია - მხოლოდ თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის მარეგულირებელი რამდენიმე წესი განვმარტე. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ან თავად მარიამია შეცდომაში შეყვანილი ან შეცდომით საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების მარეგულირებელი დოკუმენტები სამართლებრივი ჰგონია. 

ვსარგებლობ შემთხვევით და მოვითხოვ, რომ ჩემი სტატუსის გარკვევასთან ერთად, ისიც გაირკვეს, მარიამ გერსამიას რა სტატუსი ანიჭებს ჩემი ცილისწამებისა და ღირსების შელახვის მცდელობის უფლებამოსილებას?