უნდა დასრულდეს ხელების ფათური უნივერსიტეტში!

18 Dec 2015

ინტერვიუ ჟურნალისტიკის მიმართულების ყოფილ ხელმძღვანელთან მარიამ გერსამიასთან:

- თქვენი აზრით, რატომ გახდა აუცილებელი ახლა დაწყებულიყო ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელის არჩევაზე საუბარი?

- ფაკულტეტის დებულებაში ჩავწერეთ, რომ მიმართულების ხელმძღვანელი 2 წლის ვადით უნდა აგვერჩია. თუმცა, ფაკულტეტზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით - რა არის უპრიანი, მაგალითად, 2 წლით აირჩიონ მიმართულების ხელმძღვანელები თუ 3 ან 4 წლის ვადით? აქამდე მიმართულების ხელმძღვანელი იყო ის პროფესორი, რომელიც საბაკალავრო პროგრამას ხელმძღვანელობდა. ახლა ვმსჯელობთ - უნდა დარჩეს თუ არა ეს პირობა და თუ მიმართულების ხელმძღვანელი 2 წელიწადში ერთხელ შეიცვლება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელიც იცვლება? ჯერ კიდევ ბევრი კითხვა გვაქვს და გვინდა, ყველა ცვლილება განხორციელდეს ისე, რომ ამას რყევები არ მოჰყვეს და საგანმანათლებლო პროცესი არ დაზიანდეს.

თავისთავად, მე სწორედ მიმართულების ხელმძღვანელის არჩევნების მომხრე ვარ და ამას მხარი დავუჭირე კიდეც, თუმცა ფაკულტეტის მხრიდან ამ ე.წ. არჩევნების ჩატარებისას, ჩემი აზრით, სერიოზული სამართლებრივი დარღვევები გამოიკვეთა.

- ანუ არჩევნების პროცესთან გაქვთ პრეტენზია? ზეწოლაზეა საუბარი თუ რა გამოიკვეთა?

- ეს ყველაფერი ფორსირებულად მოხდა რამდენიმე დღეში და დაიწყო მაშინ, როცა მე და ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე 2 დღიანი სამუშაო ვიზიტით ბაქოში ვიმყოფებოდით. ამას წინ უსწრებდა ჩემი ინიციატივა - რაც შეიძლება მალე დაგვეწყო აკრედიტაციისთვის მომზადება. ამ საკითხს აკადემიურ საბჭოზეც ვლობირებდი. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს რეზო ჯორბენაძეს შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ 17 ნოემბრის მაგივრად შეხვედრა ვითხოვეთ 10 ნოემბერს, რათა თადარიგი დაგვეჭირა. ანუ, ვიყავით პირველი მიმართულება ფაკულტეტზე, რომელიც შეხვდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს. ამ შეხვედრაზე გავწერეთ, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა, დავთქვით დედლაინები, თუმცა ამ შეხვედრაზე ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა თამარ დოლბაიამ ჩვენი მიმართულების მისამართით რამდენიმე ტყუილი გააჟღერა, რაც შემდგომ 4-მა პროფესორმა აიტაცა. ეს შეეხებოდა, მაგალითად, იმას, რომ თითქოს საბაკალავრო პროგრამაზე ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი მოწვეული პედაგოგი, რაც არასწორია. ეს იქვე დავაფიქსირე, რომ მთელს მიმართულებაზე 4 პროგრამა ფუნქციონირებს - 2 სამაგისტრო პროგრამა, 1 ბილინგვური პროგრამა და 1 საბაკალავრო პროგრამა. პედაგოგის მოწვევა კი არის შეთანხმების საკითხი, რაზეც შეიძლება მსჯელობა სამუშაო პროცესში. ამის შემდეგ პროფესორებმა დავიწყეთ მუშაობა და როგორც კი მე და მაია ტორაძე 2 დღით სამუშაო ვიზიტით წავედით ბაქოში, მივიღე მიმართულების ასისტენტ პროფესორისგან, ქალბატონ ნინო ჭალაგანიძისგან ელექტრონული წერილი, სადაც იგი აფიქსირებდა, რომ საჭიროა სასწრაფო შეხვედრა და გადაწყვეტილებების მიღება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს პროგრამას შეეხებოდა. მას მანანა შამილიშვილი, მარი წერეთელი და ნათია კუპრაშვილი შეხვედრის ურგენტულობას უდასტურებდნენ (მოგვიანებით მათი მხრიდან ითქვა, რომ თუ 4 დეკემბერს პროგრამა მზად არ იქნება, აკრედიტაციას ვეღარ მივიღებთ). მათ დათქვეს შეხვედრის დღე, სადაც უნდა ემსჯელათ პროგრამის ცვლილებებზე. მივლინებიდან ჩამოსვლის შემდეგ პროფესორებს და მოწვეულ პედაგოგებს შევხვდი თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან ტატა ვეფხვაძესთან ერთად. ჩავატარეთ ჩვეულებრივი თათბირი, გავწერეთ საგნობრივ ჯგუფებში მუშაობის გეგმა, გავეცანით სტრატეგიას და ა.შ. ქალბატონმა ნინო ჭალაგანიძემ აღნიშნა, რომ ჩვენ უკვე შევიკრიბეთ და ვისაუბრეთ ამ პროგრამაზეო. ჩემი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები უკვე წინასწარ იყო მიღებული. 

- კერძოდ რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი?

- მათი პირველი შეხვედრის მერე მე შემატყობინეს, რომ გაჩნდა მოარული ინფორმაცია, თითქოს გერსამია პროგრამას აღარ უნდა ხელმძღვანელობდეს, ვინაიდან იგი ასოცირდება ძველ „გუნდთან”, წინა ხელისუფლებასთან და აკრედიტაციას ამის გამო პროგრამა აღარ მიიღებდა. თუმცა, უკვე შემდგომ შეხვედრებზე 4 პროფესორმა უარი განაცხადა ჩემ მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ სამუშაო ფორმატზე, იმ მოტივით, რომ სასწრაფოდ მენეჯმენტია შესაცვლელი. ვფიქრობ, პროფესორები ძალიან დიდ გაუგებრობაში და შეცდომაში შეიყვანეს. ჩემი სურვილია გაირკვეს - რა მოხდა.

მინდა, რომ დაფიქსირდეს ჩემი სათქმელი: უნივერსიტეტში უნდა შეიცვალოს ამგვარი დამოკიდებულება ყველას მიმართ. ვქმნით მტრის ხატებს, მერე ამ მტრის ხატებს ვებრძვით, შემდეგ მოდის ახალი ხელისუფლება, კიდევ მტრის ხატები იქმნება და კვლავ იმათ დავდევთ - ასე იყო და ასე გრძელდება... ეს უნდა შეიცვალოს.

- აკადემიური საბჭოს არჩევნები, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაიმართა და თქვენ საბჭოს წევრად აგირჩიათ ფაკულტეტმა. მაშინ ხომ არ იყო ეს პრობლემა?

- მაშინ ნამდვილად არ მიგრძნია პოლიტიკური შეხედულებების გამო რაიმე დევნა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მაშინ სხვა დეკანი გვყავდა - თამარ მახარაძე, ძალიან კარგი მენეჯერი, გაწონასწორებული, კომუნიკაბელური პიროვნება... დღეს კი ახალი დეკანისთვის, ქალბატონი თამარ დოლბაიასთვის მიუღებელი აღმოვჩნდი იგივე ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების გამო, რადგან ყველაფერში არ ვეთანხმები მას და ამას არა მხოლოდ მე ვაფიქსირებ, არამედ ბევრი სხვა პროფესორიც. ჩემი ვარაუდით, ეს ყველაფერი, რაც განხორციელდა, გაკეთდა თამარ დოლბაიას დავალებით და მასთან შეთანხმებით. მე ყველაფერს ვიღონებ, რომ პროფესორებისთვის, რომლებიც შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი მთელი ამ პროცესის მანძილზე, გახდეს ნათელი - ვინ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას უნივერსიტეტში. მინდა, გამოაშკარავდეს ის სამართლებრივი ქაოსი, რაც შექმნეს და რაშიც, ნებსით თუ უნებლიედ, პროფესორებმა მიიღეს მონაწილეობა. პროფესორი არ არის ვალდებული - ყველა სამართლებრივი რეგულაცია იცოდეს, მაგრამ ამის ვალდებულება აქვს ფაკულტეტს. ვინ მართავდა ამ პროცესს? - აი, ეს უნდა გაირკვეს და შეიცვალოს შედეგი საჭიროების შემთხვევაში.

- ქალბატონი თამარ დოლბაია ამბობს, რომ „არის დებულება, ჩატარდა არჩევნები, ხმა მისცეს ჯალაგანიძეს და მე არაფერ შუაში ვარ”...

- იგი ფაკულტეტის დეკანია. „მე არაფერ შუაში ვარ” - მენეჯერის ამ პოზიციას ვერ მივიღებ. იცით, პროფესორებმა პირად საუბრებშიც და სხდომებზეც (ამის აუდიო სტენოგრამაც არსებობს) პირდაპირ და ირიბად დამიდასტურეს, რომ პრობლემა ისაა, რომ მე არ მაქვს კარგი ურთიერთობა დეკანთან. 

- ქალბატონი თამარ დოლბაია წუხს, რომ თქვენ მიმართულების ხელმძღვანელად არ აგირჩიეს...

- ეს არის ტყუილი, ჩემი კანდიდატურა არც ყოფილა წამოყენებული და როგორ ამირჩევდნენ? სამართლებრივად ეს არჩევნები კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას. მაინტერესებს, უნივერსიტეტის წესდებასთან მიმართებაში, რამდენად სამართლებრივად და სწორად ჩატარდა არჩევნები? მოხდა ჩემი დისკრიმინაცია და მე მივმართავ სახალხო დამცველის ოფისს. ჩემი სურვილია ცივილიზებულად, გამჭვირვალედ ჩატარდეს არჩევნები და არა მალულად, ორ დღეში. 

იმ წერილებში, რომელიც ბატონ რექტორს, ლადო პაპავას მივწერე, ვითხოვ, რომ გაირკვეს - რამდენად გადაამეტეს უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში, კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა? შეხვედრას ესწრებოდა ქალბატონი ნინო დურგლიშვილი, რაც ცალკე განსჯის თემაა. სწორედ ნინო დურგლიშვილმა გააჟღერა თუ უკარნახა პროფესორებს აუცილებლობა პროგრამის ადმინისტრირებაში ცვლილებასთან დაკავშირებით და რეალურად დადგა „იმპიჩმენტის საკითხი”. 

- ამბობენ, რომ დადგენილება 2014 წელს არის მიღებული და რომ ამ დადგენილების საფუძველზე გაიმართა არჩევნები...

- რატომღაც უნივერსიტეტში მიჩვეულნი არიან, რომ როდესაც შედეგი დადგება, შემდეგ აღარ უნდა არკვიო - ეს რატომ მოხდა? ხვალ რომ ლადო პაპავა გადააყენონ, არავინ დაიწყებს იმის გამოკვლევას - თუ რატომ მოხდა ეს? ასე არ არის... ეს უნდა შეიცვალოს. ეს ჩვენ უნდა შევცვალოთ. 

საინტერესო პარალელები და ქარგაა: მას მერე, რაც ფორსმაჟორულად იკრიბებიან და ჩემგან დამოუკიდებლად მსჯელობენ პროგრამულ ცვლილებებზე, რამდენიმე პროფესორი შეთანხმებულად მეუბნება, რომ არ დაიწყებენ ჩემთან მუშაობას, რადგან აქვთ „კომუნიკაციის პრობლემა”. ერთერთ მოტივად დასახელდა ჩემი „ფეისბუქის” პოსტები და გართულებული ურთიერთობა თამარ დოლბაიას დეკანად არჩევის შემდეგ. რეალურად ეს პრობლემა არ არსებობდა, უბრალოდ, არსებობდა დღის წესრიგი, რომ გერსამია უნდა მოეშორებინათ მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

- რამდენადაც ვიცი, ნინო დურგლიშვილს ჰქონდა პრეტენზია იმაზე, თუ „რატომ არ ვარ უფლებამოსილი, ვთქვა რაიმე - ეს არის ჩემი დიდი შეურაცხყოფაა”...

- იგი ამბობს (სტენოგრამაშიც ჩანს), რომ რექტორის ბრძანებით არის დანიშნული დეკანის მრჩევლად. მაჩვენონ რექტორის ეს ბრძანება. იგი უშუალო მითითებებს აძლევდა პროფესორებს - არჩევნების დანიშვნის, პროგრამაზე 8 ხელმძღვანელის დანიშვნის და მთელი ამ სამართლებრივი პროცედურების განხორციელების თაობაზე. პროფესორებს იგი ეგონათ იურისტი, რადგან მათ იგი სამართლებრივ რჩევებს და კონსულტაციებს აძლევდა და, ჩემი აზრით, შეცდომაში შეჰყავდა ისინი. თუ რა დარღვევები მოხდა ამ პერიოდში, ამას უნივერსიტეტის აუდიტიც გამოიკვლევს, შემდეგ განათლების სამინისტროც და, შეიძლება, ეს საქმე სასამართლომდეც მივიდეს.

- რას ითხოვთ, იმის მერე, რაც მოხდა? ნინო ჭალაგანიძე, როგორც გავარკვიეთ, ამ ეტაპზე არის ასისტენტ-პროფესორი, რადგან აკადემიური საბჭო, ჯერჯერობით, იმ კონკურსის შედეგებს არ დაეთანხმა, რის საფუძველზეც იგი ასოცირებული პროფესორი უნდა გამხდარიყო. რექტორმა განაცხადა, რომ კურიოზია, როცა ასისტენტ-პროფესორი ხელმძღვანელობს პროფესორებს და ასოცირებულ პროფესორებს. თქვენ რას აპირებთ ამის შემდეგ? 

- რამდენიმე საჩივარია შესული რექტორატში. ერთია დეკანატისა და ადმინისტრაციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კუთხით საკითხის შესწავლა, მეორე - აკრედიტაციის პროცესის ჩიხში შეყვანის მცდელობა იმ მოტივით, რომ ჩემი მოშორება უნდოდათ და მესამე - პროგრამისთვის 8 ხელმძღვანელის დანიშვნის თემა. ყველა ისე შეუდგა საქმიანობას, რომ არ არსებობს აკადემიური საბჭოს დადგენილებაც და ამ პროცესში იძულებული გავხდი - უარი მეთქვა პროგრამის განხორციელებაზე, რადგან ამის საშუალება აღარ მომცეს. ანუ, რეალურად, პროგრამის მდგრადობას შეუქმნეს სერიოზული საფრთხე. არჩევნები უნდა გაიმართოს და მე არ მივიღებ მასში მონაწილეობას, თუმცა იგი უნდა ჩატარდეს ღირსეულად. 

- როგორ ფიქრობთ, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხმა მოგცეს აკადემიური საბჭოს წევრად არჩევის დროს, შეიცვალეს პოზიციები?

- არსებული პრობლემების ამ თემასთან კავშირს ვერ ვხედავ. ვხედავ მხოლოდ იმას, რომ ბოლო ერთ კვირაში ამ ადამიანებმა მიიღეს ძალიან არასწორი და არაკანონიერი ინსტრუქციები - რა უნდა გაეკეთებინათ ჩემთან მიმართებაში. ეს, შესაძლოა, ხვალ განხორციელდეს სოციოლოგიის მიმართულებაზე, გეოგრაფიის მიმართულებაზე, თავად რექტორთან მიმართებით და სხვა მმართველ ორგანოს ხელმძღვანელთან მიმართებითაც. პროცესი იყო ძალიან გაუმჭვირვალე. მე ვითხოვ გამჭვირვალე არჩევნებს! ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოიცეს შესაბამისი ბრძანება იმის შესახებ, რომ დაინიშნა არჩევნები; ამის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის გაზეთში; ინფორმაცია უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე; უნდა განისაზღვროს ვადები კანდიდატებისთვის, რომლებიც დააფიქსირებენ სურვილს. ამ არჩევნებში მონაწილეობაზე სურვილიც კი არ დამიფიქსირებია, რადგან ღამით ელექტრონული წერილი მომწერა ასისტენტ პროფესორმა, რომ არჩევნები ტარდებოდა და მეორე დღეს უკვე აირჩიეს კანდიდატი. ეს არ არის არჩევნები!

- ფიქრობთ, რომ შედეგი შეიცვლება?

- ამ შემთხვევაში ამას არ აქვს მნიშვნელობა. უნივერსიტეტის წესდებაში წერია, რომ ყველა არჩევნები ტარდება გამჭვირვალედ, საჯაროდ, კონკურსის სახით და ფაკულტეტს არ აქვს უფლება - დებულებით რაიმე სხვა განსაზღვროს. არჩევნების შედეგებს უნდა ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია და ეს შედეგი არ უნდა იყოს კულუარებში დაგეგმილი და ამგვარად განხორციელებული. გამოიკვეთა, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო კონკრეტული ადამიანის მოსაშორებლად. სწორედ ეს არის შესაცვლელი უნივერსიტეტში. სულ ეს ქარგა ტრიალებს ჩვენთან! 

2016 წელს გვაქვს საპარლამენტო არჩევნები. მოვა ვიღაცა ახალი ხელისუფლება და, შესაძლოა, ახალ ხელისუფლებას არ მოეწონოს ლადო პაპავა და მერე რაღაც აუგოროს (მაგალითად „კომუნიკაცია დაუწუნოს”). მე ეს ქარგა აღარ მინდა! იმიტომ კი არა, რომ ყველაფერში ვეთანხმებით მე და ბატონი ლადო ერთმანეთს, არამედ იმიტომ, რომ ეს წრე უნდა გავარღვიოთ; აღარ უნდა შევქმნათ მტრის ხატები - ის ზვიადისტია, ის „იმისტია” და ა.შ. ყველა ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. მე არ ვკითხულობ - ჩემი პროფესორი რომელ პარტიას აძლევს ხმას... არ მაინტერესებს და არც სხვას უნდა აინტერესებდეს ეს, რადგან ყველა ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და მინდა, დავფიქრდეთ ამაზე. უნდა დასრულდეს ხელების ფათური უნივერსიტეტში, ყველა პროფესორის და სტუდენტის მისამართით. შევცვალოთ ეს და ვიზრუნოთ მხოლოდ განვითარებაზე!