წლის ადამიანები გაზეთის რედაქციისთვის

18 Dec 2015

ტრადიციულად, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია ყოველი წლის ბოლოს ატარებს შიდა გამოკითხვას, გაზეთისთვის თუ ვინ არის წლის საუკეთესო რესპონდენტი, წლის საუკეთესო თანამშრომელი და წლის საუკეთესო კომუნიკაციის უნარის მქონე ადამიანი? სწორედ ამგვარი დამოკიდებულებების ხარჯზე ვქმნით იმ „პროდუქტს“, რომელსაც მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება ეცნობა. ჩვენს მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულად გამოვლენილ პიროვნებებს ჩვენ ერთი კითხვით მივმართეთ - რამდენად მოსწონთ უნივერსიტეტის გაზეთი? - ანგარიშვალდებულებას ჩვენ განსაკუთრებულად სწორედ ამ ადამიანების წინაშე ვგრძნობთ, რადგან ისინი ჩვენი პრინციპების გულშემატკივარნი არიან და კარგად ესმით უნივერსიტეტის პრესისა და ტელევიზიის დანიშნულება თუ არსი. უნდა ითქვას ისიც, რომ, თუკი, დღეს, გამოკითხულთა უმრავლესობა საუნივერსიტეტო გაზეთის დამოუკიდებლობის ხარისხს აფასებს, ეს უნივერსიტეტის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დამსახურებაცაა. ჩვენ გვახსოვს ის პერიოდიც, როცა უნივერსიტეტის გაზეთის ყოფნა-არყოფნის ბედი განიხილებოდა და ცენზურის ქვეშ ვმუშაობდით, რაც ერთფეროვანს ხდიდა გაზეთს. ახალ რეალობას კი გაზეთის მთელი რედაქცია მიესალმება, რაც ჩვენს პასუხისმგებლობასაც ზრდის, რადგან თავისუფლება ერთგვარი პასუხისმგებლობაცაა.

რა მოგწონთ და რა არა უნივერსიტეტის გაზეთში?

გვესაუბრებიან გაზეთის რედაქციის მიერ წლის საუკეთესო რესპონდენტად დასახელებული კანდიდატები:

დარეჯან თვალთვაძე,
თსუ-ის ვიცე-რექტორი:
- ზოგადად მომწონს, რომ გაზეთს უფრო ინტერესით ვკითხულობ დაახლოებით 2-3 წელია, ვიდრე აქამდე ვკითხულობდი და გაცილებით უფრო მეტ საინტერესო ინფორმაციას ვიღებ, ვიდრე აქამდე შეიძლებოდა - მიმეღო. ეს, ალბათ, შემიძლია გაზეთის პლუსში ჩავთვალო. რა არ მომწონს? - ძნელია თქმა, მაგრამ, მინდა, რომ გაზეთი უფრო მეტად იყოს პოზიტიურზე ორიენტირებული. მესმის, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა უნივერსიტეტში, რაც გამოსასწორებელია და ეს აუცილებლად უნდა იყოს გაზეთის ერთ-ერთი თემა, მაგრამ კარგზეც უფრო მეტი უნდა დაიწეროს იგივე სტუდენტების ცხოვრებიდან, აკადემიური საქმიანობიდან და ა.შ. ანუ მინდა, გაზეთი დაბალანსებული იყოს უფრო მეტად. 

თამარ გაგოშიძე,
თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი:
- მომწონს, რომ აქტუალურ, პრობლემურ თემებზე ბევრი იწერება, რაც ძალიან კარგია. კარგია ის, რომ ყველა მხარე, სტუდენტებისა თუ პროფესორების სხვადასხვა აზრები ფიქსირდება. კარგი იქნება, თუ უფრო მეტი და მრავალფეროვანი რუბრიკა გექნებათ, დავუშვათ, სტუდენტურ ცხოვრებაზე, თავად პროფესორების ცხოვრებაზეც.

სალომე დუნდუა,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი:

- საკმაოდ ინტენსიურად ვეცნობი თქვენს გაზეთს და მომწონს. უბრალოდ, შეიძლება, მეტი ადგილი დაუთმოთ განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტებს ან ლექტორებს. თუმცა ამასაც აკეთებთ და რომ გითხრათ, რომ დიდად მაკლია ამ მხრივ ინფორმაციის მიღება თქვენი გაზეთიდან, სწორი არ იქნება. ვფიქრობ, კარგად ასახავთ მიმდინარე პროცესებს, მაგრამ უფრო მეტი კონკრეტიკა პრობლემებთან დაკავშირებით კიდევ უფრო კითხვადს გახდიდა თქვენს გაზეთს.

 

 

 

 

 

 

დალი კანდელაკი,
თსუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- მომწონს ობიექტურობა და პირდაპირობა, უარს რომ არ ამბობს გაზეთი არც ერთი საკითხის გაშუქებაზე. სურვილი მაქვს, უფრო მეტად გაშუქდეს სტუდენტების საქმიანობა და მათი წარმატებები.

ზურაბ გაიპარაშვილი,
თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი:
- ზოგადად, კატეგორიული არ ვარ. მომწონს, ის, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სახელი, უნივერსიტეტის წარსული, ისტორია, ტრადიციები და ამის გათვალისწინებით, ამ ჭრილში შუქდება დღევანდელობა - ეს არის მნიშვნელოვანი. მიყვარს ყველა და ყველაფერი, ვისაც უნივერსიტეტი უყვარს თავისი ისტორიით და დღევანდელობით და თქვენ ასეთები ხართ. 
რა არ მომწონს? - ასე არ ვიტყოდი! უბრალოდ, თუ შეიძლე-ბა რჩევას მოგცემთ და ვისურვებ, რომ მეტი სტუდენტი ავტორი ჰყოლოდეს თქვენს გაზეთს, რომელშიც პროფესიონალურ დონეზე სტუდენტების მიერ შესრულებული სტატიები დაიბეჭდება. ეს, ერთი მხრივ, იქნებოდა დიდი სკოლა ჩვენი მომავალი ჟურნალისტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. მე ჟურნალისტობას არ ვაპირებდი, მაგრამ ძალიან მეამაყებოდა, თუკი ჩემი ნაწერი უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდებოდა. მეორე მხრივ, ახალი სისხლის გადმოსხმა საინტერესო იქნებოდა თქვენთვისაც, უკვე დაბრძენებული ჟურნალისტებისთვის, როცა თქვენს გვერდით გამოჩნდებოდა ახალგაზრდების პირველი ნაშრომები.

გიორგი გოგოლაშვილი,
თსუ-ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი:
- მომწონს ძალიან ამ ბოლო წლებში პირდაპირობა, სათქმელის პირდაპირ თქმა, მოურიდებლობა ავტორიტეტების მიმართ და კრიტიკულობა. იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, აუცილებლად მოჰყვება განაწყენება როგორც თქვენი კეთილის მსურველებისგან, ისე არაკეთილის მსურველებისგანაც, მაგრამ ამას თუ შეუშინდით, მაშინ გაზეთი აღარ ივარგებს.


ვერ გეტყვით - რა არ მომწონს. შეიძლება, რომ სტუდენტური ცხოვრება და სტუდენტების აზრი სასწავლო პროცესის მიმართ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი გაზეთში. მართალია, გაქვთ ჩანართი სტუდენტებისთვის, მაგრამ მეჩვენება, რომ ცოტა ზოგად პრობლემებზეა საუბრები ამ ჩანართში. თუ სტუდენტურ მხატვრულ შემოქმედებასაც დაუთმობთ გაზეთში ადგილს, ურიგო არ იქნება. ასევე, სასურველია, უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნების შესახებ სისტემატურად მიაწვდით ინფორმაციას მკითხველს.

პაატა ბახტურიძე,
თსუ-ის სტუდენტი, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი:
- უნივერსიტეტის გაზეთი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და გადაცემებსაც რომ აკეთებთ, ძალიან კარგია. საერთოდ, საზოგადოებისთვის სოციალური ქსელებით მიღებული ინფორმაციის ოდენობა და წვდომა ინფორმაციაზე, ბევრია, მაგრამ ძნელია - გამოარჩიო და ამოკრიბო ახალი ამბები უნივერსიტეტიდან. თქვენს გაზეთში კი უნივერსიტეტზე ინფორმაციაა თავმოყრილი, რაც აადვილებს ხელმისაწვდომობას ნებისმიერ ფაქტზე, რაც ჩვენთან ხდება. 
მომწონს, რომ გაზეთში არ არის მხოლოდ ერთი პოზიცია განხილული. გაზეთის ფურცლებზე ვხვდებით ყველანაირი პოზიციის მატარებელი ადამიანის ხედვას. ანუ მომწონს, რომ არ გაქვთ შეზღუდვა და რომ გაზეთი კონკრეტული ადამიანების ჯგუფს არ ეკუთვნის. უნივერსიტეტის გაზეთში ყველას აქვს საშუალება, რომ კომენტარი გააკეთოს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და ეს არის მთავარი, რომ დამოუკიდებლობას ინარჩუნებთ და, ჩემი აზრით, გაზეთი არ ატარებს ვიღაც ადამიანების ინტერესებს. თავისუფალი მედიის წარმოქმნა, საერთოდ, უნივერსიტეტიდან უნდა დაიწყოს და ამის ძალიან კარგი მაგალითია თქვენი გაზეთი.


რა არ მომწონს? - რთული კითხვაა. ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ვეცნობი ამ გაზეთს. სიმართლე გითხრათ, ჩემი დანაშაულია, რომ ადრე იმდენად აქტიურად არ ვაქცევდი ყურადღებას უნივერსიტეტის პრესას. ახლა კი უკვე ჩამოყალიბებული მაქვს აზრი: გაზეთი მაქსიმალურად ინფორმაციულია არა მარტო სტუდენტური პოზიციების გამოხატვის კუთხით, არამედ სხვა საგანმანათლებლო პროცესებთან დაკავშირებითაც. მე რომ გადაწყვეტილების მიმღები ვიყო, ერთ რამეს შევცვლიდი - ერთ გვერდს ოფიციალურად დავუთმობდი სტუდენტურ ცხოვრებას უნივერსიტეტში და ყველას ეცოდინებოდა, რომ აი, ამ გვერდზე გადაფურცვლისას გაეცნობა სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას, თუნდაც ანონსების და მოკლე ინფორმაციების სახით.

ლევან ლორთქიფანიძე,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი, სენატის წევრი:


- უნივერსიტეტის გაზეთში მომწონს ის, რომ აღნიშნული გამოცემა ტრადიციას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ათწლეული გავიდა და თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლეს მედიის უძველესი საშუალებები, „თბილისის უნივერსიტეტი“ მაინც ცდილობს თავისი მყარი პოზიციის შენარჩუნებას სტუდენტთა და პროფესორთა შორის. უნივერსიტეტის გაზეთში გამოქვეყნებულ უმცირეს წერილს კვლავ ძველებური მნიშვნელობა და გავლენა აქვს აკადემიურ და სამოქალაქო საზოგადოებაზე. უაღრესად დასაფასებელია გაზეთის ღია დამოკიდებულება უნივერსიტეტში არსებული მრავალფეროვნებისადმი. ყველაზე მცირე და მარგინალურ გაერთიანებებსაც კი აქვთ შანსი, რომ გამოცემის ფურცლები საკუთარი პოზიციების არგუმენტირებულად ჩამოყალიბებისთვის გამოიყენონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თსუ-ის ნომერ პირველ მედიის საშუალებას უშუალოდ ადმინისტრაცია არ მართავს და მასზე კონტროლის განხორციელება მაღალი ნდობის მქონე პირების მიერ დაკომპლექტებულ საბჭოს ევალება. 
ჩემი სურვილია, რომ უნივერსიტეტის გაზეთი თსუ-ის რეკლამის საშუალება არ იყოს. გაზეთი უპირატესად უნივერსიტეტის შიგნით მიმდინარე მოვლენების გამშუქებლად არ უნდა გვევლინებოდეს. მისი მთავარი პრიორიტეტი უმკაცრესი და კონსტრუქციული კრიტიკის ხელშეწყობა უნდა იყოს. ამასთანავე, ყველაფერს გავაკეთებდი გაზეთში აკადემიური პოლემიკის უკეთ წარმოჩენისთვის და უფრო მეტ გვერდს დავუთმობდი სტუდენტურ სტატიებს.

 

რედაქციის მიერ გამოვლენილი წლის საუკეთესო კომუნიკაციის უნარის მქონე თანამშრომლები:

ნუნუ ოვსიანიკოვა,
თსუ-ის კანცელარიის ხელმძღვანელი:


- გაზეთი მომწონს, რადგან ყველა აქტუალურ საკითხს ძალიან სწრაფად ეხმაურება. თქვენი ყურადღების მიღმა არაფერი რჩება და ეს კითხვადს ხდის გაზეთს. ამასთან ერთAდ, ვისურვებდი, რომ გაზეთის ყველა ნომერში გქონდეთ სტუდენტის გვერდი, რომ უფრო ხშირად ვუსმინოთ სტუდენტებს.

ქეთი თუთბერიძე,
თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე:


- ჩემთვის მისაღებია ის ფორმა, რა ფორმითაც გამოდის გაზეთი და ჯობია იმას, რაც ჩემი სტუდენტობის დროს იყო - ერთფეროვანი და შავ-თეთრი. ყველა აქტუალური საკითხი, ეს ეხება აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს თუ თანამშრომლებს, ყველაფერი ძალიან ობიექტურად არის გაშუქებული დღევანდელ გაზეთებში და ჩემთვის სავსებით მისაღებია ასეთი მიდგომა. მინდა გითხრათ, რომ როგორც კი ჩვენთან შემოიტანთ ხოლმე გაზეთებს, ზუსტად 2-3 დღეში საერთოდ აღარ რჩება. გაზეთით დაინტერესებულნი არიან როგორც ახალი, ისე ძველი თანამშრომლები, სტუდენტებიც. ძალიან კარგი კოლექტივი გყავთ და მივესალმები ამ ყველაფერს, რომ ასეთი საყვარლები ხართ.

 

რედაქციის მიერ გამოვლენილი წლის საუკეთესო თანამშრომელი:

ოთარ გოგიტაშვილი,
ავტოფარეხის ხელმძღვანელი:


- თქვენს გაზეთს სისტემატურად ვერა, მაგრამ, ზოგადად, ვეცნობი. ასახავთ იმას, რაც ხდება და იგეგმება უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში რა სიახლეებია, ამას მხოლოდ საუნივერსიტეტი პრესის საშუალებით ვიგებ, რადგან მე არ ვტრიალებ მაღალ საზოგადოებაში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მოგესმსახუროთ მანქანებით. ნორმალური, მოწესრიგებული ტრანსპორტი თუ არ არსებობს, ვერც ერთი სტრუქტურა ვერ იმუშავებს. მადლობას მოგახსენებთ, რომ ჩვენით კმაყოფილები ხართ და მინდა გითხრათ, ყველასგან კმაყოფილება მესმის. ძველ პერიოდში, გავიხსენებ შევარდნაძის პერიოდს, როცა ფარეხი არ ფუნქციონირებდა, გვქონდა ძველი მანქანები, რასაც მხოლოდ რაიმეს გადაზიდვისთვის იყენებდნენ. მაშინ ჩამკვდარი იყო ყველაფერი, ახლა კი შეგვიძლია ყველგან მივიდეთ, პრობლემა მოგვარდეს სწრაფად და ხარისხიანად.

 

რედაქციის მიერ გამოვლენილი „სტუდ-ეტიკის“ (გაზეთის ჩანართი) ყველაზე აქტიური კორესპონდენტი:

თემურ ბეჟანიძე, სტუდენტი:
- მადლობა, რომ დამასახელეს ყველაზე აქტიურ კორესპონდენტად „სტუდ-ეტიკში“. რაც მომწონს, არის ის, რომ ნებისმიერი პოზიცია ფიქსირდება გაზეთში, იქნება ეს კრიტიკული სტატია თუ, ზოგადად, სტუდენტური ცხოვრების ამსახველი. მეც მქონია თქვენთან მოტანილი კრიტიკული სტატია, რომელიც მთავარ გვერდზეც კი დაიბეჭდა, ანუ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. იბეჭდება ყველა მოსაზრება და, ამ მხრივ, გაზეთი არის მრავალფეროვანი. ვისურვებდი, რომ 2 საგაზეთო გვერდზე მეტი დაეთმოს სტუდენტების აზრების, პოზიციებისა და განწყობების ასახვას.