გიორგი ანდრაზაშვილის შემოქმედებით საღამოზე

17 Nov 2015

„ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა, რისთვისაც აუცილებლად მიმაჩნია განუწყვეტელი სწავლა და მუხლჩაუხრელი შრომა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იმედი მაქვს, რომ ღირსეულ სამსახურს გავუწევ არა მხოლოდ ჩემს სამშობლოს, არამედ მთელს მსოფლიოს“, - ასეთი თამამი განაცხადით წარსდგა მსმენელის წინაშე თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი გიორგი ანდრაზაშვილი 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამართულ საკუთარ შემოქმედებით საღამოზე.

გიორგი დღეს ჯარისკაცია და სამხედრო მოვალეობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მივლინებით, ბიბლიოთეკის დაცვის სამსახურში იხდის. სწორედ აქ დაინტერესდნენ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის თანამშრომლები გიორგის შემოქმედებით და გადაწყვიტეს მისი საოცარი ნიჭიერების წარმოსაჩენად ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი დაეთმოთ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდა მაშინვე შეამჩნია და ჩუმად ადევნებდა თვალყურს მის საქმიანობას: „როდესაც შემოვდივარ სამსახურში, ვხედავ - როგორი მონდომებითა და გულისყურით კითხულობს გიორგი მისი ასაკისთვის შეუფერებელ საკმაოდ მნიშვნელოვან და სერიოზულ ლიტერატურას, რაც ახალი თაობის ადამიანისთვის მართლაც იშვიათი ამბავია. გიორგი არა მარტო ლიტერატურაში, არამედ სხვა სფეროებშიც საკმაოდ კომპეტენტური და განსწავლულია. საოცარია, ამ ასაკის ახალგაზრდამ ამდენი რამის ცოდნა როგორ მოასწრო“, - გვითხრა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

„ნიჭიერება, უმთავრეს შემთხვევაში ღვთის წყალობაა, ღვთისგან მიღებული „სესხია“ და თუ ადამიანი ამ ვალის გაცემას დროულად დაიწყებს, საკუთარი თავის აღმოჩენის კარგი შანსი ეძლევა. ასეთ ადამიანს არ რჩება დრო ვინმეზე გაბრაზდეს, აწყენინოს, იგი თავის თავში ეძებს ღვთისგან ბოძებულ ნიჭს და მის განვითარებაზე ზრუნავს. აი, ასეთი ახალგაზრდაა გიორგი ჩემთვის. მან შეძლო საკუთარ თავში აღმოეჩინა ის შესაძლებლობები, რომლებიც მის ცხოვრებას უფრო საინტერესოს და გამორჩეულს გახდის“, - აცხადებს ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ნინო გედენიძე.
შემოქმედებით საღამოზე გიორგი ანდრაზაშვილის ლექსებს ცვლიდა მუსიკალური პაუზა - მის მიერვე შესრულებული ბეთჰოვენის, შოპენის, ლისტის ნაწარმოებები.

„ადრე მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი, განსაკუთრებით მიზიდავდა ბეთჰოვენი, ლისტი, შოპენი, რახმანინოვი. ყოველთვის მინდოდა „მთვარის სონატის“ დაკვრა. შემდეგ რთულმა, ლამაზმა და მელოდიურმა ნაწარმოებებმა გამიტაცა. ლისტი ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა, ახლა მისი „უნგრული რაფსოდიის“ დამუშავებას ვცდილობ და ვატყობ, რომ ის ტემპი, რომლითაც ვმეცადინეობ, საკმარისი არ არის. ჩემი აზრით, დრო რომ მქონდეს, პრობლემა მოიხსნებოდა“, - გვითხრა გიორგი ანდრაზაშვილმა.

მსმენელი აღაფრთოვანა ჰაინრიხ ჰაინეს ლექსების მისეულმა თარგმანმა და გერმანულ ენაზე, ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღებიდან“ ფრანც მოორის როლის ემოციურმა შესრულებამ. პოეტის, მუსიკოსის, თარჯიმნისა და მსახიობის ამპლუას ახალგაზრდა ხელოვანი ერთნაირი ოსტატობით ირგებდა.

„ძალიან მიყვარს საქართველოს ისტორია, ასევე, ფიზიკა-მათემატიკა, მინდა კარგად ვერკვეოდე სამართალწარმოებაში, უზომოდ ვარ შეყვარებული ძველ ქართულ ლიტერატურაზე, მაინტერესებს თითქმის მეცნიერების ყველა დარგი, მიტაცებს მუსიკა, თეატრი, ლიტერატურა.

პატივს ვცემ და ვიზიარებ მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ ღირებულებებსა და ფასეულობებს. თავისუფალ დროს მიყვარს დიდი მეცნიერების ნაშრომების კითხვა ფიზიკაში, მათემატიკაში, ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე“, - ამბობს გიორგი და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხალხურ საკრავთა ანსამბლ „საუნჯესა“ და მის ხელმძღვანელ ლევან ქორიძესთან ერთად სალამურზე ზაქარია ფალიაშვილის, რევაზ ლაღიძის, ვიქტორ დილიძისა და სხვა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს ისეთივე ოსტატობით ასრულებს, როგორც ლისტისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებებს.

20 წლის სტუდენტის გიორგი ანდრაზაშვილის შემყურე იფიქრებდით, რომ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია. იგი ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია. დამთავრებული აქვს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლა, პარალელურად, ხელოვნებასაც ეზიარება.

მართალია, გიორგი თავის პირველ შემოქმედებით საღამოზე ძალიან ღელავდა, მაგრამ ამას საკუთარი ნიჭიერების ზეიმისთვის ხელი არ შეუშლია. მან შესძლო მაყურებლამდე თავისი ემოციის, განცდის მიტანა და მსმენელი საკუთარი შემოქმედების ფანებად აქცია.