ახ­ალი გა­რე­მო­ება უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და პან­დე­მი­ის კვა­ლი

19 Sep 2020

ახალი სასწავლო წელი 14 სექტემბერს უნივერსიტეტში დისტანციური სწავლის ფორმატით დაიწყება. სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრიდან, სავარაუდოდ, ჩვეულ რეჟიმში — აუდიტორიებში განახლდება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ქვეყანაში.

რა წესების დაცვაა საჭირო პანდემიის პირობებში?

რა სიახლე დახვდებათ სტუდენტებს უნივერსიტეტში?

რა ახალ შეღავათებს აწესებს ადმინისტრაცია?

რა პირობა შეასრულა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და როგორია ახალი გარემო დაწესებულებაში, სადაც პანდემიამ თავისიკ ვალი დატოვა?

კითხვებს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ სტუმარი — თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე პასუხობს, რომელიც აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა — ახალი სასწავლო წელი ღირსეულად დაიწყოს, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა.

გვე­სა­უბ­რე­ბა ლა­შა სა­ღი­ნა­ძე

– რა სიახლეებით ხვდება თსუ ახალ სასწავლო წელს? როგორ დაიწყება სწავლა? რა წესების დაცვაა გათვალისწინებული პანდემიის პირობებში?

– პირველ რიგში, აღსანიშნავია ის სიახლე, რომ წელს 5082 პირველკურსელი გახდა თსუ-ის სტუდენტი. ამ კუთხით პირველები ვართ საქართველოში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გრანტის მქონე სტუდენტების 35 პროცენტი მოხვდა თსუ-ში. შედარებისთვის ვიტყვი, რომ მეორე ადგილზე მყოფ უნივერსიტეტში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9 პროცენტია, ანუ ყოველი მესამე სტუდენტი და ცოტა უფრო მეტიც კი გრანტის მქონე სტუდენტი გვყავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა.

გარდა ამისა,სასიხარულო ინფორმაციაა ისიც, რომ თსუ-ის ორმა პროგრამამ — ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია დაკომპიუტერული მეცნიერებები — საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ABET-ის მიერ მონიჭებული აკრედიტაციით თსუ-ის კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. გარდა მომავალი კურსდამთავრებულებისა, თსუ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის 2017, 2018, 2019 და 2020 წლის, ხოლო ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამის 2018, 2019, 2020 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომებიც საერთაშორისო აღიარების მქონეა.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტირებული მეორე კორპუსის ნახევარი ფლიგელის რემონტს 15 სექტემრისთვის დავასრულებთ, რის შემდგომაც დაგვჭირდება გარკვეული დრო აუდიტორიების ავეჯით, მერხებითა და მაგიდებით მოსაწყობად. ოქტომბრის დასაწყისიდან ჩვენ შევძლებთ, რომ მეორე კორპუსში მივიღოთ როგორც იურიდიული ფაკულტეტის, ისე იმ ფაკულტეტის სტუდენტებიც, რომელთაც მეორე კორპუსში ჰქონდათ სასწავლო მეცადინეობები. ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა როგორც სტუდენტებისთვის, ისე პროფესორ მასწავლებლებისთვის და ადმინისტრაციისთვისაც. აღნიშნული სამუშაოები უფრო ადრე რომ არ დასრულდა, ამაზე გავლენა პანდემიურმა პროცესებმა, გარკვეულწილად იქონია. რა შედეგიც გვაქვს ამ ეტაპზე, დიდ მიღწევად შეიძლება ჩავთვალოთ. სამშენებლო კომპანიამაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დროულად დამთავრებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეს კორპუსი 25000 კვ.მ. ფართობისაა, არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,რომლის რემონტსაც, შესაბამისად სპეციფიური სამუშაოები დასჭირდა.

სწავლას14 სექტემბერს ვიწყებთ დისტანციურ ფორმატში. 1 ოქტომბრიდან გარკვეული ლექციების ნაწილი და ასევე, სემინარები აუდიტორიებში ჩატარდება. რა თქმა უნდა ცალკეული ფაკულტეტები შეადგენენ თავის გრაფიკს, მაგრამ, ალბათ ყველა მიმართულებაზე პრინციპი და პროპორცია ერთი იქნება. მთავარია პირნათლად შევასრულოთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სტუდენტებს შორის გარკვეული დისტანციის დაცვას, ანუ დიდ კონტიგენტიანი სტუდენტების განდაკომპლექტებულ ჯგუფებს ლექციები აუდიტორიებში ვერ ჩაუტარდებათ. 100, 200, 300 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფები ლექციებს დისტანციურ ფორმატში მოისმენენ. გადავწყვიტეთ, რომ საგამოცდო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს და არა დისტანციურად. შემდგომ უკვე ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და იმ რეკომენდაციებზე, რომელსაც ჯანდაცვის სტრუქტურები გასცემენ. ჩვენთან ყველა სტუდენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული (თერმოსკრინინგის განხორციელებიდან დაწყებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობით დამთავრებული). ამ ყველაფერს ჩვენ უზრუნველვყოფთ. ყველა მერხზე ე.წ. სტიკერები იქნება დაკრული და მოვნიშნავთ იმ ადგილებს, სადაც სტუდენტებს განთავსება შეეძლებათ, რათა შესაბამისი დისტანცია იქნეს დაცული.

სიახლეა ისიც, რომ მაღლივი კორპუსის სამი სართული (მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე ) სრულად რეაბილიტირებულია. მომავალი წლისთვის რეაბილიტაციის პროცესს შემდეგ სართულებზეც გავაგრძელებთ. ძალიან სასიხარულო ფაქტია ის, რომ მაღლივი კორპუსის ფოიეში, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით და ბრწყინვალე სტუდენტური სივრცე მოვაწყვეთ, სადაც ნებისმიერ სტუდენტს თუ აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა აქვს ლექციებს შორის შესვენების დროს ან საგამოცდო პროცესისთვის მომზადების პერიოდში დაისვენოს მყუდრო გარემოში. სტუდენტური სივრცეების კეთილმოწყობის პროცესს ყველა კორპუსში გავაგრძელებთ. ჩვენი პირობაა — 2021 წლის ბოლომდე ყველა სასწავლო კორპუსში თანამედროვე ტიპის სტუდენტური სივრცეები გაჩნდეს.

– სტუდენტები ხშირად ითხოვენ კვების ობიექტების ფუნქციონირებას სასწავლო კორპუსებში ან მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მხრივ რა ვითარებაა?

– ამ პერიოდში კვების ობიექტების თემა ცოტა პრობლემურია. იცით, რომ პირველი კორპუსის ეზოში ფუნქციონირებს და პოპულარობით სარგებლობს ჩაის სახლი. პანდემიის დროს ჩაის სახლის გარე სივრცეც მოეწყო. რაც შეეხება კვების ობიექტებს მაღლივ კორპუსსა და ბიოლოგების კორპუსში, კვების ეს ობიექტები დეკემბერ-იანვრის თვეებში გავხსენით, შემდგომ დაემთხვა არდადეგების პერიოდი და სწავლის დაწყების დრო რომ მოვიდა, პანდემიის გამო უკვე ყველაფერი დაიკეტა. იმ კომპანიას, რომელიც გვემსახურებოდა, გარკვეული პრობლემები შეექმნა, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან კვების ობიექტებმაც იფუნქციონიროს იმ რეკომენდაციების დაცვით,რაც არსებობს ქვეყანაში. დანარჩენ კორპუსებშიც გარკვეული ტიპის სამუშაოებს ვახორციელებთ. ახლაც გვაქვს გარკვეული ტენდერები, რაზეც მომავალში უფრო ვრცლად მოგახსენებთ.

– სწავლის გადასახადის ეტაპობრივი გადახდის რა სქემას სთავაზობთ სტუდენტებს?

– შეღავათიანი პირობები სწავლის გადასახადის დაფარვის კუთხით ჩვენთან აქამდეც მოქმედებდა. პანდემიური პროცესებიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს არეალი.მოქმედებს საშეღავათო პერიოდი ყველა სტუდენტისათვის. ერთადერთი გამონაკლისია პირველსემესტრელი, რომელსაც უწევს სემესტრის საფასურის გადახდა, დანარჩენ შემთხვევაში ნებისმიერ სემესტრელ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მოგვმართოს განცხადებით და სწავლისთვის გადასახდელი თანხის დაფარვის გრაფიკს ისე შევუდგენთ, როგორც მას სურს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ ბიუჯეტიდან, წლიურად, 600000 ლარი გვაქვს გათვალისწინებული წარჩინებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების კუთხით, ანუ წარჩინებულ მოქმედ სტუდენტებს ვუფარავთ სწავლის საფასურს.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში მილიონზე მეტი გვაქვს გათვალისწინებული სტიპენდიებისთვის წარჩინებული სტუდენტების დასაფინანსებლად. ასევე, გვაქვს სტუდენტური პროექტები, რომლის ბიუჯეტი 800000 ლარამდეა. ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს თუ სტუდენტურ ჯგუფს შეუძლია შემოიტანოს პროექტი და მიიღოს დაფინანსება. საერთო საცხოვრებლებშიც გადასახადებზე საშეღავათო გრაფიკი დავაწესეთ. პანდემიის დაწყებისთანავე საერთო საცხოვრებლის მკვიდრ გარკვეულ კატეგორიას (ვინც სამსახური დაკარგა, სოციალურად დაუცველებს, ობლებს და ასე შემდეგ) მაისის თვიდან სექტემბრამდე გადასახადი საერთოდ მოვუხსენით, ზოგს კი შევუმცირეთ, მათ მხოლოდ 30%-ის გადახდა უწევთ. ეს საშეღავათო პერიოდი სექტემბრიდანაც გაგრძელდება, რადგან ვხედავთ, რომ სტუდენტებს გარკვეული პრობლემები ჯერ კიდევ აქვთ.

– ემატება თუ არა ხელფასი ადმინისტრაციულ პერსონალს, როგორც ეს იყო დაანონსებული?

– იმის მიუხედავად, რომ „კოვიდ-19“- მა გარკვეული სირთულეები მოიტანა და ეს ყველაფერი აისახა უნივერსიტეტზეც (სტუდენტების გარკვეულ ნაწილს სწავლის საფასურის გადახდის პრობლემა შეექმნა, რამაც უნივერსიტეტის შემოსავლები შეამცირა), ჩვენ ჩვენს დაპირებას მაინც ვასრულეთ და სექტემბრის თვიდან ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს გარკვეული ოდენობით ანაზღაურებას ვუზრდით. ჩვენ ვაფართოვებთ სპეციალისტების კატეგორიების ჩამონათვალს კარიერული ზრდის უზრუნველსაყოფად. მომავალშიც, ნებისმიერი შესაძლებლობის შემთხვევისთანავე, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე აკადემიურ პერსონალს გავუუმჯობესებთ პირობებს.

– შემუშავდა თუ არა ადმინისტრაციული პერსონალისთვის ახალი სამუშაო გრაფიკი პანდემიის პირობებში?

– ჩვენ ვმოქმედებდით საქართველოს მთავრობის დადგენილებით,რომლის მიხედვითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედებდა დისტანციური მუშაობის რეჟიმი. ეს დადგენილება მოქმედებს 2019-2020 წლის სასწავლო წლის ბოლომდე, ჩვენს შემთხვევაში 14 სექტემბრამდე. 14 სექტემბრიდან რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ ველოდებით ახალ დამატებით რეკომენდაციებს, თუმცა ხაზგასასმელია, რომ 14 სექტემბრიდან, როცა უკვე სწავლას ვიწყებთ, ადმინისტრაციული პერსონალის გარკვეული რაოდენობა უნივერსიტეტში,რათქმა უნდა, ფიზიკურად იქნება, რადგან სტუდენტებიც და პროფესორებიც ივლიან. თუმცა, შევეცდებით, გარკვეული მორიგეობა დავაწესოთ — ზოგს დისტანციურად მოუწევს მუშაობა, ზოგი კი დადგენილ დღეებში ჩვეულებრივად ივლის სამსახურში.

ნინო კაკულია