ნინო გელოვანის ახალი სახელმძღვანელო - „სატელევიზიო სერიალის სპეციფიკა“

25 Nov 2019

„სატელევიზიო სერიალის სპეციფიკა“ - ასე ჰქვია თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების მიმართულების პედაგოგის, რეჟისორის და პროდიუსერის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის  ნინო გელოვანის ახალ სახელმძღვანელოს, რომელიც ახლახან თსუ-ის გამომცემლობამ გამოსცა. 
რამ განაპირობა  და რა ფაქტორებით იყო განპირობებული წიგნის შექმნის იდეა, ამაზე თავად ავტორი, ნინო გელოვანი გვესაუბრება: „XX საუკუნეში სერიალი სატელევიზიო მედიაპროდუქციის დომინანტი გახდა. სერიალები მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალრეიტინგულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ჟანრის მიმართ მოთხოვნა გაზრდილია, რაც გარკვეული ფაქტორებით არის გამოწვეული, პირველ რიგში კი იმითაც, რომ სერიალებში გადმოცემული ამბავი უფრო მეტად უახლოვდება ცხოვრებისეულ რეალობას. წიგნი - „სატელევიზიო სერიალის სპეციფიკა“, როგორც თეორიული ნაშრომი, გარკვეული ხედვის საფუძველზე ჩამოყალიბდა“. 
ნინო გელოვანის თქმით, ტელესერიალი – ეს არის მხატვრული ან დოკუმენტური პროდუქტი, რომელიც ჟანრობრივად განსხვავებულია - (ეს შეიძლება იყოს დრამა, კომედია, ისტორიული თუ დღევანდელობის ამსახველი მასალა), სადაც მთავარია  დინამიკა, რომელიც მაყურებელს პირველივე სერიიდან ითრევს და „აიძულებს“ - მომდევნო სერიებსაც უყუროს. „საქართველოში სერიალები 90-იან წლებში შემოიჭრა ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ მზარდი პოპულარობით სარგებლობს. სატელევიზიო სერიალები მასობრივი კულტურის ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თანამედროვე სატელევიზიო სივრცეში. გარდა ამისა, ტელესერიალს, იდეოლოგიურთან ერთად, მრავალი სხვა ფუნქციაც აქვს შეთავსებული: მას შეუძლია მაყურებლამდე მიიტანოს კვაზიკომუნიკაციური (წარმოსახვითი, მოჩვენებითი) ღირებულებები“, - ამბობს წიგნის ავტორი. 
ნინო გელოვანის თქმით, საქართველოში  სატელევიზიო სერიალების სპეციფიკის შესახებ ლიტერატურა მწირია. ამ კუთხით არც შესაბამისი კრიტიკა არსებობს. ამიტომ დაიბადა ამ წიგნის შექმნის იდეა. „ნაშრომში განხილულია  სატელევიზიო სერიალის კლასიფიკაცია, მისი განვითარების ეტაპები, მარკეტინგული თუ სოციალური დანიშნულება. ტელესერიალი, როგორც სატელევიზიო პროდუქტი, იქმნება სოციუმის გარკვეული სეგმენტისთვის და, როგორც ფენომენი, გავლენას ახდენს ამ სოციუმზე. ტელესერიალზე მუშაობის პროცესის შესასწავლად აკადემიურ ლიტერატურასთან ერთად დავეყრდენი ემპირიულ კვლევას, რომელიც ადვილად გასაგები იქნება როგორც პროფესიონალებისთვის, ისე არაპროფესიონალებისთვის და გათვლილია  სასწავლო კურსისთვის“, - აცხადებს ნინო გელოვანი.
რატომ  უნდა სწავლობდეს სატელევიზიო სერიალების სპეციფიკას სტუდენტი? - ამ კითხვაზე ნინო გელოვანი ამბობს, რომ დღევანდელ პირობებში, სადაც სატელევიზიო სივრცეში თუ ინტერნეტში სერიალების „ბუმია“, ამ ჟანრმა სოციალურ-კულტურული მნიშვნელობა შეიძინა. ამიტომ დარგობრივი სპეციალისტისთვის ამ სფეროს შესწავლა მნიშვნელოვანია: „ჩემი, როგორც პედაგოგის,  ძირითადი მოვალეობაა რეჟისურა ვასწავლო, მათ შორის, სერიალის რეჟისურაც, რომელსაც თავისი სპეციფიკა აქვს. თანამედროვე მედეასივრცე მთელ მსოფლიოში დიდ დროს უთმობს სერიალებს, რადგან ეს მომგებიანი პროდუქტია და მას ბევრი მაყურებელი ჰყავს“, - ამბობს ნინო გელოვანი.   
როგორ ხდება სერიალის გადაღება და რა პროცესები უძღვის ამ რთულ სამუშაოს წინ, ამის შესახებ რეჟისორს მთელი თავი აქვს მიძღვნილი თავის დისერტაციაში, სადაც ასევე საუბრობს დრამატურგიის მნიშვნელობასა და სხვა საკვანძო საკითხებზე, რომელიც სერიალის გადაღებას ახლავს. რაც შეეხება ქართულ სერიალებს და მათ რეიტინგს სატელევიზიო სივრცეში, საუბარი იქნება ახალ წიგნში, რომლის გამოცემასაც იგი უახლოეს მომავალში გეგმავს. „გასულ წელს ლამბერტის აკადემიური გამომცემლობის მხარდაჭერით გამოვეცი წიგნი „სატელევიზიო პროდუქციის ზოგიერთი ასპექტი“, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა  საუნივერსიტეტო პროგრამაში შეიტანეს და, ამასთან, A„ამაზონზე“ და სხვა უცხოურ საიტებზე უკვე გაყიდვაშია“, - ამბობს ნინო გელოვანი. Eეს რიგით მეორე საავტორო წიგნია. 
სახელმძღვანელოს მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის რეჟისორი მადლობას უხდის სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, პროფესორ ალექსანდრე ვახტანგოვს. წიგნის გარეკანის დიზაინერს მიხეილ ჩხენკელს, ილუსტრაციების ავტორს ანდრო ამბარცუმიანს, ელენე გელაშვილს და თსუ-ის გამომცემლობას.