ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია მერაბ მამარდაშვილზე

12 Apr 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, თსუ-ის პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,მერაბ მამარდაშვილი და თანამედროვე ფილოსოფია“. ‘ღონისძიებას სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
„მერაბ მამარდაშვილისთვის ფილოსოფია არ იყოფოდა თანამედროვე და ძველ ფილოსოფიად. ფილოსოფია მისთვის იყო ერთი დიდი ტრადიცია, რომელსაც სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა გამოწვევები ჰქონდა. ეს იყო ამ გამოწვევებზე საპასუხოდ გონების ძალისხმევით შექმნილი ახალი ხედვის კუთხეები, მექანიზმები სამყაროს შეცნობის, სამყაროს კონსტრუირების, რამაც შეუქცევლად გაამდიდრა და უფრო ნიუანსური გახადა ჩვენი ხედვა სამყაროზე. მამარდაშვილი ის ფილოსოფოსია, რომელიც ცხოვრებისეულად უდგებოდა ფილოსოფიას და ფიქრობდა ცხოვრების საზრისზე“, - ამ სიტყვებით დაიწყო პროფესორმა საჯარო ლექცია, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა ქართველი ფილოსოფოსის, მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მამარდაშვილის ფილოსოფიაზე, რომლის საყრდენს წარმოადგენდა ცნობიერების ფენომენი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ჩამოყალიბებაში. მან, ასევე, მსმენელს გააცნო ახალი აქცენტები და ახალი მიმართულებები ფილოსოფიაში: ეგზისტენციალიზმი, ფენომენოლოგია, სტრუქტურალიზმი და სხვა. ასევე გაიხსენა მერაბ მამარდაშვილის შეხედულებები ფილოსოფიის შესახებ - მისი თვალთახედვით, ფილოსოფია არის აზრის დაბადების პროცესი, გარკვეული აზროვნებითი აქტი და არა მშრალი თეორია და მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიური აპარატი, რომელიც აზროვნების აქტის შემდგომ და შედეგად ყალიბდება, არამედ ამ შედეგებამდე არსებული აზრის სტიქია, რეალობის ფილოსოფიური გააზრების მამაცური აქტი. სწორედ ასეთ აზრს თვლიდა იგი ჭეშმარიტ ფილოსოფიად. როგორც პროფესორმა აღნიშნა, მერაბ მამარდაშვილი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება აზროვნების აქტს. „ისე უნდა ვიაზროვნო, რომ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში არ მოვიდე“, - ასე ამბობდა თვითონ ფილოსოფოსი.
„პატივი მერგო დავსწრებოდი მერაბ მამარდაშვილის 3 ლექციას და ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მისი დამოკიდებულება ფილოსოფიასთან არ იყო დამკვირვებლური, არც იმას გვასწავლიდა - თუ როგორ მივუდგეთ ცხოვრებას ფილოსოფიურად. თვითონ ლექცია იყო მისი ცდა ფილოსოფიაში: ლექციის დროს თავად ფიქრის ნაკადში შევყავდი, გიქმნიდა უცნაურ, თითქოს მაგიურ განცდას, რომ ეს ნაკადი შენსავე ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან მოდიოდა რეზონანსში და ეს გამოცდილება ფილოსოფიის შუქზე გამოჰყავდა... ამდენად, მის ფილოსოფიას თუთიყუშივით ზეპირად ვერ გადმოსცემ, უნდა ეცადო და ძალისხმევა მიაყოლო ამ ფიქრს, რათა გახდე თანამონაწილე, თანაშემოქმედი მისი ნააზრევისა. მას შეუძლია, ის, რაც სხვა ფილოსოფოსში არ მოგწონს, უცებ იმ მოულოდნელი და ლამაზი კუთხით დაგანახოს, რომ იტყვი - დიახ, ეს მართლა შეიძლება ასეც დაინახო. მერაბ მამარდაშვილი პარადოქსულად აკრისტალებს სხვა ფილოსოფოსის აზრებს და ისეთ სიღრმეში შედის, რომ სრულიად განსხვავებულად დაგანახებს ნააზრევს. იგი გაჩვენებს - თუ რამხელა შინაგანი ერთობა ჰქონიათ გარეგნულად და ზედაპირზე დაპირისპირებულ და თითქოს ურთიერთგამომრიცხავ ფილოსოფიურ შეხედულებებს, რომელსაც შენ აქამდე ვერც ამჩნევდი“, - აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა, რომელმაც საუბრის დროს ერთმანეთისგან განსხვავებული ფილოსოფოსების: ნიცშესა და მარქსის მაგალითი მოიყვანა, რომლებიც მამარდაშვილის თქმით, ავთენტურს ეძებენ ფენომენების მიღმა და ამაში ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: „მათ ფილოსოფიური მუხტი საერთო აქვთ. ისინი მამარდაშვილმა ახალი კუთხით დაგვანახა და ხვდები, რომ ასე დაპირისპირებულნი სულაც არ ყოფილან. ფუნდამენტურ საკითხებში ისინი ერთმანეთს ჰგვანან და მათი ფიქრი ერთი საერთო სიდიდისა და მასშტაბისაა“. 
მას წინასწარი სულგრძელი, ნდობით გაჯერებული განწყობა აქვს სხვა ფილოსოფოსის ნააზრევის მიმართ. აკი, თვითონაც აღნიშნავდა: „როცა ამ საკითხს ასე ვუდგები, ანუ წინასწარ ვაღიარებ, რომ დავინახავ მნიშვნელოვან სათქმელს ამა თუ იმ ფილოსოფოსში, მაშინ დავინახავ კიდეც მას. ნეტარ ავგუსტინეს აქვს ნათქვამი: „რწმენა არის დაიჯერო ის, რაც ჯერ არ გინახავს და ჯილდო ამისთვის არის ის, რომ კიდეც იხილო ის, რაც დაიჯერე“, - განაცხადა პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა. 
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მერაბ მამარდაშვილისთვის ფილოსოფია არის ჩავარდნა ისეთ უნივერსალურ ფიქრში, როცა მთელი კაცობრიობისთვის ფიქრობ და არა პირადი „მე“-ს ვიწრო ინტერესისთვის. „ფილოსოფია არის ჭეშმარიტების ძიება, როცა საკუთარი თავისთვის კი არა - კაცობრიობისთვის ფიქრობ, რომელიც არ დაიყვანება რაღაც კონკრეტულზე, ემპირიულზე. არ შეიძლება ფილოსოფია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა უკეთესად ვიცხოვროთ - ეს არ იქნება ფილოსოფია! ფილოსოფია არის აწ და ახლა ფიქრი მარადიულზე, როცა შენ კი აღარ მართავ ფიქრს, უბრალოდ, გრძნობ ასეთი ფიქრის აუცილებლობას. ეს ის წუთია, როცა ჭეშმარიტებამ შენშივე, ასე ვთქვათ, „გაიზმორა“, ანუ გარედან კი არ მოვიდა, შენში აღმოცენდა თვითონ. მიხვდი, რომ აუცილებლობა ყოფილა - ასე გეფიქრა. სწორედ ეს შინაგანი აუცილებლობა არის თავისუფლება. მამარდაშვილს ამ დროს ძალიან უყვარდა მარტინ ლუთერის მაგალითის მოყვანა: „აქ ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“, - აღნიშნა პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა, რომელმაც მსმენელებს მაგალითები მოუყვანა მამარდაშვილის და ეგზისტენციალისტების ფილოსოფიიდან, სადაც თავისუფლება და აუცილებლობა არ უპირისპირდება ერთმანეთს. 
პროფესორი თავის ლექციაში ისეთ კონკრეტულ საკითხებსაც შეეხო, როგორიცაა: ნიცშეს დამოკიდებულება თანამედროვე ფილოსოფიასთან: „მამარდაშვილის აზრით, ნიცშეს მიზანია „ააფეთქოს“ ჩვენი ცნობიერების ენა, სადაც ჩაბუდებულია რაღაც გახეშეშებული სტრუქტურები, რომლებიც ხელს გვიშლიან - ავთენტურად აღვიქვათ რეალობა. ნიცშესთან ადამიანი თვითონ უნდა იყოს ფასეულობების შემქმნელი და დამდგენი, სრულიად პასუხისმგებელი იმ სამყაროზე, რომელშიც ცოცხლობს“.
ლევან გიგინეიშვილმა, ასევე, ისაუბრა თანამედროვე იდეოლოგიაზე, თუ რით განსხვავდება იგი ნამდვილი ფილოსოფიისგან. როგორც პროფესორმა აღნიშნა, იდეოლოგი არ ემსახურება უპირობოსა და მარადიულს, ის ემსახურება რაღაც კონკრეტულს, პირობითს, ან თუნდაც სახელმწიფო ინტერესს. ფილოსოფია კი არ შეიძლება ფუნდამენტურად დაიყვანო იდეოლოგიაზე, ის ყოველთვის კონფლიქტშია ემპირიულთან. „იდეოლოგიები, რომლებიც ადვილად ხსნიან სამყაროს, აჩენენ დიდ საცთურს ადამიანებისთვის. რა არის ეს საცთური? - ადვილად ახსნილ სამყაროში ცხოვრება! რა უნდა გავაკეთო, რომ ძალიან რთულ, თანამედროვე სამყაროს ალღო ავუღო და ადეკვატური ვიყო მასთან მიმართებაში? - უნდა ჩავატარო ძალიან დიდი მუშაობა. საკუთარი თავიდან უნდა ამოვიგლიჯო თავი, რომ რეალობა დავინახო, სხვანაირად ამას ვერ შევძლებ. ჩვენ ვერ დავინახავთ მოვლენის სისავსეს, მის საკუთრივ „შარმს“, თუ მას თავზე საკუთარ და ამ მოვლენის შეუფერებელ კატეგორიებს მოვახვევთ. რეალობა რომ დავინახოთ, ჩვენი კატეგორიებიდან უნდა გამოვიდეთ. მთავარია, როგორ აღვიქვამთ ამ რეალობას, რას ვგრძნობთ მისი აღქმისას. სამყარო სტრუქტურების გარეშე უნდა აღვიქვათ. ეს არის სამყაროს არა იდეალური, არამედ ავთენტური ხედვა. ეს რეაქცია იქნება იმ ქმედებაზე, როცა მაიძულებენ - იდეოლოგიურ ჭრილში შევხედო რაღაცას“, - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა, რომელმაც მოგვიწოდა, რომ ჩვენი საკუთარი დამოკიდებულება აღმოვაჩინოთ სამყაროსთან, რასაც დიდი ფილოსოფოსიც გვასწავლიდა. 
მან აქვე ისაუბრა ეგზისტენციალისტების ხედვაზეც, სადაც ადამიანი არასდროს არის მოცემულობა, ის ყოველთვის ამოცანაა. „ეგზისტენციალიზმში ადამიანი არის დროში ჩამოკიდებული ძალისხმევა, რომელიც ისწრაფვის რაღაც განსხვავებულისკენ. სიცოცხლე ცვლილებების უნარია და მიღწეულით არ დაკმაყოფილდება, კიდევ და კიდევ რაღაცის შექმნა და არსად გაჩერება... ზნეობრივი აქტის შესრულებამ კი არ უნდა გაგვაჩეროს, პირიქით, ახალი ზნეობრივი აქტის შესასრულებლად უნდა განგვაწყოს“. მამარდაშვილის აზრით, შენ თუ ბოლომდე თავისუფლად იფიქრებ, მიხვალ იმ ყვირილამდე, რომლის შეკავებაც აღარ შეგიძლია და რომელიც უკავშირდება ჭეშმარიტების შეცნობილ აუცილებლობას; ანუ, ფილოსოფია არ გულისხმობს მარტო ჭეშმარიტების განცდასა თუ დანახვას, არამედ გამოთქმას და გამოხატვასაც: ფილოსოფიას მამარდაშვილი განსაზღვრავს როგორც „გამოთქმულ ცნობიერებას“, ან ეს მისი რუსულად ნათქვამი განსაზღვრება - „сознание вслух“ - რომ უფრო ზუსტად ვთარგმნოთ, „სხვა ყურებისთვის გასაგონ ცნობიერებას გუსლისხმობს“. მამარდაშვილის მეთოდია - გავთავისუფლდეთ რაღაც „დანამატებისგან“ კატეგორიებისაგან, თუნდაც იდეოლოგიური წნეხისგან და ვიფიქროთ... ჩვენი ფიქრით მივიდეთ რეალობამდე, საკუთარი ხედვა ჩამოვიყალიბოთ. დემოკრატიის საფუძველიც ესაა. სიყვარულიც, დემოკრატიაც და სინდისიც სისხლით იკვებება. თუ სიყვარულს სისხლს არ აძლევ და მისთვის ბოლომდე არ იხარჯები, მაშინ ის კვდება. ეს არის მამარდაშვილის ფილოსოფიის დიდი მუხტი. საკუთარ თავს არ უნდა უღალატო, არც ერთი გარე სტრუქტურა არ არის იმის ღირსი, რომ შენს თავს უღალატო. მამარდაშვილის მაგალითით, მეფე ოიდიპოსს გარეგნულად ყველაფერი კარგად აქვს, სამეფოც აქვს, ცოლ-შვილიც ჰყავს, მაგრამ თავისი თავი აქვს დაკარგული. ეს ყველაფერი უნდა დაკარგოს, რომ საკუთარი თავი დაიბრუნოს, უნდა შეძრწუნდეს და ემპირიული თვალები დაითხაროს, რათა სინამდვილის დამნახავი თვალები აეხილოს. ფილოსოფია არის ნამდვილი თვალების ახელის ტექნიკა. ჩვენ ვიბადებით ბიოლოგიურად, მაგრამ მეორედ თავისუფალ აზროვნებაში, პასუხისმგებლობით სავსე აზროვნებაში უნდა დავიბადოთ. ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ნება აქვს და ინერციას არ მიჰყვებიან, შეადგენენ ნამდვილ დემოკრატიას. მამარდაშვილის ამ ხედვას მარადიული მნიშვნელობა აქვს, რომელიც ყოველთვის გვაფხიზლებს“, - აღნიშნა პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა, რომელმაც ამომწურავი პასუხები გასცა სტუდენტებისა და პროფესორების დასმულ შეკითხვებს.
აქ გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები დიდხანს განაწყობს მსმენელს ფიქრისა და განსჯისათვის.

პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1995 წელს - ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების დეპარტამენტი მაგისტრის წოდებით; შემდეგ - ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით; 2000 წელს კი - ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი შუა საუკუნეების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით. 2003 წელს მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის პედაგოგიკის მეცნიერებათა მაგისტრის წოდება. 2001-2005 წლებში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული წლიდან ლევან გიგინეიშვილი აკადემიურ მოღვაწეობას კვლავ თსუ-ში აგრძელებს.