პრობლემა – დასწავლის სპეციფიკური დარღვევა

19 Dec 2018

ალბერტ აინშტაინი, გუსტავ ფლობერი, აგათა Kრისტი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ჰოლივუდის მსახიობები - კირა ნაითლი, ტომ კრუზი, ვუპი გოლდბერგი, ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები, სხვადასხვა დარგსა და სფეროში წარმატებული ადამიანები არიან, თუმცა, ერთი საერთო აქვთ - ყველა მათგანი დასწავლის სპეციფიკური დარღვევით დაიბადა. ეს ტერმინი ფსიქოლოგებმა გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიმუშავეს და გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს აკადემიური უნარების - კითხვის, წერის და მათემატიკური უნარების განვითარების პრობლემა აქვთ. მათ საშუალო ან საშუალოზე მაღალი ინტელექტი აქვთ, ზოგჯერ „ნიჭიერებსა და ზარმაცებსაც“ უწოდებენ, თუმცა „სიზარმაცის“ მიზეზი სიზარმაცე არ არის. დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე ადამიანებს თავის ტვინის ნეირობიოლოგიური ფუნქციონირება განსხვავებული აქვთ, დარღვეულია ის ფსიქოლოგიური პროცესები, რომლებიც აკადემიური ჩვევების ათვისებას უდევს საფუძვლად. ამ მიზეზების გამო ისინი ვიზუალურ თუ ფონოლოგიურ ინფორმაციას სხვაგვარად, არაავტომატურ რეჟიმში, შენელებულად ამუშავებენ. საკითხი აქტუალურია, საზოგადოება კი ნაკლებად ინფორმირებული, რაც ხშირად დასწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვების დეპრესიის და ძლიერი შფოთვის მიზეზი ხდება. ამ ინფორმაციული ვაკუუმის შევსების მიზნით, თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნეიროფსიქოლოგიის პროფესორმა თამარ გაგოშიძემ დასწავლის სპეციფიკური დარღვევის შესახებ 29 ნოემბერს საჯარო ლექცია გამართა.
„ეს მდგომარეობა, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არ არის თვალსაჩინო, მაგრამ ძალიან ტრაგიკულია. ეს არის ბევრად რთული, ვიდრე სხვა განვითარების დარღვევები“, - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.
საქართველოში დასწავლის სპეციფიკური დარღვევის ეპიდემიოლოგიის დასადგენად კვლევა არ ჩატარებულა. ამერიკული მონაცემებით, დასწავლის სპეციფიკური დარღვევა მოსწავლეთა 5%-ს აქვს, ინგლისური მონაცემებით - 10%-ს. ამერიკაშიც და ინგლისშიც სპეციალური განათლების სისტემაში რეფერირებული ბავშვების 42%-ს უფიქსირდება დასწავლის უნარის დაქვეითება.
„სანამ ბავშვს დასწავლის სპეციფიკურ დარღვევას დავუდგენთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია სხვა გარემოებებიც. შესაძლოა, დასწავლაში ხელს სტრესული გარემო, ემოციური აშლილობა ან პედაგოგიური ხელმიშვებულობა უშლიდეს. იმიტომ გვეძახიან ნეიროფსიქოლოგებს გამომძიებლებს, რომ გავარკვიოთ - რა იმალება ბავშვის სიზარმაცისა და უპასუხისმგებლობის მიღმა. დასწავლის სპეციფიკური დარღვევის შემთხვევაში ბავშვები ავტომატურ რეჟიმში ვერ კითხულობენ, უჭირთ ასოების სწრაფად დასახელება და თითოეულს სხვადასხვა მეთოდით იმახსოვრებენ: მაგალითად, ასო - „გ“ - არის დახურულ მუცლიანი და ა.შ. ურთულდებათ მათემატიკური ოპერაციების შესრულება, წაკითხულის გააზრება და დისგრაფია, ანუ წერილობით აზრის გადმოცემა, პუნქტუაცია. მინდა გითხრათ, რომ მათ სწავლის საკუთარი სტრატეგიები აქვთ შემუშავებული და აღვნიშნავ, რომ საკმაოდ პატივსაცემიც.
დიაგნოზის დასმისას – სიზარმაცე, უინტერესობა, უყურადღებობა – ჩვენთვის ინფორმაცია არ არის. ჩვენ ვსვამთ კითხვას - რატომ? ვამოწმებთ ინტელექტს, ვუტარებთ ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებას, რათა გავიგოთ, რომელი საბაზისო ფსიქოლოგიური პროცესია პრობლემური, ვუმოწმებთ აკადემიურ უნარებს და ვითვალისწინებთ პედაგოგის შეფასებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის დასადგენად ძალიან ბევრი მტკიცებულება გვჭირდება. შედეგად, აღვნიშნავთ ბავშვის ძლიერ და სუსტ მხარეებს, რასაც მისი დახმარების დასაგეგმად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა თამარ გაგოშიძემ.
დასწავლის სპეციფიკური დარღვევის საფუძველი ნეირობიოლოგიურია. ჯერ კიდევ ნაყოფის მუცლად ყოფნის პერიოდში, ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბების დროს, ნეირონები მიგრაციისას ტრაექტორიას იცვლიან და შეიძლება ერთი რეგიონის მაგივრად სხვა ადგილას მოხვდნენ. დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის მქონე ადამიანის თავის ტვინის ქერქში სწორედ ასეთი ექტოპია შეინიშნება. თამარ გაგოშიძის ინფორმაციით, დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე ადამიანებს საშუალო და მაღალი ინტელექტი აქვთ, შესაბამისად, მათ შეუძლიათ ამა თუ იმ სფეროში წარმატების მიღწევა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. მიუხედავად ამისა, ხშირად პირიქით ხდება, რისი შემდეგიც ამ ადამიანების მაღალი ემოციური შფოთვა და დეპრესია ხდება.
„ჩვენთან მოსული ასეთი ბავშვების 100%-ს ემოციური პრობლემები აქვს და ფსიქოთერაპევტი სჭირდება. ეს ის ბავშვები არიან, რომლებთანაც დასწავლის სპეციფიკური დარღვევის იდენტიფიკაცია დროულად არ მოხდა. 14-17 წლის მოზარდების მშობლები მოდიან და გვეუბნებიან, რომ მათ შვილებს დეპრესია აქვთ. ამ ასაკში მაღალ ემოციურ შფოთვას სხვა მიზეზებიც იწვევს, თუმცა ხშირად შფოთვითი აშლილობა სწორედ დასწავლის სპეციფიკურ დარღვევას ახლავს თან. თანაც, მარტო ამ ბავშვებმა იციან თავისი ტრაგედია. შედეგი კი ასეთია: ბავშვი ძალიან ცდილობს, ეს მხოლოდ მან იცის - რის ხარჯზე წერს და კითხულობს. ვატარებთ ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებას და გაუგებარია - ეს ადამიანი ამდენს როგორ ახერხებს, რადგან, ჩვენი ლოგიკით, ვერც უნდა წერდეს და ვერც კითხულობდეს, თუმცა, ეს ყველაფერი შეძლო თავისივე მოფიქრებული სტრატეგიების ხარჯზე. მშობელი და მასწავლებელი კი მაინც უმადურია. მათი არასრულფასოვნების განცდა იმდენად დიდია, რომ სწავლაში ხელი ეშლებათ. ბოლო კვლევების მიხედვით, დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე ადამიანების 35%-ს აქვს დეპრესია“, - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.
გამოსავალი სოციალურ და ემოციურ ადაპტაციაში და ასეთ ბავშვებში ადეკვატურ ფსიქოლოგიურ და საგანმანათლებლო დახმარებაშია. თამარ გაგოშიძის თქმით, „ბავშვის ტვინი ძალიან მოქნილია, თუ ოჯახმა და სკოლამ ხელი შეუწყო, პრობლემური ნეირონული ქსელის ფუნქციები შეიძლება სხვა ნეირონული ქსელით ჩანაცვლდეს, როცა ახალი გამოცდილების საფუძველზე სხვა ფუნქციური სისტემა ყალიბდება“.
დასავლეთში სკოლებში ყველაზე გავრცელებულია ინტერვენციაზე პასუხის მოდელი - მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა, რაც დიდ წილად პედაგოგზეა დამოკიდებული.
„როდესაც ინტერვენციაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობთ სამი დონის სერვისის აუცილებლობას. პირველი დონე - სასწავლო პროცესი ბავშვის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული; საჭიროა მიმდინარეობდეს ე.წ. მტკიცებულებებზე დაყრდნობილი სწავლება (მოსწავლეების ინდივიდუალური, სხვისი დახმარების გარეშე დასწავლის უნარის განვითარებისთვის). მეორე დონეა - მულტიდისციპლინური გუნდის ჩართვა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბავშვმა ვერ შეძლო სასწავლო პროცესისთვის ფეხის აწყობა, სპეციალური განათლების მასწავლებელმა დამატებითი სასწავლო საათების ხარჯზე უნდა შეძლოს მისი დახმარება. ასეთი სპეციალური საჭიროების ბავშვების რაოდენობამ შესაძლოა მხოლოდ 5% შეადგინოს. მესამე დონეა - უკვე სპეციალისტების ჩართვა, როდესაც სკოლა დამოუკიდებლად პრობლემას ვერ უმკლავდება. ინტერვენციაზე პასუხის მოდელი საშუალებას გვაძლევს, რომ დასწავლის სპეციფიკური დარღვევის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიკაცია მოხდეს და მათი ემოციური მდგომარეობა არ გაუარესდეს. დასწავლის სპეციფიკური დარღვევა სწორედ ის მდგომარეობაა, რომლის მომსახურებაც ჩვეულებრივი საგანმანათლებლო პროცესის მოვალეობაა“, - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ არსებობს ამერიკული, ინგლისური და ასევე რუსული კვლევებიც, რომლის მიხედვით ე.წ. ძნელად აღსაზრდელი მოზარდების 55-60%-ს აქვთ დასწავლის სპეციფიკური დარღვევა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს მდგომარეობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა - მხარდაჭერის გარეშე საზოგადოებამ შესაძლოა მართლწესრიგის დამრღვევი, ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები მიიღოს, მხარდაჭერის შემთხვევაში კი ისეთივე წარმატებული პიროვნებები, როგორებიც, მაგალითად, კირა ნაითლი, ტომ კრუზი, აგათა კრისტი, რიჩარდ ბრენსონი არიან.