ცნობისმოყვარეობა და ინტერესი, რამაც მეცნიერის გზა განსაზღვრა

19 Dec 2018

თუ მეცნიერებაში რაიმე ღირებულს აკეთებ, ესე იგი, ასეთი ხასიათი გაქვს - ხარ ჩხირკედელა, გკლავს ცნობისმოყვარეობა და ერთი სული გაქვს, როდის უპასუხებ შენში გაჩენილ კითხვებს.
ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, რევაზ შანიძეს ამგვარი ინტერესი ბავშვობიდან გასჩენია - მიუხედავად იმისა, რომ ექიმების ოჯახში გაიზარდა და გზა ამ სფეროში, ფაქტობრივად, გაკვალული ჰქონდა, მომავალი პროფესია საბჭოს ქუჩაზე მდებარე პატარა იტალიურ ეზოში მცხოვრებმა მეზობელმა - ფიზიკოსმა გურამ დოლიძემ განუსაზღვრა. ახლა ამბობს - თუ უცხოეთში წლობით ცხოვრების პერიოდშიც ვერასოდეს მოვცილდი თბილისს, ეს იმ ეზოში ღრმად გადგმულმა ფესვებმა განაპირობა - იქ ტრიალებდა ძველი ქართული ინტელიგენცია და საქმის, პროფესიის, ადამიანებისა და ქვეყნის სიყვარულიც აქედან ჩამენერგაო.
სკოლაში კარგად სწავლობდა, თუმცა საკუთარ დას ვერ ედრებოდა. მისი წყალობით არც გაკვეთილების ჩასანიშნად იწუხებდა თავს, იცოდა - სახლში მისულს, ტყუპისცალი ყველაფერს მოწესრიგებულს დაახვედრებდა, ამიტომ თავისუფლად შეეძლო ცოტა ეცელქა და მეგობრებთანაც მეტი დრო გაეტარებინა.
სპეციალობის ასარჩევადაც დიდად არ უფიქრია - საკუთარი ბიძისა და ფიზიკოს გურამ დოლიძის საუბრებმა ადრიდანვე გაუჩინა ინტერესი და საბუთებიც თამამად შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახლა ამ არჩევანზე ამბობს, რომ საფუძვლიანად ვერც ხვდებოდა, სად შევიდა, მაგრამ სწავლის პროცესმა და ფიზიკისადმი ღრმად ჩამჯდარმა ინტერესმა მალე დაანახა გზა, რომელმაც შემდგომ საკმაოდ დიდი წარმატებები მოუტანა.


პირველად იყო დუბნა

უნივერსიტეტში ხუთწლიანი სწავლის შემდეგ ბევრი კურსდამთავრებული მიდიოდა დიპლომის ან დისერტაციის დასაცავად მოსკოვის ოლქში მდებარე დუბნის საერთაშორისო ინსტიტუტში. მაშინ მხოლოდ ეს ცენტრი არსებობდა ფიზიკოსთა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩასართავად და რევაზ შანიძემაც დუბნა და ცნობილი მეცნიერი, დღეს უკვე დუბნის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-რექტორი და საკმაოდ დიდი ლაბორატორიის ხელმძღვანელი - ვლადიმერ კეკელიძე აარჩია. ახლა თვლის, რომ მაღალი ენერგიების ფიზიკისადმი ინტერესი და მისი სამეცნიერო ცხოვრების გზაც სწორედ დუბნადან, ვლადიმერ კეკელიძიდან და შემდეგ თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტიდან დაიწყო. 
დუბნაში მიმდინარე ექსპერიმენტის საფუძველზე მოამზადა დიპლომიც, მაგრამ ასპირანტურაზე არ უფიქრია - დაბრუნდა და თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა - ჯერ ლაბორანტი იყო, შემდეგ - უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, ხოლო დისერტაციის დაცვის შემდეგ უფროს მეცნიერ-მუშაკად განაგრძო საქმიანობა. 
სხვათა შორის, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტშიც გურამ დოლიძემ მიიყვანა პირველად და სტუდენტობისას სახელშეკრულებო თემებში ჩართო - ასე განაპირობა ერთმა და იმავე პიროვნებამ როგორც რევაზ შანიძის სპეციალობა, ასევე მისი სამეცნიერო მომავალი - იგი მაღალი ენერგიების ფიზიკას აღარ მოსცილებია.


გზა დუბნიდან KM3NeT-ამდე

საკანდიდატო დისერტაცია 1990 წელს დაიცვა. მაშინ იგი, როგორც მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეცნიერებთან ერთად (საბჭოთა კავშირი, ბულგარეთი, პოლონეთი, გერმანია, ჩეხოსლოვაკია) მონაწილეობდა სერპუხოვის ამაჩქარებელზე მიმდინარე ექსპერიმენტში BIS-2, რომლის მიზანი იყო ახალი ნაწილაკების (ჩარმიანი მეზონები და ბაირონები) დაკვირვება და შესწავლა. დისერტაციაც ამ თემაზე დაიცვა - „ჩარმიანი ნაწილაკების დაბადება სერპუხოვის ამაჩქარებელზე“. ახლა ბატონი რევაზი ღიმილით იხსენებს, როგორ წვალობდნენ ექსპერიმენტის მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებაზე: „ნახევარ დროს თბილისში ვატარებდი და ნახევარს - დუბნაში. თბილისში - თსუ-ის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში ძალიან კარგი გამომთვლელი მანქანები ჰქონდათ. ჩვენ დუბნიდან მოგვქონდა ელექტრონული ინფორმაცია და, ამ მანქანების წყალობით, ექსპერიმენტის მთელი ციკლი თბილისში ავაწყვეთ. შემდეგ იმდენად კარგად წავიდა საქმე, რომ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის რესურსები აღარ გვყოფნიდა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში (გამოთვლით მანქანაზე) გადავინაცვლეთ. მაშინ კომპიუტერები სხვანაირად გამოიყურებოდა - გამოთვლითი მანქანა უზარმაზარ დარბაზში იდგა და მასზე მუშაობის მსურველი ბევრი იყო, მაგრამ უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის, ბატონ ნოდარ ამაღლობელის დახმარებით, ინსტიტუტის გამოთვლითი რესურსების ძირითადი ნაწილი ჩვენ დაგვითმეს. ამ ექსპერიმენტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩართულნი იყვნენ: ნოდარ ამაღლობელი, გივი ნიკობაძე, ვლადიმერ კეკელიძე, ვასილ ჯორჯაძე, ნოდარ ლომიძე და სხვები“, - იხსენებს მეცნიერი.
მერე დაიწყო ცერნის (CERN-ის) ერა - ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრის ახალი ექსპერიმენტები, რომელშიც რევაზ შანიძე ქართველ მეცნიერებთან - თამარ ჯობავასთან, ლეილა ჩიქოვანთან, ჯემალ ხუბუასთან და ირაკლი მინაშვილთან ერთად ჩაერთო. „სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა იქ მოხვედრა, რადგან CERN-ის ექსპერიმენტები მაინტერესებდა. უნივერსიტეტში მაშინ ძალიან კარგი ახალგაზრდების ჯგუფი შეიკრიბა: ვახტანგ ქართველიშვილი, რომელიც ახლა პროფესორია ლანკასტერის უნივერსიტეტში (ინგლისი); რამაზ ქვათაძე, რომელიც ძალიან კარგი ფიზიკოსია და ახლა კომპიუტერული ქსელების გაერთიანება „გრენას“ ხელმძღვანელობს; ევგენი ჩიქოვანი - გამოჩენილი ქართველი ფიზიკოსის გოგი ჩიქოვანის ვაჟიშვილი, რომელიც ჩემი დიდი მეგობარია და ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს; დავით მჟავია, რომელიც დუბნაში დიდი განყოფილების ხელმძღვანელი იყო და, სამწუხაროდ, მოულოდნელად გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ. აი, ეს ჯგუფი ცდილობდა CERN-ის ექსპერიმენტში მოხვედრას და ამაში უნივერსიტეტის რექტორიც გვიწყობდა ხელს. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი უფროსი კოლეგა ვოვა როინიშვილი, რომელიც ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა და, გოგი ჩიქოვანთან ერთად, პირველად იყო მიწვეული საქართველოდან CERN-ში, 60-წლებში. საწყის ეტაპზე მისი კონტაქტები ძალიან დაგვეხმარა. გოგი ჩიქოვანის და ვოვა როინიშვილის შემდეგ, ჩვენ ვიყავით პირველი ქართული ჯგუფი, ვინც 1992-93 წლებში CERN-ში წავედით და ვაჩვენეთ, რომ კარგად მუშაობა შეგვიძლია“, - იხსენებს ბატონი რევაზი.
ჩEღN-ში მისი აკადემიური თანამდებობა იყო მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი და მონაწილეობას იღებდა ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის დიდი ადრონული კოლაიდერის სამეცნიერო პროგრამის მომზადებაში (CMS). პარალელურად დაიწყო მოღვაწეობა დუბნის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. ამავე პერიოდში ჩაერთო გამომავალი წრფივი ე+ე-კოლაიდერის სამეცნიერო პროგრამის მომზადებაში. 
ყველაზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი ხანა რევაზ შანიძის სამეცნიერო მოღვაწეობაში მაინც გერმანიაზე მოდის. ამ ქვეყანაში, საერთო ჯამში, მცირე შუალედების გამოკლებით, 20 წელი გაატარა. აქ ჩაერთო ნუკლონის სპინის სტრუქტურის შესწავლაში (ექსპერიმენტი HERMES, რომელიც HERA-ამაჩქარებელზე ტარდებოდა (DESY, ჰამბურგი, გერმანია). აქვე 15 წელი მუშაობდა ერლანგენის უნივერსიტეტში. სხვათა შორის, ეს ის ერლანგენის უნივერსიტეტია, რომელში განთავსებული პატარა ამაჩქარებლის თბილისში ჩამოტანაც იგეგმებოდა, მაგრამ, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი წინააღმდეგობების გამო, ვერ მოხერხდა. 
სადოქტორო დისერტაცია 2006 წელს დაიცვა. რევაზ შანიძის დისერტაცია სამი ნაწილისგან შედგებოდა, რადგან მასში გააერთიანა ჩEღN-ში, DESY-სა და ერლანგენის უნივერსიტეტში, უკვე ჰამბურგის ამაჩქარებელთან დაკავშირებული ექსპერიმენტის მასალები და შრომები. დღემდე მისი ავტორობით და თანამონაწილეობით 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომია გამოქვეყნებული, 2012 და 2013 წლებში მეცნიერთა ჯგუფთან ერთად შესრულებული შრომები კი აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევებად (2012 წელს ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენა CERN-ის დიდი ადრონულ კოლაიდერზე; 2013 წელს მაღალი ენერგიების კოსმოსური ნეიტრინოების რეგისტრაცია Iცეჩუბე ექსპერიმენტში). ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ ქართველი მეცნიერები თანაბარზომიერნი არიან უცხოელი მეცნიერებისა და, მიუხედავად ძალზე მწირი შესაძლებლობებისა, მაინც ახერხებენ, იყვნენ ღირსეული და ანგარიშგასაწევი პარტნიორები ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისათვის. „ვფიქრობ, რომ ქართველ მეცნიერთა დიდი ნაწილი საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ კონკურენტუნარიანია. მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა, ბევრმა დაადასტურა, რომ ჭკვიანი, ნიჭიერი და გონიერი ხალხი ვართ, მაგრამ ამ პროცესს ერთი მინუსიც აქვს - სამწუხაროდ, ეს ხალხი ძალიან ცნობილ სამეცნიერო ცენტრებში გადავიდა სამუშაოდ და იქ დარჩა. თუმცა ამით საქართველოს ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა დააკლდა,“ - ამბობს ბატონი რევაზი.


KM3NeT პროექტი

ახალი საერთაშორისო პროექტი ასტრონაწილაკების ფიზიკაში, რომელშიც 2005 წლიდანაა ჩართული, რევაზ შანიძისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა. ექსპერიმენტს ერქვა „ანტარესი“ (ANTARES) და განლაგებული იყო ხმელთაშუა ზღვაში, საფრანგეთის სანაპირისთან ახლოს 2500 მეტრის სიღრმეზე. საფრანგეთში, ქალაქ ლა-სენში, განთავსებული იყო ამ ექსპერიმენტის მართვის ცენტრი, სადაც მოდიოდა ინფორმაცია ზღვიდან. ექსპერიმენტს კომპიუტერების საშუალებით ამ ცენტრიდან ვმართავდით. საინტერესოა, რომ „ანტარესი“ დღესაც მუშაობს და 2019 წელს დასრულდება. ახლა ჩვენ უკვე ახალ დეტექტორს ვაშენებთ და ძალების გაყოფა რომ არ იყოს, კონცენტრაციას ვაკეთებთ ახალ დეტექტორზე, რომელიც „ანტარესს“ შეცვლის. ახალი ექსპერიმენტი უზარმაზარია. ის ხმელთაშუა ზღვაში უნდა გაკეთდეს. ამისთვის სამი ადგილია გამოყოფილი: საბერძნეთთან, იტალიასთან და საფრანგეთთან. ცხადია, გამოცდილებიდან გამოდინარე, საფრანგეთის ადგილი ყველაზე მიმზიდველია“, - გვიყვება მეცნიერი.
„დღეს უკვე შეგვიძლია სამყარო ელექტრომაგნიტური გამოსხივების მთელ დიაპაზონში დავინახოთ, რაც გაცილებით დიდ ინფორმაციას მოგვცემს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სამყარო, როგორ წარმოიქმნა და როგორ გაგრძელდება მისი ევოლუცია. გარდა ელექტრომაგნიტული გამოსხივებისა, სამყაროში კიდევ სხვა ნაწილაკებიც არის - მაგალითად, ნეიტრინოები, რომლებითაც დანახული სამყარო აბსოლუტურად უნიკალურია. ნეიტრინული ექსპერიმენტების შედეგად დადასტურებულია, რომ მზის ენერგიის წყაროს თერმობირთვული რეაქციები წარმოადგენს, რომლის დროს წყალბადი ჰელიუმში გარდაიქმნება. ერთადერთი საშუალება - მივიღოთ ინფორმაცია მზის გულში მიმდინარე თერმობირთვულ რეაქციებზე, არის ნეიტრინოების დაკვირვება, რომლებიც ამ პროცესებში ჩნდებიან. ნეიტრინოებს შეუძლიათ მზე ურთიერთქმედების გარეშე გადაკვეთონ. ჩვენში ყოველ წამს მზეში დაბადებული მილიარდობით ნეიტრინო გადის, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ და ვერ ვგრძნობთ. რამდენიმე ნეიტრინოს დაკვირვებას უზარმაზარი დეტექტორები და, შესაბამისად, ძალიან დიდი მატერიალური რესურსები სჭირდება, მაგრამ ამ ინფორმაციის მიღება სხვა საშუალებებით შეუძლებელია. სხვადასხვა ენერგიის ნეიტრინოები სხვადასხვა პროცესებში ჩნდებიან და მათი დაკვირვება, ისე, როგორც მზის ნეიტრინოების დაკვირვების შემთხვევაში, სამყაროში მიმდინარე პროცესების უნიკალურ სურათს მოგვცემს“, - გვიხსნის მეცნიერი.
ნეიტრინული კველების ახალი ექსპერიმენტი, რომელიც ცნობილია, როგორც KM3NeT, ძალიან დიდი პროექტია, რომელიც რამდენიმე ასეული მილიონი ევრო ღირს. იგი ღირებულების გამო ფაზებად არის დაყოფილი. პირველი ფაზა მალე დამთავრდება - მისი მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ შესაძლებელია ახალი ტიპის დეტექტორების ზღვაში განლაგება. მეორე ფაზისათვის გამოყოფილია 50 მილიონი ევრო და ეს ფაზა ორ წელიწადში უნდა დამთავრდეს. დეტექტორი, წესით, 2020 წლის დასაწყისში უნდა აშენდეს.
რევაზ შანიძე ამ პროექტში ჩართულია, როგორც თსუ-ის წარმომადგენელი. სულ ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტსა და და პროექტ KM3NeT საერთაშორისო კოლაბორაციას შორის, რომელშიც 16 ქვეყნის მეცნიერები მონაწილეობენ, თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში კი თებერვლში გაიმართება წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.


„გადავწყვიტე, რომ უკვე მეყოფა“

რევაზ შანიძეს უცხოეთში წარმატება არ აკლდა და სრულიად ძალადაუტანებლად შეეძლო - იქვე განეგრძო მუშაობა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ქვეცნობიერში ყოველთვის ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ თბილისში დაბრუნებულიყო. ამაში, პირველ რიგში, ოჯახმა შეუწყო ხელი... იმ ფონზე, როცა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ერთი სული აქვს - როდის გასცდება საზღვრებს, რომ უკან აღარ მოიხედოს, ბატონი რეზოს მეუღლემ, ქალბატონმა მაია ხეჩინაშვილმა გადაწყვიტა - შვილებს საქართველოში ესწავლათ. „კმაყოფილი ვიყავი, რადგან, როგორ სკოლაშიც გაიზრდებოდნენ ბავშვები, ისეთებად ჩამოყალიბდებოდნენ. ამიტომაც, საკითხი არასოდეს მდგარა ასე - ჩამოვალ თუ არა, საკითხი ყოველთვის იდგა იმის თაობაზე, თუ როდის ჩამოვალ. 2015 წელს ცოიტენიდან (ქალაქი, სადაც ვსაქმიანობდი) ბერლინში გადავედი და ახალი კონტრაქტის ვადა რომ მომივიდა, გადავწყვიტე, რომ უკვე მეყოფა...“ - ასე, მოკლედ და პრინციპულად გადაწყვიტა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო და აქედან ეკეთებინა საქმე, რომელიც არც არასოდეს გამოლევია. მხოლოდ იმას აღნიშნავს ხაზგასმით, რომ, ოჯახთან ერთად, მისი თბილისში და, კერძოდ, სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბოლოოდ დამკვიდრება დიდად განაპირობა კოლეგების უშურველობამ და დახმარების სურვილმა: „აქ სულ მელოდნენ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი მიხეილ ნიორაძე ყველა ჩამოსვლაზე მეკითხებოდა, როდის ვაპირებდი დაბრუნებას. იმაშიც გამიმართლა, რომ, როცა ჩამოვედი, ფიზიკის ფაკულტეტზე სურდათ ახალი პროფესორი მიეწვიათ სამედიცინო ბირთვული ფიზიკის მიმართულებით და მე მივიღე მონაწილეობა კონკურსში. აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ ცოტა ხანში ახალი სამაგისტრო პროგრამაც გავაკეთეთ, რომლის შემუშავებაშიც ძალიან დამეხმარა მაშინდელი პრორექტორი და ჩემი კოლეგა პროფესორი მერაბ ელიაშვილი. პროგრამის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ, ასევე, პროფესორი გია ჯაფარიძე და ქალბატონი ლია ჭელიძე - ასე აღმოვჩნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთა გვერდით და, დიდ სამეცნიერო პროექტებთან ერთად, წარმატებით ვამუშავებთ სამაგისტრო პროგრამასაც“.


უნივერსალურია ალბათ ის, თუ როგორ ემსახურე შენ ქვეყანასა და ხალხს

ორი შვილიდან არცერთი არ გაჰყვა მამის გზას. ვაჟი - სანდრო დღემდე ინტერესების ძიების პროცესშია - დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის მიმართულებით, მუშაობდა ლეჩხუმში ინგლისურის მასწავლებლად, ისწავლა გერმანიაში და უცებ მიხვდა, რომ აგრონომია აინტერესებს. ამიტომაც ახლა ამთავრებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრატურას.
ქალიშვილი - ნინო ჯერ თსუ-ის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ იენას უნივერსიტეტში. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ კი ლაიფციგში განაგრძო სწავლა მაგისტრატურაში. დღეს იგი მიუნხენში მუშაობს ფსიქოლოგად და ოჯახს ტრადიციების შენარჩუნებაში ეხმარება - თუ აქამდე შობა-ახალი წელი ბატონი რეზოს ჩამოსვლით აღინიშნებოდა, ახლა ნინოს ელოდებიან, რომ ძველებურად ერთად მიუსხდნენ სადღესასწაულო მაგიდას, სურვილები ჩაიფიქრონ, ნაძვის ხის ქვეშ ერთმანეთისთვის გადანახული საჩუქრები „აღმოაჩინონ“ და სიხარულის დაბედების სურვილით მოიარონ მეგობრების ოჯახები.
„ყველა ადამიანი თავისით საზღვრავს ცხოვრებას. უნივერსალურია ალბათ ის, თუ როგორ ემსახურე შენ ქვეყანასა და ხალხს. შეიძლება მხოლოდ შენი საქმე გაინტერესებდეს და 100 წლის შემდეგ ეროვნულ კუპიურაზე გამოგსახონ, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად აპოლიტიკური იყავი“, - გვითხრა საუბრის ბოლოს.
თუ ამ საზომით გავზომავთ, რევაზ შანიძემ მოახერხა ქვეყნისა და ხალხის სამსახური.