ცნობისმოყვარეობა და ინტერესი, რამაც მეცნიერის გზა განსაზღვრა

18 Dec 2018

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. სენატის წევრებმა სპიკერის პოზიციაზე პროფესორი ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილი აირჩიეს.
ვლადიმერ მარგველაშვილი თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ორთოპედიული სტომატოლოგიის და იმპლანტოლოგიის კათედრის გამგე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი, საქართველოში ორთოპედიული სტომატოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის ავტორი და დირექტორი, საქართველოს იმპლატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი გახლავთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად პირველად 2010 წელს აირჩიეს. 8 წლიანი გამოცდილების შემდეგ, მიმდინარე წლიდან, ვლადიმერ მარგველაშვილი სენატში მუშაობას სპიკერის პოზიციაზე განაგრძობს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო ბევრ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებს. ხშირად ამა თუ იმ საკითხზე იმართება დისკუსიები. სენატის სპიკერის ფუნქცია გახლავთ მართოს და სწორად წაიყვანოს სხდომის პროცესი - საბჭოს ყველა წევრს მისცეს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ამ დროისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს 1/3-ს სტუდენტები შეადგენენ. ჩვენთვის, აკადემიური პერსონალისთვის, უნივერსიტეტის მართვის ერთ-ერთ მთავარ ორგანოში ახალგაზრდების ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტები სხვა კუთხით უყურებენ ამა თუ იმ პრობლემას და მათი ენთუზიაზმი სენატისთვის დიდი პლუსია. ახლად არჩეული სენატის პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართა, მომდევნო - მიმდინარე თვის ბოლოს არის დაგეგმილი, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი უნდა განვიხილოთ. ველით დისკუსიებს და სენატის წევრების აქტიურ ჩართულობას, რადგან უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მთლიანად უნივერსიტეტისთვის, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის იქნება მისაღები“, - განაცხადა თსუ-ის სენატის სპიკერმა, პროფესორმა ვლადიმერ მარგველაშვილმა.


ბიოგრაფიული შტრიხები

შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოში, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე, სტომატოლოგიის განვითარება პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილის სახელს უკავშირდება. იგი გახლავთ ერთ-ერთი პირველი ორთოპედი იმპლანტოლოგი, ვინც 1989 წელს საქართველოში იმპლანტებზე პროთეზი დასვა. 1999 წლიდან კი ორთოპედიულ სტომატოლოგიაში მან რეზიდენტურის პროგრამის განხორციელება დაიწყო. 2015 წელს თბილისში, პირველად, მისი თაოსნობით ჩატარდა ევროპის სტომატოლოგთა რეგიონალური ორგანიზაციის პლენარული სხდომა. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში ევროპის 37 ქვეყნის 120-მდე დელეგატი მონაწილეობდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში დაახლოებით 1300 სტომატოლოგი ორთოპედი მუშაობს, რომლის 30% პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილის აღზრდილი სპეციალისტია.
„საქართველოში სტომატოლოგიის მიმართულებით კვლევების წარმოება მარტივი არ არის, რადგან მაღალტექნოლოგიური ტექნიკური აღჭურვილობაა აუცილებელი, რაც დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ინტენსიურად ქვეყნდება ჩვენი სამეცნიერო ნაშრომები. პირადად ჩემი ავტორობითა და თანაავტორობით 80-ზე მეტი პუბლიკაციაა გამოქვეყნებული, მათ შორის, 60-მდე პუბლიკაცია მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. ჩემი ხელმძღვანელობით 16 სადოქტორო დისერტაციაა დაცული და, დაახლოებით, 39 ოპონირება მაქვს გაკეთებული. ამ დროისთვის 2 სახელმძღვანელოა გამზადებული, თუმცა გამოსაცემი ვარიანტის დასამუშავებლად, ჯერჯერობით, დრო არ მაქვს“, - აღნიშნა პროფესორმა ვლადიმერ მარგველაშვილმა.
პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილის სახელთან არის დაკავშირებული საერთაშორისო სტომატოლოგიურ საზოგადოებაში საქართველოს წარმოჩენა. როგორც მეცნიერ-ნოვატორის მახასიათებლები, კარგად ჩანს მის სამუშაო კაბინეტში, სადაც თითქმის თითოეულ ნივთს საკუთარი ისტორია აქვს: მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ სამ მეცნიერს გადაეცა. აქვე ნახავთ თანამედროვე სტომატოლოგიის „პატრიარქის“ პიერ ფოშარის სახელობის აკადემიის (დაარსდა 1936 წელს აშშ-ში) სერტიფიკატს. ეს გახლავთ საპატიო ორგანიზაცია - გამორჩეული სტომატოლოგების გაერთიანება და ამ აკადემიის წევრი ვლადიმერ მარგველაშვილი 1995 წლიდან გახლავთ. იგი არის, ასევე, პოსტსაბჭოთა სივრციდან პირველი სტომატოლოგი, რომელიც მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის (FDI) კომუნიკაციისა და წევრთა მხარდაჭერის კომიტეტის წევრად აირჩიეს (2006-2009 წლები), 2010-2013 წლებში კი იყო ამ კომიტეტის თავმჯდომარე. მადლობის სერტიფიკატი, რომელიც მას ფედერაციის პრეზიდენტმა გადასცა, ფედერაციაში (FDI) მუშაობის სიმბოლოა. საინტერესო ისტორია აქვს პირველ სერტიფიკატს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდთან ასოცირდება: „ეს ჩემი პირველი სერტიფიკატია და ამიტომაც კიდია ჩემს კაბინეტში. ის 1990 წელს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მივიღე. მანამდე ჩვენ არ გვქონდა არანაირი სერტიფიკატის აღების არც შესაძლებლობა და არც უფლება“, - იხსენებს ვლადიმერ მარგველაშვილი.
თავად ისტორიაა პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილისა და სტომატოლოგიაში იმპლანტოლოგიის „პატრიარქის“ პროფესორი პ. ი. ბრონემარკის ფოტო.

პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი ერთადერთი ქართველი სტომატოლოგია, რომელიც სტომატოლოგიაში იმპლანტოლოგიის „პატრიარქს“ პ. ი. ბრონემარკს შეხვდა და მის ლექციას დაესწრო. ეს ყოველივე იმ ფოტოზეა აღნუსხული, რომელიც 1996 წელს სწორედ ლექციის დასრულების შემდეგ არის გადაღებული.
ინოვაციებით და პროგრესით გაჯერებული პროფესორის მოღვაწეობა ყურადღების მიღმა არ დარჩენია ამერიკის ბიოგრაფიულ ინსტიტუტს, რომლის „XXI საუკუნის დიდი მოაზროვნეების“ მეხუთე გამოცემაში ვლადიმერ მარგველაშვილის ბიოგრაფიაცაა შეტანილი. ამავე ინსტიტუტმა ქართველ მეცნიერს მედიცინასა და ჯანდაცვაში საუკეთესო მამაკაცის წოდება მიანიჭა (2010 წელი).
პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილის მეუღლე - მანანა კალანდაძე და მისი ორივე ქალიშვილი პროფესიით სტომატოლოგები არიან. პროფესორი მანანა კალანდაძე თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრის გამგეა, მარიამ მარგველაშვილი კი აშშ-ის ტაფტის უნივერსიტეტის (ბოსტონი) პროფესორი, ანა მარგველაშვილი, ასევე, მეცნიერებათა დოქტორია. საინტერესოა ფაქტია, რომ ოჯახის ოთხ წევრს სადოქტორო დისერტაცია მსოფლიოს 4 სხვადასხვა ქვეყანაში აქვს დაცული - იტალიაში, რუსეთში, შვეიცარიასა და საქართველოში.