ურთიერთობები იწყება აქ!

08 Oct 2018
თსუ-ის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კომპლექსი ლისის ტბასთან 2018 წლის დასაწყისიდან გაიხსნა. კომპლექსი 3 ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისა და საზოგადოებრივ-ადმინისტრაციული დანიშნულების შენობისგან შედგება. ეზოშია განთავსებული ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები... სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, ტერიტორია 24 საათიან რეჟიმში დაცვის თანამშრომლებისა და ვიდეოთვალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც, ახლა დოქტორანტურის II კურსზე ვსწავლობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც სტუდენტს აკადემიური წარმატების მისაღწევად შესაბამისი გარემო აქვს შექმნილი. აქ გვაქვს ფეხბურთისა და კალათბურთის მინისტადიონი, მაგიდის ჩოგბურთი, ეზოს ტრენაჟორები... ვართ ლისის ტბასთან ახლოს, რაც საშუალებას გვაძლევს ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ“, - ამბობს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტი ემილიან კილაძე.
სტუდენტებს საერთო საცხოვრებელში შეუძლიათ ისარგებლონ კომპიუტერული რესურს-ცენტრით, რომელიც უზრუნველყოფილია ინტერნეტით. აქვეა სამედიცინო პუნქტი, კაფეტერია (რომელიც სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების დროს ფუნქციონირებს), დაგეგმილია ბიბლიოთეკის ამოქმედებაც.
რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პირობებს, საცხოვრებელ კორპუსებში სასტუმროს ტიპის ბინებია, ცალკეა სამრეცხაო, სამზარეულო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა. საერთო საცხოვრებლის კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
„რეგიონიდან ვარ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შარშან ჩავაბარე. თბილისში ნათესავები ყველას გვყავს, თუმცა სტუდენტს სჭირდება თავისი პირადი სივრცე, სამეცადინო გარემო, დასვენებისთვის საჭირო ღონისძიებები, რაც სახლის პირობებში ვერ ხერხდება. თბილისიდანაც რომ ვყოფილიყავი, აქ ცხოვრება საუკეთესო არჩევანი იქნებოდა, რადგან აქ სწავლისთვის შესაფერისი გარემოა, ვცხოვრობ თანაკურსელებთან ერთად, გავიცანი სხვა პროფესიის სტუდენტებიც... უნივერსიტეტი, პირველ რიგში, არის ურთიერთობა, ურთიერთობები კი იწყება აქ! აბსოლუტურად ყველაფერი, მათ შორის, ადმინისტრაციაც ორიენტირებულია, რომ ჩვენ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ“, - გვითხრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა ვიქტორია ბარათაშვილმა.
„გახსნის დღიდან აქ ვცხოვრობ, „პერფეკტო“ ადგილია. ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, დავმეგობრდით, სამეცადინოდ იდეალური პირობები გვაქვს, ვსეირნობთ ლისზე... ახლა ვფიქრობ, სამი წელი რომ გავა, მერე სად წავიდე? - იმდენად მომწონს ეს ადგილი“, - ასე აფასებს სტუდენტური საცხოვრებლის გარემოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი ანა გვასალია.
ამ დროისთვის თსუ-ის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს ლისზე 106 სტუდენტის მიღება შეუძლია, მათ შორის 2 ადგილი შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული. მიღება ელექტრონული რეგისტრაციით მიმდინარეობს. წესდების მიხედვით, უპირატესობა ენიჭება სტუდენტს, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრ სტუდენტებს და მათ, ვისი და ან ძმა უკვე არის უნივერსიტეტის სტუდქალაქში მაცხოვრებელი. სხვა შემთხვევებში სტუდენტების მიღება ხდება რიგითობით, ანუ უპირატესობა ენიჭება ონლაინ რეგისტრაციისას უფრო ადრე დარეგისტრირებულ მსურველს. რეგისტრაციის დაწყების შესახებ ყველა სტუდენტს ეგზავნება შეტყობინება. თვიური გადასახადი 150 ლარს შეადგენს, თუმცა სტუდენტს, რომელსაც უზგო-უკვლოდ ჰყავს დაკარგული ან გარდაცვლილი მშობლები, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრ სტუდენტებს და მათ, ვისაც GPA არანაკლებ 3,5 აქვს, თვეში 120 ლარის გადახდა უწევთ.
მიმდინარე წლიდან თსუ-ის საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო საზაფხულო სკოლების მასპინძელიც გახდა. უახლოეს მომავალში იგეგმება III კორპუსში ლუქსის ტიპის 12 ოთახის კეთილმოწყობა, რომელიც უცხოელი მოწვეული პროფესორ-მასწავლებლების მასპინძლობისთვის იქნება გამიზნული.
„ამ ეტაპზე პირველი კორპუსი ფუნქციონირებს სისტემატურად, II - დავტვირთეთ მაშინ, როდესაც საზაფხულო სკოლები იმართებოდა, III კორპუსი კი უცხოელი მოწვეული პროფესორ-მასწავლებლებისთვის უახლოეს მომავალში ამოქმედდება. საკმაოდ შინაარსიანი ზაფხული გვქონდა - აქ ჩატარდა „ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-6 საერთაშორისო ტურნირი“, რომლის ფარგლებში 15 ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები მივიღეთ; ვუმასპინძლეთ „მეწარმეობისა და ტექნოლოგიების საზაფხულო სკოლას“, რომელშიც თსუ-ის სტუდენტები მონაწილეობდნენ; აქ გაიმართა გაერო-ს ორგანიზებული საერთაშორისო პროგრამა - „გოგონები მეცნიერებაში“, სადაც 8 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. ორივე საერთაშორისო პროგრამა ყოველწლიურია და წელს პირველად აირჩიეს საქართველო. აღვნიშნავ, რომ ყველა სტუმარი ძალიან მოხიბლა აქ არსებულმა გარემომ“, - გვითხრა თსუ-ის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის უფროსმა სპეციალისტმა მარიამ სუხიტაშვილმა.
თსუ-ის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კომპლექსის გახსნისას სტუდენტებს ტრანსპორტის პრობლემა ჰქონდათ, თუმცა ამ დროისთვის ეს საკითხი მოგვარებულია. ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ამ დროისთვის სტუდენტებს აქვთ - ინტერნეტია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებში, ჯერჯერობით, გაყვანილი არ არის.