ახალგაზრდა უნივერსიტეტელი მკვლევრები

24 Apr 2018

თინათინ მაჭარაშვილი

თინათინ მაჭარაშვილი ქ. მონპელიეს პოლ ვალერის სახელობის უნივერსიტეტისა და ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ერთობლივი ფაკულტეტის, ფრანგული ენის ფილოლოგიის სტუდენტი 2000 წელს გახდა. იმავე წელს ქ. სტრასბურგის რობერ შუმანის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაგისტრატურაზე, ტელეჟურნალისტიკის განხრით, ჩაირიცხა. 
„საფრანგეთში სწავლის პერიოდში შევიძინე დიდი გამოცდილება, რადგან სამაგისტრო პროგრამა მოიცავდა სამი სახის სტაჟირებას: ადგილობრივ ბეჭდვით მედიაში, ადგილობრივ სატელევიზიო მაუწყებლობაში, ერთთვიან სტაჟირებას საზღვარგარეთ. 2004-2006 წლებში პრაქტიკანტი გახლდით საფრანგეთის სამ წამყვან ტელევიზიაში: TF1, France 2, France 3 Alsace; ბეჭდვით მედიას რაც შეეხება, საზაფხულო არდადეგების პერიოდში გაზეთ „24 საათში“ ვიყავი სტაჟირებაზე, ხოლო სტრასბურგში ორი წლის განმავლობაში სტატიებს ვბეჭდავდი ორ სტუდენტურ გაზეთში „News d’Ille“, „Notre Cité“, ასევე მქონდა ბედნიერება გავცნობოდი ევროპარლამენტის პრესსამსახურის მუშაობას. რაც შეეხება საზღვარგარეთ სტაჟირებას, 2006 წლის მაისში გახლდით შანხაიში, სადაც ჩემს ჯგუფელებთან ერთად გადავიღე დოკუმენტური ფილმი „Ventre de Shanghai“, რომლის სიუჟეტი გახლდათ – თუ როგორ იკვებებოდა 20 მილიონიანი ქალაქი. ამჟამად, როგორც ფრანგული ენის ფილოლოგი, ვმუშაობ „ევროპულ სკოლაში“, ხოლო როგორც ჟურნალისტი – სადისერტაციო ნაშრომზე“, – განაცხადა თინათინ მაჭარაშვილმა. 
თინათინ მაჭარაშვილი ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების დოქტორანტია. მისი სადისერტაციო ნაშრომი „ინფორმაციის ვიზუალიზების ტენდენცია თანამედროვე ქართულ ბეჭდვით მედიაში – 2012-2014 წლების გამოცდილება“ წარდგენილია სადისერტაციო საბჭოში განსახილველად. 
„სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ასოცირებული პროფესორი მანანა შამილიშვილი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მას დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ფასდაუდებელი დახმარება გამიწია კვლევის სწორად წარმართვასა და ტექსტზე მუშაობისას. სადისერტაციო ნაშრომში განხილულია თანამედროვე ქართულ ბეჭდვით მედიაში ინფორმაციის ვიზუალიზების ხერხები და მათი სემიოტიკური ანალიზი, რამაც მოგვცა საფუძველი – დაგვესკვნა, რომ თანამედროვე ბეჭდვითი მედიის სულ უფრო მოჭარბებული სიტყვიერ-ვიზუალური ხასიათიდან გამომდინარე, ვერბალური ნაწილის შემცირება ვიზუალურის ხარჯზე არათუ ამცირებს ან ინარჩუნებს, პირიქით, აფართოებს კიდეც საინფორმაციო ველს, ხოლო მასში გადმოცემული იმპლიცისტური ინფორმაცია ზრდის რეციპიენტზე ფარული ზემოქმედების ხარისხს“, – აღნიშნა დოქტორანტმა. 
თინათინ მაჭარაშვილი რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თინათინ მაჭარაშვილი კვლევებისა და აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. 
„ძალიან მომწონს კვლევის პროცესი, ამიტომ ვფიქრობ, ამ კუთხით გავაგრძელებ მუშაობას და, ასევე, პარალელურად წავიკითხავ ლექციებს, რათა შეძენილი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო სტუდენტებს“, – გვითხრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა.


გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტი, ფაკულტეტის ასისტენტი და დოქტორანტურის სასწავლო საფეხურის სტუდენტია. კვლევას სისხლის სამართლის მიმართულებით აწარმოებს. აკადემიური აქტივობა 2013 წლიდან დაიწყო – სულხან საბას სასწავლო უნივერსიტეტში კითხულობდა „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკას სისხლის სამართალში“, იყო მოწვეული ლექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, ასევე 2016 წლამდე მოწვეული ლექტორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ამ დროისთვის ფაკულტეტის ასისტენტია და სასემინარო ჯგუფებს ხელმძღვანელობს.

„ჩემი სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი პროფესორი მერაბ ტურავა გახლავთ. რაც შეეხება თემატიკას, ეხება სუბიექტური შერაცხვის პრობლემას. დამნაშავე დანაშაულის ჩადენისას მოქმედებს განზრახვით ან გაუფრთხილებლობით. ჩემი კვლევის ობიექტი სწორედ ის არის, რომ სუბიექტური მხარის ზუსტი დადგენა მოხდეს სამართალგამოყენების პროცესში, რაც დანაშაულის სწორი კვალიფიკაციის საფუძველი უნდა იყოს სისხლის სამართლაში. ყოველივე კი კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებაში იყოფა და სჭირდება თავისი სუბიექტური შერაცხვა. აღნიშნული საკითხი განსხვავებულად არის მოწესრიგებული რომანულ-გერმანული სამართლის სისტემაში, ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნებში და, აგრეთვე, საინტერესოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით სუბიექტური შერაცხვის პრობლემატიკის კვლევა. შესაბამისად, ზუსტად ზემოთქმული მიმართულებებით ვმუშაობ დასახელებული საკითხის შედარებით-სამართლებრივ ანალიზზე. ამ კუთხით ნამდვილად ვერ შევხვდებით ბევრ კვლევას ქართულ სისხლის სამართლებრივ სივრცეში, ამიტომაც ჩემი მიზანია – რაც შეიძლება სიღრმისეულად და ფართოდ მიმოვიხილო ჩემი დისერტაციით განსახილველი საკითხები. სამართალი „ცოცხალი არსებაა“, მუდმივად საჭიროებს სრულყოფას. დისერტაციის თემა პროფესორ მერაბ ტურავასთან ერთად შევარჩიე და ვეცადეთ, რაც შეიძლება ნოვაციური ყოფილიყო.
გასულ წელს, „ერასმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კვლევითი ვიზიტით ვიმყოფებოდი ესპანეთში – ლა კორუნას უნივერსიტეტში. ნაშრომის ფუნდამენტური ნაწილი მზად მაქვს. მიმდინარე წელს ისევ ვგეგმავ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
იგი აკადემიურ საქმიანობასთან ერთად პრაქტიკული მუშაობის დაწყებასაც გეგმავს, რაც უშუალოდ დაკავშირებული იქნება მის პროფესიასთან, თუმცა, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც დისერტაციას დაასრულებს.


მანონი კურტანიძე

კიდევ ერთი დოქტორანტი – მანონი კურტანიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან წარმატებულია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების კუთხით. იგი უკვე 5 სამეცნიერო სტატიის ავტორია, რომელიც მაღალი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში დაიბეჭდა. მანონი კურტანიძე კოლოიდური ქიმიის მიმართულებით მუშაობს. მისი ნაშრომი შებრუნებული მიკროემულსიების მიკროგარემოს კვლევას ეხება. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი მარინე რუხაძე. 

„ზოგადად მიკროემულსიების საფუძველია ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, რომელთა ყველაზე ცნობილი და გავრცელებული გამოყენება უკავშირდება საყოფაცხოვრებო პროცესს, კერძოდ, ისინი გამოიყენება, როგორც სარეცხი საშუალებები. მათ ასევე დიდი გამოყენება ჰპოვეს სამედიცინო სფეროში. მათი სტრუქტურის მსგავსების გამო მიკროემულსიები ბიოლოგიური მემბრანების საუკეთესო ხელოვნური მოდელებია. შებრუნებული მიკროემულსიების გულში ჩაჭერილი წყლის სტრუქტურა კარგად იმეორებს ბიოლოგიური უჯრედის შიგაწყლის, ანუ ბიოლოგიური წყლის სტრუქტურას. სწორედ აქედან გამომდინარე, მიკროემულსიების კვლევა, დღესდღეობით, აქტუალურია. მიკროემულსიების გამოყენების კიდევ ერთი საინტერესო სფეროა მათი გამოყენება, როგორც წამლების გადამტანებისა (ტრანსპორტიორები) ადამიანის ორგანიზმში. ჩვენს ჯგუფს შებრუნებული მიკროემულსიების მიკროგარემოს კვლევა გვაინტერესებს, ანუ მიკროგარემოში სხვადასხვა მინერალური და ორგანული ნივთიერებების მოხვედრა რა ცვლილებებს იწვევს და რა გავლენას ახდენს მიკროემულსიის სტრუქტურაზე. ჩვენი კვლევა უფრო ფუნდამენტური ხასიათისაა და შედეგების გამოყენება სასარგებლო იქნება ნანო ზომის ღრმულებში ჩაჭერილი წყლის, კერძოდ, ბიომემბრანული სტრუქტურების კვლევის სფეროში. თუმცა, ამ კვლევამ, მომავალში, შესაძლებელია, გამოყენებითი ხასიათიც შეიძინოს. ამჟამად მაქვს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის და სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების შემოთავაზებები. საზღვარგარეთ პოსტ-დოქტორანტურაში ვგეგმავ კვლევის გაგრძელებას, თუმცა, კონკრეტულად – სად, ამას დოქტორანტურის დასრულების შემდეგ გადავწყვეტ“, – განაცხადა მანონი კურტანიძემ.
რაც შეეხება თსუ-ში არსებულ კვლევით გარემოს, მანონი კურტანიძე, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამბობს: „რასაკვირველია, სრულყოფილი და თანამედროვე სტანდარტების კვლევების ჩასატარებლად ჩემს სფეროში, კერძოდ, კოლოიდების სფეროში, შესაძლებლობები გარკვეულწილად შეზღუდულია, ძირითადად, ინსტრუმენტული აღჭურვილობის გამო, თუმცა არსებული მეთოდებით კვლევების ჩატარება, შედეგების გამოქვეყნება და წარმატების მიღწევა მაინც შესაძლებელია.


ქეთი ცომაია

ქეთი ცომაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის – „ტრანსლაციური ბიო-მედიცინა (მიმართულება ჰეპატოლოგია)“ დოქტორანტია. წელს იგი თსუ-ის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად აირჩიეს. მისი სადისერტაციო ნაშრომი ღვიძლის რეგენერაციის ეფექტური გზების ძიებას ეხება.
„ჩემი სამეცნიერო მუშაობა ითვლის ორ წელს. თავდაპირველად გადაწყვეტილი მქონდა მემუშავა ძუძუს კიბოს პრობლემატიკაზე, თუმცა მორფოლოგიის ინსტიტუტთან აქტიური თანამშრომლობის შემდეგ დავინტერესდი ღვიძლის რეგენერაციის პროცესებით და ამ პროცესში ღეროვანი უჯრედების როლით.
ვთანამშრომლობდი პროფესორ დიმიტრი კორძაიასთან ზემოხსენებული სადოქტორო პროგრამის მომზადების პროცესში, ასევე ვმონაწილეობდი სტუდენტებისთვის ისეთი სილაბუსების შექმნაში, როგორიცაა „აკადემიური წერა“ და „სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევები“. ამჟამად ვმუშაობ ექსპერიმენტულ კვლევაში, რომელიც ითვალისწინებს ღვიძლის რეგენერაციის გაუმჯობესების ეფექტური გზების ძიებას. კერძოდ, ჩემი სადოქტორო ნაშრომი შეეხება ღვიძლის რეგენერაციის საკითხს ღეროვანი უჯრედების ინექციის ფონზე და მის გარეშე. დღეს დონორთა რიცხვის სიმცირის გამო ღვიძლის ტრანსპლანტაციის საკითხი მწვავედ დგას და, ამასთანავე, მომავალი ღვიძლის რეგენერაციის აქსელერაციასა და ხელოვნური ბიო-ღვიძლის შექმნას უნდა ეკუთვნოდეს. შესაბამისად, ვფიქრობ, ჩვენ მიერ განხორციელებულმა კვლევებმა შესაძლოა თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ღვიძლის პათოლოგიების არსის უკეთ და უფრო სიღრმისეულად შემეცნებაში. ასევე, ვფიქრობ, კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს თანამედროვე ფუნდამენტური და რეგენერაციული ჰეპატოლოგიის გამოწვევებზე პასუხის გაცემას, არსებული სამკურნალო თუ პრევენციული მეთოდების გაუმჯობესებას და ახალი კლინიკური მიდგომების განვითარებას“, – განაცხადა ქეთი ცომაიამ. 
ქეთი ცომაია 7 სამეცნიერო სტატიის ავტორია. მისმა მოხსენებამ პროფესორ დიმიტრი კორძაიასთან ერთად, როგორც საუკეთესო მოხსენებამ, ORPHEUS-ის მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა (2017 წ.). ახალგაზრდა მკვლევარი ასევე აქტიურად იყო ჩართული თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტისა და ექიმთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ინგლისურენოვანი „peer reviewed“ ციფრული ჟურნალის – „Translational and Clinical Medicine - Georgian Medical Journal“ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში. იგი დღეს ამ ჟურნალის ტექნიკური რედაქტორის ფუნქციებსაც ითავსებს.