„თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ ახალ პროექტს იწყებს

08 Dec 2017

თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტი „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველი ბუნებრივი თუ სოციალური პროცესების შესწავლაში, პრევენციულ ღონისძიებათა გატარებაში და მოსახლეობის ცოდნის ამაღლებაში ამა თუ იმ მოვლენისგან თავის დასაცავად. დღეს ერთ-ერთ ასეთ აქტუალურ პრობლემას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმოადგენს.

„თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელმა მარინა ლომოურმა აღნიშნა, რომ სტუდენტები, რომლებიც „თსუ დესპანის“ პროექტის ფარგლებში ქალაქისა თუ რეგიონის სკოლების მოსწავლეებს უნივერსიტეტისა და საკუთარი სპეციალობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან, სურვილის შემთხვევაში ჩაერთვებიან აგრეთვე აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ პრევენციული ბრძოლის მეთოდების მოსახლეობაში გავრცელებაში.
„ამ პროექტის ფარგლებში თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალური ტრენინგი ჩაატარა, რადგან სტუდენტების ჩართულობა და აქტიურობა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაში უმნიშვნელოვანესია“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა სტუდენტებს 2017 წელს მავნებელთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისა და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ამ შეხვედრის დროს დაიგეგმა აგრეთვე „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის შესწავლაში.

ინტერვიუ
თუ რა სიახლეებს გვთავაზობს „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ და რა პროექტები განხორციელდა ახალი სასწავლო წლიდან – ამის შესახებ გვესაუბრება პროექტის ხელმძღვანელი, დოქტორი მარინე ლომოური.
– ქალბატონო მარინე, მოსწავლეების დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ საქმიანობაში. ჩვენ არაერთხელ გავახმიანეთ ის ღონისძიებები და პროექტები, რომლებმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. მიმდინარე სასწავლო წელი თუ არის ამ მხრივ გამორჩეული? 
– „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პირველი რიგის ამოცანად კვლავ რჩება მოსწავლეებისათვის ჩვენი უნივერსიტეტის, როგორც ქვეყანაში უმაღლესი განათლების პირველი და მთავარი კერის, ისტორიის, დღევანდელობის, მომავალი პერსპექტივების გაცნობა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ სასწავლო წელს, როდესაც უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს იზეიმებს. ამ მიზანს ემსახურება ექსკურსიები მოსწავლეთათვის I კორპუსში, თსუ-ის მუზეუმებში, ბიბლიოთეკაში და სასწავლო თუ კვლევით ლაბორატორიებში. მოსწავლეებისთვის მისაწვდომია, აგრეთვე, ლექციები, ლაბორატორული მუშაობა, კონფერენციები, ვიქტორინები და ა.შ. მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის დაახლოებას ემსახურება პროექტი „თსუ-დესპანი“, რომელიც უკვე მე-5 წელია, რაც მოხალისე სტუდენტების მონაწილეობით მიმდინარეობს.
საბავშვო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფორმას შემეცნებითი სალექციო კურსები წარმოადგენს, რომლებიც ფაკულტეტებზე „ნორჩთა სკოლების“ სახით მიმდინარეობს: „ნორჩ ასტრონომთა სკოლა“, „ნორჩ ეკონომისტთა სკოლა“, „ნორჩ ექსპერიმენტატორ-ფიზიკოსთა სკოლა“ და ა.შ. დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერდისციპლინარული ლექციების კურსები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და საზოგადოებრივ მეცნიერებებში. 
მიმდინარე სასწავლო წელს კომპიუტერული მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეებს ფრანგი პროფესორის ჟან-ჟაკ მარიაჟის ღია ლექცია ჩაუტარდათ კომპიუტერული მეცნიერებების მიღწევების შესახებ, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. 
ჰუმანიტარული მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეებს ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მიერ ორგანიზებულ ლექციებზე დასწრება შევთავაზეთ. სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ აგრეთვე ნორჩ გეოგრაფთა სკოლაში, სადაც ლექციებს კითხულობენ თსუ-ის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორები და მოწვეული ექსპერტები, გეოგრაფიისა და გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები. ლექციების მსვლელობისას აქტიურად გამოიყენება ვიზუალიზაციის ეფექტური საშუალებები. ეწყობა ეკოლოგიური და გეოგრაფიულ-შემეცნებითი ფილმების ჩვენება და ასე შემდეგ. 
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ „ნორჩ ეკონომისტთა სკოლამ“ ახალი სასწავლო წელი განახლებული ფორმატით დაიწყო. ეკონომიკის თეორიულ საკითხებს დაემატა პრაქტიკული ბიზნეს საქმიანობის უნარ-ჩვევების დაუფლება; ბიზნეს იდეების დამუშავება და მოდელირება. ამისათვის თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სთავაზობს მოსწავლეებს სასწავლო-პრაქტიკულ მეცადინეობებს FabLab TSU-ში, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ ან ადგილზე შეიმუშაონ სასურველი პროდუქტის ნახაზები, შემდეგ კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან პროდუქტის პროტოტიპები. ასევე, ფაკულტეტზე შექმნილია Bloomberg-ის ფინანსური ბაზრების ლაბორატორია, რომელსაც იყენებენ იელის, ჰარვარდის, ოქსფორდის, კემბრიჯის უნივერსიტეტები და ლონდონის ბიზნეს სკოლა. 
ოქტომბრიდან სალექციო კურსი დავიწყეთ ფსიქოლოგთა სკოლაში, სადაც მონაწილეობას იღებენ საჯარო და კერძო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეები.
როგორც იცით, თსუ-ის თანამშრომლობას სკოლებთან მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან. ახალ პროექტში, რომელიც გულისხმობს სამართლის ლექციებს სკოლებში, „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ გენერალური პროკურატურის პროექტ „საზოგადოებრივ პროკურატურასთან“ თანამშრომლობს და მოსწავლეებს სთავაზობს ერთობლივ სალექციო კურსს – „სამართლის საფუძვლები მოსწავლეებისათვის“. 
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა“ აბიტურიენტებს საინტერესო პროექტი: „პროფორიენტაცია“ შესთავაზა, რომელიც ახალგაზრდას არჩეულ პროფესიაზე ინფორმაციას მიაწვდის; საუნივერსიტეტო ცხოვრებას, შესაძლებლობებს, გაცვლით პროგრამებს გააცნობს და მომავალში გააზრებული ნაბიჯისათვის მოამზადებს. 
– ორიოდე სიტყვით სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ...
– როგორც მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი 2018 წელს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ახალ პროექტში „დღე თსუ-ში“, რაც გულისხმობს ექსკურსიებს პირველ კორპუსში, ასევე მუზეუმების, პლანეტარიუმის და ლაბორატორიების დათვალიერებას. 
სკოლის მოსწავლეებს შევთავაზეთ მონაწილეობა მიიღონ ნიკო ნიკოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ესეების კონკურსში „ნიკო ნიკოლაძე, ეროვნული/ევროპული ღირებულებები“. რადგან შემოსული საკონკურსო ესეების აკადემიური დონე საკმაოდ დაბალი იყო, ამიტომ, ჩვენ, ესეების კონკურსის ინიციატორებმა, გადავწყვიტეთ – სამუშაო შეხვედრაზე მოგვეწვია კონკურსში მონაწილე მოსწავლეები, სადაც უმრავლესობის მიერ დაშვებულ ტიპიურ შეცდომა-ხარვეზებს გავარჩევდით, შემდეგ კი მათ აკადემიური ესეს დაწერის მოთხოვნებსა და წესებს გავაცნობდით. სამუშაო შეხვედრები ჩავატარეთ თბილისში (21 ნოემბერი) და ფოთში (22 ნოემბერი). ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და კონფერენციები გადავიტანეთ 2018 წლისათვის, ვინაიდან ამ წელს მისი დაბადებიდან 175 სრულდება. იმედია, მოსწავლეებთან ჩვენი კონსულტაციებისა და პრეზენტაციების შემდეგ საკონკურსო ნაშრომები კომპეტენტური ჟიურის მოწონებას დაიმსახურებს. 
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ წარმოგიდგენთ პროექტს, რომლის მიზანია ხელი შევუწყოთ სკოლებში სტიქიური თუ სოციალური მასშტაბური პროცესების შემსწავლელ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების („ამკლ“, Junior Researchers Club _ JRC), ჩამოყალიბებას, ახალგაზრდებში კვლევის, მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას, ცნობიერების ამაღლებას, პირადი პასუხისმგებლობის, ინიციატივის, გუნდური მუშაობის ჩვევების ჩამოყალიბებას. 
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის მიზნები და ამოცანები იქნება საფრთხის შემცველი პროცესების პროფილაქტიკის, მართვის და მათგან თავდაცვის მეთოდების შესახებ არსებული ცოდნის საზოგადოებაში გავრცელება, აგრეთვე, შეძლებისდაგვარად, მარტივი დაკვირვებითი და კვლევითი მუშაობის ჩატარება. 
გვინდა, რომ მოსწავლეებს საბავშვო უნივერსიტეტის ბაზაზე Aისეთი პროგრამები შევთავაზოთ, რომელიც ორიენტირებული იქნება საერთო განათლების თვალსაწიერის გაფართოებაზე. დღეს სკოლებში ისწავლება ახალი საგანი „სამოქალაქო განათლება“, რომელიც ეროვნული გამოცდების ნუსხაში შეიტანეს. რადგან საგანი ახალია, ის დახვეწასა და შემდგომ დამუშავებას საჭიროებს. მოსწავლეებს ამ საგანში უფასო საკონსულტაციო ლექციებს ვთავაზობთ, რათა საგანი უკეთ გასაგები და აღქმადი გახდეს. ეს არის „თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა“ და აბიტურიენტთა მომზადების სამსახურის ერთობლივი პროექტი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სკოლის მოსწავლეები ასაკობრივ კატეგორიებად დავყავით და ღონისძიებებიც ასაკის მიხედვით შევურჩიეთ. ასე რომ, „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ კარი ღიაა როგორც დამამთავრებელი, ისე დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.