რა იწვევს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების რაოდენობის ზრდას?

17 Apr 2017

აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თსუ-ს განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტზე საჯარო დისკუსია მოეწყო. სპეციალისტებმა, სტუდენტებმა და აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა აუტიზმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს – კომპიუტერული ტექნიკა და უცხოენოვანი მულტფილმების გავლენა კომუნიკაციის განვითარებაზე; აუტისტური სპექტრის აშლილობის გავრცელების მომატების მიზეზები; აუტისტური სპექტრის აშლილობის შესაფასებელი დიაგნოსტიკური სირთულეები; აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე გარდატეხის ასაკისა და ზრდასრული პირების პრობლემები. 
შეხვედრაზე ისაუბრეს ნეიროფსიქოლოგებმა თამარ გაგოშიძემ, მარიამ ხვადაგიანმა, შორენა მამუკაძემ და ანა ყარაულაშვილმა.
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების აღნიშვნის მთავარი მიზანია – გაიზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირება და გადაწყვეტილების მიმღები სახელისუფლებო ორგანოებისთვის ხელის შეწყობა, რათა მათ შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება – უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება. 
თსუ-ში გამართულ დისკუსიაზე აღინიშნა, რომ საქართველოში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ინტერვენციის პროგრამები მხოლოდ 15 წლამდე არსებობს. ზრდასრული ასაკის ადამიანებისთვის კი არანაირი სერვისი არ მოქმედებს, რაც, თავისთავად, მათი უფლებების დარღვევაა. 
`აუტიზმთან დაკავშირებით სხვადასხვა მხარის (სპეციალისტების, მშობლების, სტუდენტების) თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია მშობლების გათვითცნობიერების ამაღლება, პროფესიონალების მომზადება და კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს დიაგნოსტირების გაუმჯობესებას, რაც საკმაოდ აქტუალური საკითხია. უმნიშვნელოვანესია აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ზრდასრული ადამიანებისთვის სხვადასხვა სერვისების დანერგვა. ვფიქრობ, თუ საზოგადოება, სპეციალისტები და მშობლები ერთობლივად იმოქმედებენ და ითანამშრომლებენ, სახელმწიფო ამ მიმართულებით ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს~, – განაცხადა თსუ-ს განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ. 
სპეციალისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ იმ ფაქტორების დაზუსტება, რამაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ნეიროფსიქოლოგების შეშფოთებას იწვევს, გახლავთ ბავშვების მცირე ასაკიდან კომპიუტერულ ტექნიკასთან ხშირი კონტაქტი, არაქართულენოვანი მულტფილმებისა თუ სხვა ვიდეორგოლების ყურება, რაც ბავშვთა განვითარების რეგრესსა და მათ ჩაკეტილობას ხელს უწყობს. ნეიროფსიქოლოგები გეგმავენ საინფორმაციო აქციის დაწყებას მშობლების ინფორმირების მიზნით. 
განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტი გეგმავს, მსგავსი ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გამართოს და პროფესიონალებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად იმსჯელოს აქტუალურ საკითხებზე, მოიცვას ყველა მხარე, რომელიც აუტიზმის მკურნალობისას მნიშვნელოვანია – საზოგადოება, მშობლები, სპეციალისტები და მომავალი სპეციალისტები.
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 2 აპრილს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით 2007 წლიდან აღინიშნება. აუტიზმის სიმპტომები და მახასიათებლები შეიძლება სხვადასხვა კომბინაციებით გამოვლინდეს. ამჟამად აუტიზმის წამალი არ არის ცნობილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შველა შეუძლებელია. აუტიზმით დაავადებულთა მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება იმ აქცენტითაც, რომ აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონე ადამიანებს ხშირად შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწიონ და რომ არ მოახდინონ აუტისტთა დისკრედიტაცია.