რატომ არ ათავისუფლებს „აუდიტორია 115“ თსუ-ის მე-6 კორპუსს?

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი უკვე მომზადდა. ცვლილებები საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა-გაანალიზების საფუძველზე ხორციელდება. როგორც „აუდიტორია 115“-ს, ასევე თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს საპარლამენტო კომიტეტმა სპეციალური კითხვარი გადაუგზავნა, რომელზე პასუხებიც აღნიშნული საკითხის შესწავლასა და რეკომენდაციებს მოიცავდა. კანონპროექტში გათვალისწინებულია „აუდიტორია 115“-ის მთავარი მოთხოვნები საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევისა და უმაღლესი სასწავლებლების ფინანსური და მატერიალური სახსრების სტუდენტებისთვის თანაბრად გადანაწილების შესახებ.
დოკუმენტის მიხედვით, კანონში ოთხი ძირითადი ცვლილების შეტანაა დაგეგმილი:
„ყველა სტუდენტს მიენიჭება უფლება პირდაპირი წესით იქნეს არჩეული არა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში), არამედ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტატურ) საბჭოშიც. ამასთანავე განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა რაოდენობის მინიმალური ზღვარი (საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ 1/4-ისა). წესრიგდება წარმომადგენლობით საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრი სტუდენტებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში შუალედური არჩევნების წესი. ასევე განისაზღვრება სტუდენტთა თანასწორი მონაწილეობის უფლება აკადემიური საბჭოს წევრების არჩევის პროცესში“.
„უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის ყველა სტუდენტს პროპორციული გადანაწილების წესით (მაგრამ განათლების თითოეული საფეხურის არანაკლებ 1 წარმომადგენლისა) მიეცემათ უფლება იყვნენ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტატურ) საბჭოში“.
„ყველა სტუდენტს მიენიჭება უფლება – ჰქონდეს თანაბარი წვდომა უნივერსიტეტის მატერიალურ და ტექნიკურ რესურსებზე ინდივიდუალური ან/და ერთობლივი სტუდენტური ინიციატივების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რომელთა მიზანია სტუდენტთა უფლებების დაცვა და უნივერსიტეტისა და სტუდენტთა წარმომადგენლების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული თუ საზოგადოებრივი საქმიანობის ხელშეწყობა“.
„განისაზღვრება უნივერსიტეტის დონეზე სტუდენტთა წარმომადგენლობის სისტემის ალტერნატივების ზოგადი დეფინიციები, მიზნები და არჩევის წესი, რომელთა დეტალური განსაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე უნდა განხორციელდეს. კერძოდ, ზოგადი დებულებით შემოთავაზებული იქნება სტუდენტების მთავარი წარმომადგენლობითი გაერთიანების შესაძლო სახეები: სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტური ასამბლეა, სტუდენტური საბჭო, სტუდენტური კლუბი და სხვა, რომლის არჩევაში მონაწილეობას უნდა იღებდეს მოქმედი სტუდენტების არანაკლებ 10%-ისა. სტუდენტთა წარმომადგენლობის სისტემა აერთიანებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიხედვით სტუდენტების მიერ არჩეულ სტუდენტთა წარმომადგენლებს, რომელიც წარმოადგენენ და იცავენ შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულის სტუდენტების ინტერესებსა და უფლებებს“.
კანონპროექტში ცვლილებები შესაძლოა კიდევ შევიდეს. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დოკუმენტი თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და „აუდიტორია 115“-ის წევრებს გააცნო. სტუდენტებმა, თავის მხრივ, საკანონმდებლო ორგანოს მოცემულ ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები გადაუგზავნეს. თუ როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა კანონპროექტის დეტალურად განხილვისათვის, ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პროცესი, გარკვეულწილად, დააბრკოლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც „აუდიტორია 115“-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო. აღსანიშნავია, რომ სტუდენტურმა მოძრაობამ აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გასული წლის მაისში შეიტანა. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და მისი თავმჯდომარისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა.
„კანონში ცვლილებათა პაკეტის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა, თუმცა ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ შევიტყვეთ „აუდიტორია 115-ის“ მიერ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანასთან დაკავშირებით. ისინი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-20, 27-ე, 43-ე და 45-ე მუხლებს ასაჩივრებენ. ახლა უნდა ვიმსჯელოთ, გვაქვს ორი შესაძლებლობა: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციებს და შესაბამისად შევიტანოთ ცვლილებები კანონმდებლობაში, რაც ბუნებრივია დიდ დროს და რესურსს მოითხოვს, ან შევიტანოთ თებერვალში დამოუკიდებლად კანონპროექტი, რომლის ინიცირების მზაობაც იყო.
როდესაც დიალოგი გადადის კონსტრუქციის რეჟიმში და მხარეები ურთიერთპატივისცემის და სხვადასხვა პოზიციის შეჯერების ფორმატით სარგებლობენ, ვფიქრობ, სულ მცირე, ჩვენთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მათი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს მათი უფლებაა და, შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე – დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თუ არა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა (წყარო: edu.aris.ge).
„აუდიტორია 115“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას არალოგიკურად აფასებს. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია კომიტეტის წევრებს აღნიშნული სარჩელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდათ. გარდა ამისა, მათივე განმარტებით, კანონპროექტის დამტკიცებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ავტომატურად დაკარგავს ძალას, რადგან გასაჩივრებული ხარვეზები უკვე გამოსწორებული იქნება.
„განცხადება, რომელიც მარიამ ჯაშმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა, ალოგიკური იყო. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ჰყავს იურისტები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ განმარტონ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ხელს არ შეუშლის კანონპროექტის დარეგისტრირებას. ამასთანავე, თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, აღმოიფხვრება გასაჩივრებული ნაწილი და საკონსტიტუციო სასამართლო განხილვის პროცესს შეაჩერებს. ეჭვს ბადებს ისიც, რომ კომიტეტში ინფორმაცია არ ჰქონდათ ჩვენ მიერ 10 თვის წინ შეტანილი სარჩელის შესახებ, ამის თაობაზე მედიის საშუალებებითაც პერმანენტულად ვსაუბრობდით. ამდენად, არ ვიცი, რისთვის სჭირდება კომიტეტს დროის გაწელვა, ჩვენ მივაწოდეთ ჩვენი წინადადებები და კანონპროექტი მათ შეიმუშავეს. საკონსტიტუციო სასამართლოც გამოიტანს თავის განჩინებას და შემდეგ პარლამენტი უკვე იძულებული გახდება – საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებულ რეჟიმში მიიღოს“, – განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი ჯავახაძემ.
შენიშვნები, რომელიც „აუდიტორია 115“-მა კომიტეტს კანონპროექტთან დაკავშირებით გადაუგზავნა, შეეხება სტუდენტების წარმომადგენლობით ორგანოებში არჩევის წესს. გაერთიანების წევრები მიიჩნევენ, რომ საფაკულტეტო საბჭოებში არჩევნებისას თითოეული ფაკულტეტიდან კენჭისყრაში მონაწილეობას უნდა იღებდეს თითოეული ფაკულტეტის, და არა მთელი უნივერსიტეტის, სტუდენტთა 10%. მათი მოსაზრებით, ასევე, არ არის საჭიროება, ცალკე არსებობდეს სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის სტრუქტურულ ფორმასაც, კანონპროექტის მიხედვით, თავად უმაღლესი სასწავლებელი განსაზღვრავს.
„განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის კომიტეტში გვითხრეს, რომ 10%-იან საარჩევნო ზღვართან დაკავშირებით იმსჯელებენ. ასევე ვკითხეთ, ახლა მოქმედი საფაკულტეტო საბჭოების ლეგიტიმაციის საკითხის შესახებ. მათი განმარტებით, კანონს არ გააჩნია უკუქცევის ძალა და, ამდენად, როდესაც ამოიწურება მათი მოქმედების ვადა, მომდევნო არჩევნები მაშინ ჩატარდება.
ახალი კანონის მიხედვით, სტუდენტური თვითმმართველობა უმაღლეს სასწავლებელში არ იარსებებს. თუმცა, იქმნება წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის სტრუქტურულ ფორმასაც უმაღლესი სასწავლებელი შიდა წესდებით განსაზღვრავს. სტუდენტური თვითმმართველობისგან განსხვავებით მას რეკრუტირების მექანიზმი არ ექნება და მისი წევრები მხოლოდ არჩევნების მეშვეობით აირჩევიან. ამ ორგანოს დანიშნულება განათლების, სტუდენტების უფლებებისა და ხარისხის საკითხებზე მუშაობა იქნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში ასეთი სტუდენტური სტრუქტურის არსებობის საჭიროება არ არსებობს, რადგან აღნიშნულ საკითხებზე სენატსა და საფაკულტეტო საბჭოში არჩეული სტუდენტები ისედაც მუშაობენ. გარდა ამისა, უნივერსიტეტის რომელმა ორგანომ უნდა განსაზღვროს სტუდენტური წარმომადგენლობის ფორმა, ჩვენთვის გაუგებარია. პასუხად კომიტეტი ამბობს, რომ მათ ურთულდებათ კანონიდან 45-ე მუხლის (სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ) სრულად ამოღება და, უბრალოდ, რეორგანიზება ასეთი სახით გაუკეთეს.
კანონპროექტის დადებით მხარედ მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ სტუდენტებს ორ წარმომადგენლობით ორგანოში ერთდროულად ყოფნის უფლება აღარ ექნებათ. გარდა ამისა, თუ სტუდენტი ერთი რომელიმე საბჭოს წევრი უკვე იყო, სხვა საბჭოს წევრობა ეკრძალება. ამ გზით უნივერსიტეტის მართვის პროცესში ჩართვას გაცილებით მეტი სტუდენტი შეძლებს“, – აღნიშნა „აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი ჯავახაძემ.
რას არ ეთანხმებიან სტუდენტური თვითმმართველობის წევრები?
თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ფინანსურ თუ მატერიალურ რესურსებზე თანაბარი წვდომა კანონში ოფიციალურად გაწერამდეც ჰქონდათ, საფაკულტეტო საბჭოების ბოლო არჩევნებიც პირდაპირი წესით ჩატარდა და, შესაბამისად, კანონპროექტის ამ ნაწილთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. თუმცა, კითხვები აქვთ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტური წარმომადგენლობის სტრუქტურის ფორმასთან დაკავშირებით.
„აუცილებლად დასაზუსტებელია – ვინ სწყვეტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური წარმომადგენლობის ფორმას – ადმინისტრაცია, რექტორი თუ სტუდენტური თვითმმართველობა, რომელსაც ორწლიანი ლეგიტიმაცია აქვს მინიჭებული? გასათვალისწინებელია, რომ ამავე კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას ეკრძალება სტუდენტური წარმომადგენლობის საქმიანობაში ჩარევა და, შესაბამისად, ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, ბუნდოვანია.
მეორე, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენი შენიშვნა გამოვთქვით, ეს გახლავთ სტუდენტების შეზღუდვა. ცვლილებების მიღების შემთხვევაში სტუდენტს აღარ შეეძლება, მაგალითად, სენატისა და საფაკულტეტო საბჭოს ერთდროულად წევრობა. ასევე, ერთ-ერთ წარმომადგენლობით ორგანოში წევრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ეკრძალება სხვა წარმომადგენლობით ორგანოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ასეთ წესს არ ვეთანხმებით, რადგან სენატსა თუ საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტებსა და პროფესურას თანაბარი უფლებამოსილება გააჩნიათ. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ვრცელდება აკრძალვა მხოლოდ სტუდენტებზე და არა პროფესურაზე“, – აღნიშნა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ბახვა კვირიკაშვილმა.
* * *
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ორივე გაერთიანება ამ დროისთვის მოლოდინის რეჟიმშია და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისგან კანონპროექტის საბოლოო ვერსიას ელოდება. სტუდენტური თვითმმართველობისა და „აუდიტორია 115“-ის წევრებმა სტუდენტური წარმომადგენლობის თაობაზე და მართვის ორგანოებში სტუდენტების ჩართვასთან დაკავშირებით კომიტეტს განსხვავებული შენიშვნები გადაუგზავნეს. რას გაითვალისწინებს და რას – არა საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მანამდე კი „აუდიტორია 115“ პროტესტის ნიშნად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტს განაგრძობს. სტუდენტური მოძრაობა შენობის დატოვებას მაშინ გეგმავს, როდესაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდება.