ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა

21 Dec 2016

დაჩი დათუაშვილი რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლეა. ხატვა მისი ჰობია, თუმცა, ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს მის მეორე პროფესიადაც იქცეს. ამის სერიოზული მიზეზიც აქვს: მის მიერ კომპიუტერში, პლანშეტის საშუალებით შექმნილი ანიმაციური პერსონაჟები უკვე პოპულარულები გახდნენ თანატოლებში.

თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს ბაია ლეკვეიშვილს პორტრეტების ხატვა უყვარს. ნაცნობების გარდა ისტორიულ პერსონაჟებსაც ხატავს. მისი ბოლო ნამუშევარი ჰენრი VI-ის პორტრეტია, რომელიც, თავისი წარმოდგენით, წიგნის წაკითხვის შემდეგ შექმნა.

ნორჩი მხატვრები: ელენე და გიორგი ბერაიები, სოფიო ხუციშვილი, ბაქარ სიურგალი, ბაია და ნინო ლეკიაშვილები, სალომე ელბაქიძე, მარიამ ქობულაშვილი, მარიამ სიფრაშვილი, მარიამ ქვარცხავა, ეკატერინე მაგრაქველიძე, ბარბარე ზარიძე, იოანე და ალექსანდრე ზარიძეები, საბა ხაჭაპურიძე, დაჩი დათუაშვილი, ნინო წიკლაური, იმედა აფციაური, თამარ ნოზაძე, ლაშა არჯევანიძე, თამარ ვარადაშვილი თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მოსწავლეები არიან, მათი ეს განსხვავებული ნიჭი და უნარი ამავე სკოლის კოორდინატორმა თამთა გოგუაძემ შენიშნა და თსუ-ის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში 15 დეკემბერს, წინასაახალწლო დღეებში, მათთვის გამოფენა მოაწყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ხატვა არ შედის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის ლექციების ცხრილში, ჩვენ მაინც გამოვავლინეთ ისინი და სიურპრიზი გავუკეთეთ. ინტელექტუალური განვითარების გარდა, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ცდილობს ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობა წაახალისოს. 2016 წლის შემოდგომის სემესტრში მოსწავლეებს საშუალება მიეცათ - თავად დაემზადებინათ თექის ნიმუშები ქალბატონი თამარ წეროძის ხელმძღვანელობით. ვორკშოპში შექმნილი ნიმუშები წარმოდგენილი იყო გამოფენაზე. 2016 წლის სამხატვრო გამოფენა პირველი მცდელობა იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ჩართვისა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში - აღნიშნა თამარ გოგუაძემ თსუ-ის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენაზე, სადაც თბილისისა და რუსთავის სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ფერწერული, გრაფიკული, მხატვრული ფოტოგრაფიის, მცირე პლასტიკის, გამოყენებითი ხელოვნებისა და კომპიუტერული გრაფიკის ნიმუშები გამოიფინა.

გამოფენის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მარინა ლომოური, არქეოლოგი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი, მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე, რუსთავის N#6 და #7 საშუალო სკოლების პედაგოგი ვაჟა ქარუხნიშვილი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ხუციშვილი და თსუ-ის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის კოორდინატორი თამარ გოგუაძე. გამომსვლელებმა მოსწავლეებს მიულოცეს გამოფენაში მონაწილეობა და წარმატება უსურვეს მომავალ შემოქმედებით კარიერასა და ინტელექტუალურ განვითარებაში. წინა საშობაო განწყობის შესაქმნელად, ტრადიციული მუსიკალური ფონის თანხლებით, უნივერსიტეტი მოსწავლეებსა და სტუმრებს საახალწლო ტკბილეულით გაუმასპინძლდა.