ყველა სპორტულმა სექციამ თსუ-ს სხვადასხვა თანრიგის მედალი მოუტანა

21 Dec 2016

მიმდინარე წელი საკმაოდ წარმატებული იყო უნივერსიტეტისათვის სპორტული მიმართულების მხრივ. უნივერსიტეტის სტუდენტური საკალათბურთო გუნდი გახდა სტუდენტური საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული, ფუტსალის სტუდენტურმა გუნდმა მოიგო საუნივერსიტეტო ლიგა ფუტსალში და გაემგზავრა ევროპის სტუდენტურ ჩემპიონატზე ფუტსალში, სადაც 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. თსუ-ის ისტორიაში პირველად მოიპოვა გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული ფუტსალის პროფესიონალურ ჩემპიონატში: ფუტსალის სტუდენტურმა გუნდმა იასპარეზა ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე და გადალახა 2 საკვალიფიკაციო ეტაპი. 

2017 წელს თსუ 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალოსანი გახდა – მოვიგეთ „სტუდენტური დღეები“. 

მიმდინარე წელს უნივერსიტეტში არსებულმა ყველა სპორტულმა სექციამ თსუ-ს მოუტანა სხვადასხვა თანრიგის მედალი. ამასთან დაკავშირებით ოქტომბერში უნივერსიტეტში გაიმართა შემაჯამებელი გალა დაჯილდოება, სადაც ყველა წარმატებული სექცია და სპორტსმენი დაჯილდოვდა.

მორიგ სიახლეებზე გვესაუბრება თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ხარჯავანიძე:

უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდა უკვე მოიპოვა პირველი სეზონის ჩემპიონის ტიტული

უნივერსიტეტის სპორტული გუნდები მონაწილეობას იღებენ კალათბურთის სტუდენტური ლიგის პირველ ეტაპში, სადაც გუნდი ასპარეზობს წარმატებით. აღსანიშნავია, რომ ლიგაში მონაწილეობს 20 უმაღლესი სასწავლებელი. ჩემპიონატი იმართება ორ სეზონად, მთელი სასწავლო წლის მანძილზე, ანუ ოქტომბრიდან ივნისამდე. უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდა უკვე მოიპოვა პირველი სეზონის ჩემპიონის ტიტული, წარმატებით იასპარეზა რა მთელი სეზონის მანძილზე. ბოლოს ორ გასვლით ტურში – ქუთაისსა და ბათუმში დიდი უპირატესობით დაამარცხა ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლის გუნდები.

წარმატებით ასპარეზობს ფუტსალის სტუდენტური ნაკრებიც, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასზე, რომელშიც 32 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს. სხვათა შორის, თსუ სამ გზის გამარჯვებულია აღნიშნული ჩემპიონატის და მსგავსი შედეგი არც ერთ უმაღლეს სასწავლებელს არ აქვს. გუნდი ამჟამად იმყოფება ნახევარ ფინალში და დიდი იმედი მაქვს, წლის ბოლოს მეოთხედ მოვიგებთ თასს.

აღსანიშნავია თსუ-ის სტუდენტების ეკო-ლაშქრობები, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა მიმდინარე წლის ოქტომბერში და საკმაოდ საინტერესო და წარმატებული პროექტი აღმოჩნდა.

შეთანხმება კომპანია ჰიუნდაისთან

სულ რამდენიმე დღის უკან პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას კომპანია ჰიუნდაისთან, რომელიც გახდება ჩვენი საკალათურთო კლუბის სპონსორი, რომელიც მონაწილეობს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში. ეს მოგვცემს საშუალებას გავაძლიეროთ გუნდი და ვიბრძოლოთ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად, რათა უმოკლეს პერიოდში კვლავ დავუბრუნოთ დიდება უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბს და თსუ-ს.

წინასაახალწლო ღონისძიებები თსუ-ში

წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით დატვირთულია ჩვენი დეპარტამენტისთვის. იგეგმება სხვადასხვა საახალწლო და სოციალური პროექტები. თსუ-ში გაიმართება ტრადიციული საახალწლო წვეულება ბავშვებისთვის, სადაც თსუ-ის თეატრალური დასი „სხვენი“ გამართავს წარმოდგენას.

კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი აქტიურად გეგმავს და მუშაობს 2017 წელს გასამართ ღონისძიებებზე. მომავალ წელს უნივერსიტეტი სტუდენტებს შესთავაზებს მრავალფეროვან პროექტებსა და გაზრდილ სპორტულ სექციებს.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი უნივერსიტეტს და, ზოგადად, საუნივერსიტეტო საზოგადოებას.

მინდა, ვუსურვო მშვიდობა და განვითარება!