რისი გაკეთება იგეგმება უნივერსიტეტში

18 Nov 2016

- რამდენადაც ცნობილია, აპირებთ კურსდამთავრებულთა ფონდის შექმნას. რას მოემსახურება ეს ფონდი?

- ვვარაუდობთ, რომ მომავალ სემესტრში შეიქმნება კურსდამთავრებულთა ასოციაცია, უნივერსიტეტის მეგობართა კლუბი და უნივერსიტეტის განვითარების ფონდი, რომლებიც აქტიურად დაიწყებენ ფუნქციონირებას 2017-2018 სასწავლო წლისთვის. 

- რა გეგმები გაქვთ ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით? თქვენი ინფორმაციით, რამდენად სათანადოდ ასრულებს ენების ცენტრი თავის მოვალეობას? რა არის გასაუმჯობესებელი?

- ზოგადად, ენების სწავლება აუცილებელია და ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი.

საქმე ისაა, რომ სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა ინფორმაცია მოდის: არსებობს სტუდენტების ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან უცხო ენების სწავლების იმ დონით, რაც უნივერსიტეტშია და არსებობს სტუდენტთა ის ჯგუფიც, რომელიც კმაყოფილია. სწავლების ხარისხი, იდეაში, ცალსახად გასაუმჯობესებელია და ამას არ სჭირდება დიდი სჯა-ბაასი, თუმცა, როგორ და რა საშუალებებით, ამაზე, უპრიანი იქნება, რომ ენების ცენტრი ჩამოყალიბდეს. მას, ალბათ, ექნება თავისი პოზიცია, რადგან, როგორც ვიცი, დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდნენ კონცეფციას - თუ როგორ უნდა გააქტიურდეს სწავლება და როგორ მივაღწიოთ უკეთეს შედეგს. 

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გერმანიის უნივერსიტეტმა თსუ-ს აკადემიური ბაზის გამართულობისთვის სპეციალური პროგრამა აჩუქა, რომელიც არ ამუშავებულა. ხომ არ არის დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები სასწავლო პროცესის მართვის ბაზების მუშაობის გასაუმჯობესებლად?

- ეს პროგრამა ნამდვილად არსებობდა და მას ერქვა NOA, რომელიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საჩუქარი იყო (უკვე 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს პროგრამა გვაჩუქეს). საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხა მოხმარდა ამ პროგრამის ადაპტირებას, რათა ეს პროგრამა ქართულ რეალობას მორგებოდა. 2011 წელს ეს ბაზა გასაშვებად მზად იყო, თუმცა არ ამუშავებულა, რაც ძალიან ცუდია.

ამ ეტაპზე ორ თემას გამოვყოფ: ერთია ის, რომ თვითონ ბიუროკრატიული საქმის წარმოება, რომელიც მიმდინარეობს ადმინისტრაციაში, არ არის დაფუძნებული არც ერთ კომპიუტერულ პროგრამაზე. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან. მან კარგი საჩუქარი გაგვიკეთა - უფასოდ გვაძლევს სისტემას, რომელიც მოაწესრიგებს დოკუმენტბრუნვას ადმინისტრაციაში, რაც თავისთავად კარგი საქმეა. პარალელურად, ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი დაგვჭირდა, რომ გვენახა, სად იყო მიუნხენის უნივერსიტეტის მიერ ნაჩუქარი პროგრამა. იგი ახლა ნაპოვნია და გადავეცით ჩვენს პარტნიორებს ფინანსთა სამინისტროში, რომლებიც შეაფასებენ დღევანდელ მდგომარეობას და იმას, თუ რამდენად შეიძლება ამ ორმა პროგრამამ პარალელურად იმუშაოს. თუ ეს შედგება, ანუ ადმინისტრაციული საქმის წარმოება თუ მიებმება სტუდენტური საქმის წარმოებას და ბაზებს, კარგ შედეგს მივიღებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, სამწუხაროდ, 2011 წელს არ მოხდა ამ პროგრამის უნივერსიტეტის სივცეში ამუშავება. ეს პროდუქტი ახლა Mიცროსოფტ-მა იყიდა, მაგრამ, როგორც ჩვენმა პარტნიორებმა გვაცნობეს, ვინაიდან ის უკვე ნაჩუქარია, თანხის გადახდა აღარ მოგვიწევს. ახლა ვადგენთ, თუ რამდენად თავსებადია ეს ორი სისტემა და რამდენად შეიძლება მისი განახლება. 

აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესის მართვის ბაზები გაიმართოს და ადვილი სამართავი იყოს არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ამ ბაზებზე მუშაობს, ვთქვათ, იგივე, ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. ამით ბიუროკრატია შემცირდება, გაიზრდება სისწრაფე, რაც ძალიან საგრძნობი იქნება მომხმარებლისთვის. 

- თქვენ განაცხადეთ, რომ უნდა შეიქმნას ომბუდსმენის ინსტიტუტი სტუდენტებთან ურთიერთობისთვის. როდიდან აპირებთ ამ ინსტიტუტის ამუშავებას და არის თუ არა უკვე განსაზღვრული, როგორ დაკომპლექტდება და რა ფუნქციები ექნება მას?

- აუცილებელია, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც შევლენ პროფესორები. ეს უნდა იყოს ნდობის ჯგუფი, რომელსაც ჩვენ ვთხოვთ, რომ ჩამოაყალიბონ ხედვა, თუ რა უნდა იყოს ფუნქციონალი და შინაარსი იმ საქმიანობისა, რაც სტუდენტურმა ომბუდსმენმა უნდა გააკეთოს. მათ უნდა შეიმუშაონ სამუშაოების აღწერილობები; უნდა მოიფიქრონ - ვინ უნდა იყოს ეს ადამიანი - ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი თუ იურისტი; როგორი ბეგრაუნდი, განათლება, გამოცდილება და პიროვნული თვისებები უნდა ჰქონდეს მას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იმ კომისიაში, რომელიც ღია კონკურსის წესით შეარჩევს სტუდენტურ ომბუდსმენს, ყველა დაინტერესებული მხარე იქნება წარმოდგენილი. მას ექნება მედიატორის როლი ადმინისტრაციასა და სტუდენტებს, სტუდენტურ ჯგუფებს, ან პროფესორსა და სტუდენტს შორის. მისი გადასაწყვეტი იქნება ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება გადაიჭრას მარტივად და სწრაფად, რათა გამოვლენილი პრობლემა არ გადაიზარდოს კონფლიქტში. ეს იქნება საუკეთესო ინსტიტუტი, სადაც მოხდება პოზიციების შეჯერება/დაახლოება. საერთოდაც, უნდა აღდგეს დიალოგის ფორმით კომუნიკაციის კულტურა და ამ დიალოგის ფასილიტატორი იქნება ომბუდსმენი, რომელსაც ესმის - რა არის აკადემიური სივრცე, მართავს ამ სივრცეს და, კანონიდან გამომდინარე, საზღვრავს, თუ როგორ შეიძლება ურთიერთობების დალაგება. 

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია შეიქმნება ცალკე კომისიაც, რომელიც სტუდენტურ პროექტებს განიხილავს... 

- ვინაიდან არსებობს პრეტენზიები, რომ წარსულში სტუდენტურ პროექტებზე თანხები არასწორად იქნა გამოყენებული, ყველანი შევთანხმდით, რომ ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. აუცილებელია, არსებობდეს ტრანსფარანტული, გამჭვირვალე მექანიზმი იმისა, თუ როგორ ნაწილდება ის თანხები, რომლებიც მიემართება სტუდენტური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. სტუდენტური სამეცნიერო პროექტების ან, ვთქვათ, ალპინიადის, კონცერტის ან რაიმე სხვა სახის ღონისძიებებისა თუ აქტივობების დაფინანსებისთვის აუცილებელია არსებობდეს კომისია, რომლის მუშაობის წესიც გასაგები იქნება ყველასთვის. კერძოდ, პროექტის ავტორებმა უნდა იცოდნენ, როგორ და რა პრინციპებზე დაყრდნობით იღებს კომისია გადაწყვეტილებას; რა არის მოთხოვნა; როგორი პროექტი უნდა შემოვიდეს; როგორ უნდა იყოს ის შესრულებული და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი რუტინული სამუშაო, რომელიც აუცილებლად იყო გასაკეთებელი და, სამწუხაროდ, არ კეთდებოდა. რადგან დაისვა ამდენი შეკითხვა, უკეთესია, ამ კომისიაში შედიოდნენ წევრები, რომლებიც რომელიმე სტუდენტურ მხარესთან დაკავშირებულნი არ არიან. შეიძლება ეს იყოს არასამთავრობო ორგანიზაციის, ანაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ საგრანტო კომისიის მუშაობაში, რაც მიღებულია და კარგი პრაქტიკაა. თუ რაღაც კითხვითი ნიშნები გაჩნდება, იქნება იმის საშუალება, რომ მიმართონ კომისიას, რომელიც ადეკვატურ, გასაგებ პასუხებს გასცემს. ანუ, ეს არის ის საკითხი, რომელიც აუცილებელად უნდა იყოს მუდმივად ცხარე დებატების საგანი. ვიმეორებ, რადგან დაისვა ასეთი კითხვები, მოდით, გავაკეთოთ ისე, რომ აღარ გაჩნდეს შეკითხვები - თვითონ პროცედურა იყოს გასაგები, გამჭვირვალე და სანდო.

ესაუბრა

ნინო კაკულია