ლევან საბაური: არიან კი მზად საწარმოები ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით აწარმოონ?

18 Nov 2016

საქართველოს ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდა და განვითარება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სამეწარმეო გარემოს სრულყოფას, კონკურენტუნარიანობის და ინოვაციების შესაძლებლობების ამაღლებას, რის შედეგადაც მოხდება შემოსავლების და სამუშაო ადგილების ზრდა და, შესაბამისად, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ასევე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა საქართველოში, რაც განაპირობებს ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობას.

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის პრობლემებსა და პერსპექტივებზე წაიკითხა საჯარო ლექცია სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებულმა პროფესორმა ლევან საბაურმა. შეხვედრა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის - ,,პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან” ფარგლებში 31 ოქტომბერს გაიმართა.

მომხსენებელმა მცირე და საშუალო ბიზნესის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ლექცია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ისტორიის მიმოხილვით დაიწყო. მისი აზრით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით შესაძლოა შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა, კერძოდ - ეკონომიკური კონიუნქტურის ცვალებადობის დარეგულირება, ეკონომიკის ჯანსაღი საკონკურენტო გარემოს შექმნა და სხვა, რაც ხელს შეუწყობს საინვესტიციო პოტენციალის განვითარებასა და ორგანიზაციების, წარმოების, მომარაგებისა და დაფინანსების ახალი ფორმების შექმნას.

მან საინტერესოდ ისაუბრა აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესის ხარისხობრივ მახასიათებლებზე, როგორიცაა: შემოქმედებითობა, ინიციატივა და დინამიზმი, რისკისადმი ტოლერანტობა და კონკურენტული გარემოსთვის მხარდაჭერა.

„კერძო სექტორის განვითარების და განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მათ საგანგებო ყურადღება უნდა დაუთმონ კერძო სექტორის და განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. მის მოთხოვნებთან ადაპტაცია და მათი შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა ბიზნესმა შეძლოს ექსპორტის პოტენციალის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.

მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეების ცნობიერების ამაღლებას. ამ სტანდარტების გამოყენება ფინანსურ ანგარიშგებაში, თავის მხრივ, განაპირობებს კომპანიების ანგარიშების გამჭვირვალობას და, შესაბამისად, გააუმჯობესებს საინვესტიციო კაპიტალსა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას. ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობა, ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბიზნეს-პარტნიორების მოძიების თვალსაზრისით.

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სააღრიცხვო სისტემის არსებობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ფინანსების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესისა და ნდობის ამაღლებას, გაზრდის საქართველოს კრედიტუნარიანობას და გააუმჯობესებს საჯარო და კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხარისხს“, - აღნიშნა ლევან საბაურმა.

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საქართველოში ფართო გავრცელების ხელშეწყობისა და გამოყენების ამაღლების საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უფრო აქტუალური გახდა. ლევან საბაურის აზრით, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის უნდა შემუშავდეს და დაიხვეწოს საგანმანათლებლო პროგრამები, ტექნიკური სახელმძღვანელოები. „ეს არის საერთაშორისო ენაზე მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც ყველა დონორსა და ინვესტორს აძლევს საშუალებას - საერთაშორისო ენაზე მომზადებულ ანგარიშს გაეცნოს, თუ რა მდგომარეობა გააჩნია ამა თუ იმ ორგანიზაციას ფინანსური კუთხით. მაგრამ მთავარი პრობლემაა - არიან კი მზად საწარმოები ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით აწარმოონ? დღეს ყველა ადგილობრივი მეწარმე, ფაქტობრივად, საგადასახადო აღრიცხვას ახორციელებს და არ ხდება ფინანსური აღრიცხვის წარმოება. მიმდინარე წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონის მიხედვით ვალდებულება ჩნდება, საწარმოებმა ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აწარმოონ. მაგრამ აქვე თავს იჩენს ერთი პრობლემა, რამდენად აღმოჩნდება ადამიანური რესურსის მხრივ ქვეყანა მზად, საწარმოებმა სწორედ ასეთი ფინანსური ანგარიშგება აწარმოონ. ამ ეტაპზე ჩვენთან არ არსებობს სამსახური, რომელიც ამ მოთხოვნას შეასრულებს. ეს კი მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

სახელმწიფო და პროფესიულმა ორგანიზაციებმა უნდა გააძლიერონ კოორდინირებული მუშაობა, რათა ეს პროცესი არ შეფერხდეს და საქართველოს საწარმოებმა ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანგარიშგების მომზადება დაიწყონ“, - განაცხადა ლევან საბაურმა.

მომხსენებელმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სხვა პრობლემებზეც ისაუბრა, სტუდენტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მაღალი შეფასება მისცა პროფესორ ლევან საბაურის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას და თემაზე საუბრის გასაგრძელებლად გაზაფხულზე დაგეგმილ სემინარზე მიიწვია. მან აგრეთვე თავისი სკეპტიკური დამოკიდებულება დააფიქსირა საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების კვლევების ნაკლებობასთან დაკავშირებით. „ამ თემის კვლევას სხვა კუთხით შევხედავდი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი და რა როლი და ფუნქცია დაეკისრება მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, - აღნიშნა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.