კორპორატიული აქცია

18 Nov 2016

„დღეს მეც დავურგე ხე ჩემს უნივერსიტეტს და პირველი, რაც გამახსენდა, მისაღები გამოცდების ცხელება იყო, აგვისტოს თაკარაში ქოლგიანი მშობლების ჩივილი – რა გახდა აქ ხეების დარგვა, ჩრდილს რომ შევეფაროთო. თბილისის მერიის ამ აქციას დღეს ასობით ადამიანი შეუერთდა“, - ასე გამოხატა თავისი ემოცია თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის პიარის ხელმძღვანელმა ნინო კვაჭანტირაძემ 9 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გამართულ გამწვანების აქციაზე - „დაურგე ხე შენს უნივერსიტეტს“.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელშეწყობით გამართულ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები და პროფესორები. ხეები დაურგეს უნივერსიტეტს თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. პროექტის ფარგლებში, მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 270-მდე მთის ნეკერჩხლისა და კვიპაროსის ნერგი დაირგო.

„ხეების დარგვა მართლაც კარგი საქმეა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მათი მოვლა, ამაზე კი ჩვენს სტუდენტებთან ერთად უნდა ვიზრუნოთ. მისასალმებელია მერიის ინიციატივა, რომელიც თსუ-ის კურსდამთავრებულია. მომავალში ჩვენი მიზანია, თსუ-ის კურსდამთავრებულები უფრო აქტიურად ჩავრთოთ უნივერსიტეტის გარემოსა და სასწავლო კვლევითი სივრცის გაუმჯობესების საქმეში“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„ასეთი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნო ფაქტია, როდესაც სტუდენტები და პროფესორები, მისი ხელმძღვანელობა ერთად ზრუნავენ უნივერსიტეტში გარემოს გაუმჯობესებაზე. დღეს მეც დიდი სიამოვნებით დავურგე ხე ჩემს უნივერსიტეტს“, - განაცხადა თსუ-ის ვიცე-რექტორმა მიხეილ ჩხენკელმა.

„თავისი ხე ყველა უნივერსიტეტელმა უნდა დარგოს, ეს ამავე დროს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ამ აქციით ჩვენ გამოვხატავთ სიყვარულსა და პატივისცემას უნივერსიტეტის მიმართ“, - გაგვიზიარა თავისი დამოკიდებულება თსუ-ის კანცლერმა ნუნუ ოვსიანიკოვამ.

„დედაქალაქში გამწვანების ღონისძიებები ინტენსიურად გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია თსუ-ის პროფესორებთან, ხელმძღვანელობასა და სტუდენტებთან ერთად გავამწვანეთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საშემოდგომო რგვები გაგრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე და თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხეს დავრგავთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აქციაში განსაკუთრებით ხალისით ჩაერთნენ თავად სტუდენტები - „სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო აუდიტორია, არამედ ის გარემო, რომელიც, რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელია. იმედი გვაქვს, ეს აქციები გაგრძელდება და მიიღებს მასშტაბურ ხასიათს და ხეების მოჭრა კი არა, დარგვა იქნება პრიორიტეტი სახელმწიფოში და, ზოგადად, ყველა ადამიანისთვის“, - განაცხადა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა ალექსანდრე ყუბანეიშვილმა.

„მაღლივი კორპუსის სტუდენტები ყოველთვის ვწუხდით, რომ აქ ხრიოკი ადგილი და ტრიალი მინდორი იყო, ამიტომ ყველა დიდი სიხარულით ვრგავთ ხეებს, მათ მოვლაზეც ჩვენ ვიზრუნებთ, ეს ყველა უნივერსიტეტელის ვალია“, - გვითხრა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის მოადგილემ გიორგი გელაშვილმა.