უნივერსიტეტელი თათია დოლიძის საკადრისი პასუხი გაეროს ტრიბუნიდან

28 Oct 2016

24 წლის დიპლომატ თათია დოლიძეზე სულ ცოტა ხნის წინ არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი აღფრთოვანებით საუბრობდა და დადებითად აფასებდა მის გამოსვლას გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე.

თათია დოლიძის გამოსვლას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი, რომელმაც ქართველ კოლეგებს მოუწოდა, სპეკულირების ნაცვლად, სამშვიდობო მოლაპარაკებებით დაკავებულიყვნენ. თათიამ რუსი კოლეგის გამოსვლას საკადრისი პასუხი გასცა და მას კიდევ ერთხელ შეახსენა კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების უფლებების დარღვევის ფაქტები. გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომების ისტორიაში ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც გაეროში საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელმა რუს დიპლომატს პასუხის გაცემა გაუბედა. პასუხის უფლება აქამდე საქართველოს ახალგაზრდობის არც ერთ წარმომადგენელს არ გამოუყენებია. სწორედ თათიას გამბედაობამ და ღირსეულმა პასუხმა აღაფრთოვანა ქართველი ხალხის დიდი ნაწილი და მისი მისამართით საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.

თათია წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდობას გაეროში (2016-2017 წელს). მას საკმაოდ მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება აქვს - ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში წარჩინებით დაიცვა მაგისტრის ხარისხი. ამჟამად კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ევროპული სწავლების ინსტიტუტში სადოქტოროს კანდიდატია და დისერტაციის დაცვისთვის ემზადება. მანამდე ევროპარლამენტში სტაჟიორად, ბრიუსელის წამყვან კვლევით ცენტრში (CEPS) კვლევით ასისტენტად და ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა. სემესტრული თუ წლიური სასწავლო მობილობების ფარგლებში, სტუდენტად ირიცხებოდა ასევე ვილნიუსის (ლიტვა), მასარიკის (ჩეხეთი) და სიენას (იტალია) უნივერსიტეტებში. სხვადასხვა ეტაპზე საზღვარგარეთ თათიას სწავლა შესაძლებელი გახადა აკადემიური მოსწრების საფუძველზე მოპოვებულმა ერასმუს მუნდუსის, ფონდ „ღია საზოგადოებისა“ და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო სტიპენდიებმა. ფლობს რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებულ წლებზე, ევროპული და ქართული განათლების სისტემის შუქ-ჩრდილებზე, თავბრუდამხვევ კარიერასა და კონფლიქტების მოგვარებაში ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლსა და პერსპექტივაზე გვესაუბრება გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე:

- სკოლის დამთავრების შემდეგ, არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეაჩერე. რატომ აირჩიე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი?

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო აღიარებაც აქვს და ეს კარგად გამოჩნდა ჩემი საზღვარგარეთ სწავლის დროს, სადაც თსუ-ის დიპლომი უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე რომელიმე „მოდური“ კერძო სასწავლებლის.

ქართულ საზოგადოებაში არსებობდა ასეთი სტერეოტიპი: წარჩინებული მოსწავლეები თსუ-ში აგრძელებდნენ სწავლას. არ ვიცი, რამდენად იყო თსუ-ის ყველა სტუდენტი თავის დროზე საუკეთესო მოსწავლე, მაგრამ ის ნამდვილად ფაქტია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ბევრად მაღალი ქულები იყო საჭირო და ფაკულტეტის შიგნითაც, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლის გასაგრძელებლად ტარდებოდა შიდა კონკურსი. მე, როგორც ტიპიური ბეჯითი მოსწავლე, ოქროსმედალოსანი და თან გამოწვევების მოყვარული, სხვაგან ვერსად ჩავაბარებდი. ოჯახის მოლოდინიც გამართლდა და 100% გრანტიც მოვიპოვე. ეროვნული გამოცდების შედეგებით, პირველი აღმოვჩნდი ფაკულტეტზე რეიტინგის მიხედვით, რის გამოც, მახსოვს, სტაციონარული კომპიუტერიც კი მაჩუქეს. შემდეგ, აკადემიური მოსწრების საფუძველზე, ყოველსემესტრულად პრეზიდენტის სტიპედიანტიც ვხდებოდი, რაც დამატებით სტუდენტურ შემოსავალს უდრიდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით და არასდროს მინანია.

- უნივერსიტეტის ახალი რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე ადმინისტრაციასთან ერთად თსუ-ის განვითარების ახალ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პრესტიჟს კიდევ უფრო გაზრდის. შენი აზრით, რა პრიორიტეტები უნდა დაისახოს თსუ-ის ადმინისტრაციამ, რომ მიზანს მივაღწიოთ?

- ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მეცნიერების განვითარების მიმართულებით და ეს პროცესი საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა მიჰყავდეს. თსუ-ის მეცნიერები ციტირებული უნდა იყვნენ მაღალი დონის სამეცნიერო ჟურნალებში. ასეთი მეცნიერები მაღლა სწევენ უნივერსიტეტის რეიტინგს. მეცნიერების განვითარებისთვის ასევე საჭიროა ხელმისაწვდომობა გვქონდეს ყველა მნიშვნელოვან სამეცნიერო ბაზაზე, გვქონდეს კარგი ბიბლიოთეკა, სადაც სტუდენტები საჭირო მასალებს ადგილზე მოიძიებენ და არ მოუხდებათ ამ მიზეზით საზღვარგარეთის კვლევით ცენტრებში გამგზავრება... ასევე, უნივერსიტეტში უნდა შეიქმნას მეტი ინგლისურენოვანი სასწავლო კურსი, რათა უფრო მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდეს.

აუცილებელია მეტი კრიტიკული აზროვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში! სილაბუსებში საჭიროა შევიდეს მოთხოვნა კვლევით ნაშრომებზე, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოცდებიც კი ჩაანაცვლოს სამეცნიერო ტიპის ნაშრომებმა (ე.წ. თერმ პაპერ, ფინალ პაპერ). სტუდენტებმა უნდა წერონ მეტი არგუმენტირებული ესსე და არა - წაკითხულის შინაარსი. აუცილებელია სტუდენტს განუვითარდეს მოხსენების გაკეთების უნარიც, ამიტომ სილაბუსში პრეზენტაციების ჩართვაც საჭიროა. რამდენიმე კურსზე საპილოტე ვერსიის სახით შეიძლება PBL-იც დაინერგოს... იდეა ბევრია, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული და ამიტომ ძალიან დიდ მოთხოვნებს საქართველოს უნივერსიტეტს ვერ დავუყენებთ. მთავარია, პრიორიტეტები სწორად დავსახოთ და დანარჩენს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ.

- დასაქმების მხრივაც საკმაოდ აქტიური ხარ. ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ადგილობრივი განათლებით ნაკლებად არის შესაძლებელი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდე. რატომ ვერ ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები მიღებული ცოდნის რეალიზებას და რა პრობლემებს ხედავ ამ მიმართულებით?

- საგანმანათლებლო სისტემა, ხშირ შემთხვევაში, სამუშაო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. დიპლომის ქონა სოციალურ-კულტურული აუცილებლობა უფროა, ვიდრე ადამიანის რეალური ცოდნის დამამტკიცებელი. ხშირ შემთხვევაში, ფურცლის უკან არაფერი დგას და, დამეთანხმებით, ფურცელი ადამიანის მაგივრად საქმეს ვერ გააკეთებს. თუ ახალგაზრდას არ აქვს წარჩინების დიპლომი და გამორჩეული კლასგარეშე აქტივობების ნუსხა, რთულია ენდო მის მიერ მოპოვებულ ხარისხს დღეს და ეს სამწუხარო რეალობაა. ამას მრავალი სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, სტრუქტურული და ინსტიტუციური მიზეზი აქვს: ქართული რეალობაა ის, რომ ბევრი ახალგაზრდა უნივერსიტეტში მხოლოდ მშობლის ხათრით აბარებს ან იმიტომ, რომ დიპლომი ჰქონდეს, როგორც „სრულფასოვანი“ მოქალაქეობის საბუთი, ან თუნდაც „უდიპლომო სასიძოობისთვის“ თავის ასარიდებლად. ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ იერარქიული სწავლების მეთოდია, სადაც ლექტორი ავტორიტეტია და ის ყოველთვის მართალია, მაშინ როცა სტუდენტების აზრით დიდად არავინ ინტერესდება, ესეც ქართული რეალობაა.

სწავლება არ არის მიმართული კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ და მხოლოდ დაზუთხული მასალის გადმოცემის უნარი ფასდება. ასეთ მიდგომას კი იქამდე მივყავართ, რომ, რაღაც ეტაპზე, სტუდენტი იწყებს სწავლას ნიშნისთვის და არა ცოდნისთვის.

თუ ახალგაზრდამ არაფორმალური განათლებით არ შეივსო ცოდნის ის დანაკლისი, რასაც ხარისხის მიღებისას აუცილებლად იგრძნობს, ძნელად თუ გაუწევს კონკურენციას საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში მზა-პროდუქტის სახით „დამზადებულ“ მაგისტრანტებს, რომელთაც არც ერთი „ინგრედიენტი“ არ აკლიათ. სამწუხაროდ, აქ დღევანდელი უნივერსიტეტები ვერ აძლევენ „ნიჭსა გზა ფართოს“, მაშინ როცა ეს ნიჭი ნამდვილად არის და მას სწორი გზით განვითარება სჭირდება.

- რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში საკმაოდ ხმამაღალი გამოსვლა გქონდა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ეხებოდა. გამოსვლამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც უცხოელ, ისე ქართველ დიპლომატთა წრეებში. ამ ტრიბუნაზე სხვა ქართველი დიპლომატების გამოსვლაც გვახსოვს, მაგრამ ასეთი რეზონანსით - ნაკლებად. რამ განაპირობა ასეთი წარმატება?

- მე რიგით მე-5 ახალგაზრდობის წარმომადგენელი ვარ გაეროში და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არ ვარ პირველი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებზე ვინც ისაუბრა. ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, რა არის იმის მიზეზი, რომ მაინცდამაინც ეს გამოსვლა გახდა ასეთი პოპულარული. ალბათ, გენო პეტრიაშვილის ადამიანურმა ისტორიამაც იქონია გავლენა. შეიძლება იმანაც, რომ მაღალი რანგის რუს დიპლომატს პასუხის გაცემა „გავუბედე”. გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მისიების წარმომადგენლები სწორედ გამბედაობას მიქებდნენ. გაეროში შთაბეჭდილება მოახდინა, ასევე, ორ ენაზე მომზადებულმა სიტყვამ. ჩემი გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ფრანგი მოხელე იმდენად დაინტერესდა, რომ ახლა საქართველოს კონფლიქტურ ზონებში სამედიცინო დახმარების პროექტის განხორციელებას გეგმავს. ასევე მივიღე მიწვევები ფრანკოფონიის ღონისძიებებზე, რაც საქართველოს ხილვადობისთვის ძალიან კარგი იქნება.

მაშინ, როცა მე სიტყვის ერთ ნაწილში ყურადღებას ვამახვილებდი საქართველოს ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის დაბალ მაჩვენებელზე, განათლების ხარისხსა თუ უმუშევრობის პრობლემაზე, გენდერულ თანასწორობასა თუ შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ინფრასტრუქტურული ხელშეწყობის და, ზოგადად, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, აუცილებელი იყო, გამეთვალისწინებინა ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან თუნდაც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ კონფლიქტი ძალიან მტკივნეულად შეეხოთ. მინდოდა ხაზი გამესვა იმ ფაქტისთვის, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა მთავარი საზრუნავი ჯერ კიდევ გადარჩენა და უსაფრთხოებაა და მათი ხმა უნდა მოისმინოს საერთაშორისო საზოგადოებამ; რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო საგანგაშო ხდება შიდა მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში.

საქართველომ სწორი მესიჯი უნდა გაუგზავნოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მდგრადი განვითარების 2030 გეგმის სრულად მიღწევა შეუძლებელია ოკუპაციის პირობებში; მაშინ, როცა გაერო მოგვიწოდებს „უკან არავინ მოვიტოვოთ“, ჩვენ იძულებული ვართ, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების 20%-ზე მცხოვრები მოსახლეობა „უკან მოვიტოვოთ“. შესაბამისად, ისინი ვერ ნახავენ სარგებელს არსებული სამოქმედო გეგმებიდან. ჩემი გამოსვლის მთავარი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ დამეფიქსირებინა ის, რომ ვერანაირი განვითარება ვერ იქნება მდგრადი მშვიდობის გარეშე! მე მოვუწოდე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ წაახალისოს ამ ახალგაზრდების იმედები და არა მათი შიშები!

- და ბოლოს, როგორია შენი სამომავლო გეგმები, საზღვარგარეთ მრავალწლიანი სწავლისა და მუშაობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებ?

- უახლოეს მომავალში ვგეგმავ ტურს საქართველოს გარშემო. შევხვდები ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში, პირველი წყაროდან მოვისმენ მათი პრობლემების შესახებ, გავაცნობ ჩემს პროგრამას და შევთავაზებ სხვადასხვა პროექტში ჩართვას. წლის მანძილზე მათ საჭიროებებზე დაყრდნობით დავგეგმავ აქტივობებს. მინდა ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ მზად ვარ მათი სურვილები, პრობლემები, შიშები, იმედები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გავახმიანო. რეგიონალური ტურის დროს მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოვამზადებ შემდეგ სიტყვას გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სხდომაზე გამოსვლისთვის იანვარში.