გვესაუბრება თსუ-ის რექტორი ლადო პაპავა

14 Sep 2015

თსუ-ში აუთვისებელი ადგილები პრაქტიკულად
არ დარჩა

- საკმაოდ რთული წელი გამოვიარეთ. არც მისაღები ეროვნული გამოცდები იყო მარტივი. ჩვენს უნივერსიტეტში აუთვისებელი ადგილები დაგვრჩა მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიის 3,4%, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. უნივერსიტეტი პრაქტიკულად სრულად შევსებულია, რაც შეეხება დარჩენილ ვაკანსიებს, ეს მოსალოდნელიც იყო. შეუვსებელი დაგვრჩა, მაგალითად, პროგრამა - ქართული ენის შესწავლა აფხაზებისთვის. უნივერსიტეტი ყოველთვის გამოაცხადებს ამ პროგრამას, მაგრამ აქ ყოველთვის დაგვრჩება აუთვისებელი ადგილები, ვიდრე არ გადაწყდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხი.
სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლა 28 სექტემბერს დაიწყება

- ამავდროულად, ვამაყობთ, რომ ყველაზე მეტი მაღალრეიტინგული სტუდენტი ჩვენ გვყავს. მათ შორის ძალიან ბევრმა გაბედა და ჩააბარა ქართულ-ამერიკულ პროგრამაზე სან-დიეგოს უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლაში. ჩვენ მათთვის არ შეგვითავაზებია დამატებითი რაიმე მატერიალური წახალისება, რაც ზოგიერთ უნივერსიტეტს გაცხადებული ჰქონდა სტიპენდიების დაწესების სახით (ჩვენ ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ გაგვაჩნდა), მაგრამ ახალგაზრდების უმრავლესობამ მაინც ჩვენი უნივერსიტეტი აირჩია. ამჟამად სან დიეგოს უნივერსიტეტისათვის გამოყოფილ აუდიტორიებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. იქ სწავლა 28 სექტემბერს დაიწყება და ამ დროისთვის ყველაფერი უნდა იყოს წესრიგში.
გადაწყვეტილების სისწორე ახალმა ვითარებამაც დაადასტურა

- აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ წელს პირველად გვქონდა მიღება ახლად შექმნილ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ფაკულტეტის შექმნის თაობაზე იყო სწორი, გამოჩნდა იმ მხრივაც, რომ უნივერსიტეტში ყველაზე მოთხოვნად ფაკულტეტად ხუთეულში ფსიქოლოგია გამოიკვეთა. ესეც დასტურია იმისა, რომ არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და აკადემიური პერსონალის (ვგულისხმობ ჩვენს კოლეგებს - ფსიქოლოგებს), არამედ თავად ახალგაზრდების არჩევანი სწორი ყოფილა, რათა საქართველოში გაიზარდოს ფსიქოლოგების ახალი თაობა.