შეიცვლება თუ არა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არჩევნების შემდეგ?

28 Oct 2016

„მივიღეთ საკმაოდ საინტერესო პარლამენტი: შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებაში მოვიდა იგივე ძალა, თუმცა მისი იგივეობა აღარ არის შენარჩუნებული, რადგან 2012 წელს გვქონდა კოალიცია „ქართული ოცნება“, სადაც იყვნენ სხვადასხვა პარტიები, მათ შორის მკვეთრად ევროპული ორიენტაციით, დღეს ამგვარი მდგომარეობა აღარ გვაქვს. თუმცა, „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში არიან ახალი სახეები, რომლებიც აღიქმებიან პროევროპულებად“, – ასე დაახასიათა „კავკასიურ სახლში“ 21 ოქტომბერს გამართულ საჯარო დისკუსიაზე მოდერატორმა გიორგი კანაშვილმა ახალი პარლამენტი, რომლის შემადგენლობა ჯერ ბოლომდე არაა გარკვეული, თუმცა ყველამ წინასწარ იცის, რა ძალა იქნება უმრავლესობაში. დისკუსიის მთავარი თემა არ უკავშირდებოდა იმ შიშებს, რომელიც უკვე გაუჩნდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მოსალოდნელ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით, მსჯელობა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და იმის შესახებ წარიმართა, მოსალოდნელია თუ არა ახალი ტენდენციები საქართველოს საგარეო პოლიტიკაში.

თემაზე სამი მომხსენებელი იყო მოწვეული: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის პროფესორი კორნელი კაკაჩია და პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ზვიად ავალიანი. ამჯერად არც ერთი მათგანი არ საუბრობდა ოფიციალური სტრუქტურის სახელით, რაც „კავკასიურ სახლში“ გამართული დისკუსიის უშუალობას განაპირობებდა. შეკრებილ საზოგადოებას საშუალება მიეცა მიუკერძოებელი და ღია მოსაზრებები მოესმინა საგარეო პოლიტიკის მოსალოდნელი გამოწვევების შესახებ.

ანა დოლიძე საგარეო გამოწვევების უკეთ გასაგებად იმ ჩარჩოს გვთავაზობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ეუროპეან.გე-ზე საკუთარ ბლოგზეც გამოაქვეყნა: ეს არის ქაოსისა და წესრიგის ზღვარზე მყოფი სისტემების შესახებ საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებში ცნობილი თეორიის დახმარებით გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენების ახსნის მცდელობა. ამ თეორიის მიხედვით, ევროპაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რუსეთის გააქტიურება, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ქაოსური პროცესები, შანსს აჩენს საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის, რომელიც ქაოსის ნაპირას იმყოფება, გარკვეული გარღვევა მოახდინოს, თუმცა, საამისოდ მოქნილობა და კრეატიულობაა საჭირო, რაც უკვე ლიდერებზეა დამოკიდებული. „ქაოსის ნაპირას ყოფნა განვითარებისთვის უდიდეს შესაძლებლობას წარმოშობს, თუმცა მის გამოყენებას განსაკუთრებული ძალისხმევა და უნარები სჭირდება“, – ამბობს ანა დოლიძე.

ზვიად ავალიანის თქმით კი, წლევანდელი არჩევნები იმით განსხვავდებოდა ყველა დანარჩენისაგან, რომ საგარეო პოლიტიკა ნაკლებად იყო სადაო თემა და პარტიები უფრო მეტად ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემატიკაზე აკეთებდნენ აქცენტს. ის პარტიები კი, რომელთა მთავარი მესიჯიც სწორედ საგარეო პოლიტიკურ კურსთან იყო დაკავშირებული, პარლამენტს მიღმა აღმოჩნდნენ. ამის მაგალითად მომხსენებლებმა ორი პარტია: „ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ დაასახელეს: პირველი მათგანი უბაზო სტატუსსა და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე აკეთებდა აქცენტს, მეორე კი სწორედ იმ მოტივით გაემიჯნა თავის დროზე კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსში საფრთხე დაინახა – ამბობს ავალიანი. „ვფიქრობ, ამანაც ითამაშა გარკვეული როლი იმაში, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა ვერ აჩვენეს ისეთი შედეგი, როგორიც შეიძლებოდა ჰქონოდა“, - ამბობს ავალიანი. მისი თქმით, ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი და პოლიტიკური სპექტრის ანალიზი საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ამომრჩეველი მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციას, რისი დასტურიც მმართველი პარტიის ბოლო პერიოდის მიღწევებია ევროინტეგრაციის კუთხით და ნაკლებად ხედავს საფრთხეებს კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, „არჩევნებმა დაგვანახა, რომ დასავლური კურსიდან გადახვევა მოსახლეობიდან მხარდაჭერილი არ იქნება. თუ მართლა მოხდება რადიკალური ცვლილება საგარეო კურსში, ეს უფრო გარე ფაქტორებით იქნება განპირობებული და არა ქვეყნის შიგნით მოსახლეობასა და პოლიტიკაში არსებული განწყობებით. საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც, დიდი ალბათობით, ექნება მმართველ პარტიას, მას უქმნის იმის წინაპირობას, რომ „ქართული ოცნება“ არ შევიდეს პოლიტიკურ გარიგებებში არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც პატრიოტთა ალიანსთან, ამიტომ, მმართველი უმრავლესობა განაგრძობს იმ პროდასავლურ კურსს, რომელიც აქვს და, ასევე, შეეცდება თავი აარიდოს ესკალაციას რუსეთთან“, - აცხადებს ზვიად ავალიანი.

კორნელი კაკაჩიას აზრით, მთავარი პრობლემა კონცეპტუალურია და უკავშირდება იმას, რომ დღემდე მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული საქართველოს რეგიონალური კუთვნილების საკითხი. განიხილება რამდენიმე ვარიანტი – სამხრეთ კავკასია, პოსტსაბჭოთა სივრცის რეგიონი, შავი ზღვის რეგიონი, ევროპის, ხანაც ახლო აღმოსავლეთის ნაწილი. მაშინ, როდესაც ბოლო 25 წელია ქართველი პოლიტიკოსები დაჟინებით ცდილობენ - საქართველო ევროპაში მოიაზრონ, თავად ევროკავშირისთვის ის უფრო სამხრეთ კავკასიაა. ასეთი აცდენა რეგიონალურ კუთვნილების საკითხთან დაკავშირებით მრავალ პრობლემას ქმნის როგორც საქართველოსთვის, ისე მისი პარტნიორებისთვის. ამავე დროს, რეალური გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას ავალდებულებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას. კორნელი კაკაჩია სწორედ აქ ხედავს ძირითად გამოწვევას, რადგან, მისი თქმით, ყველა ხელისუფლება, ვისაც კი საქართველოში ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვერ ასცდა რუსეთთან კონფრონტაციის ცდუნებას. საინტერესოა, რომ პოლიტოლოგ კორნელ კაკაჩიას მიერ გამოთქმული ეს მოსაზრება ნაკლებად აქტუალურია საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში, სამაგიეროდ, გავრცელებულია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ „ოცნებამ“ შეიძლება გადაუხვიოს პროდასავლური კურსიდან. Aამგვარი მოსაზრების არსებობას კორნელი კაკაჩია იმით ხსნის, რომ „ნაციონალური მოძრაობისაგან“ განსხვავებით, რომელიც მკაფიო ანტირუსული რიტორიკით გამოირჩევა, ამჟამინდელი მმართველი პარტია საგარეო ორიენტაციის შესახებ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას ერიდება. „თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ მიმართულებით არაფერი შეუცვლია და განაგრძობს იმ საგარეო ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული“, – ამბობს კაკაჩია. მისი თქმით, რეგიონალური იდენტობის პრობლემა კვლავ დარჩება უმთავრეს გლობალურ გამოწვევად, რომელიც სამომავლო საფრთხეების წინაპირობა შეიძლება გახდეს, „ჩვენ არ ვართ არც ერთი რეგიონალური ორგანიზაციის წევრი: დსთ-დან გამოვედით, ნატოს წევრები არ ვართ, ევროკავშირის წევრები კიდევ დიდხანს ვერ გავხდებით, ვართ ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი, რომელიც ევროპამ შემოგვთავაზა სწორედ იმ მიზნით, რომ ქვეყანას რეგიონალურ ჭრილში რაღაც ადგილი მოენახა“.

„ღირებულებითი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გვინდა და რას გვთავაზობს რეალობა, გახდება მომდევნო წლების მთავარი სადავო თემა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, სადაც ასევე ძალიან მწვავედ დგას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი. მაშინ, როდესაც დასავლეთი ვერ გვთავაზობს ამ პრობლემის გადაჭრის რეალურ მექანიზმებს, რუსეთი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში გავლენის შენარჩუნებით, მაგრამ იცის, რომ ხელისუფლებაში ვერ მოიყვანს პრორუსულ პარტიას, შეეცდება კვლავ წაახალისოს ევროსკეპტიციზმი და გააღრმავოს პოლიტიკური დისკუსია თემაზე - რა სჯობია ქვეყნისთვის: ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი?“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია, რომელიც მთავარ გამოწვევად კვლავ ჩვენი საზოგადოების დასავლურ მისწრაფებებსა და არსებულ რეალობას შორის კონფლიქტს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში ამომრჩეველმა გამოსავალი იდეალისტურის ნაცვლად პრაგმატულ პოლიტიკაში დაინახა, რომლის გამტარებლადაც „ქართული ოცნება“ მოიაზრება.