როგორ ვაქციოთ სტუდქალაქის პატარა სივრცე ნამდვილ ევროპულ კამპუსად?

28 Oct 2016

ერთი ნათურაღა ანათებს შორს, დერეფანში. იატაკზე არეკლილ შუქს თვალს თუ გააყოლებ, დერეფნის ბოლო ფანჯარასთან მიგიყვანს. მარჯვნივ საპირფარეშოა, მარცხნივ - კიბე, რომელსაც მომდევნო სართულზე აყავხარ. შემდეგ ყველაფერი მეორდება: სტუდენტური საცხოვრებლის თითოეული სართული ისეთივეა, როგორიც - წინა: მონგრეული, ჩაშავებული, უღიმღამო...

შავით თეთრზე დაწერილი კანონი სანიტარულ-ჰიგიენური, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას გავალდებულებს, ხოლო ელექტროსადენების ხშირი წვისაგან გაშავებული ჭერი და კედლები საპირისპირო რეალობაზე მიგანიშნებს. კანონით, სტუდქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი ვალდებულია, დაიცვას სხვა მაცხოვრებლის უსაფრთხოება, თუმცა ყოველ სართულზე, მთელ დერეფანში, კედლის გასწვრივ მოშიშვლებული ელექტროსადენები კანონს, რა თქმა უნდა, არ „ემორჩილება“.

სტუდქალაქი სტუდენტებისთვის 1975 წლიდან (როდესაც სტუდქალაქი ააშენეს) 5 კორპუსს მოიცავდა, რომლებიც საცხოვრებელი ფართის პრობლემას 3 000-მდე სტუდენტს უგვარებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქ სახელმწიფომ დევნილები შეასახლა, უნივერსიტეტს მხოლოდ 2 კორპუსი: I და II შემორჩა (სტუდენტების რაოდენობა კი, დაახლოებით, 10-ჯერ შემცირდა). IV და V კორპუსები 14-სართულიანია და რომ არა მათი დანიშნულებისამებრ გამოუყენებლობა, ორივე შენობა საკმაოდ ბევრ სტუდენტს დაიტევდა. რაც შეეხება III კორპუსს, ის თითქმის ისეთივეა, როგორიც - I და II, თუმცა ერთი განსხვავებით - III კორპუსი, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ, გაცილებით კარგად გამოიყურება, ვიდრე სტუდენტების საცხოვრებელი.

შექმნილი სიტუაციის აღსაწერად მცირედ უსიამოვნო ჰიპერბოლას თუ გამოვიყენებთ, ვიტყვით, რომ სახელმწიფომ, დევნილების სტუდქალაქში ჩასახლებით, თავად სტუდენტები აქცია დევნილებად და თვეში 30 ლარად ღირებული საერთო საცხოვრებლიდან გამოასახლა, იმ საცხოვრებლიდან, რომელიც სპეციალურად მათთვის აშენდა. მართალია, ზოგი სტუდენტი დევნილების შემოსახლების მერე ისევ სტუდქალაქში დაბრუნდა და ცხოვრება ისევ იქ დაიწყო, სადაც ადრე უნდა ეცხოვრა, მაგრამ განსხვავება აქაც აშკარა იყო - უნივერსიტეტის ან სახელმწიფოს ნაცვლად, აღნიშნულ ფართს უკვე სტუდენტის ადგილას შესახლებული დევნილი აქირავებდა, რომელიც 30 ლარის მაგივრად, ოთახით სარგებლობისთვის, სტუდენტს, დაახლოებით, 10-ჯერ მეტს ართმევდა. ეს ახლაც ასეა. ამის გარდა, დევნილების სამივე კორპუსი უკეთ გამოიყურება, ვიდრე მათი, ვისთვისაც, პირველყოვლისა, შეიქმნა და არსებობს სტუდქალაქი. ამ დროს რას გვეუბნება კანონი?! - ისევ იმას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დევნილი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს. ალბათ, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ სანამ მორიგი სტუდენტი მისთვის განკუთვნილ ბინაში 30-ის ნაცვლად 300 ლარს გადაიხდის, ალბათ, ღირს კიდეც ალტერნატიული გზის ძიება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ჯავახაძე, რომელიც, ამავდროულად, თსუ-ის სენატის წევრია, მე-4 წელია, რაც სტუდენტური საერთო საცხოვრებლით სარგებლობს. მისი თქმით, სტუდენტური საცხოვრებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ძველი გაყვანილობა და არასწორად დამონტაჟებული სან-ტექნიკაა.

„ზამთარში, ძირითადად, დენის გამათბობლების გამოყენება გვიწევს. თითო ოთახში ერთი გამათბობელი მაინცაა ჩართული და გაყვანილობაც ასეთ დატვირთვას ხშირად ვერ უძლებს, ამიტომ ხანძარი ჩნდება. გარდა ამისა, ელექტროსადენებიც დაუცველადაა გაყვანილი და როცა მათ ცეცხლი ეკიდება, კედლები შავდება. ამის გარდა, პრობლემა საჭმლის მოსამზადებელი ადგილის არარსებობაცაა. იქიდან გამომდინარე, რომ სამზარეულო არ გვაქვს, ყველა სტუდენტი საჭმელს საკუთარ ოთახში ელექტროქურაზე აკეთებს. შესაძლებელია, თითო სართულზე, საერთო აბაზანა-ტუალეტის მსგავსად, საერთო სამზარეულოც განთავსდეს, სადაც ჭურჭლის გასარეცხი ნიჟარა და ელექტროქურები მაინც იქნება, რომლებზეც სტუდენტები საჭმელს მოიმზადებენ.

სტუდქალაქის II კორპუსში, იქ, სადაც მე-4 წელია, ვცხოვრობ, სულ 3 სართულია. როგორც ჩანს, სან-ტექნიკა, თავის დროზე, არასწორად დაამონტაჟეს, რადგან ხშირად სველ წერტილებში წყალი გროვდება. ახლა სარეცხ მანქანებს დგამენ. ეს, თავის მხრივ, ძალიან კარგი საქმეა, რადგან სტუდენტებს საერთო სააბაზანო ოთახში ხელით რეცხვა აღარ მოუწევთ.

კიდევ ერთი პრობლემა შესყიდვებია, რომლებიც, სტუდქალაქთან მიმართებით, ძალიან რთულად წარმოებს. აქ ბევრი სტუდენტია და, შესაბამისად, ინვენტარიც ხშირად ფუჭდება, მაგალითად: ონკანები, ნათურები და ა.შ.. საჭიროა, შესყიდვა უფრო გამარტივდეს, რათა გაფუჭებული ინვენტარი ახლით მალე შეიცვალოს. ნათურაც ხშირად იმიტომ იწვება, რომ საპირფარეშოში წყალი გროვდება და შემდეგ ქვედა სართულზე არსებულ საპირფარეშოში ჩადის“, - განმარტავს გიორგი ჯავახაძე.

სტუდქალაქის მმართველის ზაზა წაქაძის თქმით, ინვენტარის სახეობის მიხედვით, ძველის ახლით შესაცვლელად ზოგჯერ ტენდერის ჩატარებაა საჭირო, ზოგჯერ კი მხოლოდ საწყობიდან მისი ამოტანა. რაც შეეხება დევნილების მიერ სტუდენტური საცხოვრებლების გაქირავებას და დამატებითი შემოსავლის წყაროდ ქცევას, აღნიშნული საკითხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრისთვის უცხო ნამდვილად არ არის.

„არ ვიცი, აქირავებენ თუ არა საცხოვრებელ ფართებს დევნილები III კორპუსში, მაგრამ 14-სართულიან კორპუსებში ეს ნამდვილად ხდება. ჩემი რამდენიმე ნაცნობიც კი ცხოვრობდა იქ ქირით. ამჟამად ასეთი სიტუაციაა - თუ უნივერსიტეტი მოსთხოვს სახელმწიფოს, რომ ამ უკანასკნელმა დევნილები ალტერნატიული ფართით დააკმაყოფილოს და სახელმწიფოც კეთილ ნებას გამოიჩენს, ამით საკმაოდ ბევრ რთულ პროცესს გაამარტივებს და საცხოვრებელი ფართით 3 000-მდე სტუდენტს უზრუნველყოფს. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს კორპუსები დევნილებისთვისაც ნაკლებად ხელსაყრელია, რადგან იქ კორიდორული სისტემაა, რაც, მოგეხსენებათ, ოჯახური ცხოვრებისთვის საკმაოდ არაკომფორტულია. როგორც ვიცი, მათ კორპუსებში, ისევე, როგორც მთელ სტუდქალაქში, მაცხოვრებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გაზის სისტემის დამონტაჟებაც აკრძალულია. ესეც, ზოგადად, სტუდქალაქებში არსებული ტენდენციაა. დღესდღეობით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სტუდენტურ საცხოვრებელში ფართის გამოყოფის მოთხოვნით, 10 000-მდე განცხადებაა შესული, ასე რომ, თუ სახელმწიფო დევნილებს ალტერნატიულ ფართს გადასცემს, საბოლოოდ, ლისის ტბაზე ახალაშენებულ სტუდქალაქთან ერთად, ჩვენი სტუდქალაქი მოთხოვნის 50%-ს დააკმაყოფილებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის ამჟამინდელი კორპუსებით სარგებლობა კი, როგორც ვიცი, დაახლოებით, 350 სტუდენტსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს შეუძლია“, - აცხადებს გიორგი ჯავახაძე.

ცოტა ხნის წინ სენატის წევრმა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემმუშავებელ ჯგუფს მიმართა ინიციატივით, გაკეთდეს უნივერსიტეტში 24-საათიანი ბიბლიოთეკა. აღსანიშნავია, რომ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ბიბლიოთეკის სახით აქვს კიდეც ამის გამოცდილება. მისი აზრით, 24-საათიანი ბიბლიოთეკის გაკეთება ყველაზე მარტივი და ხელსაყრელი სწორედ სტუდენტურ საცხოვრებელში იქნება, თავად ბიბლიოთეკას კი იქ მცხოვრები ადამიანები მოემსახურებიან. როგორც გიორგი ჯავახაძემ აღნიშნა, მაშინ ეს ინიციატივა მოეწონათ და ახლა ადგილის გამოძებნაზე მსჯელობენ.

სტუდქალაქის მმართველის ზაზა წაქაძის განმარტებით, სტუდქალაქის I კორპუსში, პირველ და ნულ სართულზე საწყობია განთავსებული. აღნიშნული ადგილის გამოთავისუფლება კი შესაძლებელს გახდის ბიბლიოთეკის იქ განთავსებას. ამის გარდა, გიორგი ჯავახაძის აზრით, სტუდენტური ცხოვრებისთვის კარგი იქნება, თუ სპორტულ-წამახალისებელი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა, მაგალითად: პინგ-პონგის მაგიდა დაიდგმება.

„არ ვიცი, ვისი პრეროგატივაა, მაგრამ სტუდქალაქთან ჩასარიცხი აპარატი აუცილებლად უნდა დაიდგას, რადგან, ხშირად, როცა სახლიდან გადიხარ, სამგზავრო ბარათზე თანხა არ გაქვს. III კორპუსში ერთი მაღაზიაა, რომელსაც თავად მაცხოვრებელი ამუშავებს, თუმცა ნორმალური მაღაზიის გაკეთებაც შეიძლება.

რა თქმა უნდა, სტუდქალაქის სრულ გარემონტებას და ევროპული კამპუსის სტანდარტამდე მიყვანას უნივერსიტეტი მხოლოდ თავისი ბიუჯეტით ვერ შეძლებს, ამიტომ სახელმწიფომაც უნდა გამოყოს თანხა. უნივერსიტეტმა ეს რომ გააკეთოს - სტუდქალაქი ეკონომიკის სამინისტროდან უნივერსიტეტის ბალანსზე უნდა გადმოვიდეს. ამის მერე უნივერსიტეტმა თავისივე ხარჯებით უნდა დაიწყოს სტუდქალაქის გარემონტება და განახლება, ხოლო მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს ჩვენ სტუდქალაქის მნიშვნელობას დავანახებთ, შესაძლებელი იქნება, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადებებით მიმართოს შესაბამის სტრუქტურებს და განათლებისა თუ ეკონომიკის სამინისტროს თანხის გადმორიცხვა მოთხოვოს. რაც შეგვეხება სტუდენტებს - ჩვენ ისევ თავისუფალი პროტესტით შევძლებთ ამ იდეის მხარდაჭერას“, - აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი.

ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რათა სტუდქალაქის პატარა სივრცე იქცეს ნამდვილ ევროპულ კამპუსად, რომელში ცხოვრებაც სტუდენტისთვის მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან გაწეული სოციალური დახმარება კი არა, საკუთარი სურვილი და სიამოვნებაც იქნება. ალბათ, სწორედ ეს უნდა იყოს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის ხერხემალი.

ბექა ღიბრაძე,

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ

მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

/გაგრძელება იქნება.../