უცნაურ წარწერებიანი ქვა ჩხოროწყუს მუზეუმიდან

14 Sep 2015

ივლისში თსუ-ის გეოგრაფიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტების ერთობლივი ექსპედიცია იმყოფებოდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. სამეგრელოს რეგიონის მრავალი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების (მღვიმეები, ჩანჩქერები, გადაადგილებული ლოდები, კანიონები და სხვ.) მონახულების გარდა, ექსპედიციის წევრებს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის თანამშრომელმა ბატონმა იგორ ფიჩხაიამ აჩვენა მეტად საინტერესო გეოლოგიური ნიმუში, რომელიც 1986 წელს არის ნაპოვნი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ე. წ. ლეჟას უბანში, ადგილობრივი მოსახლის დურუ ილარიონის ძე კვარაცხელიას მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დამუშავებისას.
გეოლოგიური ნიმუში წარმოადგენს მოწითალო-ოქროსფერი, გაქვავებული ხის იმიტაციის მქონე 40 სმ სიგრძისა და 10-15 სმ სიმაღლის ქანის ლოდს, რომელიც ყურადღებას იქცევს საკმაოდ მაღალ დონეზე გაშლიფული და მოკრიალებული ზედაპირით. მის ოთხივე გვერდზე ამოტვიფრულია უცნაური წარწერები და იეროგლიფის მსგავსი ან სპირალური ფორმის ნახაზები.

ნიმუშის ვიზუალური დათვალიერებით მისი შედგენილობა, სტრუქტურა და ტექსტურა არ იკითხება. პროფესორ ემილ წერეთელის აზრით, გარეგნულად შეუძლებელია ქანის რაობის დადგენა და საჭიროა მისი პეტროქიმიური შესწავლა. ამასთან ნიმუში ისეთი სიმძიმისაა (11.630 კგ), რომ ამ მოცულობის არც ერთი სახის ქანი - ეს იქნება დანალექი, მაგმური თუ მეტამორფული, ამ წონას არ შეეფერება. იგი წარმოადგენს ძლიერ მაღალი სიმტკიცისა და მდგრადობის, მაღალი კუთრი წონისა და დაბალი ფორიანობის კლდოვანი თვისებების მქონე ქანს. შესაძლებელია და მოსალოდნელიცაა იგი მძიმე მეტალებს შეიცავდეს.

ასევე საინტერესოა მისი დღემდე ამოუცნობი და გაუშიფრავი წარწერები, ნახაზები და ნახატები. როგორც ბატონმა იგორმა აგვიხსნა, აღნიშნული ქვა რამდენიმე მეცნიერმა დაათვალიერა, თუმცა წარწერების ამოცნობა და მისი არსებითი განმარტება დღემდე დაუდგენელია.

მსგავსი უცნაურ წარწერებიანი და ათეულ ათასობით წლის წინანდელი ქვები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ნაპოვნი. მათი უმრავლესობის ზედაპირზე ჩანაწერების გაშიფვრა და წარწერების ამოცნობა ძალზე ჭირს, ხოლო გაშიფრული ტექსტების საჯაროდ განხილვაზე შესაბამისი უწყებები ყოველთვის თავს იკავებენ. ჩვენს შემთხვევაშიც ჩხოროწყუს ქვას გონიერი ადამიანის ხელი ეტყობა, რადგან დიდი ოსტატობით დამუშავებულ ქვის ზედაპირზე სპირალური და უცნაური იეროგლიფებით შესრულებული ჩანაწერებია დატანილი.

საყოველთაოდაა ცნობილი ჩინეთის ერთერთ მღვიმეში მიკვლეული უცნაურ წარწერებიანი ქვების ისტორია, რომელთა გაშიფვრას მეცნიერთა ჯგუფმა რამდენიმე ათეული წელი მოანდომა. წარწერებში მოთხრობილია ე.წ. „დროპას ხალხისა“ და იმ კოსმოსური ხომალდის ისტორია, რომელიც დედამიწაზე შორეული პლანეტიდან მოფრინდა. ეს ისტორია შეიძლება შორს იყოს სამეგრელოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ქვის ისტორიისგან, თუმცა გამორიცხული არაფერია.

სასურველია, რომ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ დაინტერესდნენ სათანადო დარგის სპეციალისტები, შეისწავლონ აღნიშნული ნიმუში (ქვა), მასზე ამოტვიფრული წარწერები და ნახაზები.

ნანა ბოლაშვილი,
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მ/შ