საუკუნეს მიღწეული კაცი

16 Jun 2016

„სახსოვრად ჩემს თანამშრომელს და ძვირფას მოწაფეს შოთა ცხოვრებაშვილს ალექსანდრე ჯავახიშვილისაგან” 1971 წელი, 26 თებერვალი – წარწერა, რომელიც ქართული მეცნიერების კორიფემ, გეოგრაფმა და დიდმა პედაგოგმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა იმ ფოტოზე გააკეთა, რომელიც დღემდე ყველაზე ძვირფასი რარიტეტია უნივერსიტეტის უხუცესი ემერიტუს-პროფესორის შოთა ცხოვრებაშვილისთვის. ფოტოს გარდა ბატონ შოთას ალექსანდრე ჯავახიშვილისგან სახსოვრად 30-იან წლებში მისი რედაქტორობით შედგენილი საქართველოს უიშვიათესი რუკებიც დარჩა. 

გასულ წელს შოთა ცხოვრებაშვილი საქართველოს გეომორფოლოგიის დარგის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. „ერთეულები არიან ბატონი შოთასნაირი ადამიანები, რომელთაც პირნათლად მოიხადეს საკუთარი ვალი სამშობლოს წინაშე”, – განაცხადა ჯილდოს გადაცემისას განათლების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ. 

დღეს ბატონი შოთა 96 წლისაა. ამბობს, რომ უნივერსიტეტში არ დაბადებულა, მაგრამ მთელი ცხოვრება, სტუდენტობიდან მოყოლებული, აქ გაატარა. მოესწრო 15-ზე მეტ რექტორს და ჩვენი ახალი ისტორიის ყველა დრამატულ პერიოდს. 70 წელი მიუძღვნა პედაგოგიურ მოღვაწეობას და კვლევას, არის 100-ზე მეტი სამეცნიერო და სასწავლო ნაშრომის ავტორი, 1983 წელს მიენიჭა საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის წოდება. ხანგრძლივი ცხოვრებისეული თავგადასავალი ბიოგრაფიულ წიგნში „საუკუნეს მიღწეული კაცის მოგონებათა კრიალოსანში” აღწერა, რომელიც გასულ წელს გამოსცა. ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, მეცნიერი შესაშური ოპტიმიზმით, კეთილგანწყობით, გამჭრიახი გონებითა და მეხსიერებით გამოირჩევა. ბატონ შოთას უნივერსიტეტის საპროფესოროში შევხვდით, სადაც სტუდენტობისას პოლიტეკონომიისა და პარტიის ისტორიის ლექციებს ისმენდა. ამბობს, რომ ამ შენობის ყველა აუდიტორიისა და ოთახის ისტორია საკუთარი ბიოგრაფიასავით იცის.

„70-დან 80 წლამდე ასაკში ადამიანმა ღმერთს ყოველ დილით სამადლობელი უნდა უთხრა, რომ ერთი დღე კიდევ გაჩუქა. 80-დან 90 წლამდე სამადლობელი სანთლით ხელში და პირჯვარის წერით უნდა თქვა ყოველი ნაჩუქარი დღისთვის, მაგრამ 90 წლის შემდეგ არ ვიცი, მადლობა როგორღა უნდა გადაიხადო, ალბათ კელაპტარი უნდა დაიჭირო ხელში”, – ასე ხუმრობს საკუთარ ასაკზე ბატონი შოთა. იმასაც ამბობს, რომ მისი თაობის ხალხი მიდის და სულ უფრო იშვიათად ხვდება თბილისის ქუჩებში ნაცნობებს. 

დაიბადა ხაშურში 1920 წლის 1 მაისს. დაბადებიდან დღემდე ბევრი ტკივილი გამოიარა. მხცოვანი ემერიტუს-პროფესორი თავისი ცხოვრების არაერთ ეპოზოდ იხსენებს.

მოგონებათა კრიალოსანიდან...

- სკოლის მოსწავლე რომ გავხდი, მამაჩემი რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ძალიან ჭირდა იმ პერიოდში ეკონომიურად. ერთხელ შევესწარი, დედა ეუბნებოდა: მუშებს წიგნაკებით თეთრ პურს აძლევენ და შენ, თანამდებობის პირს რატომ არ გერგება თეთრი პურიო? მამის პასუხი იყო საინტერესო: თვითონ თქვი, რომ მუშა არ ვარ, მათზეა განკუთვნილი და რომც გეწყინოს, ვერ მოგიტან თეთრ პურს. მამა კომუნისტი იყო 1918 წლიდან. გულწრფელად სჯეროდა, რომ უკეთეს წყობას აშენებდა, მაგრამ 1938 წელს, რეპრესიების პერიოდში დაიჭირეს და ერთ წელიწადში დახვრიტეს კიდეც, როგორც მავნებელი. იგივე ბედი ეწია მამის ძმასაც, რომელიც ასევე თანამდებობის პირი იყო. მამის დაპატიმრების მიზეზი მოგვიანებით გავიგეთ. სინამდვილეში შინსახკომში მის ნაცნობს, წამებისა და ცემის შემდეგ აიძულეს ეთქვა, რომ მამაჩემს კოლმეურნეობების დაშლა სურდა და შეთქმულებას აწყობდა საამისოდ. აბსურდული ბრალდება იყო, მაგრამ მაშინ ასეთ ამბებს ეწირებოდნენ ადამიანები.

მამის დაჭერის შემდეგ სკოლიდან გამომაგდეს, როგორც მავნებლისა და ხალხის მტრის შვილი. X კლასში ვიყავი. ჩემი ამხანაგები უმაღლესში შესასვლელად ემზადებოდნენ, მე კი გარე-გარე დავყიალობდი. ერთხელ რაიკომში დამიბარეს და იმ ადამიანების დასმენა მომთხოვეს, ვინც მამაჩემთან სტუმრად დადიოდა. მეც ვუთხარი, რომ მამა რაიკომში მომუშავე თითქმის ყველა მათგანთან ახლობლობდა და ყველა იყო ნამყოფი ჩვენს ოჯახში. არ ვიცი, ამან იმოქმედა თუ სხვა ამბავი იყო, 3 თვის შემდეგ სკოლაში აღმადგინეს. მამა დაპატიმრების შემდეგ ერთხელ შეახვედრეს დედას, მას შემდეგ აღარაფერი გაგვიგია მასზე. მხოლოდ ათიოდე წლის წინ, რეპრესირებულების რეაბილიტაციის შემდეგ, როცა არქივები გაიხსნა, ვნახე ცნობა, რომ 1939 წელს იანვარში თბილისში დაუხვრეტიათ. 

დედას ძალიან უჭირდა, სამი შვილი და დიდედა მისი მისახედი გახდა. ავადმყოფი ქალი იყო, კერვითა და ექთნობით გვარჩენდა. ვინაიდან მე მავნებლისა და ხალხის მტრის შვილად შემრაცხეს, ასეთი ტვირთით ძნელი იყო ცხოვრება იმ დროში. ამისთანა გაჭირვებული ოჯახიდან ჩამოვედი და ჩავაბარე უნივერსიტეტში. საკმარისი ქულები არ მქონდა, რომ სტიპენდია დაენიშნათ. გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა და დედის შემყურე არ დავრჩენილიყავი. ისეთი ენთუზიაზმით შევუდექი სწავლას, რომ უკვე მეორე სემესტრიდან ფრიადოსნის სტიპენდია დამენიშნა. II კურსზე რომ გადავედი, ალექსანდრე ჯავახიშვილმა დამიბარა და ლაბორანტად ამიყვანა. თანაკურსელი მყავდა ერთი, კომკავშირის აქტივისტი - გურაშვილი ქიტესა, ჩვენზე გაცილებით უფროსი, მლიქვნელი და ძალიან ცუდი ადამიანი... როგორც შემდეგ უნივერსიტეტის თანამშრომლებისგან გავიგე, იგი მისულა ბატონ ალექსანდრესთან და უთქვამს - ცხოვრებაშვილი ხალხის მტრის შვილია და ლაბორანტად როგორ აიყვანეთო. ასეთ ადამიანებს მაშინ ბევრი ზიანის მოტანა შეეძლოთ. ბატონ ალექსანდრეს საკადრისი პასუხი გაუცია. მამის ამბის გამო სიცოცხლე მქონდა გამწარებული იმ პერიოდში. 

ჩემს სტუდენტობას დაემთხვა დიდი სამამულო ომის დაწყება. ზუსტად იმ დღეს, როცა რადიოთი ლევიტანმა ომის დაწყება გვამცნო, რაჭაში, ამბროლაურში ვიყავით სტუდენტები საველე სამუშაოებზე ჩასულები. ფეხით მოგვიხდა უკან დაბრუნება. გამოგვიძახეს გაწვევაზე, მაშინ შტაბი ახლანდელი მუშტაიდის ბაღში ჰქონდათ გამართული. ომში წასვლას გადამარჩინა იმან, რომ მარჯვენა თვალში მხედველობა მქონდა დაქვეითებული. სამოქალაქო თავდაცვაში ჩაგვრთეს. თბილისში ანემომეტრიული აგეგმვა გვევალებოდა, რაც ქარის სისწრაფისა და მიმართულების გაზომვას გულისხმობს. რამდენჯერმე უნივერსიტეტის სახურავზეც მომიხდა ღამის გათევა: ვდარაჯობდი - თუ თბილისი დაიბომბებოდა და უნივერსიტეტზე ჭურვი ჩამოვარდებოდა, რკინის მარწუხით უნდა ამეღო და გადამეგდო სახურავიდან. ამ მორიგეობის დროს გავცივდი და მშრალი პლევრიტი დამემართა. რამდენჯერმე გადავურჩი ომში გაწვევას, ბოლოს, როდესაც სტალინგრადს და კავკასიას მოადგნენ გერმანელები, ჩვენებს კი ჯარისკაცები შემოაკლდათ, ყველა შეღავათი გაგვიუქმეს და დაგვიბარეს გაწვევაზე. გვითხრეს, რომ მეორე დღეს ორი დღის საგზლით მივსულიყავით ნავთლუხის სადგურში, რადგან თურქმენეთში მივყავდით რკინიგზის გასაყვანად. ასეთი გაწვევა უარესი იყო, ვიდრე ფრონტის ხაზზე მოხვედრა: მოქმედ არმიაში იმის შანსი მაინც არსებობდა, რომ გადარჩენილიყავი, ან გმირი გამხდარიყავი, აქ კი ან შიმშილი მოგკლავდა ან ტიფი. ვინც წავიდა, ცოცხალი არავინ დაბრუნებულა თურქმენეთიდან. გაწვევაზე მისულმა ბედად თეთრხალათიანი უცნობი კაცი დავინახე, მოვითხოვე, რომ გავესინჯე. რუსთაველს აქვს ერთი ასეთი ნათქვამი: „ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად, ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად”, - მეც ეს ნათქვამი ამიხდა. მივედი ამ ექიმთან, რომელიც ეროვნებით სომეხი იყო, მისი გვარიც არ ვიცი და სულ მაწუხებს, რომ მადლობა ჩემი გადარჩენისთვის ვერაფრით გადავუხადე. მკითხა, რას ვაკეთებდი და რომ გაიგო ალექსანდრე ჯავახიშვილთან ასპირანტი ვიყავი, ფიზიკური მუშაობისთვის უვარგისად გამომაცხადა. მან მიშველა: ერთადერთი ადამიანი ვიყავი იმ ნაკადიდან, ვინც ცოცხალი დავრჩი. 

უნივერსიტეტში არ დავბადებულვარ, თორემ ქართველ მეცნიერთა ამ სათაყვანებელ ტაძარში გავატარე მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრება. II კურსიდან ჯერ ლაბორანტი ვიყავი, შემდეგ უფროსი ლაბორანტი, შემდეგ ასისტენტი, კათედრის გამგე. საკანდიდატო დისერტაცია 27 წლის ასაკში დავიცავი თემაზე - „შიდა ქართლის ბარის დასავლეთური ნაწილის გეომორფოლოგია”, ზუსტად 20 წლის შემდეგ სადოქტორო დისერტაციაც გავაკეთე: „აჭარა-თრიალეთის მთაგრეხილის გეომორფოლოგიის შესახებ”. დოქტორი რომ გავხდი, სწორედ მაშინ მაჩუქა ბატონმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა სახსოვრად საქართველოს ყველაზე დიდი რუკა და თავისი ფოტოსურათი წარწერით.

აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი, რომელსაც ქართველ გეოგრაფთა პატრიარქსაც ეძახიან, მამასავით მპატრონობდა. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, რადგან უნივერსიტეტში ადგილი არ იყო, გორის პედაგოგიურ უნივერსიტეტში გამაგზავნა ერთი წლით სამუშაოდ, შემდეგ კი კვლავ უნივერსიტეტში დამაბრუნა. რომ მოვთვალო, 5 000 სტუდენტი მაინც გამიზრდია. 30 წლის განმავლობაში ორ ფაკულტეტურ საგანს ვკითხულობდი - „ზოგადი დედამიწათმცოდნეობა“ და „ზოგადი გეომორფოლოგია“. ჩემს ხელში გეოგრაფთა არაერთი თაობაა აღზრდილი. 

ივანე ჯავახიშვილის რექტორობა არ ვიცი, მაგრამ 1938 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც სტუდენტი გავხდი, 15 რექტორს მოვესწარი. პირველი გიორგი კიკნაძე იყო, შემდეგ დავით ყიფშიძე, ძოწენიძე, ჯანელიძე, კეცხოველი, ვეკუა, ამაღლობელი და ა.შ. ვისაც ვიცნობდი, მათ შორის ყველაზე საუკეთესოებს დავასახელებ: ნიკო კეცხოველი, ილია ვეკუა და ვლადიმერ პაპავა – ესენი იყვნენ დიდი მეცნიერები და დიდი ადამიანები. ვლადიმერ პაპავა მაშინ გავიცანი, როდესაც რექტორად აირჩიეს, ვიცოდი რომ ჩვენშიც და უცხოეთშიც აღიარებული მეცნიერი იყო. რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი ვიყავი. ყოველ შეკრებაზე გულღია და საქმიანი მსჯელობა გვქონდა. ასე მიიღებოდა გადაწყვეტილებები და შემდეგ ძალიან სწრაფად ხდებოდა კიდეც მათი სისრულეში მოყვანა. აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დიდი მეცნიერი და მისაბაძი ზნეობის ადამიანია, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გასაკეთებელი ქვეყნისა და მეცნიერებისთვის.