რეზო გოგოხია: მეცნიერისა და მამულიშვილის გზა

01 Jun 2016

პროფესორ რეზო გოგოხიას 28 აპრილს 80 წელი შეუსრულდა. მისივე თხოვნით, საიუბილეო თარიღი უნივერსიტეტში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო მოკრძალებულად აღინიშნა. საერთოდ, ბატონი რეზო ყოველთვის აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით გამოირჩეოდა: ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში სამშობლოსა და ქვეყნის საქმე მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც პროფესია და მეცნიერება. თუმცა, ისე მოხდა, რომ პროფესიის არჩევა შემთხვევითობამ განაპირობა: სამეგრელოს ერთერთ ულამაზეს სოფელ ფახულანში მედალით სკოლადამთავრებულმა ახალგაზრდამ მხოლოდ იმიტომ აირჩია უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ფაკულტეტი, რომ მედალოსნებისთვის დაშვებული ლიმიტები ყველგან ამოწურული დახვდა. ასე გახდა 1953 წელს უნივერსიტეტელი და დღემდე უნივერსიტეტელად რჩება: ამჟამად თსუ-ის ჟურნალის „ეკონომიკისა და ბიზნესის” მთავარი რედაქტორია და დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის საიუბილეო მედლით და ღირსების ორდენით. 

პირველ პედაგოგებს დღემდე მადლიერებით იხსენებს, მათ შორის განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს ცნობილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეზე ნიკოლოზ იაშვილზე, რომელმაც არა მარტო აგრარული სექტორის ეკონომიკა, არამედ ერისკაცობაც ასწავლა. „ეს იყო უდიდესი პიროვნება, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, კაცი, რომელმაც პატარა სოფლელი ბიჭი მეგობრად გამიხადა და სახლშიც კი დავყავდი, რომ ესწავლებინა ჩემთვის. მისი სადოქტორო სამეცნიერო მონოგრაფია - „საქართველოს მიწის ფონდი და მისი გამოყენება” - იმდენად ფუნდამენტური ნაშრომია, რომ მსოფლიოში აღიარებულმა მეცნიერმა ლ. ზალცანმა მას „მიწათსარგებლობის ფილოსოფიაც“ კი უწოდა. ეს ნაშრომი 1964 წელს ორ ტომად გამოიცა, რამაც საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში სათავე დაუდო მიწის კადასტრის თეორიას და პრაქტიკას. ნაშრომში აღწერილი და გაანალიზებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე მიწათსარგებლობის უძირითადესი პრინციპები.

„უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბატონი ნიკოს რეკომენდაციის მიუხედავად, ასპირანტურაში ჩემთვის ადგილი ვერ გამოინახა და იძულებული გავხდი თბილისის კომკავშირის საქალაქო კომიტეტის მიერ შემოთავაზებული წინადადება მიმეღო და კომკავშირის კომიტეტის მდივნად დამეწყო მუშაობა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად ბატონმა ნიკომ შემოაღო ოთახის კარი, რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა, რომ იქ ვმუშაობდი. მითხრა: მე შენ ამ უბედური ორგანიზაციისთვის გაგზარდე და გასწავლე? დაანებე ამ კომკავშირს თავი! - მაშინ ამის თქმა ძალიან სახიფათო იყო. თუმცა ბატონი ნიკო ცნობილი გახლდათ თავისი პრინციპულობით. მაშინვე წამიყვანა ეკონომიკის ინსტიტუტში, რომელსაც აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი ხელმძღვანელობდა, სადაც გამესაუბრნენ და დამტოვეს ასპირანტად. სამეცნიერო ხარისხის დაცვის შემდეგ აქვე ვმუშაობდი ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. პაატა გუგუშვილი ბრწყინვალე სოციოლოგი და უდიდესი მეცნიერი იყო, თუმცა მმართველი კომუნისტური პარტიისთვის მისი ნაშრომები, მისი მეცნიერული პატიოსნება და პოზიცია ბევრ პრობლემას ქმნიდა. გარდა ამისა, ბევრი შინაური მტერიც ჰყავდა, ამის გამო 1978 წელს გუგუშვილი ინსტიტუტის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გუგუშვილის გათავისუფლების შემდეგ ინსტიტუტში არც მე დავბრუნებულვარ: ერთი წელი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში დოქტორანტი ვიყავი, შემდეგ, ჩემი მეგობრის გრიგოლ თოდუას მოწვევით, რომელიც ეკონომიკის თეორიის კათედრის დეკანი იყო, უნივერსიტეტში განვაგრძე სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა“, - გვიამბო რეზო გოგოხიამ.

1989 წელს ბატონი რეზო ეკონომიკური თეორიის კათედრის პროფესორი გახდა. პარალელურად იყო ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექტორის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ლაბორატორიის გამგე; მას შემდეგ კი, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იგი სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მიიწვიეს. 

„დღემდე არ ვიცი - ვინ გამიწია რეკომენდაცია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან. მას შორიდან ვიცნობდი, მაგრამ როცა უთხრეს, პაატა გუგუშვილის ნამოწაფარი არისო, მაშინვე მოაწერა ხელი ბრძანებას ჩემი დანიშვნის შესახებ. პაატა გუგუშვილს ბავშვობიდან იცნობდა, რადგან ბატონი პაატა და კონსტანტინე გამსახურდია მეგობრები იყვნენ. წელიწადნახევარი ვიმუშავე ამ თანამდებობაზე. ძალიან დიდი სამინისტრო იყო – სოფლის მეურნეობის გარდა კვებისა და ტყის მრეწველობაც აქ შემოდიოდა. ურთულესი ამოცანების წინაშე ვიდექით: ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ეკონომიკა, რომელიც დამოკიდებული იყო საბჭოთა კავშირის მთლიან სტრუქტურაზე. დარგის დამოუკიდებლად არსებობა, პირველ ხანებში მაინც, თითქმის წარმოუდგენელი გახლდათ. დამნიშნეს სოფლის მეურნეობის რეფორმების ხელმძღვანელად. მთელი ეს აგრარიკოსები, უდიდესი მეცნიერები ყველა ჩემთან იკრიბებოდნენ, მიწის კანონის გარდა 15 სხვადასხვა კანონპროექტი მოვამზადეთ, რომლებიც შესაბამისმა კომისიებმა განიხილეს და მაღალი შეფასებაც მისცეს, თუმცა მათი მიღება ვეღარ მოესწრო. უზენაეს საბჭოში ერთერთ ბოლო სხდომაზე, სადაც კომისიაზე მიწის კანონს განვიხილავდით, შემოცვივდნენ შეიარაღებული ადამიანები და ულტიმატუმი წაგვიყენეს: 10 წუთში თუ არ დატოვებთ აქაურობას, ცოცხლები ვერ დარჩებითო. ისე დაგვატოვებინეს სხდომა, რომ არაფრის წამოღების უფლება არ მოგვცეს. კანონპროექტის თითქმის მთელი ტექსტი დაიკარგა, თუმცა ნაწილი სამინისტროში მქონდა და შემომრჩა“, - აღნიშნა რეზო გოგოხიამ, რომელთანაც დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში გავაგრძელეთ:

- ბატონო რეზო, დღესაც კი, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 25 წლის შემდეგ, მიწის საკითხი დაულაგებელია: პრობლემურია როგორც აღრიცხვა-რეგისტრაცია, ისე მიწის უცხოელებზე გაყიდვა-არგაყიდვის საკითხი. საინტერესოა მიწის პირველ კანონპროექტში რა ძირითადი პრინციპები იყო გატარებული?

- ზვიად გამსახურდია სასოფლო-სამეურნეო მიწების სწრაფი განკერძოების წინააღმდეგი იყო. ამბობდა, რომ არ უნდა გვეჩქარა, ფეხზე დავმდგარიყავით, მოვძლიერებულიყავით და მხოლოდ შემდეგ, თანდათანობით გადავსულიყავით განკერძოებაზე. უცხოელებზე მიწის გაყიდვის წინააღმდეგი მაშინაც ვიყავი და დღესაც ამ აზრზე ვარ. გამონაკლისის სახით დასაშვებია იჯარით გაცემა, ისიც რამდენიმე წლით. მიწის გაყიდვის მომხრეთა მთავარი არგუმენტია, რომ ამ გზით უცხოური ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, მაგრამ ინვესტიცია ერთჯერადად შემოდის, შემდეგ კი ამ მიწიდან მიღებული მთელი მოგება ქვეყნის გარეთ გადის. არა და, თუ მიწას მიხედავ, დაამუშავებ, ის ყოველწლიურად იძლევა ინვესტიციას. საქართველო სასოფლო-სამეურნეო მიწების რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე მცირემიწიანი ქვეყანაა მსოფლიოში. ასეთ პირობებში დაუშვებელია სახელმწიფოს არ ჰქონდეს მიწის ფონდი, რომელსაც საჭიროების მიხედვით გამოიყენებს. მიწის საკითხებზე მუშაობისას იმ პერიოდში აქტიურად განიხილებოდა სახელმწიფო მეურნეობების შენარჩუნების იდეაც. იმ პერიოდისთვის საკმაოდ ძლიერი და რენტაბელური რამდენიმე საბჭოთა მეურნეობა არსებობდა საქართველოში. კოლმეურნეობები კი დასაშლელი იყო, მაგრამ მიმაჩნდა, რომ თითო რაიონში თითო სახელმწიფო მეურნეობა უნდა შენარჩუნებულიყო, რომლებიც თანდათან გარდაიქმნებოდნენ ახალი ტიპის სახელმწიფო მეურნეობებად, მაგრამ მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე თენგიზ სიგუა ამის წინააღმდეგი წავიდა. შემდეგ სიგუა გადადგა. მაშინ რაც მოვასწარით, ის იყო, რომ გლეხებს მიწები, რომლებიც ისედაც ჰქონდათ, დაუმტკიცდათ კერძო საკუთრებაში. ზვიადის წასვლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა ნოდარ ჭითანავა. სამხედრო საბჭოს მმართველობის პერიოდი იყო და საკმაოდ რთულ დღეში ვიყავით. მე თვითონ დავუწერე გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება: იმ მდგომარეობაში, როდესაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს და ქართველი ქართველს ესვრის, ჩემს ადგილს სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ ვხედავ-მეთქი. ჭითანავამ მაშინ მთხოვა, დავრჩენილიყავი 2-3 თვით, რადგან შემდეგ თვითონაც გეგმავდა წასვლას თანამდებობიდან, თუმცა, მოგვიანებით, სრულიად მოულოდნელად და უაპელაციოდ გამათავისუფლა. როგორც შემდეგ გავიგე, ზვიად გამსახურდიას მთავრობაში მუშაობა „ზვიადისტობად“ ჩამეთვალა. ამის შემდეგ ისევ უნივერსიტეტს დავუბრუნდი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე ვმუშაობდი, უნივერსიტეტი არასდროს დამიტოვებია, ყოველთვის ვკითხულობდი ლექციებს. 1993-2005 წლებში თსუ-ის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი ვიყავი. M2004 წელს უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი როინ მეტრეველი, რომელიც შესანიშნავი მეცნიერი და ხელმძღვანელი იყო, პოლიტიკური ზეწოლის გამო იძულებული გახდა გადამდგარიყო. ჩვენ ვაპროტესტებდით მთავრობის მიერ უნივერსიტეტზე ზეწოლას, ამის გამო, მოგვიანებით, სხვა კათედრების მსგავსად, ჩვენი კათედრიდანაც თითქმის ყველა პროფესორი გამოგვიშვეს. მე მაინც არ წავედი და დავრჩი როგორც კონტრაქტორი, მაგრამ 2009 წელს მარტო მე კი არა, ჩემი ქალიშვილი - მაია გოგოხიაც გამოუშვეს უნივერსიტეტიდან. იგი საბანკო საქმის სახელმძღვანელოს ავტორი და ძალიან კარგი მეცნიერია. რამდენადაც გავარკვიე, „ზემოდან“ ხელისუფლების მითითებით მოხდა ეს. მას შემდეგ, რაც ლადო პაპავა აირჩიეს რექტორად, საპროფესორო კონკურსში მონაწილეობა აღარ მიმიღია, ახალგაზრდებს ხელი აღარ შევუშალე, თუმცა ვარ უნივერსიტეტის ჟურნალ „ეკონომიკისა და ბიზნესის რედაქტორი“. საერთოდ, ეკონომიკურ ჟურნალისტიკაში მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი მაქვს: ვიყავი სსრ კავშირის ჟურნალისტთა კავშირისა და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. 

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ბოლო დროს უნივერსიტეტში მომხდარი ამბების გამო. ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პაპავას სწორი გზით მიჰყავდა პროცესი. სტუდენტების ცალკეული ჯგუფების შევარდნა რექტორის კაბინეტში, ველური ფორმები, დაუსჯელობა და ამის გამო რექტორის გადადგომა, მეეჭვება, სასიკეთოდ წაადგეს პროცესებს. ერთს გავიხსენებ: 1956 წლის 9 მარტის მოვლენების დროსაც კი არ შემოსულან ძალოვნები უნივერსიტეტში, მაშინდელი რექტორი აკადემიკოსი ვიქტორ კუპრაძე გადაგვეფარა სტუდენტებს და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი, ვინც მიტინგებში ვმონაწილეობდით. 

- ანუ, თქვენ უშუალოდ მონაწილეობდით იმ აქციებში? თითქმის არ არის დოკუმენტური მასალა შემორჩენილი, თუ რა მოხდა და რამდენი ადამიანი დაიღუპა 9 მარტს? 

- 1956 წელს სტალინის გამო საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა მთელი ქართველი ერი გალანძღა. ეს მიუღებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ჩვენთვის. საპროტესტო აქციები და სტუდენტების გამოსვლები დაიწყო 5 მარტიდან. ახლანდელი დედაენის ბაღში სტალინის ძეგლი იდგა და იქ ვიყავით შეკრებილები, სხვა მოთხოვნებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც გაჩნდა. მახსოვს, დარბევის წინა დღეს გალაკტიონ ტაბიძე დავინახე, იქვე, ბაღის კუთხეში იდგა. დაგვიძახა, მოდით აქ შვილებოო. მივედით პოეტთან. გვითხრა, წადით სახლებში, თორემ მაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ აქ ხოცვა-ჟლეტა იქნებაო. არ დავუჯერეთ და ბაღში დავრჩით. მეორე დღეს ისე გამწვავდა საქმე, რომ გადავწყვიტეთ ფოსტის ცენტრალური შენობა აგვეღო, რომელიც მაშინ რუსთაველზე, პირველი სკოლის გვერდით მდებარეობდა. გვინდოდა, მთელი მსოფლიოსათვის გვეცნობებინა, რომ ჩვენზე ძალადობდნენ, ერს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რომ გვინდოდა დამოუკიდებლობა და ვითხოვდით მათგან ყურადღებას. 200-მდე სტუდენტი წამოვედით რუსთაველის გამზირისკენ და ფოსტის შენობას რომ მივუახლოვდით, დაიწყო კიდეც სროლა. ტყვიები დაუშინეს მათაც, ვინც ბაღში, ძეგლის გარშემო იყვნენ. ყველგან გადაკეტილი იყო გზები, ზოგი მტკვარში ვარდებოდა, ზოგს კლავდნენ, გაჭირვებით გამოვაღწიე ძნელაძის, ახლანდელი თაბუკაშვილის ქუჩით. ამის შემდეგ უნივერსიტეტშიც გადაიკეტა ყველაფერი, მაგრამ მაშინდელი მილიცია უნივერსიტეტში არ შემოსულა, გარედან იცავდნენ, ისე კი არა, ახლა რომ მოდიან და რექტორს კაბინეტში უვარდებიან. რექტორი გადაეფარა სტუდენტებს და არ დააჭერინა: თუ რამე დააშავეს, ყველაფერი ჩემი ბრალიაო. ამბობენ, რომ 200-მდე ადამიანი დაიღუპა მაშინ, თუმცა ზუსტი რაოდენობა დღემდე ცნობილი არ არის.

P.S. საკუთარი პედაგოგის ნიკო იაშვილის 115 წლისთავისადმი მიძღვნილ წერილში რეზო გოგოხია წერდა: „ბატონი რეზო ლექციებზე არაერთხელ შეგვახსენებდა ერთ აღმოსავლურ სიბრძნეს: „ვისაც სახლი არ აუშენებია, ხე არ დაურგავს და ბავშვი არ აღუზრდია, მას ნამდვილი ადამიანური ცხოვრება არ გაუტარებიაო”. ნიკო იაშვილის მსგავსად, ბატონ რეზოსაც შეეხო პოლიტიკური პერიპეტიები, თუმცა, საკუთარი პედაგოგივით, მასაც თამამად შეუძლია თქვას, რომ ნამდვილი ადამიანური ცხოვრებით იცხოვრა. სწორედ ამიტომ, 80 წლის ასაკში პროფესორი ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა.