ქართულ-პოლონური ურთიერთობები და მარიამ ფილინას აღმოჩენილი პოლონეთი

28 Apr 2016

ახლახან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსისტიკის ინსტიტუტის პროფესორს, პოლონური დიასპორას „პოლონიას” თავმჯდომარეს მარიამ ფილინას პოლონეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. ჯილდოს მინიჭება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილისა და კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის პიოტრ გლინსკის გადაწყვეტილება იყო, საპატიო ორდენი კი ქალბატონ მარიამს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იან ჯეჯიჩაკმა გადასცა. მარიამ ფილინა ასევე დაჯილდოებულია „Bene Merito”-ს ორდენით დამსახურებისთვის პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე. ქართულ-პოლონური ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის მარიამ ფილინა საქართველოს ღირსების ორდენითაც არის დაჯილდოებული 1995 წელს. 

ქართულ-პოლონური ურთიერთობების კვლევა და საქართველოში პოლონური დიასპორას დაფუძნება მარიამ ფილინას სახელს უკავშირდება, თუმცა, ნიშანდობლივია, რომ ამ ყველაფერს ხელი დიდ წილად უნივერსიტეტმა შეუწყო, სადაც უკვე 3 ათეული წელია ისწავლება პოლონური ენა და სადაც დაფუძნდა ქართული „პოლონია”.

რატომ დაინტერესდა ქალბატონი მარიამი პოლონურ-ქართული ურთიერთობების კვლევით? როგორი იყო პოლონელების თავგადასავალი საქართველოში? როდის და სად გადაიკვეთა ორი ხალხის ისტორიული ბედისწერა და რატომ ემთხვევა ერთმანეთს დღემდე პოლონეთისა და საქართველოს პოლიტიკური ინტერესები? 

მარიამ ფილინას ნაამბობიდან: „ისტორიაში ცოტაა გეოგრაფიულად დაშორებული და ეთნიკურად განსხვავებული ხალხის ისეთი ურთიერთობები, როგორიც პოლონეთსა და საქართველოს აქვთ. ამ ორი ხალხის ბედის მსგავსებას ერთი საერთო სული აახლოვებდა: დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს პოლონელებისთვისაც და ქართველებისთვისაც უმთავრესი ღირებულებები იყო და მათთვის ბრძოლა ეროვნული ყოფის სიღრმისეულ არსს განსაზღვრავდა. ამ ურთიერთობის პოლიტიკური ისტორია ჯერ კიდევ მე-15 საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც ქართლის მეფე კონსტანტინე პოლონეთის მეფე ალექსანდრე იაგელონჩიკთან ოსმალეთის წინააღმდეგ კავშირის დამყარებას შეეცადა. ამ პერიოდში საქართველოში უკვე არსებობდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის და ესპანეთთან და პოლონეთთან ერთობლივი ლაშქრობის გეგმა. კოალიცია ვერ შეიქმნა, მაგრამ დიპლომატიურ დონეზე გარკვეული ურთიერთობები შემდგომშიც არსებობდა. საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერთა შორის არა ერთი პოლონელიც იყო, თუმცა, ორ ხალხს შორის ურთიერთობის ყველაზე დრამატული და დაძაბული ურთიერთობის ფურცლები მაინც მე-19 საუკუნეში დაიწერა. რუსეთის იმპერიამ და იმდროინდელმა „მთავრობამ” იზრუნა ორი ხალხის კონტაქტების გაფართოებაზე და მას შემდეგ, რაც პოლონეთის მიწების გადანაწილების და რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ პოლონეთში ამბოხებები დაიწყო, ათასობით პოლონელი გადმოასახლეს კავკასიაში. ცარიზმის „გამოსასწორებელი” მოქმედებების შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. დასჯილ პოლონელ პატრიოტებსა და ქართულ ინტელიგენციას შორის გარკვეული სულიერი კავშირი დამყარდა. საქართველოში ჩამოყალიბდა პოლონელ „კავკასიელ პოეტთა” ჯგუფი, გადმოსახლებულები ჩაერთნენ კავკასიის ცხოვრებაში, უკეთესად გააცნეს პოლონელებს ეს მხარე და ბევრმა სამუდამოდ დაუკავშირა თავისი ბედი საქართველოს”.

მე-19 საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი პატრიოტი ალექსანდრ ხოძკო, რომელმაც თბილისში 2 წელი გაატარა და ქართული ენაც შეისწავლა, 1833 წელს ლონდონში პოლონურ ენაზე გამოსცემს წიგნს, რომელშიც ერთ-ერთი ნარკვევი შოთა რუსთაველს მიეძღვნა. ეს იყო პირველი ნარკვევი პოლონურ ენაზე შოთა რუსთაველის შესახებ. პოლონურ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი მოვლენაა „კავკასიელ პოეტთა ჯგუფი”. პოეტები, რომლებიც კავკასიაში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ, მათი ნაწილი დაახლოებული იყო ნიკოლოზ ბარათაშვილთან, ეკატერინე დადიანთან, მიხეილ თუმანიშვილთან. „კავკასიელ პოეტთა ჯგუფის” წევრებმა არა ერთი ნაწარმოები მიუძღვნეს საქართველოს და მის კულტურას. პატრიოტი პოლონელების მსგავსად, ქართველ მამულიშვილთაგან ბევრს, ვინც რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას აპროტესტებდნენ, პოლონეთში ასახლებდნენ. ამგვარად აღმოჩნდა ქართველი პოეტი გიორგი ერისთავი 1834 წელს ქალაქ კოვნაში, შემდეგ კი ვილნოში, სადაც უნივერსიტეტში ლექციებს ისმენდა, მოგვიანებით გ. ერისთავი ბიშპინგების ოჯახს დაუახლოვდა, სადაც იმ დროის პოლონური ელიტა იკრიბებოდა. სწორედ ამ გადასახლების შედეგად ითარგმნა ქართულად ადამ მიცკევიჩი, მოგვიანებით კი გიორგი ერისთავისა და საქართველოში მცხოვრები პოლონელი ლიტერატორის კაზიმეჟ ლაპჩინსკის თანამშრომლობით პირველად მომზადდა „ვეფხისტყაოსნის” პროზაული თარგმანი პოლონურ ენაზე. 

საქართველოში ემიგრანტი პოლონელების კვალი ლიტერატურის გარდა ინჟინერიაში, მედიცინაში, მხატვრობაში, მუსიკასა და არქიტექტურაშიც გვხვდება. XIX საუკუნის მიწურულიდან საქართველოში პოლონელები საკუთარი ინიციატივით, ან საქმიანი მოწვევითაც ჩამოდიოდნენ და სწორედ ასე აშენდა პოლონელი არქიტექტორების ალექსანდრ შემკევიჩისა და ალექსანდრ როგოიცკის მიერ ბევრი ულამაზესი შენობა (უზენაესი სასამართლო, რუსთაველის თეატრი, თი-ბი-სი ბანკის სათაო ოფისი და სხვ.). საქართველოში შემოსულ პოლონელთა ნაწილი უკან დაბრუნდა, ნაწილი აქვე გარდაიცვალა.

მოწინავე ქართველებისა და პოლონელების თანადგომა ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლაში აშკარა იყო: 1893 წელს ვარშავაში დაარსდა და აქტიურად საქმიანობდა „საქართველოს განთავისუფლების ლიგა”, რომლის წევრი შიო არაგვისპირელიც (დედაბრიშვილი) იყო. ისიც აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილი” პოლონელი წარმოშობის ქართველ საზოგადო მოღვაწეს ივან პოლტორაცკის მიუძღვნა, რომლის ქალიშვილი ნინო პოლტორაცკაია ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე და ქართული საქმის დიდი გულშემატკივარი იყო. 

პოლტორაცკების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებ პოლონელთა შთამომავლების ნაწილმა შეითვისა ქართული ზნე-ჩვეულებები, ნაწილმა კი პოლონური გვარი და კათოლიკობა საბჭოთა პერიოდშიც შეინარჩუნა, თუმცა მხოლოდ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1995 წელს მოხერხდა ემიგრანტ პოლონელთა შთამომავლების პირველი კავშირის „პოლონიას” დაფუძნება, რომელსაც სათავეში მარიამ ფილინა ჩაუდგა. 

მარია ფილინა: „ჩვენი კავშირის შექმნა ჩემს ოჯახურ ტრადიციას უკავშირდება. ჩემი დედის დედა მარიამ ზავადა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე „დედა მარიას” ვეძახდით, კიევში დაიბადა. მისი პაპა პოლონეთის 1863 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო გადაასახლეს. ბებია კიევის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ აგრონომ მელიქ-ბახტამიანს გაჰყვა ცოლად და ოჯახი თბილისში დასახლდა. ბაბიამ ჩაგვინერგა პოლონეთის სიყვარული და შემასწავლა პოლონური ენა. როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, სადიპლომო ნაშრომად მე-20 საუკუნის პოლონურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები ავირჩიე. მართალია, მაშინ ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ოჯახის დახმარებით 1974 წელს რამდენიმე დღით პოლონეთში გავემგზავრე. სასტუმროში ყოფნისას საცნობარო წიგნში ცნობილი ლიტერატორებისა და ქართული პოეზიის მთარგმნელების ეჟი და მარია ზაგურსკების ტელეფონი მოვნახე და ასე აღმოვჩნდი მათ ოჯახში. იქიდან მოყოლებული დღემდე ვმუშაობ პოლონურ თემატიკაზე. გამოცემული მაქვს სამეცნიერო ნაშრომები პოლონურ-ქართული ურთიერთობების შესახებ. უნდა ვთქვა, რომ საბჭოთა პერიოდში ჩემი საქმიანობის მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდნენ, მიუხედავად ამისა 120-ზე მეტი ნაშრომი გამოვაქვეყნე, 1991 წელს კი დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და გამოვაქვეყნე მონოგრაფია XIX-XX საუკუნეებში პოლონურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ. 

90-იანი წლების პირველ ნახევარში, როდესაც საქართველოში უაღრესი გაჭირვება და კრიზისი იდგა, პოლონეთში მომიხდა გამგზავრება პოლონური პრესის მე-2 მსოფლიო ფორუმზე. სიტყვით გამოსვლისას ამ გასაჭირზე მოვყევი, ვთქვი ისიც, რომ საქართველოში არ შემოდიოდა პოლონური პრესა და ჭირდა კონტაქტები, ასევე, აღვნიშნე, რომ მიუხედავად რამდენიმე ათასიანი ემიგრაციისა, პოლონელებს საქართველოში არასოდეს ქონიათ ეთნიკური პრობლემები და კონფლიქტი. ფორუმში მონაწილე პოლონეთის სენატის, თანამეგობრობა „ვსპულნოტა პოლსკას”, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა იმავე დღეს მირჩიეს გამეერთიანებინა საქართველოში მცხოვრები პოლონელები და დახმარებაც შემომთავაზეს. ასე დაედო სათავე ქართული „პოლონიას” შექმნას. ჩვენმა ორგანიზაციამ ხელი შეუწყო პოლონური მოძრაობის დაწყებას საქართველოში და სომხეთში, შედეგად - ასეულობით ადამიანმა შეძლო კავშირების აღდგენა ისტორიულ სამშობლოსთან. 

ჩვენი ორგანიზაციის თაოსნობით 2000 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას ვარშავისა და თბილისის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესახებ, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „პოლონელების 200 წელი კავკასიაში”, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და პოლონელი მკვლევარები სხვადასხვა სფეროებიდან. თსუ-ში იკითხება პოლონური ლიტერატურის ისტორიის კურსი, რაც მრავალი ადამიანის შრომის შედეგია. გასულ წელს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოლონური კავკასია. ქართულ-პოლონური ურთიერთობები”, რომელიც კავშირ „პოლონიას“ მოღვაწეობის 20 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციის ჩატარება თბილისში მდინარე ვერეს ადიდებას, 14 ივნისს დაემთხვა, ღონისძიებაზე მრავალი საპატიო სტუმარი იყო ჩამოსული, მათ შორის მსოფლიო „პოლონიის” თავმჯდომარე, ეს ორგანიზაცია აერთიანებს ყველა ემიგრანტ პოლონელს, 15 მილიონ ადამიანს მთელს მსოფლიოში, ექსტრემალური პირობებისა და უამრავი სირთულის მიუხედავად, კონფერენცია მაინც გაიმართა. ამჟამად სწორედ ამ კონფერენციის მასალების გამოცემაზე ვმუშაობთ”. 

დაარსების დღიდან დღემდე „პოლონიას” ორგანიზებით საქართველოში მრავალი სოციალური ხასიათის აქცია, სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება გაიმართა: მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია მიცკევიჩის დღეები, შოპენის მუსიკის ფესტივალი, პოლონელი მხატვრების გამოფენა; ითარგმნა მრავალი ლიტერატურული ნაწარმოები და მათ შორის დიდი პოლონელი რომანტიკოსის იულიუშ სლოვაცკის პოეზია. „პოლონიის” ინიციატივით საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება და პოლონურ ენას ასწავლის პოლონელი სპეციალისტი ბიატა კარასი. ცალკე თემაა პოლონურ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობები, რომელმაც თვისობრივად ახალი ხასიათი შეიძინა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ პარტნიორად და მხარდამჭერად ითვლება საერთაშორისო არენაზე.