პროფესორ ირაკლი კოვზანაძის ახალი წიგნი თაროზე

04 Apr 2016

„მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილები და განვითარების ახალი მოდელის ფორმირება“

 11 მარტსგაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძის ახალი მონოგრაფიის  -  „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილები და განვითარების ახალი მოდელის ფორმირება“ - პრეზენტაცია.

პროფესორი ირაკლი კოვზანაძე სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ასევე ეწევა აქტიურ პროფესიულ საბანკო საქმიანობას. იგი კარიერული ბანკირია და აქვს საქართველოს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების და ევროპის საბანკო სისტემებში მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება. 2012-2015 წლებში პროფესორი ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს საპარტნიორო ფონდს.

პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა, შეიკრიბა საქართველოს პრაქტიკოს და მეცნიერ ეკონომისტთა ელიტა, სახელისუფლებო, საბანკო-საფინანსო და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლები. აქ მობრძანდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქალბატონი თამარ სანიკიძე; ფინანსთა მინისტრი, პროფესორი ნოდარ ხადური; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე; აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და სხვა საპატიო სტუმრები. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები; საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, ბატონი აზიმ სადიკოვი; ევრობანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბატონი ბრუნო ბალვანერა და სხვები.

წარმოდგენილი წიგნი არის პროფესორ ირაკლი კოვზანაძის  მონოგრაფიათა სერიის გაგრძელება, რომელიც ეკონომიკური კრიზისების ბუნებას, მათი  პრევენციისა და დაძლევის სისტემურ ღონისძიებებს ეხება. ნაშრომი ეძღვნება 2007-2009 წლების ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც პრაქტიკულად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა.

მონოგრაფიაში გაანალიზებულია სხვადასხვა ეკონომიკური სკოლების მკვლევართა გამოკვლევები, კრიზისების დაძლევის ისტორიული და თანამედროვე გამოცდილება და გლობალური ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ტენდენციები. „წიგნში მოცემულია ამ კრიზისების მაკროეკონომიკური, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური ფაქტორები“,  -   აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

პრაქტიკული მასალების საფუძველზე წარმოდგენილია ავტორის შეხედულებები კრიზისების დაძლევის და ეკონომიკის მდგრადი განვითარების გზების შესახებ.

ცალკე პარაგრაფი ეთმობა საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის განვითარებას და მის პრობლემებს. ნაშრომში კვლევის ცალკე მიმართულებაა სხვადასხვა სახელმწიფოთა მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებების, მათი ეფექტიანობისა და საკმარისობის შეფასება. მონოგრაფიაში მოცემულია კონკრეტული მაგალითები ცალკეული ქვეყნების მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღებული შედეგების თაობაზე და, ასევე, გაკეთებულია მათი შეფასებაც.

ნაშრომი, რომელიც თავისი ფორმითა და სტრუქტურით ფუნდამენტური მონოგრაფიაა,  განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური სპეციალობების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე, ინსტიტუტების და იმ პირებისთვის, რომლებზეც სახელმწიფოს დელეგირებული აქვს ეკონომიკური (გეოპოლიტიკური, მაკროეკონომიკური, ფინანსური, ფულად-საკრედიტო, ფისკალური და ა.შ.) პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა.